გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია თეონა ხარაბაძის წინააღმდეგ
13.05.2019
გადაწყვეტილება 24 აპრილი  2019 წელი
საქმე N 260
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია თეონა ხარაბაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, გიორგი მგელაძე.

განმცხადებელი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

მოპასუხე: თეონა ხარაბაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ. განცხადების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა ,,მთავარის“ 2019 წლის 11 და 12 თებერვლის გამოშვებებში, კერძოდ სიუჟეტებში, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტის შეფასების შედეგად მომზადებულ დასკვნას და ამ დასკვნაში მითითებულ სავარაუდო დარღვევებს, დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 პრინციპი.

საქმის განხილვის დროს საბჭოს კითხვებს სატელეფონო კავშირის მეშვეობით უპასუხა ჟურნალისტმა თეონა ხარაბაძემ.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. განცხადების თანახმად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია პირველ პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა ორ ეპიზოდში.

ეპიზოდი პირველი: სიუჟეტის თანახმად სოფელ ჯიბინაურში სათამაშო მოედნის მოსაწყობად გაფორმდა ხელშეკრულება და დაიხარჯა თანხა. ეყრდნობა რა აუდიტის დასკვნას, ჟურნალისტი უთითებდა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, ვინაიდან იმ ადგილას, სადაც სტადიონი უნდა მოწყობილიყო, აღმოჩნდა სამანქანო გზა, ტერიტორიაზე მოედანი არ ეტეოდა, მოედნის ზომები შემცირდა და საბოლოოდ მერიამ სტადიონი ხარვეზებით ჩაიბარა. ჟურნალისტის ამ ტექსტის ფონად სიუჟეტში ნაჩვენებია მოედანი, რომელიც ვიზუალურად ჩანს, რომ საერთოდ არ არის მოწყობილი, არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და საერთოდ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ მოედანზე რაიმე სახის კეთილმოწყობითი სამუშაოები არის ჩატარებული.

განმცხადებელი აპელირებდა რომ ჟურნალისტმა სულ სხვა მოედანი აჩვენა სიუჟეტში და სოფელ ჯიბინაურში არის მეორე მოედანი, რომელიც კეთილმოეწყო და დასადასტურებლად წარმოადგინა ამ მოედნის ამსახველი ფოტომასალა. წარმოდგენილი მტკიცებულებიდან ჩანდა რომ მოედანზე, რომელზეც უთითებდა განმცხადებელი, ჩატარებული იყო სარემონტო სამუშაოები.

აღნიშნული შეცდომა აღიარა მოპასუხე ჟურნალისტმა, მან განაცხადა, რომ შევიდა შეცდომაში და ნაცვლად გარემონტებული/მოწყობილი მოედნისა აჩვენა სოფელ ჯიბინაურში არსებული სხვა მოედანი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 ეპიზოდი მეორე: განმცხადებელი მიუთითებდა, რომ „ჟურნალისტი დაჟინებით ითხოვდა კომენტარის გაკეთებას კაპრეშუმის სოციალური სახლის [რომელიც წარმოადგენს იქ მაცხოვრებელთა საკუთრებას] საკანალიზაციო სისტემის ხარვეზებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ასეთი პრობლემა არ არსებობს და არც აუდიტის დასკვნაში წერია მსგავსი რამ“.

სიუჟეტის თანახმად, ხელვაჩაურში არსებულ ე.წ. „საყოფაცხოვრებო სახლში“ აუდიტმა ხარვეზები გამოავლინა, მათ შორის კანალიზაციის პრობლემა. შემდგომ ჟურნალისტი კომენტარისათვის მიმართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც აღნიშნავს რომ: „თქვენ ატყუებთ მოქალაქეებს, თქვენ პირადად, დასკვნაში წერია, „საყოფაცხოვრებო“ და არა „სოციალური“ სახლი, ეს სხვადასხვა მიდგომაა“. ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტი სტუმრობს უკვე „სოციალურ სახლს“ , სადაც მცხოვრებმა მოსახლეობამ მას განუცხადა რომ გასულ ზაფხულში კანალიზაციის სუნი აწუხებდათ, მაგრამ ეს სუნი ზამთარში აღარ იგრძნობოდა.

ჟურნალისტს სიუჟეტში არ უთქვამს, რომ აუდიტის დასკვნის თანახმად კანალიზაციის პრობლემა არსებობდა სოციალურ სახლში. როგორც საყოფაცხოვრებო სახლთან, ისე სოციალურ სახლთან დაკავშირებული საკითხები გადაამოწმა თავად აღნიშნულ სახლებში მყოფ პირებთან და ასევე კომენტარისათვის მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს. შესაბამისად ამ ეპიზოდში ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა არ დგინდება.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. ქარტის საბჭოს მიერ სადავო სიუჟეტებში ვერ იქნა მოკვლეული ისეთი გარემოებები, რომელიც შეიძლებოდა შეფასებულიყო როგორც მნიშვნელოვანი ფაქტის მიჩქმალვა, რაც შეეხება „ინფორმაციის გაყალბებას“ [სხვა მოედანის ჩვენების ნაწილში]. „გაყალბება“ გულისხმობს ისეთ გარემოებას, როცა ჟურნალისტმა იცის რეალური გარემოება, მაგრამ მაინც არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. განსახილველ შემთხვევაში „ინფორმაცია გაყალბებულად“ ჩაითვლებოდა, თუ საბჭო დარწმუნდებოდა რომ ჟურნალისტმა სხვა მოედნის კადრები განზრახ გაავრცელა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რომელ მოედანს ეხებოდა აუდიტის დასკვნა.

როგორც ჟურნალისტმა მიუთითა, იგი მოედნის მდებარეობის განსაზღვრისათვის დაეყრდნო სამი ადგილობრივი მცხოვრების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ვინაიდან ინფორმაცია ჟურნალისტმა არ გადაამოწმა სხვა წყაროებთან [აუდიტის სამსახური ან სოფლის რწმუნებული], სწორედ ამან გამოიწვია არასწორი ინფორმაციის გავრცელება და არა მისმა განზრახვამ. საბჭო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მედია საშუალებამ მოგვიანებით, მართალია არასრულყოფილად, მაგრამ მაინც სცადა არასწორი ინფორმაციის გასწორება და შეცდომის შესახებ აღიარა/განაცხადა, შესაბამისად საბჭოს მოსაზრებით „გაყალბებას“ ადგილი არ ჰქონია.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ქარტიის საბჭოსათვის მიმართვის პარალელურად ასევე მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოსაც, რომლის მიერაც დადგინდა მოედნის ნაწილში არასწორი ინფორმაციის გავრცელება, შესაბამისად როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში, ისე მაუწყებლის FACEBOOK გვერდზე აღინიშნა, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. ამასთან, საბჭოს მიერ განცხადების განხილვის მომენტში, სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გვერდზე კვლავ იძებნებოდა ვიდეო, რომელიც ეხებოდა მოედნის საკითხს და ამ ვიდეოში კვლავ სხვა [არა კეთილმოწყობილი] მოედანი იყო მითითებული, კვლავ შესაძლებელი იყო ამ ვიდეოს ნახვა, გაზიარება, კომენტირება და ამით არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის ხელშეწყობა. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ რედაქციამ არ მიმართა ყველა ღონეს, რომ სტანდარტის მიხედვით ყველა პლატფორმაზე შეესწორებინა ინფორმაცია, რაც იწვევს ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“ განცხადებელი მიუთითებდა, რომ „სიუჟეტი შეფუთულია დამცინავი, ზედმეტად ცინიკური ნარატივით, რაც აშკარად ჩემი დისკრიმინაციისაკენ არის მიმართული“. ცინიკური ან დამცინავი ნარატივი [ასეთი არსებობის შემთხვევაში] ავტომატურად არ გულისხმობს დისკრიმინაციას, განცხადებაში არ არის მითითებული თუ რა ნიშნით მოხდა დისკრიმინაცია, საბჭომ ასევე სიუჟეტი არ მიიჩნია სიძულვილის ენის შემცველ ან სტიგმის გამაძლიერებელ მედიაპროდუქტად. მთლიანად განცხადების ანალიზის შედეგად საბჭომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი მეშვიდე პრინციპს დარღვეულად თვლიდა „დისკრედიტაციის“ მოტივით, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ხდებოდა მერიის დისკრედიტაცია. როგორც არაერთ გადაწყვეტილებაში საბჭომ აღნიშნა, მე-7 პრინციპი მოიცავს დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას და სტიგმატიზირებას და არა დისკრედიტაციას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. თეონა ხარაბაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
2. თეონა ხარაბაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-7 პრინციპი.

საქმის მასალები:
სადავო სიუჟეტი