განმცხადებელი : ანა ყაულაშვილი;
მოპასუხე : საინფორმაციო სააგენტოს “ინფო 9” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;
27 ივნისი, 2025 წელი
საქმე N 787
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი, ირაკლი მსხილაძე, თინათინ ზაზაძე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა ყაულაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სააგენტოს “ინფო 9” სოციალური ქსელის გვერდზე, 2025 წლის 17 მაისს, მის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციით (ქარდი) არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს.
მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა “ინფო 9”-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, ვინაიდან ქარტიის საბჭოს სამდივნომ ქარდის ავტორის ზუსტი ვინაობის დადგენა ვერ შეძლო.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელი ანა ყაულაშვილი და განმცხადებლის წარმომადგენელი მარიამ სპასოვი.
განმცხადებელმა ერთდროულად, საერთო განცხადებით, მომართა ქარტიას სამი მედიასაშუალების, ტელეკომპანია “იმედის”, ტელეკომპანია “პოსტვ”-ს და “ინფო-9”-ის წინააღმდეგ. სამივე მედიასაშუალებამ გაავრცელა იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომ ანა ყაულაშვილმა 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამოფენილი ბანერი დაჭრა.
ქარტიის წესდების შესაბამისად, საბჭო თითოეული მოპასუხე მედიის მიმართ საქმეს ცალკე განიხილავს.
ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს “ინფო 9”-ის ჟურნალისტების მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.
მოპასუხე, საინფორმაციო სააგენტოს “ინფო 9” ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, საბჭოსთვის საკუთარი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
განმცხადებლის პოზიცია:
განმცხადებლის განმარტებით, ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას წარმოადგენს “ინფო 9”-ის მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ქარდში სათაურით “პროპაგანდისტ დათო აბზიანიძის მეგობარმა რადიკალმა ანა ყაულაშვილმა ოჯახის დღისადმი მიძღვნილი ბანერი დანით დაჭრა”.
განმცხადებლის პოზიციით, მას ბანერი არ დაუჭრია, თუმცა “ინფო 9”-მ მის მიმართ ეს ბრალდება ისე გამოაქვეყნა, კომენტარისთვისაც არ დაკავშირებია.
განმცხადებლის პოზიციით, “ინფო 9”-მ მისი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ შეასწორა, რითაც ქარტიის მე-5, შესწორების, პრინციპი დაარღვია.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “ინფო 9”-მ, როგორც სამთავრობო პროპაგანდის ერთ-ერთმა იარაღმა, მის, როგორც “ქართული ოცნების” ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტის, მიმართ განზრახ გაავრცელა არაზუსტი, ცილისმწამებლური ინფორმაცია და ამით დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი.
პირველი
პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “ინფო 9”ის ფეისბუკ გვერდზე ანა ყაულაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.
“ინფო 9”-ის ქარდზე მტკიცებით ფორმაშია ინფორმაცია გავრცელებული, რომ ანა ყაულაშვილმა დაჭრა ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი ბანერი, თუმცა არ არის აუდიტორიისათვის მიწოდებული ამ ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ქარდს თან ახლავს ქალის ფოტო, რომელსაც უკეთია სამედიცინო პირბადე და, შეუძლებელია, აუდიტორიამ მოახდინოს მისი ვინაობის ზუსტი იდენტიფიცირება. ცალსახად არ ჩანს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ანა ყაულაშვილია. საქმის განხილვისას ანა ყაულაშვილმა თქვა, რომ ფოტოზე ის არ არის და მას ბანერი არ დაუჭრია.
“ინფო 9”-ის ქარდს არ
ახლავს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ
ბანერი ნამდვილად ანა ყაულაშვილმა დაჭრა. არ ჩანს, რომ “ინფო 9”-მ
სცადა ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება. განმცხადებელმა ქარტიის
საბჭოს განუცხადა, რომ “ინფო 9”-ის ჟურნალისტები ფაქტის
გადასამოწმებლად მას არ დაკავშირებიან.
“ინფო 9”-ის ქარდიდან არ ჩანს, რომ მასში გავრცელებული ინფორმაცია არის გადამოწმებული სულ მცირე ორ ურთიერთდაუკავშირებელ წყაროსთან, როგორც ამას ქარტიის სტანდარტი ითვალისწინებს.
“ინფო 9”-ს არ მიუწოდებია საკუთარი აუდიტორიისთვის თავად ყაულაშვილის
პოზიცია, რითიც დაარღვია სამართლიანი ბალანსის პრინციპი, რომლის
მიხედვითაც, როცა კონკრეტულ სუბიექტს მედია რაიმე ქმედებაში
ადანაშაულებს, ამ სუბიექტს აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხის უფლება,
აუდიტორიამ უნდა შეიტყოს მისი პოზიციაც.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში “ინფო 9”-ის ჟურნალისტმა
პატივი არ სცა სიმართლეს და საკუთარ აუდიტორიას და ქარტიის პირველი
პრინციპი დაარღვია.
მეხუთე პრინციპი
მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
განმცხადებლის მიერ საბჭოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ანა ყაულაშვილმა მის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ხუთ დღეში, 2025 წლის 22 მაისს, წერილობით მიმართა “ინფო 9”-ს, სადაც ის უარყოფს ბანერის დაჭრას და ითხოვს, შეასწორონ მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია.
საქმის განხილვისას ქარტიის საბჭო დარწმუნდა, რომ “ინფო 9”-ს გავრცელებული ინფორმაცია არ შეუსწორებია.
ეთიკური პრინციპების და ქარტიის საბჭოს პრაქტიკის შესაბამისად, მედია
ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასწოროს არაზუსტი ინფორმაცია. შესწორება
უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც მედია შეიტყობს, რომ
მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
“ინფო 9”-მ ანა ყაულაშვილის მიმართ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ შეასწორა. გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5, შესწორების, პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,
როცა დგინდება, რომ:
- ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
- ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
- მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.
საბჭო მე-11 პრინციპზე მსჯელობისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს და
ჟურნალისტის განზრახვას.
განმცხადებელმა საბჭოს განუცხადა, რომ “ინფო 9”-ის ჟურნალისტისთვის
ცნობილი იყო, რომ ის არ იყო ფოტოზე გამოსახული ქალი, მაგრამ მათ მაინც
გამოაქვეყნეს ფოტო და თქვეს, რომ ფოტოზე ის იყო და მან დაჭრა
ბანერი.
ქარტიის საბჭო ყურადღებას ამახვილებს “ინფო 9”-ის როგორც ხელისუფლების მხარდამჭერი მედიის პოზიციონირებაზე. ეს ვებ გვერდი ღიად “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და სახელისუფლებო პროპაგანდის მედია ფლანგის ნაწილია.
განსახილველ შემთხვევაშიც, საბჭოსთვის ცნობილი გახდა, რომ იდენტური
ინფორმაცია იმავდროულად გაავრცელეს “ქართული ოცნების” ღიად
მხარდამჭერმა სხვა მედია საშუალებებმაც, ტელეკომპანია “იმედმა” და
“პოსტვ”-მ, რაც მიანიშნებს, რომ აქტივისტ ყაულაშვილის დისკრეტიტაცია
“სამთავრობო მედიის” თვითმიზანი იყო.
საბჭო მიიჩნევს, რომ “ინფო 9”-ის ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია. ამ მედიის მხრიდან განმცხადებელთან არ დაკავშირება, მისი საჯაროდ გავრცელებული პოზიციის თუნდაც მოგვიანებით არ გამოქვეყნება საბჭოს მიერ ვერ შეფასდება მხოლოდ შეცდომად. საბჭოს ეს მიაჩნია “ინფო 9”-ის ხელისუფლებისადმი მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის ნაწილად, ამიტომაც, საბჭო ამას აფასებს როგორც განზრახულ ქმედებას და არა როგორც უნებლიე ჟურნალისტურ შეცდომას ყაულაშვილის მიმართ. “ინფო 9”-მ აუდიტორიას დაუმალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაულაშვილი ბანერის დაჭრას უარყოფდა.
“ინფო 9”-ის აუდიტორიას დღემდე არ აქვს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული, “ინფო 9”-მ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტის პოზიცია დაუმალა საკუთარ აუდიტორიას, რაც ქარტიის საბჭოს ფაქტის განზრახ დამახინჯებად, მე-11 პრინციპის დარღვევად, მიაჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
“ინფო 9”-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, და მე-11 პრინციპები.