გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – შალვა მეკრავიშვილი ირინა კეჭაყმაძის წინააღმდეგ
11.12.2016

განმცხადებელი : შალვა მეკრავიშვილი;
მოპასუხე : ირინა კეჭაყმაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 106

20 ნოემბერი, 2016 წელი

საქმეზე - შალვა მეკრავიშვილი ირინა კეჭაყმაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი.

განმცხადებელი: შალვა მეკრავიშვილი

მოპასუხე: ირინა კეჭაყმაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შალვა მეკრავიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2- ის" ეთერში, გაცემა "კურიერში", 2016 წლის  09 და 10 ივნისს გასული სიუჟეტებით დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.  სადავო სიუჟეტების ავტორი ირინა კეჭაყმაძეა. თავად სიუჟეტები შეეხებოდა რუსთავის N 2 საჯარო სკოლაში ე.წ. "წამების ამსახველი" კადრების სავარაუდო ჩვენების ფაქტს.

საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრო განმცხადებლი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არა დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან: არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავდა ჟურნალისტის შემდეგი ტექსტი:

  • "პედაგოგები კი, რომლებმაც ჩვენება [იგულისხმება წამების ამსახველი ვიდეო კადრების ჩვენება] მოაწყევს, სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ".
  • "კურიერის გადამღებმა ჯგუფმა დაკავშირება ისტორიის კათედრის პედაგოგებთანაც სცდა, თუმცა სამივე პედაგოგს: ხათუნა ნოზაძეს, შალვა მეკრავიშვილს და ნელი უკლებას მობილური ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში გამორთული ჰქონდათ"

ფაქტების სიზუსტესთან შეუსაბამობა მტკიცდება იმით, რომ:

  • არც ერთი წყაროთი ზუსტად არ დასტურდება, რომ რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს უჩვენეს ე.წ. წამების ამსახველი კადრები.
  • წარმოდგენილი მტკიცებულებებით [რუსთავის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის 2016 წლის 23 ივნისის N 761987 წერილი] დასტურდება, რომ სკოლაში მოსწავლეებს უჩვენეს ლევან ვასაძის გამოსვლა მსოფლიოს საოჯახო კონგრესზე და არა "წამების კადრები",  ლევან ვასაძის გამოსვლის ჩვენებაში კი თავის მხრივ მონაწილეობა არ მიუღია  ისტორიის მასწავლებელს შალვა მეკრავიშვილს.
  • შალვა მეკრავიშვილს 09 ივნისს კუთვნილი ტელეფონი ჩართული ჰქონდა და შემომავალ ზარებს უპასუხა [ამონაწერი, გაცემული Geocell ის მიერ].

ქარტიის მეხუთე პრინციპის თანახმად  "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება". განცხადების თანახმად, 09 ივნისის სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ შალვა მეკრავიშვილი თავად დაუკავშირდა "რუსთავი 2-ს" და მოსთხოვა არასწორი ინფორმაციის უარყოფა. 2016 წლის 10 ივნისს ამავე თემაზე მომზადდა და გავრცელდა მეორე სიუჟეტი, რომელიც შეიცავდა შალვა მეკრავიშვილთან ინტერვიუს. განმცხადებლის პოზიციით ინტერვიუს მხოლოდ ნაწილი გამოიყენეს და არ გაშუქდა ინტერვიუს ის მონაკვეთი, სადაც თავად შალვა მეკრავიშვილი აღნიშნავდა, რომ რეალურად არ მომხდარა მის მიერ მოსწავლეებისათვის  კადრების ჩვენება.

საბჭო გაეცნო 2016 წლის 10 ივნისის სიუჟეტს და იზიარებს განცხადებლის პოზიციას, რომ რეალურად უარყოფა არ მომხდარა და შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი. კერძოდ, 10 ივნისის სიუჟეტი შეიცავს ინტერვიუს შალვა მეკრავიშვილთან, რომელსაც წინ უძღვის ჟურნალისტის ტექსტი: "თუმცა ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ამ ვიდეოს ჩვენების კატეგორიული წინააღმდეგი იყო და რომ ისტორიის კათედრის ყველა პედაგოგთან შეთანხმებული არ ყოფილა". შემდგომ ამისა სიუჟეტში შალვა მეკრავიშვილი ამბობს, რომ იკრძალება  სკოლის გამოყენება ინდოქტრინაციის მიზნით. აღნიშნულით, ცალსახად არ იყო უარყოფილი წინა დღეს შალვა მეკრავიშვილის შესახებ გავრცელებული ფაქტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ირინა კეჭაყმაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი.
ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია საქმის მასალები: