გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნოდარ მეტრეველი მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ
24.10.2018

განმცხადებელი : ნოდარ მეტრეველი;
მოპასუხე : მალხაზ მიქელაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

25 სექტემბერი 2018 წელი
საქმეზე N 224 

ნოდარ მეტრეველი მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, თამუნა უჩიძე, თეა ზიბზიბაძე.

განმცხადებელი: ნოდარ მეტრეველი

მოპასუხე: მალხაზ მიქელაძე

აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნოდარ მეტრეველმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „თრიალეთში“ 2018 წლის 29 მაისს და 08 ივნისს გასულ სიუჟეტებში „გაყიდული პანთეონი – მაღალჩინოსნები საფლავებით ვაჭრობენ?!“ და „ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გუბერნატორის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს“ დაირღვა ქარტიის პირველი, მესამე და მე-11 პრინციპი. სადავო სიუჟეტების ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი მალხაზ მელიქიძეა. საქმე განხილული იქნას საბჭოს გასვლით სხდომაზე ქალაქ გორში. საქმის განხილვას არ დასწრებია განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა კითხვებს სატელეფონო კავშირის საშუალებით უპასუხა.

სამოტივაციო ნაწილი: 
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

პირველი სადავო სიუჟეტი:
„გაყიდული პანთეონი – მაღალჩინოსნები საფლავებით ვაჭრობენ?!“

სიუჟეტის თანახმად ჟურნალისტს კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა რომ სასაფლაოების მოვლა - პატრონობის განყოფილების უფროსი გიორგი საათაშვილი არაოფიციალურად ქრთამის სახით მოქალაქეებისგან იღებდა თანხას, რათა გამოეყო ადგილი გორში მდებარე სასაფლაოზე, რომელსაც „გორის პანთეონს“ ეძახიან. ჟურნალისტი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ გიორგი საათაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნოდარ მეტრეველს თანხმობით მასთან ერთად მოქმედებდა და მათ სასაფლაოთი არაოფიციალური ვაჭრობა შემოსავლიან ბიზნესად აქციეს.

მეორე სადავო სიუჟეტი:
„ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გუბერნატორის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს“

სიუჟეტის თანახმად, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნოდარ მეტრეველი თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს. ჟურნალისტი ასევე მტკიცებით ფორმაში მიუთითებდა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორი ნოდარ მეტრეველს რეალურად „თრიალეთის“ მიერ მომზადებული იმ სიუჟეტის გამო ათავისუფლებდა,, რომელშიც ნოდარ მეტრეველს „საფლავებით ვაჭრობა“ ედებოდა ბრალად. მეორე სიუჟეტში ჟურნალისტი ისევ უბრუნდება პირველ სადავო სიუჟეტში გაჟღერებულ ბრალდებებს და აშუქებს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელის კომენტარს, სადაც ისევ ბრალს სდებენ ნოდარ მეტრეველს სასაფლაოებით უკანო ვაჭრობაში.

ე.წ. „საფლავებით ვაჭრობასთან“ დაკავშირებით ჟურნალისტი ეყრდნობა მხოლოდ ერთ კონფიდენციალურ წყაროს, არ იკვეთება ამ წყაროს სანდოობის ხარისხი, რამდენად შეეძლო მას რომ ეს ინფორმაცია სცოდნოდა, არსებობდა თუ არა სხვა მტკიცებულებები სავარაუდო კორუფციული სქემის შესახებ. ასეთ ერთ წყაროზე დაყრდნობით ჟურნალისტმა მოამზადა სიუჟეტი, რომლის ბოლოსაც უკვე მტკიცებით ფორმაში აცხადებს, რომ ეს იყოს გიორგი საათაშვილის და ნოდარ მეტრეველის „ბიზნესი“, თან იმგვარი „რომელიც თავში მსოფლიოში არც ერთ უდიდეს ბიზნესმენს არ მოსვლია“. გარდა ზემოაღნიშნულისა, სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ გადაემოწმებინა ინფორმაცია, გამოეძიებია, რამდენად იყო შესაძლებელი საერთოდ მსგავსი არაკანონიერი გარიგების დადება და ზოგადად მიზანშეწონილი იყო თუ არა ამ საკითხზე სიუჟეტის მომზადება იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ერთი კონფიდენციალური წყარო ჰყავდა და მონათხრობი არც ერთი სხვა სახით/წყაროთი არ დასტურდებოდა. თავად „ბრალდებული“ პირებიდან სიუჟეტში მოცემულია მხოლოდ გიორგი საათაშვილის ფარულად ჩაწერილი კომენტარი. ჟურნალისტს არ უცდია რომ დაკავშირებოდა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნოდარ მეტრეველს, რათა მისგან მიეღო ბრალდებებზე პასუხი, მით უმეტეს, რომ სიუჟეტის თანახმად, მას ბრალი კორუფციაში ედებოდა.

იგივე ეთიკური პრობლემები იკვეთება ჟურნალისტის მიერ მტკიცებით ფორმაში იმაზე აპელირებისას, რომ სწორედ საფლავებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო გაათავისუფლეს ნოდარ მეტრეველი თანამდებობიდან, არ ჩანს წყარო და არც სხვა გარემოებები ადასტურებენ აღნიშნულს, შესაბამისად, დაუდგენელია თუ რის საფუძველზე იყენებს ჟურნალისტი მტკიცებით ფორმას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, რომ მიეღო გადამოწმებული ინფორმაცია და ამით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით,რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. განმცხადებელს არ ჰქონდა კონკრეტულად განცხადებაში მითითებული თუ რის საფუძველზე ფიქრობდა, რომ დაირღვა მე-3 პრინციპი. თავის მხრივ საბჭომ ვერ მოიძია სადავო სიუჟეტებში მე-3 პრინციპის დარღვევის დამადასტურებელი გარემოებები.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”, ქარტიის საბჭოს მიერ ვერ იქნა მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ჟურნალისტმა ფაქტები განზრახ დაამახინჯა. როგორც პირველ პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობისას აღინიშნა პირველი პრინციპის დარღვევა ძირითად გამოწვეული იყო ფაქტების გადაუმოწმებლობით, რაც კიდევ უფრო ართულებს მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენას. განზრახვის დასადგენად აუცილებელია საბჭო დარწმუნებული იყოს რომ ჟურნალისტმა იცოდა სიმართლე და მაინც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მალხაზ მიქელაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

2. მალხაზ მიქელაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.

საქმის მასალები