გადაწყვეტილებების ძიება

ააიპ „საორსა“ ჯაბა ანანიძის და ეთერ თურაძის წინააღმდეგ
09.02.2020

განმცხადებელი : ააიპ „საორსა“;
მოპასუხე : ჯაბა ანანიძე და ეთერ თურაძე;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
20 დეკემბერი 2019 წელი

საქმე N - 338  

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა.

განმცხადებელი: ააიპ „საორსა“

მოპასუხე: ჯაბა ანანიძე და ეთერ თურაძე


აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ „საორსამ“, რომელიც მიიჩნევდა რომ 2019 წლის 11 ნოემბერს, გაზეთ ,,ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი - ქალები აჭარის მთიდან“ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი. მოპასუხეებად განისაზღვრნენ სტატიის ავტორი-ჯაბა ანანიძე და რედაქტორი - ეთერ თურაძე.

საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ისე მოპასუხე მედია საშუალების რედაქტორი ეთერ თურაძე.


სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო სტატია ეხებოდა პროექტს, რომლის მიზანიც სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება და ეკონომიკური გაძლიერებაა. განმცხადებლის პრეტენზია შეეხებოდა მხოლოდ სტატიის სათაურს - „კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი - ქალები აჭარის მთიდან“ და აღნიშნავდა რომ: „ჟურნალისტის მიერ მოხდა სათაურის ინტერპრეტაცია, რომელიც არ შეესაბამება რესპონდენტების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას [რაც ჩანს სტატიაში]. სტატიის სათაურით გადმოცემულია აგრესია, რომელსაც საზოგადოება პირდაპირ შეჰყავს შეცდომაში“. პროექტში ჩართული გვყავს, ყველაზე მოწყვლადი ქალები და გოგონები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, სტატიის სათაურმა კი [,,კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი’’], შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს მათზე, არა მარტო ამ კონკრეტულ პროექტში მონაწილეობაზე, არამედ საზოგადოებრივ აქტიურობასა და ჩართულობაზე“.

ქარტიის საბჭო გაეცნო განცხადებას, სადავო სტატიას, შეპასუხებას და მიიჩნევს, რომ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. როგორც აღინიშნა სტატია ეხება პრობლემებს რომლებიც ქალებს აქვთ მაღალმთიან აჭარაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს პრობლემები ძირითადად გამომდინარეობს დამკვიდრებული სტერეოტიპით, რომ ქალები მხოლოდ საოჯახო საქმეებით უნდა დაკავდნენ, ხოლო ძირითადი საკითხების გადამწყვეტები და ამასთან ფინანსური შემოსავლის წყარო კაცები არიან. აღნიშნული გარემოება ავტომატურად ხელს უწყობს ისეთი ვითარების ჩამოყალიბებას როცა კაცები განსაკუთრებულად დომინანტ მდგომარეობაში არიან და „მათ ხელშია ყველაფერი“.

სტატიის თანახმად, პროექტი რომელსაც „საორსა“ ახორციელებს, ხელს უწყობს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებს სხავადასხვა პროფესიისა და უნარ ჩვევების შეძენაში, რაც მათ საშუალებას აძლევს გამოვიდნენ „სახლიდან“ და სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთონ, შეცვალონ თავიანთი სოციალური სტატუსი. მაგალითად ერთ - ერთი რესპონდენტი ქალი აღნიშნავს რომ ვინაიდან სწავლობს სასტუმროს მენეჯმენტს, ეს საშუალებას მისცემს რომ „სახლში აღარ დაჯდეს“. მოპასუხე ჟურნალისტების პოზიციით, რომელიც საბჭომაც გაიზიარა, სტატიის სათაური გამომდინარეობს რესპონდენტ თამილა შანიძის ფრაზიდან, რომელიც აღნიშნავს, რომ მის მიერ ცენტრში სიარულს ახალი უნარ - ჩვევების და ცოდნის შესაძენად, თანასოფლელები სკეპტიკურად უყურებდნენ და ამბოდნენ რომ „ტყუილად წვალობ და დადიხარ მაგ ცენტრებში, მაინც კაცების ხელში იქნება ყველაფერიო“. ჟურნალისტმა პროექტის და რესპონდენტების ინტერვიუების შეფასების შედეგად დაინახა ქალების სოციალურად და ფინანსურად გაძლიერების შესაძლებლობა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს პარადიგმის შეცვლას რომ „კაცების ხელშია ყველაფერი“ და ცვლილებების შემდეგ „კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი“. შესაბამისად სტატიის სათაური, რაზეც დავობს განმცხადებელი, არის ჟურნალისტის მოსაზრება და მასში ასახულია რესპონდენტების მოლოდინები, რომ ქალთა გაძლიერებით კაცების სრული ძალაუფლება გადანაწილდება, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა.

საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას რომ „სტატიის სათაურით გადმოცემულია აგრესია, რომელსაც საზოგადოება პირდაპირ შეჰყავს შეცდომაში“, როგორც აღინიშნა „კაცების ხელში ყველაფრის „არ ქონა“ არა აგრესია, არამედ საზოგადოების განვითარების ინდიკატორია. განმცხადებლის პოზიცია ნამდვილად უჩვეულოა მაშინ როცა თავად განმცხადებელი ახორციელებს იმ პროექტს რომელიც ქალთა გაძლიერებას უწყობს ხელს. სოციალური ძალაუფლების გადანაწილება კაცებსა და ქალებს შორის არა აგრესიული აქტია კაცების მიმართ, როგორც ამას განმცხადებელი მიიჩნევს, არამედ არის მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ჯგუფის [ამ შემთხვევაში კაცების] ხელში ქმნის ქალებზე ძალადობის და ჩაგვრის წინაპირობებს.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ვინაიდან ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა არ დადგინდა, შესაბამისად არც შესწორების ვალდებულება არ არსებობდა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ჯაბა ანანიძეს და ეთერ თურაძეს არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.