გადაწყვეტილებების ძიება

დავით ბეგიაშვილი თათია არდოტელის, commersant.ge და Ipn.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ.
02.02.2020

განმცხადებელი : დავით ბეგიაშვილი;
მოპასუხე : თათია არდოტელი, commersant.ge და Ipn.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

11 იანვარი 2020 წელი

საქმე N - 331, 332, 336

საბჭოს თავმჯდომარე:  ნანა ბიგანიშვილი


საბჭოს წევრები: ლაურა გოგოლაძე, გიორგი სულაძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე

განმცხადებელი: დავით ბეგიაშვილი

მოპასუხე: თათია არდოტელი, commersant.ge და Ipn.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა დავით ბეგიაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ ქვემოთ მითითებულ მედია პროდუქტებში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი:

  1. commersant.ge - ზე 2019 წლის 04 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია „ვინ არის კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ხაზარაძის „ლელოს“ 36-კაციან სიაშია“.
  2. bpn.ge -ზე 2019 წლის 04 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია„ვინ არის კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ხაზარაძის „ლელოს“ 36-კაციან სიაშია“.. ავტორი თათია არდოტელი.
  3. Ipn.ge, რომელმაც თავის ფეისბუქ გვერდზე გააზიარა bpn.ge-ზე 2019 წლის 04 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია „„ვინ არის კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ხაზარაძის „ლელოს“ 36-კაციან სიაშია“.

commersant.ge - ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი, ასევე ვერ დადგინდა პასუხისმგებელი პირი Ipn.ge ნაწილში. საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებებს, რომ ეცნობებინათ პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოსათვის არ იქნა აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებული და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

მოპასუხე ჟურნალისტებს/მედია საშუალებებს საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენიათ.


საქმის განხილვის თავისებურებები 2019 წლის 20 დეკემბერს საბჭოს წევრებმა მოუსმინეს განმცხადებელს, რომლის პოზიცია საქმის მასალებთან ერთად გაგზავნილი იქნა საბჭოს სხვა წევრებისათვის და გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი ”ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.


commersant.ge - ის ნაწილში:  განმცხადებელი უთითებდა რომ სადავო სტატია შეიცავდა არასწორ ინფორმაციას მის მფლობელობაში არსებული კომპანია „ალბატროსის“ შესახებ. კერძოდ სადავოდ ხდიდა შემდეგ ნაწილებს:

„ამას უკვე 2018 წის ივნისში მოყვა შს სამინისტროს მიერ „ალბატროსის“ [იგულისხმებოდა დავით ბეგიაშვილის კომპანია „ალბატროსი“] ჩხრეკა. როგორც უწყებაში განმარტავდნენ, მათ ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა მიმართა განცხადებით, რომ შპს "ალბატროსის" შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახებოდა. კომპანიაში კი ამ ორ ფაქტს მათ მიმართ დაგეგმილ მიზანმიმართულ, აგრესიულ კამპანიად და პროვოკაციად აფასებდნენ“.

"გასული წლის მარტში კოპანიასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ალბატროსში“ წამებით მოკლული ქართველი გმირის არჩილ ტატუნაშვილის ფოტოები შენობის კედლებიდან ჩამოხიეს. თუმცა, მაშინ კომპანიაში ამის პასუხად აცხადებდნენ, რომ ეს ინფორმაცია მათმა ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, თუმცა სათვალთვალო კადრებში ჩანდა, რომ ფოტოები კი არ ჩამოხიეს, არამედ თვითონ ჩამოცვივდა“.



განმცხადებელი აპელირებდა რომ არც ერთი ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ჟურნალისტი არ დაკავშირებია მას და არ გადაუმოწმებია. მისი აზრით სავარაუდოდ ჟურნალისტს ერთმანეთში აერია ორი კომპანია, ერთი და იგივე სახელწოდებით, კერძოდ დავით ბეგიაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანია „ალბატროსის“ გარდა არსებობს სხვა კომპანია იგივე სახელწოდებით, რომელიც ძირითადად დაკავებულია მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კონსტრუქციების წარმოებით. როგორც საბჭომ გადაამოწმა ონლაინ მართლაც იძებნებოდა ინფორმაცია რომ მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კონსტრუქციების დამამზადებელ კომპანია „ალბატროსის“ შენობის სხვენში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა ნარკოტიკების ამოღების მიზნით, ასევე ამავე კომპანიას უკავშირდებოდა ამბავი შიდა ფასადზე გაკრული ტატუნაშვილის ფოტოები ჩამოხევის ფაქტზე.


ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელდა არაზუსტი ინფორმაცია, ამასთან ჟურნალისტმა არ სცადა ინფორმაციის გადამოწმება დავით ბეგიაშვილთან ან დავით ბეგიაშვილთან დაკავშირებული კომპანია „ალბატროსის“ წარმომადგენელთან, რაც მას საშუალებას მისცემდა თავიდან აერიდებინა კომპანიათა სახელების მსგავსების გამო ფაქტების აღრევა/არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება.


აღსანიშნავია რომ commersant.ge  გამოქვეყნებულ სტატიაზე წყაროდ მითითებული იყო bpn.ge. საბჭო კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ რომ სხვა მედიის, როგორც წყაროზე მითითება არც ერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მედიასაშუალებას თავად იზრუნოს აუდიტორისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე და მედია საშუალება ეთიკური ვალდებულებების დაცვის მიზნით მოვალე არის გადაამოწმოს სხვა მედია საშუალების [ანუ წყაროს] მიერ გავრცელებული ინფორმაცია. უცვლელი სახით მასალის კოპირებით კი commersant.ge -მა, პირველწყარო მედია საშუალების მსგავსად ვერ შეასრულა ეთიკური ვალდებულებები.


bpn.ge/თათია არდოტელის ნაწილში: ქარტიის საბჭოს მიერ საქმის განხილვის მომენტისათვის, bpn.ge ზე იძებნებოდა სტატია „ვინ არის კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ხაზარაძის „ლელოს“ 36-კაციან სიაშია“, ამასთან აღნიშნულ სტატიაში არ ფიგურირებდა სადავო ტექსტები. განმცხადებელმა მიუთითა რომ სადავო სტატიიდან არასწორი ინფორმაციის შემცველი ტექსტი წაიშალა მას შემდეგ რაც მიმართა მედია საშუალებას. ქარტიის საბჭომ სარწმუნოდ მიიჩნია რომ bpn.ge ზე გამოქვეყნებული სტატიის პირველადი ვერსია შეიცავდა სადავო ტექსტებს, ვინაიდან:  


  1. commersant.ge-ს, რომელსაც სტატიის სრული, სადავო ნაწილის შემცველი ტექსტი აქვს გამოქვეყნებული, წყაროდ მითითებული ყავს bpn.ge, და გარდა სადავო აბზაცებისა, commersant.ge და bpn.ge ტექსტები სრულად ემთხვევა ერთმანეთს.
  2. საბჭოსათვის წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება, რომ დავით ბეგიაშვილმა bpn.ge - ს გაუგზავნა შეტყობინება, სადაც წერდა რომ ნარკოტიკული საშუალების შენახვის და არჩილ ტატუნაშვილის ფოტოების შენობის კედლებიდან ჩამოხევის შესახებ ინფორმაცია არასწორი იყო.

როგორც აღინიშნა, bpn.ge - მ სტატიიდან სადავო და არაზუსტი ინფორმაცია წაშალა, მაგრამ საბჭოს შეფასებით ეს არ წარმოადგენს პირველი პრინციპის დარღვევის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების საფუძველს. ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ დაშვებულ შეცდომებზე და დროულად გაასწორონ უზუსტობები, გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში.


Ipn.ge ნაწილში: როგორც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მედია საშულება ipn.ge-მ თავის ფეისბუქ გვერდზე 2019 წლის 04 ოქტომბერს გააზიარა bpn.ge -ის სტატია „ვინ არის კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ხაზარაძის „ლელოს“ 36-კაციან სიაშია“, რომელი სტატიაც როგორც დადგინდა შეიცავდა არასწორ ინფორმაციას. ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ ამ შემთხვევაში სარედაქციო პასუხისმგებლობა ვრცელდება ipn.ge ზეც. მართალია სტატია უშულოდ ipn.ge ის მიერ მომზადებული არ იყო მაგრამ მედია საშუალების მიერ მოხდა არასწორი/გადაუმოწმებელი ფაქტების შემცველი ინფორმაციის გავრცელება. საქმეში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ“ [2018 წელი] ქარტიის საბჭომ აღნიშნა რომ:

„როგორც საერთაშორისო, ისე ქარტიის პრაქტიკა, ჟურნალისტურ პროდუქტად აკვალიფიცირებს მედია საშუალების მიერ გავრცელებულ, გარკვეული ფაქტების ან მოსაზრებების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედიის ფუნქცია კი მხოლოდ ინფორმაციის კოპირება და გავრცელება არ არის, რაც ნებისმიერ პირს შეუძლია, არამედ მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია“

აღნიშნულიდან გამომდინარე ipn.ge-მ, რომელმაც გააზიარა/გაავრცელა არასწორი/გადაუმოწმებელი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, ამით დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.


ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ განმცხადებელმა საბჭოს წარმოუდგინა მტკიცებულებები რომ ზემოთ მითითებულ სამივე მედია საშუალებას მოსთხოვა არასწორი ინფორმაციის გასწორება. როგორც საბჭომ დაადგინა, ipn.ge და commersant.ge არავითარი ძალისხმევა არ გამოუჩენიათ რომ ინფორმაცია გაესწორებინათ, ხოლო რაც შეეხება bpn.ge-ს, როგორც პირველი პრინციპის ჭრილში მსჯელობისას საბჭომ აღნიშნა, მართალია მათ წაშალეს სადავო ნაწილი, მაგრამ ეს არ ითვლება სათანადო წესით შესწორებად. შესაბამისად სამივე შემთხვევაში დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.


სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. თათია არდოტელის, commersant.ge და Ipn.ge არაიდენიტიფიცირებული ჟურნალისტების მიერ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.