გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ირაკლი პეტრიაშვილი ლევან ჯავახიშვილის, ანი ბერუკაშვილის, თამარ ჩიხლაძის და ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ
19.05.2018

განმცხადებელი : ირაკლი პეტრიაშვილი;
მოპასუხე : ლევან ჯავახიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

01 აპრილი 2018 წელი

საქმეზე N 158 [1] 

ირაკლი პეტრიაშვილი ლევან ჯავახიშვილის, ანი ბერუკაშვილის, თამარ ჩიხლაძის და ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, თამუნა უჩიძე

განმცხადებელი: ირაკლი პეტრიაშვილი

მოპასუხე: ლევან ჯავახიშვილი, ანი ბერუკაშვილი, თამარ ჩიხლაძე და ნათია სონღულაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ 2017 წლის 25 აგვისტოს და 29 აგვისტოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტებით დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპები. 25 აგვისტოს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით მოპასუხე პირებად განისაზღვრნენ წამყვანები ლევან ჯავახიშვილი და თამარ ჩიხლაძე, ასევე სიუჟეტის ავტორი ანი ბერუკაშვილი, ხოლო 29 აგვისტოს სიუჟეტთან მიმართებით წამყვანები ლევან ჯავახიშვილი და თამარ ჩიხლაძე, ასევე სიუჟეტის ავტორი ნათია სონღულაშვილი. სადავო სიუჟეტები ეხებოდა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციული შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციას.

სხდომას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებლის წარმომადგენელმა 25 აგვისტოს გადაცემასთან დაკავშირებით მოხსნა მისი მოთხოვნა მე-4, მე-10 და მე-11 პრინციპების დარღვევის შესახებ, ხოლო 29 აგვისტოს გადაცემასთან დაკავშირებით მოხსნა მე-4 და მე-11 პრინციპები.

თითოეული გადაცემა იყოფა ორ ნაწილად, კორესპონდენტის მიერ მომზადებულ სიუჟეტად და წამყვანების ინტერვიუდ მოწვეულ სტუმართან.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

25 აგვისტოს გადაცემის სიუჟეტი - ავტორი ანი ბერუკაშვილი

განმცხადებელი მიუთითებდა სიუჟეტში გამოყენებულ საქართველოს რკინიგზის შემდეგ განცხადებაზე: „ჩვენ ვხედავთ პროვოკაციების სერიას, რომელიც დაგეგმილია და ემსახურება რკინიგზის დისკრედიტაციას და საწარმოო პროცესების ჩაშლას, ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდებით შეღწევამ შესაძლოა გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემის პარალიზება, რაც გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანს, ვინაიდან საქართველოს რკინიგზით ყოველდღიურად გადაადგილდება ათასობით ადამიანი და მათი უსაფრთხოდ გადაყვანა არის ჩვენი მთავარი მიზანი და საზრუნავი. ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი დესტრუქციული მოქმედებები აქციის ორგანიზატორების მხრიდან“. ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, ამ განცხადების გავრცელებით ინფორმაცია ცალმხრივად გაშუქდა. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო სიუჟეტი ასევე მოიცავდა ინტერვიუებს საქართველოს რკინიგზასთან დაპირისპირებული პირებთან [რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის დირექტორის ვიტალი გიორგაძესთან, პროტესტში მონაწილე რკინიგზის თანამშრომელ დავით ვაშაკიძესთან], სადაც ისინი საუბრობდნენ საკუთარ პრეტენზიებსა და მოთხოვნებზე რკინიგზის მიმართ. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტში ნაჩვენები იყო ორივე მხარის პოზიცია, დაცული იყო ბალანსი და პირველი პრინციპი არ დარღვეულა.

29 აგვისტოს გადაცემის სიუჟეტი - ავტორი ნათია სონღულაშვილი

სიუჟეტი შეეხებოდა საქართველოს რკინიგზის წინ მიმდინარე აქციას. მასალა შეიცავდა ინტერვიუს პარლამენტის წევრებთან ლევან გოგიჩაიშვილთან და ლევან კობერიძესთან, რომლებიც ბრალს სდებდნენ ირაკლი პეტრიაშვილს, რომ იგი რკინიგზის წინ გამართულ აქციას და პროტესტში მონაწილე პირებს იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის და ინტერესებისთვის, ლევან გოგიჩაიშვილმა აქცენტი გააკეთა ირაკლი პეტრიაშვილის ქონებაზე, რომ მისი ქონება გაიზარდა პროფკავშირის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში. მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, სიუჟეტის ავტორმა ირაკლი პეტრიაშვილს არ მისცა საშუალება, პასუხი გაეცა მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას მიეღო დაბალანსებული, ორივე მხარის მოსაზრების შემცველი ინფორმაცია, რითაც დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

25 და 29 აგვისტოს გადაცემა - სტუდიაში მოწვეული სტუმრების ეპიზოდები

სიუჟეტების შემდეგ გადაცემა ქრონიკის სტუდიაში 25 აგვისტოს მოწვეული იყო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - კოკა გუნცაძე, ხოლო 29 აგვისტოს - საქართველოს რკინიგზის პრესსპიკერი დაჩი ცაგურია. ისინი პასუხობდნენ წამყვანების, ლევან ჯავახიშვილი და თამარ ჩიხლაძის კითხვებს რკინიგზის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. წამყვანებმა არ დაიცვეს ბალანსი, კერძოდ ეთერი დაეთმო მხოლოდ საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს, რომლებიც სხვადასხვა ფაქტებს ავრცელებდნენ. მაგალითად, მათი თქმით, პროტესტი იყო მართული გარედან, პროტესტანტებს პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებდათ და მიზანი პროფკავშირის თავმჯდომარის არჩევნებში ირაკლი პეტრიაშვილის კვლავ გამარჯვება იყო. ლევან გოგიჩაიშვილი ასევე აღნიშნავდა, რომ ირაკლი პეტრიაშვილს ჰქონდა გარკვეული ბიზნეს ინტერესები. დაჩი ცაგურია ბრალს სდებდა პროტესტში მონაწილეებს სიცრუეში, ამბობდა რომ „ზონდერებმა“ დანიშნეს ირაკლი პეტრიაშვილი თანამდებობაზე და ა.შ. ამის ფონზე არც ერთ გადაცემაში სტუდიაში არ იყო მოწვეული ირაკლი პეტრიაშვილი ან მისი წარმომადგენელი, რომელსაც საშუალება მიეცემოდა ეპასუხა კოკა გუნცაძის და დაჩი ცაგურიას ბრალდებებისათვის. გადაცემით საქართველოს რკინიგზას, ანუ ერთ მხარეს მიეცა ტრიბუნა რომ ყოველგვარი რეალური ოპონირების გარეშე გაევრცელებინა საკუთარი პოზიციები, ამით არ იქნა პატივცემული მაყურებლის უფლება, რომ მიეღო დაბალანსებული ინფორმაცია, რაც იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად “[3] ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”. განმცხადებელმა აღნიშნული პრინციპის დარღვევის დასასაბუთებლად მიუთითა იმავე არგუმენტებზე, რომლის საფუძველზეც დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, შესაბამისად ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ ქარტიის პრინციპებად დაყოფა მათ შორის გულისხმობს, რომ ისინი შინაარსობრივად განსხვავდებიან და მათ დარღვევას სხვადასხვა გარემოებები იწვევენ. ერთი და იგივე გარემოება ვერ გამოიწვევს ორი ან რამდენიმე პრინციპის დარღვევას [არ იგულისხმება, როცა ხდება გარემოებების ერთობლიობის შეჯერება, მაგალითად მე-11 პრინციპის დარღვევის წინაპირობაა პირველი პრინციპის დარღვევა და დამატებით „განზრახვა“]. აღნიშნულიდან გამომდინარე მე-3 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.

ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებლის მოსაზრებით, ორივე გადაცემაში აქცენტი კეთდებოდა ირაკლი პეტრიაშვილის პოლიტიკურ ინტერესებზე, რითიც მოხდა ირაკლი პეტრიაშვილის დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით. ქარტიის საბჭო არ მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახეზე იყო დისკრიმინაცია. აღსანიშნავია, რომ ირაკლი პეტრიაშვილი საჯარო პირია, ხოლო „პოლიტიკური მიზნის“ ქონა ავტომატურად არ იწვევს დისკრიმინაციას, ამით არ მოხდა ირაკლი პეტრიაშვილის უფლებრივი შეზღუდვა ან არათანაბარი მოპყრობა.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. განმცხადებლის წარმომადგენელი მიიჩნევდა, რომ მე-10 პრინციპის დარღვევა გამოიწვია: [1] ირაკლი პეტრიაშვილის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მითითებამ [2] სხვადასხვა რესპონდენტების მიერ გამოთქმულმა ბრალდებებმა, რომ ირაკლი პეტრიაშვილმა პროფკავშირის თავმჯდომარის თანამდებობა ძალოვანი უწყებების მხარდაჭერით მოიპოვა.

საბჭო ვერ დაეთანხმება აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან:

1. თავად განმცხადებლის წარმომადგენელი ადასტურებდა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები არა ფაქტები, არამედ უსაფუძვლო ბრალდებები იყო. ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კი დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

2. თუ მითითებული გარემოებები სინამდვილეს შეესაბამებოდა, მათ მიმართ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და შესაბამისად მათი გავრცელებით არ ირღვევა ქარტიის მე-10 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. ანი ბერუკაშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-3 და მე-7 პრინციპი.
  2. ლევან ჯავახიშვილმა, თამარ ჩიხლაძემ და ნათია სონღულაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  3. ლევან ჯავახიშვილს, თამარ ჩიხლაძეს და ნათია სონღულაშვილს არ დაურღვევიათ მე-3, მე-7 და მე-10 პრინციპი.
საქმის მასალები: