გადაწყვეტილებების ძიება

ააიპ „მოძრაობა სირცხვილია“ ირაკლი ჩიხლაძის და შორენა ხვიჩიას წინააღმდეგ
07.12.2020

განმცხადებელი : ააიპ „მოძრაობა სირცხვილია“;
მოპასუხე : ირაკლი ჩიხლაძე შორენა ხვიჩია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

30 მაისი 2020 წელი საქმე N - 351 

სხდომის თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ნინა ხელაძე, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე, გელა მთივლიშვილი


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ „მოძრაობა სირცხვილიამ“, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 09 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირის“ სიუჟეტში, სათაურით - „ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის და ქვეყნის ზიანის ხარჯზე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ“, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე და სიუჟეტის ავტორი შორენა ხვიჩია.

საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელმა, მოპასუხე ჟურნალისტებს შეპასუხება არ წარმოუდგენიათ და არც განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სიუჟეტის დასაწყისში წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე აღნიშნავს: “ლოგიკურია მოგიყვეთ, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან. ვინც მათი არასახელმწიფოებრივი და ვიწროპარტიული ინტერესები დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაინახა, პარტიიდან წავიდა“. „შორენა ხვიჩია გეტყვით, როგორია არჩევნებიდან არჩევნებამდე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების დღის წესრიგი და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის და ქვეყნის ზიანის ხარჯზე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.” აღნიშნული შესავალი მაყურებელს აწვდის დადასტურებულ ინფორმაციას, რომ პიროვნებები, რომელთა შესახებაც სიუჟეტში იქნება საუბარი, ცდილობენ ხელისუფლების მოპოვებას, ამასთან ქვეყნის და ხალხის ზიანის ხარჯზე.

თავად სიუჟეტში ჟურნალისტი მოგვითხრობს ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროებაზე. მაყურებელს ჟურნალისტი უყვება, რომ მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქალაქეებზე ძალადობდნენ და მსგავსი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს არც ოპოზიციაში ყოფნისას შეუცვლიათ. სიუჟეტში კადრების მონაცვლეობით ჩნდებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტი შესაბამისი ტექსტით ცდილობს, მაყურებელს ჩამოუყალიბოს განწყობა, რომ ყველა ეს პირი უნდა გაიგივდეს მიხეილ სააკაშვილთან, ნაციონალურ მოძრაობასთან და, შესაბამისად, მათ წარსულ ძალადობრივ ქმედებებთან და სურვილთან, რომ ასევე ძალადობრივი/რევოლუციური გზით შეცვალონ ხელისუფლება.

სიუჟეტის შემდეგი ნაწილი უკვე იმ პირებს ეხება, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები, მაგრამ, ჟურნალისტის პოზიციით, სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას მათი გეგმების [ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა] განხორციელებაში ეხმარებიან. ჟურნალისტი “ახალ სახეებზე“ საუბრობს და კადრში ჩნდება ააიპ „მოძრაობა სირცხვილიას“ წევრები: გიგა მაქარაშვილი, ზაზა აბაშიძე, შოთა დიღმელაშვილი. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ თითქოს მათ [მოძრაობა სირცხვილიას წევრებს] კეთილი ზრახვები აქვთ, მაგრამ ზუსტად ისე მოქმედებენ, როგორც ეს პარტია [ნაციონალური მოძრაობა] და მათი ლიდერი.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ორივე ჟურნალისტის მიერ დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან მათ დადასტურებული ფაქტის სახით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია ააიპ „მოძრაობა სირცხვილია“, მათი წევრები და მოძრაობის სურვილი ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლაა. „მოძრაობა სირცხვილიას“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და არის, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ამ გზით მოხდეს მმართველ ძალთა მონაცვლეობა. მოძრაობის წევრები არ არიან ნაციონალური მოძრაობის პარტიული წევრები და არც სხვა სახის რაიმე იერარქიული თუ ორგანიზაციული კავშირი დგინდება მათ შორის. ჟურნალისტთა მიერ შემოთავაზებული ნარატივი არ ეფუძნება რაიმე სარწმუნო და დადასტურებულ წყაროს/ინფორმაციას, სიუჟეტი არ შეიცავს არც „მოძრაობა სირცხვილიას“ წარმომადგენლების კომენტარს, ჟურნალისტების მიერ ნაციონალურ მოძრაობასთან მათ აფილირებაზე.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ირაკლი ჩიხლაძემ და შორენა ხვიჩიამ დაარღვიეს ქარტიის 1-ლი პრინციპი.