გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ლევან ლაზარიშვილი და დავით შერაზადიშვილი მარი დუდუნიას წინააღმდეგ
12.07.2019

განმცხადებელი : ლევან ლარაზეშვილი, დავით შერაზადიშვილი;
მოპასუხე : მარი დუდუნია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

11 მაისი 2019 წელი

საქმე

N 265 ლევან ლაზარეშვილი მარი დუდუნიას წინააღმდეგ
N 267 დავით შერაზადიშვილი მარი დუდუნიას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გელა მთივლიშვილი

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე.

განმცხადებელი: ლევან ლაზარეშვილი, დავით შერაზადიშვილი

მოპასუხე: მარი დუდუნია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილემ ლევან ლაზარეშვილმა [საქმე N 265] და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა [საქმე N 267]. განცხადების თანახმად, 2018 წლის 15 დეკემბერს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ეთერით გადაიცა სტუდია “მონიტორის” გადაცემის, „თავისუფლების მონიტორის“ სიუჟეტი - „ნეპოტიზმი და კორუფცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში“, რომელშიც დაირღვა ქარტიის 1, 3 და 11 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - მარი დუდუნია.

ვინაიდან ორივე განცხადება ეხებოდა ერთი და იმავე გადაცემას და ძირითადად ეყრდნობოდა იდენტურ არგუმენტაციას, მათზე მიღებული იქნა ერთი, საერთო, გადაწყვეტილება.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი ლევან ლაზარეშვილი, ასევე აღნიშნული განმცხადებლის და მეორე განმცხადებლის, დავით შერაზადიშვილის, წარმომადგენლები. სხდომაში მონაწილეობა მიიღო მოპასუხე ჟურნალისტმაც, რომელმაც ასევე წარმოადგინა წერილობითი შეპასუხება.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო ეპიზოდი N 1:

პირველი სადავო ეპიზოდი ეხებოდა გიორგი ლაზარეშვილს, 25 % ის მფლობელს კომპანიაში შპს ორიგინალ +, რომელიც ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს ბოლნისში. ამასთან, გიორგი ლაზარეშვილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილის, ლევან ლაზარეშვილის ძმაა, ხოლო მათი დედა, ნონა რეხვიაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. სიუჟეტის თანახმად შპს ორიგინალ + ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ავტომობილების მომსახურება-შეკეთებაზე გამოცხადებულ ტენდერებს თითქმის სულ იგებს.

ჟურნალისტის ტექსტის თანახმად: „გიორგი ლაზარეშვილის კომპანიამ ბოლნისის მერიის ტენდერებიდან 6 წლის განმავლობაში 730 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო“. აღნიშნულ ტექსტში განმცხადებელი სადავოდ ხდიდა, რომ [1] გიორგი ლაზარეშვილის კომპანიას ბოლნისის მერიის ტენდერებიდან ამ ოდენობით შემოსავალი არ მიუღია [2] არასწორი იყო მიღებული თანხების დაკვალიფიცირება როგორც „შემოსავალი“, ვინაიდან თანხებს აკლდებოდა სხვადასხვა ხარჯები და საბოლოოდ „შემოსავალი“ სხვა თანხა იყო.

საბჭოს დამაზუსტებელ კითხვაზე, განმცხადებელმა დაადასტურა, რომ შპს „ორიგინალ +“, მითითებული ოდენობით თანხა მართლაც აქვს მიღებული ბოლნისის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭოს უნდა შეეფასებინა:

  • არღვევდა თუ არა ქარტიის პირველ პრინციპს ჟურნალისტის ფრაზა „ბოლნისის მერიის ტენდერებიდან“ მაშინ, როცა იგულისხმებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ტენდერები.
  • არღვევდა თუ არა ქარტიის პირველ პრინციპს ჟურნალისტის მიერ 730 000 ლარის შემოსავლად „დაკვალიფიცირება“.
ჟურნალისტის სადავო ფრაზას „გიორგი ლაზარეშვილის კომპანიამ ბოლნისის მერიის ტენდერებიდან 6 წლის განმავლობაში 730 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო“ მოსდევს გაგრძელება, კერძოდ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ლაზარეშვილის კომპანიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 116 გამარტივებული ტენდერი გაუფორმეს“. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში პირველი პრინციპი არ დარღვეულა, ვინაიდან ჟურნალისტი იქვე აკონკრეტებს/აზუსტებს, რომ მხედველობაში ჰქონდა ზოგადად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციები და არა მხოლოდ მერია. ასევე საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგი განმარტების გაკეთებას: ჟურნალისტი შემდგომაც რომ არ აკონკრეტებდეს, მაინც არ ჩაითვლებოდა ქარტიის პირველი პრინციპი დარღვეულად იმ საფუძვლით, რომ ნაცვლად „ბოლნისის საბიუჯეტო“ ორგანიზაციებისა ჟურნალისტმა გამოიყენა ტერმინი „ბოლნისის მერია“. სიუჟეტის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ შპს „ორიგინალ +“ ბოლნისის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს და ამ მიზნებისათვის არა არსებითი ფაქტია, მხოლოდ მერიიდან იღებს თუ მერიასთან დაკავშირებული სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, მითუფრო მაშინ, როცა აღნიშნული საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსების ძირითადი წყარო უმეტეს შემთხვევაში სწორედ მერია და ადგილობრივი ბიუჯეტია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, „ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი “. შესაბამისად არა მხოლოდ ლოგიკურად, არამედ კანონის თანახმადაც ჟურნალისტის ფრაზა, რომ შპს „ორიგინალ +-მა“ 730 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო“ - შეესაბამებოდა სიმართლეს. აღსანიშნავია რომ ჟურნალისტი შემოსავალს არ უკავშირებდა კომპანიის რომელიმე კონკრეტულ მეწილეს, არამედ უთითებდა, რომ ეს იყო მთლიანად კომპანიის შემოსავალი. ჟურნალისტს არ ჰქონდა არავითარი ვალდებულება [და ობიექტურადაც შეუძლებელიც იყო], რომ გამოეთვალა ამ შემოსავლიდან რამდენი იყო კომპანიის მოგების მარჟა.

როგორც აღინიშნა, გადაცემის სახელწოდება იყო: „ნეპოტიზმი და კორუფცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში“, ხოლო გიორგი ლაზარეშვილთან დაკავშირებული სიუჟეტის წარდგენისას ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ „ბოლნისის მერი გავლენიანი პროკურორის ძმას სწყალობს“. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ამ წინაპირობების გათვალისწინებით რჩებოდა შთაბეჭდილება თითქოს კომპანია „ორიგინალ +“, რომელშიც გიორგი ლაზარეშვილი [პროკურორის ძმა] 25 % წილს ფლობდა, ტენდერებს ნეპოტიზმის საფუძველზე იგებდა, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

იმის განსამტკიცებლად, რომ ტენდერების მოგებას სავარაუდო ნეპოტიზმი უმყარებდა ზურგს, ჟურნალისტი მაყურებელს აწვდის შემდეგ ინფორმაციას:
  1. ხაზს უსვამს გიორგი ლაზარეშვილის ნათესაურ კავშირებს - ძმა პროკურორი, დედა - საკრებულოს წევრი. 
  2. აღნიშნავს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შპს „ორიგინალ + -ს“ 116 გამარტივებული ტენდერი გაუფორმეს, ელექტრონულ ტენდერში კი 29-ჯერ გაიმარჯვა. 
  3. შპს „ორიგინალ +“ ტენდერებში ძირითადად კონკურენტების გარეშე მონაწილეობს [29 ტენდერიდან 28 ში მარტო მონაწილეობდა].
  4. მნიშვნელოვნად გაიზარდა შპს ორიგინალ + ის მიერ მოგებული ტენდერების ოდენობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
  5. გამოყენებულია ფარული ჩანაწერი. კერძოდ ერთ - ერთი ავტოშემკეთებელი ცენტრის წინ ჟურნალისტი ესაუბრება არაიდენტიფიცირებულ პირს, რომელიც აღნიშნავს, რომ: „კაცი უნდა გყავდეს, ისე ვინ მიგაღებინებს ტენდერში მონაწილეობას“. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება ფარულად ჩაწერილი პირის სტატუსი, რა აკავშირებს მას ავტოტექმომსახურების სერვისთან. როგორც განმცხადებელმა მიუთითა, მათ შეძლეს ფარულად ჩაწერილი პირის იდენტიფიცირება და რომ ამ პირს არავითარი შეხება არა აქვს ავტოტექმომსახურებასთან. თავად ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით ფარულად ჩაწერილი პირი ავტოტექმომსახურების ცენტრში მუშაობდა. საბჭოს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ფარულად ჩაწერის დროს ჟურნალისტმა ზუსტად და ცალსახად არ იცოდა რესპონდენტს რა შემხებლობა ჰქონდა ავტოტექსმომსახურებასთან და იყო თუ არა რელევანტური წყარო, რათა შეეფასებინა ტენდერებში არ მონაწილეობის მიზეზები.
საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ სათაური და სიუჟეტის წარდგენის ტექსტი მაყურებელს დადასტურებელი სახით აწვდიდა ინფორმაციას, რომ შპს „ორიგინალ +“ ტენდერებს ნეპოტიზმის წყალობით იგებდა. მიუხედავად ამისა, თავად სიუჟეტი არ შეიცავდა საკმარის ინფორმაციას იმის დასადასტურებლად, რომ ნეპოტიზმს მართლაც ჰქონდა ადგილი. სიუჟეტში მითითებულია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები სავარაუდო ნეპოტიზმისა [1-4 ფაქტობრივი გარემოებები] და ერთი ფარული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც სანდოობის საკმაოდ დაბალი ხარისხით სარგებლობს. შეპასუხებაში ჟურნალისტმა მიუთითა: „ბოლნისის მერიის საბიუჯეტო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ მანქანის შემკეთებელი უნდა მდებარეობდეს ბოლნისის ცენტრიდან 10-11 კმ-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს თავად მოუწევს აანაზღაუროს შესაკეთებელი მანქანების ტრანსპორტირების ხარჯები. მინდა საბჭოს განვუმარტო, რომ ბოლნისის ცენტრიდან 10 კმ-ში პროკურორის ძმის კომპანიის გარდა მხოლოდ ერთი კომპანია მდებარეობს“. საბჭო აღნიშნავს, რომ საჭირო იყო ეს ინფორმაცია ასახული ყოფილიყო თავად სიუჟეტში, ამასთან ჟურნალისტს გამოეკვლია:

  • რამდენად მიღებული პრაქტიკაა სხვა მუნიციპალიტეტების ტენდერებშიც მსგავსი შეზღუდვის დაწესება, შესაძლებელია შეზღუდვას გონივრული და ლოგიკური საფუძველიც ჰქონდეს. მაგალითად, არაგონივრული იყოს იმ კომპანიისგან მომსახურების მიღება, რომლის მომსახურების ცენტრი 30 – 40 კილომეტრშია.
  • ეჩვენებინა, მართლაც არსებობდნენ თუ არა სხვა კომპანიები და იზღუდებოდა თუ არა მათი მონაწილეობა, სატენდერო პირობებში მომსახურების რადიუსის განსაზღვრით. მაგალითად, სხვა მომსახურების ცენტრები თუ 12 – 13 კილომეტრშია, ეს ვარაუდს უფრო დამაჯერებელს გახდიდა.
  • გამოეკვლია სხვა მომსახურების ცენტრებს ჰქონდათ თუ არა ტენდერში მონაწილეობის რესურსი, მაგალითად დოკუმენტების წარმოება ან ტექნიკური აღჭურვილობა. საბჭოს შეფასებით, სიუჟეტში მითითებული ინფორმაცია არ აძლევდა ჟურნალისტს საფუძველს მტკიცებით ფორმაში განეცხადებინა, რომ შპს „ორიგინალ +“ ტენდერებს ნეპოტიზმით იგებდა, რომ „ბოლნისის მერი გავლენიანი პროკურორის ძმას სწყალობს“. ჟურნალისტმა დააკლო მცდელობა, რომ ბოლომდე გადაემოწმებინა, მოეკვლია ფაქტები სავარაუდო ნეპოტიზმის შესახებ და ამით დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

სადავო ეპიზოდი N 2:

გადაცემის შემდეგი სადავო ეპიზოდი ეხება ავტოტექნიკური ინსპექტირების ცენტრს. ჟურნალისტის ინფორმაციის თანახმად, პროკურორი ლევან ლაზარეშვილი ბოლნისის ცენტრთან ახლოს ფლობდა მიწის ნაკვეთს, რომელიც გაასხვისა მისი მამიდის ქმარზე - ვალერიან დევნოზაშვილზე. ამ უკანასკნელმა კი შეძენილ მიწაზე მალევე ავტოტექნიკური ინსპექტირების ცენტრი გახსნა. ცენტრმა ბოლო 7 თვეში საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან 8 პირდაპირი შესყიდვა მიიღო. ჟურნალისტი კითხვებს სვამს, აქვს თუ არა ინტერესი ამ ცენტრთან მიმართებით პროკურორ ლევან ლაზარეშვილს. ინტერესს უარყოფს როგორც ლევან ლაზარეშვილი, ისე ვალერიან დევნოზაშვილი.

დამკვიდრებული პრაქტიკით, ქარტიის საბჭო სიუჟეტს აფასებს საზოგადოებისთვის მისი წარდგენის/მიწოდების ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაშიც სადავო ნაწილი შეფასდა ზოგადად გადაცემის მიზნის და აქცენტების გათვალისწინებით, რათა საერთო სურათის მიხედვით დადგინილიყო, რამდენად შეესაბამებოდა ჟურნალისტის ქცევა ეთიკურ სტანდარტებს. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო გადაცემის სათაურია „ნეპოტიზმი და კორუფცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში“, ხოლო უშუალოდ ამ სიუჟეტის წარდგენა მოხდა შემდეგი ტექსტით „ლაზარეშვილების მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან სარგებლის მიღება ამით არ მთავრდება“, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტმა კიდევ ერთი სქემა აღმოაჩინა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ თანამდებობის პირები შემოსავლებს პირდაპირ ან ირიბად იღებდნენ მათი გავლენების გამოყენებით. ამის მიუხედავად თავად სიუჟეტში არა თუ პირდაპირი, არამედ ირიბი მითითებაც კი არ არის, რომ ავტოტექნიკური ინსპექტირების ცენტრი ლევან ლაზარეშვილის მხარდაჭერით სარგებლობს. მხოლოდ ნათესაური კავშირი საკმარისი არ არის გავლენის დასადასტურებლად, მეტიც, როგორც ლევან ლაზარეშვილმა აღნიშნა, მან მიწა რეალურად მიჰყიდა მისი მამიდის მეუღლეს და შესაბამისი გადასახადებიც გადაიხადა ბიუჯეტში. როცა საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარგებლის მიღებაზე, ამ შემთხვევაში არსებითი არ არის კერძო პირებს შორის მიწის ნასყიდობა, ამ გარემოებამ შეიძლება შეიძინოს დატვირთვა, თუ არსებობდა საეჭვო მინიშნებები რომ ავტოტექნიკური ინსპექტირების ცენტრი სახელმწიფო შეკვეთებს მფარველობით/გავლენით იღებდა.

ქარტიის საბჭო ხაზს უსვამს საგამომძიებლო ჟურნალისტიკის, როგორც ხელისუფლების მეთვალყურის როლის მნიშვნელობას. ხშირად ზუსტად მედია არის ის წყარო, რომლითაც საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება კორუფციის, ნეპოტიზმის და სხვა სამოხელეო დანაშაულების შესახებ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამის პირდაპირი დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხშირად მედიას არა აქვს და გარემოებათა ერთობლიობით ცდილობს ფაქტების გამოაშკარავებას, ეჭვები ცალსახად იზრდება, როცა სახელმწიფოსგან შემოსავლებს იღებენ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები. მაგრამ მხოლოდ ეჭვები ვერ იქნება საფუძველი ჟურნალისტის მტკიცებისა, რომ ადგილი აქვს „ნეპოტიზმს“ და სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრებას უარყოფით კონტექსტში მითუფრო მაშინ, როცა ამ ეჭვებს არ ამყარებს სხვა, თუნდაც ირიბი მტკიცებულებები და გარემოებები. აღნიშნული შემთხვევაში საბჭომ მიიჩნია რომ ავტოტექნიკური ინსპექტირების ცენტრთან დაკავშირებით ჟურნალისტს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, რათა ეს ეპიზოდი მოექცია იმ საერთო ქოლგის ქვეშ, რასაც „ნეპოტიზმი და კორუფცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში“ დაარქვა, ამით კი დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

სადავო ეპიზოდი N 3

ერთ - ერთი სიუჟეტი ეხება შპს „პრიორიტეტი +“ -ს, რომელმაც მოიგო ქვაფენილის დაგებისთვის ტენდერი და ქვეკონტრაქტორად დაიქირავა ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის მეგობრის კომპანია შპს „ბოლნისი სტონე“. სიუჟეტში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „ქვაფენილის დაგებისთვის [იგულისხმება ქვაფენილის დაგება ბოლნისში] თავდაპირველად ბიუჯეტიდან 560 000 ლარი იყო გამოყოფილი, მოგვიანებით კომპანია „პრიორიტეტი +-მა“ თანხის გაზრდა 613 000 ლარამდე მოითხოვა, ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც არ არის დასაბუთებული, თუ რატომ დათანხმდა კომპანიის ამ მოთხოვნას“. ტექსტის ფონად სიუჟეტში წარმოდგენილია ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია „პრიორიტეტი +-სა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 02 ნოემბერს და რომლითაც მოხდა სამუშაოების ღირებულების გაზრდა. ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ დოკუმენტი არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა თანხის გაზრდა და მიანიშნებს სახელმწიფო ორგანოს უპასუხისმგებლობასა და სავარაუდო გადაცდომაზე, რომ კონტრაქტორ ფირმას თანხა დაუსაბუთებლად გაუზარდეს.

განმცხადებელმა წარმოადგინა მტკიცებულებები [ბოლნისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის 2017 წლის 31 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი და ხარჯთაღრიცხვა], რომელიც საფუძვლად დაედო ღირებულების გაზრდას და ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სადაც არ არის დასაბუთებული თუ რატომ დათანხმდა კომპანიის ამ მოთხოვნას“ მიიჩნია არაზუსტად. დოკუმენტების თანახმად, ხარჯთაღრიცხვის გაზრდა გამოიწვია საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობ მონაკვეთზე ჭების ნუმერაციის დაზუსტებამ, სააკაძის ქუჩაზე საავტომობილო გზაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოებმა.

განმცხადებლის საპასუხოდ, ჟურნალისტმა მიუთითა - „ტენდერის ღირებულების გაზრდის რეალური მიზეზების დასადგენად და მაყურებლისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაწოდებლად, სტუდია “მონიტორს” ქონდა შემდეგი მცდელობები:

„მცდელობა #1: ზედმიწევნით შევისწავლეთ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე ამ ტენდერთან დაკავშირებით ატვირთული ყველა დოკუმენტაცია, სადაც არანაირი განმარტება, მათ შორის არც ახალი ხარჯთაღრიცხვა ან რაიმე სხვა დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იქნებოდა სატენდერო თანხის გაზრდის მიზეზები, მოცემული არ ყოფილა.

მცდელობა #2: სტუდია „მონიტორს“ აქვს პრაქტიკა, რომ კვლევის დასაწყისში ინფორმაციას ვითხოვთ ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ამიტომ, ტენდერთან დაკავშირებით პირველი წერილის გაგზავნა IDFI-ის იურისტს გიორგი ლომთაძეს ვთხოვეთ. გიორგი ლომთაძემ გამოითხოვა კონკრეტული შესყიდვების შესახებ მერიაში არსებული დოკუმენტაცია. დოკუმენტაცია რომელშიც წესით გამოჩნდებოდა კონკრეტულად რაში დაიხარჯა გაზრდილი ბიუჯეტი, და ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემდა შეგვეფასებინა რამდენად აუცილებელი იყო ამ ხარჯის გაწევის საჭიროება. თუმცა ბოლნისის მერიამ ეს დოკუმენტაცია IDFI-ის არ მიაწოდა.

საბჭოს შენიშვნა: აღნიშნული წერილის მოთხოვნა იყო:
„მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: 2016-2018 წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების - SPA170006148, NAT180008863, NAT180008864, NAT180010595 - შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში არსებული ქვეკონტრაქტორების ჩამონათვალი, მათი სახელწოდების, საიდენტიფიკაციო კოდის და მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) მითითებით“ მოთხოვნაში არ შედიოდა ინფორმაციის გამოთხოვა იმის შესახებ, თუ რატომ გაიზარდა თანხა, შესაბამისად ეს მცდელობად ვერ ჩაითვლება.

„მცდელობა #3: ამის შემდეგ, ჩვენი სახელით მივწერეთ ბოლნისის მერიას და მოვითხოვეთ მეტი ინფორმაცია ვიდრე იყო ვებგვერდზე. მათ შორის ვკითხეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტს, ჰქონდა თუ არა გავლენა მერს იმ ტენდერზე, რომელსაც მისი მეგობარი ასრულებს. ვფიქრობთ, რომ იმის დასასაბუთებლად, რომ ტენდერი მიუკერძოებლად ჩატარდა რამე დამამტკიცებელ დოკუმენტს მაინც გამოგვიგზავნიდა. თუმცა ასე არ მოხდა. ეს წერილი ქარტიაში უკვე წარმოდგენილია. საბჭოს შენიშვნა: ქარტიაში წარმოდგენილია 2018 წლის 24 ოქტომბრის წერილი, რომლითაც გამოთხოვილია სხვადასხვა ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან, მაგრამ წერილი არ შეიცავს კონკრეტულ კითხვას თუ რატომ გაიზარდა ტენდერის თანხა.

„მცდელობა #4: რამდენჯერმე დავუკავშირდით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და მერთან ინტერვიუ ვითხოვეთ, რაზეც მივიღეთ უარი.

მცდელობა #5: მერისგან პასუხის მიღება სამსახურთან დახვედრითაც ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მცდელობა მიგვეღო მეტი დოკუმენტი და მეტი ინფორმაცია უშედეგოდ დამთავრდა. შესაბამისად დავეყრდენით იმას, რაც იყო ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე“.

ქარტიის საბჭო აფასებს ჟურნალისტის მცდელობას, მაგრამ აქვე ხაზს გაუსვამს, რომ იმ ხელშეკრულების მეორე მუხლში, რომლითაც მოხდა სატენდერო თანხის გაზრდა და რომელიც თავად ჟურნალისტსაც ჰქონდა, მითითებული იყო, რომ ხელშეკრულებას თან ერთვოდა კორექტირებული დანართი, ხარჯთაღრიცხვა. შესაბამისად ცხადი იყო რომ არსებობდა დოკუმენტი, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, რომელშიც მითითებული იქნებოდა სამუშაოთა ჩამონათვალი. ჟურნალისტს უნდა გამოეთხოვა აღნიშნული დოკუმენტი და თუ მაინც ნათელი არ იქნებოდა გაზრდის საფუძველი, ამაზე დამატებითი განმარტებები მოეთხოვა. ის, რომ ჟურნალისტმა ვერ დაადგინა თუ რის საფუძველზე მოხდა ღირებულების გაზრდა, არ აძლევდა მას უფლებას, რომ მტკიცებით ფორმაში განეცხადებინა, თითქოს დოკუმენტი არ შეიცავს მითითებას [დასაბუთებას] იმის შესახებ, თუ რატომ გაიზარდა სატენდერო თანხა მით უმეტეს, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო შეცვლილი ხარჯთაღრიცხვის შესახებ.

სადავო ეპიზოდი N 4:

შემდეგი სადავო ეპიზოდი ეხებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სიძის, დავით ხმელიძის, კუთვნილი კომპანიის მიერ ტენდერების მოგებას. კერძოდ, დავით ხმელიძის კომპანია „დევეპლიუსი“ იგებს გარე განათებასთან დაკავშირებულ ტენდერებს. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა ჟურნალისტის ფრაზას „ბოლნისის მერის სიძის კომპანიები დღემდე იმარჯვებენ მათზე მორგებულ ტენდერებში“.

ქარტიის საბჭოს წარედგინა სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომლის თანახმად :
  1. „დევეპლუსი“ პერმანენტულად იმარჯვებს უკონკურენტო გარემოში.
  2. სატენდერო კომისიის წევრს და „დევეპლუს“ შორის არის ინტერესთა კონფლიქტი და დარღვეულია შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნები.
  3. ტენდერის ღირებულებები არასათანადოდ არის დათვლილი.
  4. მუნიციპალიტეტი ანგარიშსწორებას „დევეპლუსთან“ ახორციელებდა ისე, რომ შესრულებული სამუშაოების აქტები არ მოიცავდა კონკრეტულად ჩატარებული სამუშაოების ერთეულის და ჯამურ ღირებულებებს.
  5. „დევეპლუსი“ სავარაუდოდ გარიგებული იყო სხვა პრეტენდენტებთან.

საბჭოს მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჟურნალისტს ჰქონდა საფუძველი ტენდერები „დევეპლუსზე“ მორგებულად შეეფასებინა.

სადავო ეპიზოდი N 5:

მეხუთე სადავო ეპიზოდი ეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის გარემოცვის დაინტერესებას ღვინის ბიზნესით. სიუჟეტში მითითებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მეგობრების კუთვნილი ღვინის ბრენდები, ასევე ის, რომ მუნიციპალიტეტის დაფინანსებით გაიმართა ღონისძიება „აღმოაჩინე ბოლნისი“, სადაც სხვა მეღვინეებთან ერთად ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული პირების ღვინოებიც გამოფინეს. განმცხადებელი აპელირებდა, რომ სიუჟეტში აქცენტები არასწორად იყო დასმული, რომ „ბოლნური ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიება ემსახურებოდა ბოლნური ღვინის ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასმას, რათა დამსწრეებს გაეცნოთ ადგილობრივი ხელისუფლების მზაობა, ხელი შეუწყოს ბოლნისში მეღვინეობის განვითარებას, რამდენადაც ტრადიციულად ბოლნისში წარმოებული ღვინო ტრადიციულად განკუთვნილი იყო ქართული თუ უცხოური ბაზრისათვის“.

განმცხადებელმა ვერ მიუთითა აღნიშნულ შემთხვევაში რომელი ინფორმაცია იყო არაზუსტი, შესაბამისად არ დგინდება ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა. პირველ და მეორე სადავო ეპიზოდი, სადაც საბჭომ ასევე მხედველობაში მიიღო აქცენტები, არ შეიძლება გაიგივებული იქნას სიუჟეტის ამ ნაწილთან. ვინაიდან, პირველ და მეორე სადავო ეპიზოდში კონკრეტული ფაქტების არ არსებობა აქცენტებთან ერთობლიობით ქმნიდა პირველი პრინციპის დარღვევას, ღვინის ეპიზოდში კი ყველა ფაქტი შეესაბამებოდა სიმართლეს.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცი მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“, განმცხადებელი მე-3 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა ფაქტების მიჩქმალვის ნაწილში, კერძოდ სადავო ეპიზოდში N 3, რომ ჟურნალისტმა, როცა საუბრობდა ლევან ლაზარეშვილის მიერ მიწის ნაკვეთის გაყიდვაზე, არ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის რეალიზებიდან წარმოშობილი გადასახადები ლევან ლაზარეშვილმა გადაიხადა. ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, ინფორმაცია მიჩქმალულად მიიჩნევა თუ დადგინდა, რომ ჟურნალისტმა იცოდა ფაქტის შესახებ და მიუხედავად ამისა იგი არ ახსენა, თან ამ ფაქტს გადმოცემული ამბის მიმართ არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ჟურნალისტმა იცოდა გადასახადის გადახდის შესახებ ფაქტი, შესაბამისად საბჭო, მეორე წინაპირობაზე [არსებითი მნიშვნელობის დადგენა] მსჯელობის გარეშე მიიჩნევს, რომ მე-3 პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობაა რომ ჯერ დადასტურდეს არასწორი ინფორმაციის გავრცელება. შემდეგ ნათელი უნდა იყოს, რომ ჟურნალისტმა იცოდა სწორი ინფორმაცია და მიუხედავად ამისა, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მესამე ეპიზოდში დარღვევის საფუძველი იყო სათანადოდ გადაუმოწმებელი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება. რაც შეეხება პირველ და მესამე ეპიზოდს, აღნიშნულ ეპიზოდებში პირველი პრინციპის დარღვევა დადგინდა იმ საფუძვლით, რომ აქცენტები და გარემოებები არ შესაბამებოდა ერთმანეთს, და სათანადოდ არ იყო გადამოწმებული ინფორმაცია, არც ერთ აღნიშნულ შემთხვევაში არ გამოკვეთილა რომ ჟურნალისტმა იცოდა სწორი ინფორმაცია და მიუხედავად ამისა, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. შესაბამისად არ დგინდება ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მარი დუდუნიამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
2. მარი დუდუნიას არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.

საქმის მასალები:
სტუდია მონიტორის კომენტარი ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაზე