გადაწყვეტილებების ძიება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ნინო რამიშვილის და ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ
08.04.2020

განმცხადებელი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
მოპასუხე : ნინო რამიშვილი და ნინო ზურიაშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
25 იანვარი 2020 წელი

საქმე N - 343

სხდომის თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე, საბჭოს წევრი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, მაია მერკვილაძე, გელა მთივლიშვილი, ნათია ზოიძე, ნინა ხელაძე.

განმცხადებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

მოპასუხე: ნინო რამიშვილი და ნინო ზურიაშვილი


აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა [შემდგომ „უნივერსიტეტი“ ან „განმცხადებელი“], რომელიც მიიჩნევდა, რომ სტუდია მონიტორის და რადიო თავისუფლების ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებულ ჟურნალისტურ პროდუქტში "სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან - დოკუმენტები თსუ-ს რექტორს პლაგიატში ამხელს" დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი. მოპასუხე პირებად განისაზღვრნენ ჟურნალისტი ნინო რამიშვილი და რედაქტორი ნინო ზურიაშვილი.

საქმის განხილვას დაესწრნენ როგორც განმცხადებლის წარმომადგენლები, ისე მოპასუხე ჟურნალისტები.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. განმცხადებელმა თავისი არგუმენტაცია ძირითადად ჩამოაყალიბა შემდეგი სახით:

  1. „პრინციპი დარღვეულია სათაურშივე, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თსუ-ს რექტორის ნაშრომში ვხვდებით პლაგიატს [ფრაზა სათაურიდან: დოკუმენტები თსუ-ს რექტორს პლაგიატში ამხელს], ჟურნალისტი ამ დასკვნას აკეთებს შესაბამისი დასაბუთების გარეშე“.
  2. „მითვისებული ნაშრომი“ წარმოადგენს იურიდიული ხასიათის დოკუმენტს, თუმცა რეპორტაჟში არ არის საუბარი იმაზე, რომ კანონის თანახმად, ამგვარი დოკუმენტის სადისერტაციო ნაშრომში გააზრება [გადატანა] არ წარმოადგენს პლაგიატს. მითუმეტეს, თუ ეს ნორმა მოქმედებს და მიღებულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ. სხვაგვარად რომ განვმარტოთ, კანონზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება“.
  3. „საკითხის სწორად გააზრებისთვის მნიშვნელოვანია ხაზგასმით მითითება, ეს შეხედულება წარმოადგენს მხოლოდ ჟურნალისტის ნააზრევს, თუ ობიექტურ გარემოებას. გავრცელებული რეპორტაჟიდან კი ისე ჩანს, თითქოს პლაგიატის არსებობა ცალსახადაა დადგენილი. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო რეპორტაჟში წარმოჩენილიყო იმ პერიოდში დისერტაციის დაცვისას არსებული რეგულაციების შესახებ ინფორმაცია“.

ქარტიის საბჭომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. უნივერსიტეტის ამჟამინდელმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, 2003 წელს, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია სათაურით „სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდეციები“, შემდგომ - „დისერტაცია“.
  2. დისერტაცია მე-18 გვერდიდან 58-ე გვერდის ჩათვლით ზუსტად იმეორებს „საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 1 მარტის №1324–IIს დადგენილების განმარტებით ბარათს.
  3. დადგენილების განმარტებითი ბარათი თავის მხრივ წარმოადგენდა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტს.
  4. დადგენილებაზე თანდართული განმარტებითი ბარათი [პოლიტიკის დოკუმენტი], 2002 წელს ბეჭდური [ბუკლეტის] სახით გამოიცა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით და ეწოდება „საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიმართულებები“. ამასთან, ბუკლეტის შესავალში აღნიშნულია ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პოლიტიკის/განმარტებითი ბარათის შექმნაში.
  5. პოლიტიკის დოკუმენტი [განმარტებითი ბარათი] როგორც აღინიშნა მომზადებული იყო ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი შარვაშიძე. 
  6. დისერტაციის 58-ე გვერდზე, ქვეთავში „საკანონმდებლო ინიციატივები საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში“, გიორგი შარვაშიძე უთითებს იმ ექპერტებს, რომლებიც მონაწილეობდნენ განმარტებითი ბარათის შემუშავებაში, მაგრამ ამასთან არ ახსენებს, რომ ექსპერტების მიერ შემუშავებული განმარტებითი ბარათი თავად აქვს სრულად გამოყენებული დისერტაციაში.

ქარტიის საბჭო, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, აცხადებს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში არ მსჯელობას იმაზე, რომ მითითების გარეშე პოლიტიკის დოკუმენტიდან [განმარტებითი ბარათიდან] 40 გვერდის გადმოტანა დისერტაციაში არის თუ არა გიორგი შარვაშიძის დისერტაციის ძალადაკარგულად ცნობის ან მისთვის ხარისხის ჩამორთმევის საფუძველი. ეს არ წარმოადგენს ქარტიის საბჭოს კომპეტენციას. ქარტიის საბჭო მსჯელობს, რამდენად ჰქონდა უფლება ჟურნალისტს, აღნიშნული ფაქტისათვის ეწოდებინა სიტყვა „პლაგიატი“.

როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, გიორგი შარვაშიძემ თავის დისერტაციაში გადმოიტანა არა ბუკლეტის ტექსტი, არამედ დადგენილების განმარტებითი ბარათი, რომელიც არის ნორმატიული დოკუმენტი და მასზე არ ვრცელდება საავტორო უფლებები.

პლაგიატის საკანონდებლო განმარტება არ არსებობს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სიტყვა „პლაგიატის“ გამოყენებას საბჭო აფასებს არა მისი სამართლებრივი შინაარსის ან სამართლებრივი შედეგების კუთხით, არამედ არსობრივი დატვირთვით: რას გულისხმობდა ჟურნალისტი, და ამ სიტყვის გამოყენებით რამდენად სწორი ინფორმაცია მიიღო აუდიტორიამ. ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ გარემოებებზე:

  1. ცალსახაა, რომ განმარტებითი ბარათი, რომელიც თან ახლავს დადგენილებას, წარმოადგენს სხვადასხვა პირების [ექსპერტთა ჯგუფის] ინტელექტუალური შრომის შედეგს. 
  2. განმარტებითი ბარათი იყო განათლების სფეროს ექსპერტების ხანგრძლივი და ერთობლივი მუშაობის შედეგი. 
  3. თავად სიტყვა “პლაგიატის” მნიშვნელობაზე არაერთხელ უმსჯელია ქარტიის საბჭოს. თავად ქარტიის ერთ-ერთი პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: პლაგიატი”. ქარტია პლაგიატს განმარტავს როგორც „სხივისი მასალის კოპირება ან იმიტირება“. საქმეში „ჩაიხანა ნინუცა კახნიაურის წინააღმდეგ“ საბჭომ ყურადღება გაამახვილა, რომ სხვისი შრომის/ძალისხმევის უგულვებელყოფა ასევე შეიძლება პლაგიატად ჩაითვალოს. 
  4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჟურნალისტს ჰქონდა შემდეგი მოცემულობა: [ა] დისერტაციის 40 გვერდი ეთმობა კვლევებს, მიგნებებს, პრობლემებს განათლების სფეროში. [ბ] ნებისმიერი მესამე პირისათვის სარწმუნო იყო, რომ ყველა ეს კვლევა, მიგნება, გიორგი შარვაშიძემ თავად და დამოუკიდებლად განახორციელა. [გ] აღმოჩნდა რომ სინამდვილეში ეს შრომა არა მხოლოდ გიორგი შარვაშიძემ, არამედ პირთა დიდმა ჯგუფმა გასწია.

შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სხვა პირების შრომის უგულვებელყოფა და შთაბეჭდილების შექმნა, რომ დისერტაციის 40 გვერდის ავტორი მხოლოდ გიორგი შარვაშიძეა, შესაძლებელი იყო ჟურნალისტს შეეფასებინა როგორც პლაგიატი. გარემოება, რომ ეს 40 გვერდი ასევე წარმოადგენდა ნორმატიული აქტის განმარტებით ბარათს, ფორმალურია, რომელიც შეიძლება დისერტაციის ავტორმა მტკიცებულებად სხვა ასევე ფორმალურ გარემოში [სასამართლო, აკადემიური წრეები და ა.შ] გამოიყენოს. საბჭოსათვის მთავარი ამოცანა იყო შეეფასებინა, არსობრივად რამდენად სწორი ინფორმაცია მიიღო აუდიტორიამ, როცა მას ჟურნალისტმა უთხრა, რომ გიორგი შარვაშიძის დისერტაცია პლაგიატს შეიცავდა. საბჭო მიიჩნევს, რომ ამ სიტყვის გამოყენებით ჟურნალისტმა მაყურებელს სწორი ინფორმაცია მიაწოდა.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ვინაიდან არ დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის [არაზუსტი/გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] დარღვევა, შესაბამისად მე-5 პრინციპის დარღვევაც გამოირიცხა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნინო რამიშვილს და ნინო ზურიაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპები.