გადაწყვეტილებების ძიება

ნათია რუხაია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ
30.07.2020

განმცხადებელი : ნათია რუხაია;
მოპასუხე : ნიკა გვარამია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
22 ივლისი 2020 წელი

საქმე N - 407 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე, მაია მერკვილაძე, გელა მთივლიშვილი, ნათია ზოიძე

განმცხადებელი: ნათია რუხაია

მოპასუხე: ნიკა გვარამია


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნათია რუხაიამ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2020 წლის 07 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, საინფორმაციო გადაცემა „მთავარის“ 21:00 საათის გამოშვებაში გასული სიუჟეტში „ექსკლუზივი: შაქარაშვილის საქმის ახალი სკანდალი - კადრებში სავარაუდოდ "კაწრო" ფიგურირებს“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი.

საქმის განხილვას დაესწრნენ როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ისე მოპასუხის ინტერესების დამცველები.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადაო სიუჟეტი ეხებოდა გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალების ფაქტს, რომლის გამოძიების პროცესმაც ბევრი კითხვა წარმოშვა. სიუჟეტის თანახმად, „მთავარმა არხმა“ მოიპოვა სკანდალური მტკიცებულება, რომელსაც შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს საქმეში. კონკრეტულად საუბარი იყო ვიდეოკამერის ჩანაწერებზე, რომელიც ასახავს საქმის ერთ - ერთი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის და უცნობის პირის კონტაქტს დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ რაც ამირხანაშვილი მცხეთიდან [სადაც ადგილი ჰქონდა ტრაგიკულ მოვლენებს] თბილისში ბრუნდება.

გადაცემაში ერთვება ნიკა გვარამია, რომელიც საუბრობს იმის შესახებ თუ ვინ შეიძლება იყოს უცნობი მამაკაცი, რომელიც, ვიდეოკადრების მიხედვით, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსიდან ჩამოდის და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ შედის კონტაქტში გურამ ამირხანაშვილთან.

ეპიზოდი 1

შეხვედრის ამსახველი კადრების ჩვენების პარალელურად ნიკა გვარამია ამბობს: „მას (გურამ ამირხანაშვილს) აფრთხილებენ, რომ გააკეთოს იმიტაცია ქუჩაზე გადასვლის“, „ის -(გურამ ამირხანაშვილი) ბრუნდება უკან და, როგორც ჩანს, გაფრთხილებულია, რომ უნდა დაელოდოს სხვა პირს, რომელიც მოაკითხავს სხვა მანქანით და მართლაც ვხედავთ, რომ რამდენიმე წუთში მას აკითხავს სხვა პირი, სხვა მანქანით“. ნიკა გვარამიამ კიდევ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ გურამ ამირხანაშვილი ახდენდა ქუჩაზე გადასვლის იმიტაციას და რომ იგი წინასწარ გაფრთხილებულია უცნობ პირთან შეხვედრის შესახებ და ელოდება მას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკა გვარამიამ მაყურებელს დადასტურებულად მიაწოდა ინფორმაცია, რომ კონტაქტი გურამ ამირხანაშვილსა და უცნობ პირს შორის იყო არა შემთხვევითი, არამედ დაგეგმილი.

ეპიზოდი 2

ნიკა გვარამია ცდილობს, დაადგინოს უცნობი პირის ვინაობა. იგი აცხადებს, რომ უცნობი პირი „ძალიან გავს“ ავთანდილ ბილანიშვილს, ზედმეტი სახელით „კაწრო“. აქვე აღნიშნავს, რომ „კაწრო“, მათივე ინფორმაციით, მფარველობს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე პირებს. ნიკა გვარამია ხაზს უსვამს, რომ ის ვერ დაამტკიცებს, უცნობი პირი მართლაც ავთანდილ ბილანიშვილია თუ არა. მისი აზრით, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ გარეგნობით ძალიან ამსგავსებს ერთმანეთს კამერებზე აღბეჭდილ პირს და “კაწროს”. ნიკა გვარამია ამბობს: „ვაჩვენოთ ბილანიშვილის ფოტოები და დარწმუნდეს მაყურებელი, რომ მართლაც დიდი მსგავსებაა გარეგნული იმ ადამიანს შორის, ვინც ეხლა მანდ მოძრაობს და იმ ადამიანს შორის, ვის ფოტოებსაც გაჩვენებთ“. ეკრანზე მაყურებელი ხედავს ავთანდილ ბილანიშვილის სხვადასხვა ფოტოს.

ეპიზოდი 3

შემდეგი ეპიზოდი ასევე ეხება ავთანდილ ბილანიშვილს. ნიკა გვარამია დადასტურებულად -აცხადებს რომ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვში“ გაიმართა კახი კალაძის ე.წ. „გუნდის“ შეკრება, რომელსაც ესწრებოდა ავთანდილ ბილანიშვილიც.

ქარტიის საბჭო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით საბჭო ვერ დაადგენს ზოგადად ინფორმაციის ნამდვილობას, კერძოდ, ვინ იყო მიკროავტობუსიდან გადმოსული პირი, ნამდვილად იყო თუ არა დაგეგმილი მისი და გურამ ამირხანაშვილის შეხვედრა, ან ესწრებოდა თუ არა ავთანდილ ბილანიშვილი სასტუმრო „სანსეტ შოვში“ გამართულ შეხვედრას. საბჭო აფასებს, რამდენად დაიცვა ჟურნალისტმა ინფორმაციების მიწოდებისას მაყურებლის უფლება, მიეღო -ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.

პირველ ეპიზოდში ნიკა გვარამია დადასტურებულად საუბრობს, რომ უცნობი პირის და გურამ ამირხანაშვილის შეხვედრა იყო „დაგეგმილი“ და ამირხანაშვილი წინასწარ იყო გაფრთხილებული ამის შესახებ. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმაზე რამდენად ჰქონდა ნიკა გვარამიას საფუძველი, (1) რომ მტკიცებით ფორმაში შეხვედრა „დაგეგმილად“ შეეფასებინა, (2) რომ გურამ ამირხანაშვილი ქუჩაზე გადასვლის „იმიტაციას“ აკეთებდა, (3) რომ რეალურად ელოდება ვიდეოკადრებზე აღბეჭდილ უცნობს. თავად სიუჟეტში ნიკა გვარამია არ მიუთითებს წყაროზე ან სხვა მტკიცებულებაზე, რომელიც საფუძველს მისცემდა მას დადასტურებულად ეთქვა, რომ შეხვედრა წინასწარ განზრახული იყო. საბჭოს პოზიციით, ნიკა გვარამიამ მისი პირადი მოსაზრება ან კონფიდენციალური წყაროდან მიღებული ინფორმაცია - რომ გური ამირხანაშვილის და უცნობი პირის შეხვედრა დაგეგმილი იყო და იგი უკავშირდებოდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს, მაყურებელს მიაწოდა დადასტურებული ფაქტის სახით, რაც წარმოადგენს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

მეორე ეპიზოდი ეხება უცნობი პირის და ავთანდილ ბილანიშვილის მსგავსებას. ნიკა გვარამია რამდენჯერმე ხაზს უსვამს, რომ იგი ვერ და არ ამტკიცებს მათ იდენტურობას. ამის მიუხედავად, ამბის მიწოდების ხერხებით და აქცენტებით მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ სწორედ “კაწროა” მიკროავტობუსიდან გადმოსული პირი, რომელიც შეხვდა გურამ ამირხანაშვილს. ამ პოზიციას ამყარებს ის ტექსტიც, რომელიც თან ერთვის mtavari.tv-ზე განთავსებულ სადაო სიუჟეტს: „19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე "კაწრომდე" მიდის - სკანდალური მტკიცებულებები "მთავარი არხის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების დეტალური გაშიფვრის შემდეგ აღმოაჩინეს.“ საბჭოს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ნიკა გვარამიამ ავთანდილ ბილანიშვილის და უცნობის იდენტურობაზე ისაუბრა მხოლოდ პირადი ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავად ვიდეოკადრები არ გამოირჩევა მაღალი გარჩევადობით.

ნიკა გვარამიას მიერ შემოთავაზებული ვერსია, რომ ავთანდილ ბილანიშვილი ჩართულია შაქარშვილის საქმეში, მფარველობს ბრალდებულ პირებს, კონფიდენციალურად და დაგეგმილად ხვდება საქმის მთავარ მოწმეს, - მძიმე დანაშაულში ბრალდებაა. მსგავსი ბრალდების წარდგენისას ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ფაქტი, რამდენად საფუძვლიანი არგუმენტები შეიძლება არსებობდეს, რომ თუნდაც სავარაუდოდ გამოთქვა ასეთი მძიმე ბრალდება. საბჭოს შეფასებით, ნიკა გვარამიას პირადი ვიზუალური დაკვირვება, რომ უცნობი პირი და ავთანდილ ბილანიშვილი ერთმანეთს გავს, არ იყო საკმარისი წინაპირობა. აღსანიშნავია, სადაო სიუჟეტის გასვლის შემდეგ თავად ნიკა გვარამიამ უარყო საკუთარი ვერსიის მართებულობა და აღნიშნა, რომ უცნობი პირი არ იყო ავთანდილ ბილანიშვილი. მიუხედავად ამისა შედეგი დადგა. სადაო სიუჟეტის და მასზე დაყრდნობით მომზადებული სხვა ჟურნალისტური პროდუქტების კომენტარებიდან ცალსახად ჩანს, რომ აუდიტორიამ სარწმუნოდ მიიღო ნიკა გვარამიას ის ვერსია, რომელიც მერე თავადვე უარყო.

საბჭომ ასევე კითხა მოპასუხე მხარეს, სიუჟეტის მომზადებისას ჟურნალისტმა სცადა თუ არა ავთანდილ ბილანიშვილთან დაკავშირება. მათი განცხადებით, ზოგადად, არაერთხელ სცადეს დაკავშირება, კორესპონდენტები მივიდნენ ავთანდილ ბილანიშვილის საცხოვრებელ უბანში და სახლთან, მაგრამ როგორც თავად, ისე მისმა ოჯახის წევრებმაც უარი განაცხადეს კონტაქტზე. ამასთან მხარემ ვერ დაადასტურა, ჰქონდათ თუ არა კომუნკაციის მცდელობა ავთანდილ ბილანიშვილის კომენტარის მისაღებად უშუალოდ სადაო სიუჟეტის მომზადებისას.

განმცხადებელმა დაადასტურა რომ ავთანდილ ბილანიშვილი მართლაც იმყოფებოდა სასტუმრო „სანსეტ შოვში“, მაგრამ უარყო, რომ იგი ესწრებოდა ე.წ. „კალაძის გუნდის“ შეკრებას. მოპასუხეს არც სიუჟეტში და არც შემდგომ, განხილვის პროცესში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ ”კაწრო” არა მხოლოდ იყო შოვის სასტუმროში, არამედ მონაწილეობდა პოლიტიკოსებთან შეხვედრაშიც. სიუჟეტში მტკიცებითი ფორმით საუბარია ავთანდილ ბილანიშვილის და პოლიტიკოსთა შეხვედრაზე, რაც ასევე გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას წარმოადგენს.


ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.


ქარტიის ამ პრინციპის განმარტებით, „წყარო დადასტურებულია” ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჟურნალისტმა იცის, ვინ არის ამა თუ იმ ფაქტის წყარო – თუმცა, შეუძლია, მისი ვინაობა არ გაამხილოს. ამ მუხლის ქვემდებარე არ არის წყაროს სანდოობის საკითხი.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ და მესამე ეპიზოდში სრულად დასაშვებია, რომ ნიკა გვარამიას ჰყავდა წყარო, რომელმაც მას აცნობა, რომ გურამ ამირხანაშვილის და უცნობი პირის შეხვედრა დაგეგმილი იყო, რომ ერთ სასტუმროში მყოფი ავთანდილ ბილანიშვილი და პარალამენტის წევრები ერთმანეთს ხვდებოდნენ. შესაბამისად, საბჭო არ ადგენს მესამე პრინციპის დარღვევას. რაც შეეხება მე-2 ეპიზოდს, საბჭომ დაადგინა რომ დადასტურებული ფაქტის სახით ინფორმაცია არ გავრცელებულა, არამედ ეს იყო ნიკა გვარამიას მოსაზრება და ამას თავადაც გაუსვა ხაზი. პერსონალურ მოსაზრებებს წყარო არ სჭირდება და, შესაბამისად, ამ საკითხზე საბჭო ვერ იმსჯელებს.


ქარტიის მე-11 პრინციპი: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”

განმცხადებელი აპელირებდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა განზრახ არასწორად და მოტივი იყო პოლიტიკური. კერძოდ, მისი აზრით, ნიკა გვარამიას მიზანი იყო, “კაწროს” დისკრედიტაციით ზიანი მიეყენებინა ბერა ივანიშვილისათვის და, შესაბამისად, პარტია “ქართული ოცნებისათვის”, ვინაიდან დადასტურებულია ავთანდილ ბილანიშვილისა და ბერა ივანიშვილის ახლო ურთიერთობა.

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ შაქარაშვილის საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. გამოძიების პროცესში გაჩნდა ბევრი კითხვა და ზოგადად უნდობლობა პროცესის მიმართ. კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები ყოველდღიურად ცდილობენ ამ ხარვეზების იდენტიფიცირებას. რა თქმა უნდა, ამ გაშუქებას თან ახლავს ეთიკური გადაცდომები, რომელთა შესახებაც, როგორც წინამდებარე გადაწყვეტილებაში, ასევე სხვა საჯარო განცხადებებში ქარტია საუბრობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მედიამ არ უნდა შეასრულოს “მეთვალყურე ძაღლის” როლი და არ ამხილოს ხელისუფლება. როდესაც არსებობს გამოძიების მიმართ უნდობლობა და ვარაუდი, რომ დამნაშავეებს მფარველობენ, ლოგიკურია, მედია იწყებს სავარაუდო პოლიტიკური კავშირების დადგენას. შესაბამისად, ლოგიკური იყო, ნიკა გვარამიას მსჯელობა შესაძლო პოლიტიკურ გავლენებზე. საბჭომ იმსჯელა ეთიკური პრინციპების დარღვევაზე, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი განზრახ პოლიტიკური მოტივით დაარღვია და იგი საერთოდ არ ცდილობდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიამ თავადვე უარყო მის მიერ გავრცელებული რიგი არასწორი ინფორმაცია, რაც ასევე ამცირებს „განზრახვის“ დადგენის ალბათობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მე-11 პრინციპი არ დარღვეულა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნიკა გვარამიამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ნიკა გვარამიას არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.