გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მარიამ კუბლაშვილი თორნიკე ყაჯრიშვილის წინააღმდეგ
03.11.2019

განმცხადებელი : მარიამ კუბლაშვილი;
მოპასუხე : თორნიკე ყაჯრიშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება

22 ოქტომბერი 2019 წელი

საქმე N 329
მარიამ კუბლაშვილი თორნიკე ყაჯრიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე, გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა.

განმცხადებელი: მარიამ კუბლაშვილი

მოპასუხე: თორნიკე ყაჯრიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მარიამ კუბლაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ primetime.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“ - მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე", დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სტატიის ავტორი თორნიკე ყაჯრიშვილი.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტი.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატიაში მოყვანილი იყო ინტერვიუ მარიამ კუბლაშვილთან, ხოლო სათაურად როგორც აღინიშნა გამოტანილი იყო შემდეგი ფრაზა "მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“ - მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე". განმცხადებელი მარიამ კუბლაშვილი აპელირებდა რომ სათაური არ შეესაბამებოდა მის ინტერვიუს და ხდებოდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საბჭო რა თქმა უნდა ეთანხმება განმცხადებლის პოზიციას, რომ სათაური განხილული უნდა იქნას როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი და ამ შემთხვევაში საბჭოს წინაშე იდგა ამოცანა, შეეფასებინა რამდენად შეესაბამებოდა სტატიის სათაური თავად სტატიაში მოცემულ ინტერვიუს.

სტატიაში ვკითხულობთ ნაწყვეტს მარიამ კუბლაშვილის ინტერვიუდან, რომლის ტრანსკრიპტის შესაბამისობა გადამოწმდა შემდეგი საშუალებებით:

  1. შედარებული იქნა ინტერვიუს აუდიო ვერსიასთან, რომელიც თავად primetime.ge გამოაქვეყნა.
  2. განმცხადებელმა წარმოადგინა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას“ ფონოსკოპიური ექსპერტიზა, სადაც ასევე გაშიფრული იყო ინტერვიუს აუდიო ვერსია. 
  3. საბჭოს წინამდებარე გადაწყვეტილებაში მოჰყავს ინტერვიუს სრული და ზუსტი ვერსია. თვალსაჩინოებისთვის, სიტყვები, რომლებიც აკლდა სტატიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუს აუდიო ვერსიისაგან განსხვავებით, მონიშნულია მუქად და ხაზგასმულია, ხოლო თუ კონკრეტული ფრაზა სხვა სიტყვებით იყო ნათქვამი მუქად მონიშვნის და ხაზგასმის გარდა, ასევე ფრჩხილებშია ჩასმული. 
  4. ამასთან საბჭომ მიიჩნია, რომ არსებითი განსხვავება ინტერვიუს აუდიო და ტექსტურ ვერსიებს შორის არ იყო. აქვე  წინამდებარე გადაწყვეტილებაში ინტერვიუს ტექსტიდან ცალკე აბზაცად გამოყოფილი ნაწილის აუდიო ვერსია საჯაროდ არ გავრცელებულა. 
  5. სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტმა წარმოადგინა და საბჭოს გააცნო ინტერვიუს სრული, დაახლოებით 15 წუთიანი აუდიო ჩანაწერი.
„რა სიბინძურეც წამოიწყო ,აი, სწორედ დაზარალებულმა მხარემ, რა მეთოდითაც დაიწყო ომი ხალხში, საზოგადოებაში, რომ რეპუტაცია განზრახ [განზრახ რეპუტაცია] გაუნადგურეს და შეულახეს ჩემს კლიენტს, აი, იმავე მეთოდით ვუპასუხე [დაუწყე პასუხი რა] არ ელოდნენ, რომ ამ სიბინძურეში შევყვებოდი, რომელი ეთერიდანაც ლანძღეს და ცილი დასწამეს ჩემს კლიენტს, ილია ჯიშკარიანს და დააბრალეს ყოველგვარი ღირსების შემლახავი უკანასკნელი ქმედებების ჩადენა, აი ,ამავე ეთერში მოვიწვიე. რა გავაკეთე მითხარით ცუდი?! ეს ქალბატონი თავის ადვოკატთან და სხვა უფლებადამცველებთან  [უფლებადამცველ ბაია პატარაიასთან და გუნდთან] ერთად ხან წიხლქვეშ [ფეხქვეშ] ამოიდეს [ამოიგდეს] ჩემი კლიენტის ფოტოები და აქციები მოაწყეს. ხან პირდაპირ ეთერში დასხდნენ [დადგნენ] და ისაუბრეს [ილაპარაკეს]. რამდენიმე დღე უწყვეტი რეჟიმი შემოგვთავაზეს ინტერვიუების ცრემლმორეული და ღრიალით და ტირილით კარდაკარ დადიოდნენ და ატრიალებდნენ  გულის ამაჩუყებელ სცენებს. ქალი ნაცემი არ არის [არც ნაცემი არ არის], ხელებზე აქვს ნაჩხაპნები, ვერ გაურკვევია სად მიიღო ეს ნაჩხაპნები. და აი ამ ქალის მანიპულაციის გამო, ამ კაცის წარსული და ღირსება გაანადგურა [ამ კაცის წარსული განადგურდა, ამ კაცის ღირსება განადგურდა], ჩემი კლიენტი ითხოვს, ეს გთხოვთ პირველ რიგში გაიგეთ რომ ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში [ეს არ არის ჩემი ინიციატივა, ჩემი კლიენტის მოთხოვნა არის რომ მისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ხალხი ვინც მისი სახელი და გვარი მოხაზა და ვინც ამ ადამიანს ენდნენ]. უნდა, რომ აი ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. კაცია, ვერ იჭორავებს რა. არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს [არ გამოსდის ამ კაცს ნერვიულობს ჭორაობა ქალზე]. მე ქალი ვარ და აი მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ. მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს.

თოდაძესა და მის ადვოკატებს ახალი რა შევთავაზე? ტელეთერში კითხვები უნდა დავუსვა ამ საწყალ, დაჩაგრულ გოგოს, მე მონსტრმა და იმ ჯოჯოხეთურმა პიროვნებამ, რა მონსტრიც შექმნეს ჩემგან. მე არ ვთამაშობ, არავინ მაფინანსებს რაღაცა მიზნებისთვის. ვარ თავისუფალი და გავიტან ამ საქმეს ბოლომდე. ეგენი არიან მატყუარები და მანიპულატორები. ჩემს შეთავაზებაზე დებატებთან დაკავშირებით მათ უარი განაცხადეს. ადვოკატმა მითხრა, ეს საარჩევნო პოლიგონს დაემსგავსაო. მათ გახადეს პოლიგონი და შეფუთეს ეს ყველაფერი სიბინძურედ. აიგდეს ამხელა კაცი და ფეხქვეშ გათელეს მისი რეპუტაცია, რომელსაც წარსული აქვს, მეუღლე ჰყავს და შვილები ჰყავთ“.

განმცხადებელმა საკუთარი პრეტენზია სადავო სტატიის მიმართ შემდეგი სახით ჩამოაყალიბა: „სტატიის სათაური მხოლობით რიცხვშია წარმოდგენილი, მაშინ როდესაც ინტერვიუს მსვლელობისას შინაარსობრივად იკვეთებოდა მიმართვის მრავლობითი ფორმა და ინტერვიუს აუდიო ვერსიის მოსმენის შემდგომ ნათელი ხდება, რომ მე საუბარი მხოლოდ თამთა თოდაძის შესახებ არ მქონია და არც რომელიმე პიროვნებაზე კონკრეტულად, არამედ შექმნილ სიტუაციაზე ზოგადად. ამ სიტყვებით ვგულისხმობდი დღეს არსებული გარემოების დასრულებას, რამდენადაც გავრცელებული იყო არასწორი და არასრულყოფილი ინფორმაცია დაზარებული მხარის მიერ“

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭოს უნდა შეეფასებინა:
  1. რესპონდენტ მარიამ კუბლაშვილის სიტყვები „აი მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ“ მიემართებოდა და ეხებოდა კონკრეტულ პირს ან/და პირებს თუ გულისხმობდა მისი აზრით ცილისმწამებლური კამპანიის დამთავრებას და დასამარებას.
  2. თუ დადგინდებოდა რომ მარიამ კუბლაშვილი გულისხმობდა კონკრეტულ პირებს, რამდენად მართებული იყო ჟურნალისტის მიერ სათაურში მხოლოდ თამთა თოდაძეზე მითითება/ხაზგასმა.

საქმე არ იყო ორდინალური, სადაც ცალსახად, მტკიცებულებებით შეიძლებოდა დადგენილიყო სადავო გარემოებების სიზუსტე ან სიმცდარე, განმცხადებელს არ ჰქონდა პრეტენზია იმაზე, რომ აღნიშნული ფრაზა არ უთქვამს ინტერვიუს დროს, აქ მთავარი იყო მოსმენილ აუდიოს როგორ აღიქვამდა საბჭოს წევრები, მათი სუბიექტური აღქმით რას ან ვის გულისხმობდა მარიამ კუბლაშვილი. სხდომაზე დამსწრე საბჭოს 8 წევრიდან ექვსი წევრი [გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია 5 ხმა] ინტერვიუს არაერთგზის მოსმენის/ანალიზის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ჟურნალისტს შეეძლო მარიამ კუბლაშვილის სიტყვები - „აი მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ“, აღექვა როგორც დაკავშირებული თამთა თოდაძისა და მის უფლებადამცველების, ანუ კონკრეტული პირების მიმართ. საბჭოს წევრების აზრით, ამას ამყარებს მარიამ კუბლაშვილის ის სიტყვები რომლებიც წინ უძღოდა და შემდგომ მოსდევდა სადავო ფრაზას. კერძოდ მარიამ კუბლაშვილი აპელირებს კონკრეტულ პირებზე: „ეს ქალბატონი, თავის ადვოკატთან და სხვა უფლებადამცველებთან ერთად“, „წიხლქვეშ ამოიდეს ჩემი კლიენტის ფოტოები და აქციები მოაწყეს“. „ხან პირდაპირ ეთერში დასხდნენ და ისაუბრეს“. „ცრემლმორეული და ღრიალით კარდაკარ დადიოდნენ“. სადავო ფრაზა ასევე კონკრეტულ პირებზე მიმართვით გრძელდება „მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს“. მარიამ კუბლაშვილი თავის ყველა ქმედებას აღიქვამს როგორც კონტრ ან/და ანალოგიურ ზომებს თამთა თოდაძის და მისი უფლებადამცველების მიმართ, შესაბამისად იგი აპირებს „დაამთავროს და დაასამაროს“ ეს პირები, ანუ მუქარა, რომ მათი “მხილებით” მარიამ კუბლაშვილი თოდაძის მხარეს დაასამარებდა/დაამთავრებდა. აქვე აღსანიშნავია რომ საბჭოს შეფასებით “დამთავრებას და დასამარებაში” იგულისხმებოდა თამთა თოდაძის და მისი მხარის რეპუტაციული დამთავრება და დასამარება.

მას შემდეგ, რაც საბჭომ შეაფასა რომ ფრაზა “მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ“ მიემართებოდა კონკრეტული პირების მიმართ, იმსჯელა, რამდენად მართებული იყო კონკრეტულად თამთა თოდაძის გამორჩევა და სათაურში გამოტანა. თამთა თოდაძე და მისი უფლებადამცველები სამართლებრივად არის ერთი სუბიექტი/მხარე, ამიტომ მხოლობითში მოიხსენიებდა კუბლაშვილი თუ მრავლობითში, საბჭოს წევრებს აუდიოს მოსმენის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის გულისხმობდა თოდაძის მხარეს როგორც ერთ სუბიექტს და აქედან გამომდინარე ჟურნალისტს შეეძლო სათაურის ამ ფორმით გამოტანა.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. როგორც დადგინდა, ადგილი არ ჰქონდა არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას, შესაბამისად, არ არსებობდა შესწორების ვალდებულება.

სარეზოლუციო ნაწილი

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. თორნიკე ყაჯრიშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.


საბჭოს წევრების, გელა მთივლიშვილის და ლიკა ზაკაშვილის განსხვავებული აზრი


ქარტიის საბჭოს წევრები გელა მთივლიშვილი და ლიკა ზაკაშვილი არ დაეთანხმნენ საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას და მიიჩნიეს რომ ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა.

სტატიის სათაური "მაგას დავამთავრებ და დავასამარებ - მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე", მკითხველს, რომელთა ნაწილმა, შესაძლოა, სტატია ბოლომდე არც წაიკითხა, უქმნის შთაბეჭდილებას, რომ კუბლაშვილი "დამთავრებითა და დასამარებით" ემუქრება დაზარალებულს.

ამგვარი სათაური ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ ვარაუდს/მოლოდინებს, რომლის წარმოშობასა და გამყარებას ხელი შეუწყო სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ თამთა თოდაძე მანამდეც უჩიოდა სხვა მამაკაცს და შესაძლოა, ის ილია ჯიშკარიანის დაშანტაჟებას ცდილობს, რაც აზიანებს დაზარალებულის ინტერესებს.

სადავო სტატიის სათაური, რომელიც მტკიცებით ფორმაშია მოცემული, გარკვეულწილად ქმნის განწყობას, რომ ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველს, მარიამ კუბლაშვილს უტყუარი ინფორმაცია/მტკიცებულებები აქვს, რომლითაც შეძლებს თამთა თოდაძის "დასამარებას" და ეს ხაზი შესაძლოა, თამთა თოდაძის მიმართ პირადი ცხოვრების დეტალების გავრცელებით ანგარიშსწორებაზე გადიოდეს.

"რა სიბინძურეც წამოიწყო დაზარალებულმა მხარემ, რა მეთოდითაც დაიწყო ომი, საზოგადოებაში, რომ რეპუტაცია განზრახ გაუნადგურეს ჩემს კლიენტს, იმავე მეთოდით ვუპასუხე"; "ეს ქალბატონი, თავის ადვოკატთან და სხვა უფლებადამცველებთან ერთად, წიხლქვეშ ამოიდეს ჩემი კლიენტის ფოტოები და აქციები მოაწყეს. ხან პირდაპირ ეთერში დასხდნენ და ისაუბრეს"; "უნდა [იგულისხმება ბრალდებული], რომ აი ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ. მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს", - ინტერვიუს ეს ნაწილი პირდაპირ მიუთითებს, რომ კუბლაშვილი არ საუბრობს მხოლოდ დაზარალებულ თამთა თოდაძეზე, არამედ ყურადღებას ამახვილებს თავისი კლიენტის გარშემო შექმნილი, მისი აზრით, ცილისმწამებლურ კამპანიაზე. რესპონდენტი ასევე საუბრობს თამთა თოდაძის ადვოკატისა და სხვა უფლებადამცველების ქმედებებზე, რომლებმაც დაზარალებულს სოლიდარობა გამოუცხადეს. განმცხადებელი ასახელებს კიდეც ინტერვიუში [საბჭოსთვის წარმოდგენილ აუდიჩანაწერში] ერთ-ერთ მათგანს, კავშირი "საფარი" ხელმძღვანელს ბაია პატარაიას. ინტერვიუს ამ ნაწილის დასასრულს, რომელსაც წინ უსწრებს სათაურში გამოტანილი ფრაზა - "მაგას დავამთავრებ და დავასამარებ", კუბლაშვილი ხაზგასმით განმარტავს რას გულისხმობს - "მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს".

საბჭოს წევრები ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ გარემოებაზეც: საჭიროების შემთხვევაში ჟურნალისტს შეეძლო დაკავშირებოდა მარიამ კუბლაშვილს და განმარტება/დაზუსტება მოეთხოვა სადავო ფრაზაზე. მოსალოდნელი იყო, რომ თუ ავტორი/რედაქცია სათაურში გამოიტანდა ფრაზას "მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“ - მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე" ეს გამოიწვევდა სტატიისა და გამოცემის მეტ პოპულარობას. ეთიკური ჟურნალისტიკა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად, ნებისმიერი ბუნდოვანება გამოიკვლიოს და მასალის შესაძლო სკანდალურობამ არ გადაწონოს მისი ეთიკური ვალდებულებები.

საქმის მასალები: