გადაწყვეტილებების ძიება

ელმადდინ მამედოვი ემა ბაირამოვას წინააღმდეგ
15.09.2020

განმცხადებელი : ელმადდინ მამედოვი;
მოპასუხე : ემა ბაირამოვა;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
09 მაისი 2020 წელი

საქმე N - 366 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე.


აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ელმადდინ მამედოვმა, რომელიც მიიჩნვდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტის აზერბაიჯანულ ვერსიაზე განთავსებულ სტატიაში, რომლის ავტორი იყო მოპასუხე ჟურნალისტი ემა ბაირამოვა, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5, და მე-11 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ განმცხადებელს და მოპასუხე ჟურნალისტს.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზე, 2020 წლის 03 აპრილს გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „გიორგი გახარია - აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება“. აღნიშნული სტატია ემა ბაირამოვამ თარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე და განთავსდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტის აზერბაიჯანულ ვერსიაზე. თარგმანში ნაცვლად სიტყვისა „დაინფიცირება“, გამოყენებული იყო სიტყვა „დეზინფორმაცია“. განმცხადებელი სწორად ამ უზუსტობის გამო მიიჩნევდა ქარტიის პირველ პრინციპს დარღვეულად.

როგორც საბჭომ დაადგინა, არასწორი თარგმანის გამოქვეყნებიდან მალევე, ემა ბაირამოვას ამის შესახებ მიუთითეს საჯაროდ, ფეისბუქის მეშვეობით. მითითებისთანავე თარგმანი გასწორდა, ნაცვლად არასწორი სიტყვისა „დეზინფორმაცია“, ავტორმა გამოიყენა ორიგინალი სტატიის შესაბამისი ტერმინი „დაინფიცირება“.

საქმეში „GFF მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ“ საბჭომ აღნიშნა, რომ ტექნიკური შეცდომებისაგან არავინ არის დაზღვეული, და მხოლოდ ფორმალურად გავრცელებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე არ დგინდება ეთიკის პრინციპების დარღვევა. განსახილველი საქმის მასალებიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ეს იყო შეცდომა, რომელიც არ არის დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმებასთან, მხარეთა პოზიციების დაბალანსებულად გაშუქებასთან და ა.შ. საქმე გვაქვს თარგმანთან, სადაც მსგავსი ტექნიკური შეცდომების ალბათობა მეტია. მნიშვნელოვანია რომ შეცდომა ავტორმა აღმოჩენისთანავე გაასწორა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ქარტიის პირველი, მე-5 [„მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“] და მე-11 [„ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები ფაქტის განზრახ დამახინჯება“ ] პრინციპების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე

  1. ემა ბაირამოვას არ დაურღვევია ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპი.