გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ჩაიხანა ნინუცა კახნიაურის წინააღმდეგ
15.05.2019

განმცხადებელი : ჩაიხანა;
მოპასუხე : ნინუცა კახნიაური;
დარღვეული პრინციპები : 11 პრინციპი;
გადაწყვეტილება

24 აპრილი 2019 წელი

საქმე N 249
"ჩაიხანა" ნინუცა კახნიაურის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრებიგიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, ირმა ზოიძე.

განმცხადებელი: ჩაიხანა

მოპასუხე: ნინუცა კახნიაური

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საერთაშორისო მედია პლატფორმა „ჩაიხანამ“. განცხადების თანახმად, 2019 წლის 27 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადაცემა "ახალ კვირაში" გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით “გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან”, სიუჟეტი სოფელ გუმბათის მასწავლებელ ირა ძირკვაძეს ეხებოდა. ამასთან, მანამდე, დაახლოებით სამი კვირით ადრე, 2019 წლის 4 იანვარს „ჩაიხანას“ ვებგვერდზე, ასევე ირა ძირკვაძეზე მომზადებული ვიდეომასალა, სახელწოდებით “გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან” გამოქვეყნდა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევას, კერძოდ - პლაგიატს. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ნინუცა კახნიაური.

საქმის განხილვის თავისებურება - საქმის ზეპირი განხილვა გაიმართა 2019 წლის 28 მარტს, სადაც თავისი პოზიცია დააფიქსირა განმცხადებლის წარმომადგენელმა, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. საქმის სირთულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭომ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო 2019 წლის 24 აპრილს.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები - პლაგიატი“.

ქარტიის საბჭო გაეცნო განცხადებას, მოუსმინა განმცხადებელს, ასევე საქმის მომზადებისას გამოკითხა სიუჟეტების გმირი - ირა ძირკვაძე .

ორივე სიუჟეტი [როგორც ჩაიხანას, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ მომზადებული] ეხებოდა ირა ძირკვაძეს, რომლის ოჯახი ეკომიგრანტია და აჭარიდან გადმოსახლდნენ წალკის რაიონის სოფელ გუმბათში. ირა ძირკვაძე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თავის სოფელში და სკოლაში ბავშვებს ქართულს და ინგლისურს ასწავლის. ორივე სიუჟეტში ნაჩვენებია მისი დამოკიდებულება ბავშვებისადმი, სიყვარული მშობლიური სოფლის მიმართ და ის ძალისხმევა, რომელსაც პედაგოგიურ საქმიანობაში და ზოგადად სოფელში სოციუმის განვითარებაში დებს. მსგავსი თემები უდავოდ იწვევს საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს. მეორეს მხრივ, მასალა არ ასახავდა მიმდინარე ახალ ამბავს, რომელმაც აქტუალურობა მხოლოდ 2019 წლის იანვარში შეიძინა. არამედ ცალსახა იყო, რომ ირა ძირკვაძის საქმიანობის შესახებ შეიტყო ჟურნალისტმა, თემა მიიჩნია საინტერესოდ და მოამზადა სიუჟეტი.

ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ წალკიდან 20 კილომეტრის დაშორებით, სოფელ გუმბათში, ირა ძირკვაძე ჩაიხანას ჟურნალისტმა აღმოაჩინა და მასზე სიუჟეტიც მოამზადა, მეტიც, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა ირა ძირკვაძის საქმიანობის შესახებ სწორედ „ჩაიხანას“ მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყო. აღნიშნულის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, გადაცემა “ახალი კვირის” წამყვანმა სიუჟეტი წარადგინა ისე, თითქოს მათ აღმოაჩინეს გმირიც და თემაც. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გასული სიუჟეტის, სახელწოდებით “გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან” წამყვანმა ამ ტექსტით წარადგინა: 

ვის წარმოგვიდგენს დღეს ნინუცა კახნიაური, ტაქსისტი მერიკო გვახსოვს, 15 წლის გიდი უშგულიდან გვახსოვს, გიგის ფორთოხლის წვენები, ეს რეპორტაჟები ყველაფერი გვახსოვს, თიკა დუღაშვილის ბიზნესად ქცეული სოფელი ესეც გვახსოვს, რეპორტაჟები მარტოხელა მამაზე და 90 წლის ელიკო მასწავლებელზე ხომ გვახსოვს და გვახსოვს, კიდევ ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანი გავიცანით ნინუცა კახნიაურის რეპორტაჟებიდან „ახალ კვირაში“ და ყოველ კვირას ძალიან მაინტერესებს ვინ იქნება მისი შემდეგი რეპორტაჟის გმირი, რომელსაც მთელი საქართველო გაიცნობს „ახალი კვირის“ ეთერით, ასეთი ადამიანები საბედნიეროდ ქვეყანაში ბევრია, ამჯერად ჩვენი ჟურნალისტი ნინუცა კახნიაური და ვახტანგ ლეკიაშვილი გასულ კვირაში წალკაში გაემგზავრნენ იმისთვის, რომ დღეს თქვენ გაიცნოთ, გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან. 23 წლის ქართულის მასწავლებელი ირა, საოცრად ლაღი და ძალიან ახალგაზრდა პედაგოგია, რომელიც მშვენივრად თამაშობს ფეხბურთს მოსწავლეებთან ერთად და ბურთის ჩაწოდების პარალელურად, ინგლისურსაც ასწავლის ბავშვებს, მაშ ასე, ამჯერად ახალ კვირაში, თქვენ გაიცნობთ გოგონას მზის ჩასვლის სოფლიდან“.

წარდგენის ტექსტის მიხედვით, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გმირი - ირა ძირკვაძე, “ახალი კვირის” ჟურნალისტის, ნინუცა კახნიაურის „აღმოჩენილი“ იყო, არც თავად წარდგენის ტექსტში და არც შემდგომ რეპორტაჟში არ ახსენეს, რომ ამბავი დაახლოებით სამი კვირის წინ პირველად “ ჩაიხანამ“ გააშუქა.

გადაცემის წამყვანის და ასევე ჟურნალისტის მიერ სრულიად უგულვებელყოფილი იქნა “ჩაიხანას” ჟურნალისტის მიერ გაწეული შრომა. მათ არ ახსენეს, არ მიუთითეს პირვანდელი სიუჟეტის ავტორი ან/და ონლაინგამოცემა, რომელსაც, როგორც ქარტიის საბჭომ მოიკვლია, დაეყრდნო მასალის მომზადებისას. ამით სრულად იქნა უგულვებელყოფილი, „ჩაიხანას“ მიერ გაწეული ძალისხმევა.

თითოეული მასალის მომზადებას სჭირდება ადამიანური და მატერიალური რესურსი, წყაროსთან/წყაროებთან ურთიერთობა, გმირის აღმოჩენა, მასთან დაკავშირება და შეთანხმება, სიუჟეტის მთავარი აქცენტების გამოკვეთა. ეს ყველაფერი ხშირად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ შრომას უნდა სცეს პატივი კეთილსინდისიერმა ჟურნალისტმა და საკუთარ ჟურნალისტურ პროდუქტში ახსენოს პირველწყარო. გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა “ჩაიხანას” სიუჟეტიდან შეიტყო ახალგაზრდა პედაგოგის მოღვაწეობის ამბავი, არც კი ეცადა, რომ ირა ძირკვაძის ისტორია სხვა კუთხიდან გაეშუქებინა, ეპოვა სხვა რესპონდენტები და ახალი, განსხვავებული აქცენტებით მოემზადებინა მასალა. სიუჟეტების სათაურებიც კი თითქმის იდენტურია - „ჩაიხანას“ მიერ მომზადებულ ვიდეოს ჰქვია „გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან“, სადავო სიუჟეტის სახელწოდებაა „გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან“.

ქარტიის საბჭო ხაზს უსვამს, რომ შესაძლოა განსახილველი შემთხვევა პირდაპირ არ შეესაბამება პლაგიატის გავრცელებულ და მიღებულ განმარტებებს, მაგრამ ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის პლაგიატი შეიძლება დადგინდეს თუ სახეზეა სხვა ჟურნალისტის შრომის/ძალისხმევის უგულვებელყოფა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი უგულვებელყოფა ხდება ისეთი მედიასაშუალების მიერ, რომელსაც როგორც აუდიტორია, ისე ტექნიკურ - მატერიალური შესაძლებლობები უფრო მეტი აქვს.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო ადვილი ხდება ერთი პლატფორმიდან მეორეზე მასალის გავრცელება, პირველწყაროს მითითების გარეშე ჟურნალისტური პროდუქტის ტირაჟირება. შესაბამისად, მომხმარებლების ამ პლატფორმაზე გადასვლა. ავტორის აღნიშვნის გარეშე კი მედიასაშუალება, რომელმაც გასწია ძალისხმევა, მის მოსამზადებლად დახარჯა მატერიალური და ადამიანური რესურსი, კარგავს აუდიტორიას. ამიტომაც მედიასაშუალებამ სათანადოდ უნდა მიუთითოს მასალის პირველწყარო და პატივი სცეს მის მიერ გაწეულ შრომას. ამ პირობებში პლაგიატი განიმარტება უფრო ფართოდ და მოიცავს არამხოლოდ პირდაპირ კოპირებას, არამედ არასათანადო ციტირებას, მითითებას და პირველწყაროს აღნიშვნას.

წინამდებარე შემთხვევაში ქარტიის საბჭოს მიერ მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, თითქოს ქარტიის საბჭო ადგენს „თემის პლაგიატს“, საბჭო დასაშვებად და ეთიკურ ჟურნალისტიკასთან შესაბამისად მიიჩნევს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ერთი და იმავე თემის გაშუქებას. განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპის დარღვევა გამოიწვია სხვა გარემოებების ერთობლიობამ, რომელიც აღწერილია წინამდებარე გადაწყვეტილებაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

ნინუცა კახნიაურმა დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი - პლაგიატი.

საქმის მასალები: