02.07.2025

15 მაისი, 2025 წელი

 

 

საქმე N-784

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

 

საბჭოს წევრები: ნინო გელაშვილი, ნინო რამიშვილი, ირაკლი მსხილაძე, თიკო ზაზაძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგმა” ტელეკომპანია “ობიექტივის” ჟურნალისტისა და წამყვანის ნათია მაზანაშვილის წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები - კომპანიის იურისტები ბექა ჭყონია და გვანცა არჩვაძე. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.

 

განმცხადებელი თავდაპირველად დავობდა ქარტიის პირველი; მე-3; მე-5 და მე-11 პრინციპების დარღვევაზე, თუმცა სხდომაზე მიღებული განმარტებების შემდეგ მე-3 პრინციპი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო გადაცემა “სოციალური თემატიკა” ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში 2025 წლის 13 მარტს გავიდა. გადაცემაში წამყვანი სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” შესახებ საუბრობს.

 

ნათია მაზანაშვილის სადავო ფრაზები:

 

“მე მინდა ასევე ვისაუბრო დღეს “სადაზღვევო კომპანია ალდაგზე”, აი ასე, პირდაპირ მინდა დავადანაშაულო იმაში, რასაც კონკრეტული ადამიანების მიმართ აკეთებს და პირდაპირ დანაშაულს ჩადის, რომ ხალხს არ უნაზღაურებს იმ ზარალს და იმ თანხებს, რომელიც ეკუთვნით.”

 

“აი, კონკრეტული ქეისი მიჭირავს ხელში, რომელსაც კიდევ უფრო მეტად გავასაჯაროებ, რომ ჯამში ყოველთვიურად  “ალდაგი” კონკრეტული ადამიანისგან იღებდა 1000 ლარამდე და შემდეგ, როდესაც დაზიანდა ავტომობილი, არაფერი არ აუნაზღაურა არცერთ ავტომობილზე “ალდაგმა” და აი, პირდაპირ ვიძახი, რომ “სადაზღვევო კომპანია ალდაგი” არის დამნაშავე, ადამიანებს როგორც ექცევა.”

 

“აი, მე არ ვიცი, ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება გაუკეთო ადამიანს. როგორ შეიძლება, რომ ამის შემდეგ რომელიმე, აი, ვინმე, ნებისმიერი ადამიანი მივიდეს “ალდაგში” და დააზღვიოს რამ, როდესაც, აი, გარკვეული დროის განმავლობაში, კონკრეტული ქეისი მაქვს და მე ფეისბუქზეც გავასაჯაროებ ამ ყველაფერს, რომ ყოველთვიურად ძალიან დიდ თანხას იღებდა ადამიანისგან, რომელსაც ორი ავტომობილი ყავდა დაზღვეული და შემდეგ, როდესაც გაფუჭდა ეს ავტომობილი, ფაქტიურად არაფერი არ აანაზღაურა და აქეთ დებს ადამიანს მიზეზებს და შარს. ეს არის დანაშაული პირდაპირ, აი პირდაპირ ეთერში ვიძახი ამას და აუცილებლად მოკლე ხანში სახელით და გვარებით ფეისბუქზე და სხვადასხვა გვერდებზე გავასაჯაროებ იმ ყველაფერს, რომელსაც “სადაზღვევო კომპანია ალდაგი” კადრულობს.”

 

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

ჟურნალისტმა კონკრეტული კომპანიის მიმართ ბრალდება გააჟღერა აუდიტორიისთვის ნებისმიერი სახის დამატებითი მტკიცებულებების და კონკრეტული ფაქტების დასახელების გარეშე.

ნათია მაზანაშვილი სატელევიზიო გადაცემაში ადანაშაულებს განმცხადებელს დანაშაულის ჩადენაში ისე, რომ გადაცემაში ამ ინფორმაციის გადამოწმების მცდელობაც კი არ ჩანს.

 

ქარტიის საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს ამ მასალის გამოქვეყნებისას ბალანსის დარღვევაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ სადაზღვევო კომპანიას არ მიეცა შესაძლებლობა, აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. გადაცემის წამყვანმა არ მიაწოდა ინფორმაცია მაყურებელს აღნიშნულ საკითხზე - იმაზე, სცადა თუ არა მან “ალდაგთან” კომუნიკაცია და კომპანიის პოზიცია რატომ არ იყო ასახული გადაცემაში.

 

მხარეთა შორის ბალანსის დაუცველობით ზიანი ადგება არა მხოლოდ “ალდაგს”, არამედ აუდიტორიასაც, რომლის უფლებაა ჟურნალისტისგან მიიღოს მაქსიმალურად გადამოწმებული და მრავალ წყაროზე დაფუძნებული ინფორმაცია.

საბჭომ საქმის შესწავლისას გამოარკვია, რომ ჟურნალისტმა ნათია მაზანაშვილმა საკუთარ გადაცემაში “ალდაგის” წინააღმდეგ აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა პირადი ინტერესით, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევა, რომლის არანაზღაურებისთვის ჟურნალისტი “ალდაგს” აკრიტიკებდა, მისი ოჯახის წევრის კუთვნილ ავტომანქანებს უკავშირდებოდა.
ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიჩქმალვა, დამალვა, რაც ასევე პირველი პრინციპის დარღვევაა.

 

დაუბალანსებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით ნათია მაზანაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

 

 

 

მეხუთე პრინციპი.

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

 

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

 

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის საბჭოს სამდივნომ სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა ტელეკომპანია “ობიექტივს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მის ვალდებულებას, შეესწორებინა არსებითად არაზუსტი ინფორმაცია. მათ სატელეფონო საუბარშიც განაცხადეს, რომ არ სურთ ამ საკითხზე ქარტიასთან თანამშრომლობა და არ არიან დაინტერესებულნი.


“ალდაგმა” განხილვის ფარგლებში საბჭოს წარმოუდგინა ჟურნალისტ ნათია მაზანაშვილსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის “ალდაგის” ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ჟურნალისტი ინფორმირებული იყო “ალდაგის” მიერ ქარტიაში შემოტანილი განცხადების შესახებ.

 

გამომდინარე აქედან, საბჭო განმარტავს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა და საფუძველი, მასალაში არსებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.

 

სადავო მასალა დღემდე პირვანდელი სახით არის ხელმისაწვდომი და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-5 პრინციპი დარღვეულია.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო სიუჟეტში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მე-11 პრინციპზე მსჯელობისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს და ჟურნალისტის განზრახვას.

 

სხდომაზე სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” წარმომადგენლებმა საბჭოს განუმარტეს, რომ გადაცემის მომზადებისას ნათია მაზანაშვილს პირადი ინტერესი ამოძრავებდა, ვინაიდან წამყვანის ოჯახის წევრი სადაზღვევო კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება.


საბჭოსთვის წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერით ცალსახად დასტურდება, რომ ჟურნალისტი “ალდაგის” წინააღმდეგ ინფორმაციის გავრცელებისას მოქმედებდა პირადი სარგებლის მიღების მოტივით და გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია აუნაზღაურებელი სადაზღვეო შემთხვევის შესახებ მისი ოჯახის წევრის ავტომანქანებს უკავშირდებოდა.


აუდიო ჩანაწერიდან ჩანს, რომ ნათია მაზანაშვილი მის ჟურნალისტურ საქმიანობას იყენებდა მისი ოჯახის წევრის სადაზღვევო შემთხვევის მოგვარებისთვის და ამისთვის  “ალდაგის" მიმართ იყენებდა ერთგვარ შანტაჟის ენას. ჩანაწერში ისმის, რომ ის კომპანიას მათ წინააღმდეგ ფართო მედია კამპანიის წამოწყებით და “გაშავებით” ემუქრება
.

 

ჟურნალისტ ნათია მაზანაშვილსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის ალდაგის ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერით ასევე ირკვევა, რომ ჟურნალისტის მხრიდან შოვში 2023 წელს სტიქიით გამოწვეული ტრაგედია გამოყენებულია კომპანია “ალდაგის” მიმართ შანტაჟისთვის:  „ან გამოიტანთ ამ საჩივარს ქარტიიდან, ან იმ კვირაში ვმართავ შოვის ტრაგედიის სასტუმროების მფლობელებთან ერთად პრესკონფერენციას...“ რაც ეთიკური სტანდარტებით მიუღებელია.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ ნათია მაზანაშვილმა პირადი დაინტერესებისა და მოტივების საფუძველზე გადაცემაში არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რითაც მან პატივი არ სცა აუდიტორიას.

 

საბჭოს დამკვიდრებული პრაქტიკით, პირადი დაინტერესების დროს, ჟურნალისტმა ან არ უნდა მოამზადოს მასალა ან მაყურებელს წინასწარ და ნათლად უნდა აცნობოს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მისი პირადი დამოკიდებულების შესახებ.
ჟურნალისტმა არასოდეს უნდა გაავრცელოს ინფორმაცია პირადი დაინტერესების გამო, მან უნდა იზრუნოს აუდიტორიაზე და ყველა ღონე უნდა იხმაროს მაყურებლისთვის სათანადო წესით მომზადებული მასალის მისაწოდებლად.

 

მოპასუხე ჟურნალისტმა გაავრცელა ფაქტები, რომლებიც ქარტიის დადგენილ გადამოწმების ელემენტარულ, ორი წყაროს პრინციპს, არ დაუქვემდებარა და ინფორმაციის დაზუსტება მეორე მხარესთანაც კი არ სცადა. მას არც ერთხელ არ უხსენებია, რომ სადაზღვევო კომპანიის მიმართ პირადი ინტერესები ჰქონდა და მიჩქმალა ეს ფაქტი, რითაც ქარტიის მე-11 პრინციპი დაარღვია.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ნათია მაზანაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპები.

 

 

სადავო მასალა (29-ე წუთიდან)

 

განცხადება

 

30.06.2025

27 ივნისის სხდომაზე ქარტიის საბჭომ განიხილა TV პირველის ჟურნალისტების, ნატალია და ნანა ქაჯაიების და მარიამ გაფრინდაშვილის, განცხადება ტელეკომპანია POSTV- ჟურნალისტების, ნათია ბერიძის და დათა გვასალიას, მიმართ.
 სადავო სიუჟეტი გადაცემაში კვირის პოსტი“ 2025 წლის 15 ივნისს გავიდა.

 

განმცხადებლები დავობდნენ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, რომლებიც საბჭომ დარღვეულად მიიჩნია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

25.06.2025

6 მაისი, 2025 წელი

 

 

საქმე N-782

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

 

საბჭოს წევრები: ირაკლი მსხილაძე, თიკო ზაზაძე, საბა წიწიკაშვილი, ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა იაკობ ლეჟავამ გაზეთის "საქართველოს რესპუბლიკა" მთავარი რედაქტორის სპარტაკ ქობულიას წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი იაკობ ლეჟავა. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო სტატია (გვ. 8-9) თავდაპირველად ყოველკვირეულმა გაზეთმა “ასავალ-დასავალი” გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ 2025 წლის 14 თებერვალს გაზეთმა “საქართველოს რესპუბლიკა” გადაბეჭდა (გვ. 6). სადავო სტატია არის პასუხი განმცხადებლის მიერ ე.წ. “დიფ სთეითის” შესახებ დაწერილ და გამოქვეყნებულ წერილზე, რომელშიც ის ამ ტერმინის “ასავალ-დასავალის” მიერ შემოთავაზებულ თარგმანს აკრიტიკებს.

 

სადავო ფრაზები:

 

“აქ კვლავ ტავტოლოგია მოგივიდათ, ბატონო იაკობ”;

 

“თუმცა, მოდით, ბატონი ლეჟავასათვის მართლწერის გაკვეთილების ჩატარებას ჩვენს თავზე ნუ ავიღებთ…”;

 

“უკაცრავად, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ იძულებული ვართ, ზემოთ დადებული პირობა - ბატონი იაკობ ლეჟავასათვის მართლწერის გაკვეთილების ჩატარებას ჩვენს თავზე არ ავიღებთო - ამ ერთხელ დავარღვიოთ და პატივცემულ ავტორს მივუთითოთ, რომ სიტყვა “ხმარების” უთავბოლო ხმარება ზოგჯერ ფრიად უხერხულ სიტუაციას წარმოქმნის, რის გამოც ჯობს, “ხმარების” მაგივრად “გამოყენება” იქნეს ნახმარი”;

 

“ბატონო იაკობ, თქვენს ასაკში თუ იმდენი შეგიძლიათ, რომ მსახიობთა მთელი ჯგუფი იხმაროთ და, თანაც, როგორც წერთ, თავისუფლად იხმაროთ, ბარაქალა თქვენს მამაკაცურ პოტენციას, მაგრამ საგაზეთო პუბლიკაციიდან ეს ცოტა პორნოგრაფიულად ხომ არ ჟღერს?”;

 

“ასე, რომ ბატონო იაკობ, ჩვენი კეთილი რჩევა იქნება, სიტყვა “ხმარების” ხმარებას მომავალში უფრო დაკვირვებულად და ყურადღებით მოეკიდოთ!”;

 

“თქვენ, ბატონო იაკობ, როგორც თავად წერთ, თავისუფლად შეგიძლიათ, მსახიობთა დასი იხმაროთ და მუსიკოსთა დასიც იხმაროთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკურად ვიხმაროთ ფარული დასი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა და რომელიც არამხოლოდ ამერიკულ, არამედ ქართულ სახელმწიფოსაც უთხრის ძირს!”

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს არაერთგზის აღუნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციის ეთიკურ პრინციპებთან შესაბამისობაზე საკუთარი აუდიტორიის წინაშე პასუხს აგებს ინფორმაციის გამავრცელებელი მედია, მაშინაც კი, თუკი მის მიერ გავრცელებული მასალა სხვა მედიის მიერ არის მომზადებული, და მანამდე უკვე გამოქვეყნებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სადავო სტატიის ავტორი და პირველწყარო გაზეთი “ასავალ-დასავალია”, და იქ გამოქვეყნებული იდენტური მასალის ეთიკურ პრინციპებთან შეუსაბამობებზე საბჭომ იმსჯელა და დარღვევები დაადგინა, “საქართველოს რესპუბლიკა”, სტატიის გადაბეჭდვის გამო, პასუხისმგებელია მის გავრცელებაზე.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

ამის შესახემ საბჭომ დეტალურად იმსჯელა საქმეების  #781-782 განხილვისას და დარღვევის დასაბუთება აღწერილია შესაბამის გადაწყვეტილებაში.

 

სტატიის ამ ფორმით გამოქვეყნებით “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტებმა ხელი შეუწყვეს არაზუსტი, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას, რითაც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

 

 

მეხუთე პრინციპი.

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

სხდომაზე განმცხადებელმა პირველ სტატიასთან მიმართებით მოხსნა წინამდებარე პრინციპი, ვინაიდან “საქართველოს რესპუბლიკამ” პასუხი დაგვიანებით, 2025 წლის 17 მარტის ნომერში (გვ. 10), მაგრამ მაინც გამოუქვეყნა. თუმცა, მან, იმის გამო, რომ “საქართველოს რესპუბლიკამ” 2025 წლის 24-30 მარტის ნომერში გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული წერილის პასუხი არ გამოუქვეყნა, მაინც გადაწყვიტა, ამ პრინციპზე ედავა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მას არ მიეცა გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებულ მეორე წერილზე სრულფასოვანი პასუხის შესაძლებლობა და ამის გამო მან შესწორება არასათანადოდ მიიჩნია.

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს მე-5 პრინციპის დარღვევა დაუდგინდეს, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

 

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

 

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-5 პრინციპი არ დარღვეულა, ვინაიდან,  “საქართველოს რესპუბლიკას”  ჰქონდა უფლება არ გამოექვეყნებინა განმცხადებლის შეპასუხება იმ მასალაზე, რომელიც გამოქვეყნდა “ასავალ დასავალში” და არა საქართველოს რესპუბლიკაში. გამომდინარე აქედან, საქართველოს რესპუბლიკის  სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში ექცევა საკითხი, გააგრძელებს თუ არა ის კონკრეტულ თემაზე მიმდინარე დისკუსიის გაშუქებას.

 

ვინაიდან გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკას” არ დაუბეჭდავს გაზეთ “ასავალ-დასავალის” მეორე სადავო წერილი, არ შეიძლება ის ვალდებულად მივიჩნიოთ, განმცხადებელს გამოუქვეყნოს პასუხი სხვა გაზეთსა თუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ.
 

შესწორების ამ სტანდარტის გამოყენება, შესაძლოა, სადავო წერილის პირველწყაროს ანუ გაზეთ “ასავალ-დასავალის” ვალდებულებად მივიჩნიოთ.

 

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-5 პრინციპი არ დარღვეულა.

 

 

მეშვიდე პრინციპი.

 

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მედიამ სადავო მასალაში დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

როგორც საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში - იაკობ ლეჟავა გაზეთ “ასავალ-დასავალის” მთავარი რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილისა და ჟურნალისტია ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ - აღნიშნა, სტატია ახდენს იაკობ ლეჟავას დისკრიმინაციას ასაკობრივი ნიშნით.

ამ პრინციპთან დაკავშირებით საბჭოს დასაბუთება აღწერილია საქმეების  #781-782 შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

 

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო სტატიის გადაბეჭდვით “საქართველოს რესპუბლიკამ” ხელი შეუწყო ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციასა და სტიგმის გაძლიერებას, რაც ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

 

ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭო სადავო მასალაში დარღვეულად მიიჩნევს ქარტიის მე-7 პრინციპს.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

გაზეთის “საქართველოს რესპუბლიკა” მთავარმა რედაქტორმა სპარტაკ ქობულიამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები. არ დაურღვევია ქარტიის მე-5 პრინციპი.

 

 

25.06.2025

6 მაისი, 2025 წელი

 

 

საქმე N-781, 783

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

 

საბჭოს წევრები: ირაკლი მსხილაძე, თიკო ზაზაძე, საბა წიწიკაშვილი, ნინო რამიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა იაკობ ლეჟავამ  გაზეთის "ასავალ-დასავალი" მთავარი რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილისა და ჟურნალისტის ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი იაკობ ლეჟავა. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

პირველი სადავო სტატია (გვ. 8-9) ყოველკვირეულმა გაზეთმა “ასავალ-დასავალი” გამოაქვეყნა. სადავო სტატია არის პასუხი განმცხადებლის მიერ ე.წ. “დიფ სთეითის” შესახებ დაწერილ და გამოქვეყნებულ წერილზე, რომელშიც ის ამ ტერმინის ” ქართულ თარგმანს აკრიტიკებს.მეორე სადავო მასალა (გვ. 10) 2025 წლის 24-30 მარტის ნომერში გამოქვეყნდა გაზეთში “ასავალ-დასავალი”.

 

პირველი სადავო სტატიის სადავო ფრაზები:

 

“აქ კვლავ ტავტოლოგია მოგივიდათ, ბატონო იაკობ”;

 

“თუმცა, მოდით, ბატონი ლეჟავასათვის მართლწერის გაკვეთილების ჩატარებას ჩვენს თავზე ნუ ავიღებთ…”;

 

“უკაცრავად, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ იძულებული ვართ, ზემოთ დადებული პირობა - ბატონი იაკობ ლეჟავასათვის მართლწერის გაკვეთილების ჩატარებას ჩვენს თავზე არ ავიღებთო - ამ ერთხელ დავარღვიოთ და პატივცემულ ავტორს მივუთითოთ, რომ სიტყვა “ხმარების” უთავბოლო ხმარება ზოგჯერ ფრიად უხერხულ სიტუაციას წარმოქმნის, რის გამოც ჯობს, “ხმარების” მაგივრად “გამოყენება” იქნეს ნახმარი”;

 

“ბატონო იაკობ, თქვენს ასაკში თუ იმდენი შეგიძლიათ, რომ მსახიობთა მთელი ჯგუფი იხმაროთ და, თანაც, როგორც წერთ, თავისუფლად იხმაროთ, ბარაქალა თქვენს მამაკაცურ პოტენციას, მაგრამ საგაზეთო პუბლიკაციიდან ეს ცოტა პორნოგრაფიულად ხომ არ ჟღერს?”;

 

“ასე, რომ ბატონო იაკობ, ჩვენი კეთილი რჩევა იქნება, სიტყვა “ხმარების” ხმარებას მომავალში უფრო დაკვირვებულად და ყურადღებით მოეკიდოთ!”;

 

“თქვენ, ბატონო იაკობ, როგორც თავად წერთ, თავისუფლად შეგიძლიათ, მსახიობთა დასი იხმაროთ და მუსიკოსთა დასიც იხმაროთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკურად ვიხმაროთ ფარული დასი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა და რომელიც არამხოლოდ ამერიკულ, არამედ ქართულ სახელმწიფოსაც უთხრის ძირს!”

 

მეორე სადავო სტატიის სადავო ფრაზები:

 

“იაკობ ლეჟავას მიერ გაღმა წასაღები წერილი”;

 

“მაინც წაიღებთ წერილს…”;

 

“წერილი წაიღოთ…”;

 

“ისღა დარჩენია, წერილი წაიღოს პირდაპირ ოკეანის გადაღმა…”

 

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხეების მხრიდან სადავო მასალებში განმცხადებლის მიმართ გამოხატულ ცინიკურ და მადისკრედიტირებელ დამოკიდებულებაზე, რაც იმით არის გამოწვეული, რომ იაკობ ლეჟავა თავის წერილში აკრიტიკებს “ასავალ-დასავალის” სტატიებში ე.წ. “DEEP STATE”-ისთვის მოფიქრებულ ქართულ შესატყვისს “ფარული დასი”.

“ასავალდასავალის” ჟურნალისტები მანიპულაციურად აპელირებენ განმცხადებლის მხრიდან მის წერილში სიტყვის “ხმარება” გამოყენებაზე და ისე წარმოაჩენენ, თითქოს იაკობ ლეჟავა ამ სიტყვას უხამს კონტექსტში იყენებდეს.

 

მაგალითად: “ბატონო იაკობ, თქვენს ასაკში თუ იმდენი შეგიძლიათ, რომ მსახიობთა მთელი ჯგუფი იხმაროთ და, თანაც, როგორც წერთ, თავისუფლად იხმაროთ, ბარაქალა თქვენს მამაკაცურ პოტენციას, მაგრამ საგაზეთო პუბლიკაციიდან ეს ცოტა პორნოგრაფიულად ხომ არ ჟღერს?”;

 

“ასე, რომ ბატონო იაკობ, ჩვენი კეთილი რჩევა იქნება, სიტყვა “ხმარების” ხმარებას მომავალში უფრო დაკვირვებულად და ყურადღებით მოეკიდოთ!”;

 

“თქვენ, ბატონო იაკობ, როგორც თავად წერთ, თავისუფლად შეგიძლიათ, მსახიობთა დასი იხმაროთ და მუსიკოსთა დასიც იხმაროთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკურად ვიხმაროთ ფარული დასი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა და რომელიც არამხოლოდ ამერიკულ, არამედ ქართულ სახელმწიფოსაც უთხრის ძირს!”

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ტექსტში იაკობ ლეჟავას სიტყვების მანიპულაციური ინტერპრეტირებით მოპასუხეებს აუდიტორია შეცდომაში შეჰყავთ და იაკობ ლეჟავას წერილის შინაარსზე მცდარ წარმოდგენას უქმნიან.

 

მათ სტატიაში მოჰყავთ და აკრიტიკებენ იაკობ ლეჟავას წერილის ფრაგმენტებს, მანიპულაციურად, ისე, რომ მკითხველს არ წარმოუჩენენ მთლიან სურათს, არ აწვდიან სრულ და ამომწურავ ინფორმაციას და დამახინჯებულად წარმოუდგენენ წერილის კონტექსტს, რითაც იჩენენ უპატივცემულობას აუდიტორიისა და მკითხველის მიმართ.

 

მთელი სტატია ემსახურება იაკობ ლეჟავას დამაკნინებელ კრიტიკას. ავტორს მანიპულაციური შეფასებებით, ლეჟავას წერილიდან ამოგლეჯილი ფრაზების დამახინჯებული შინაარსით შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია და მკითხველის მიმართ უპატივცემულობას ამჟღავნებს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ლაშა ნადარეიშვილმა და ჯაბა ხუბუამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს.

 

 

მეხუთე პრინციპი.

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს მე-5 პრინციპის დარღვევა დაუდგინდეს, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

 

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

 

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მე-5 პრინციპი.

 

განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა მიმოწერა მოპასუხე მედიასთან, სადაც ჩანს მისი პრეტენზია პირველ სადავო მასალასთან დაკავშირებით და სადაც ის საპასუხო წერილის გამოქვეყნებას ითხოვს. გაზეთმა “ასავალ-დასავალი” საპასუხო წერილი არ გამოუქვეყნა იაკობ ლეჟავას და მისი პოზიცია საკუთარ მედიაში არც სხვაგვარად ასახა.

 

ამის შემდეგ, “ასავალ-დასავალმა” კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა იაკობ ლეჟავას, რომელშიც ნახსენებია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. ეს ადასტურებს, რომ მათთვის ცნობილი გახდა იაკობ ლეჟავას მხრიდან ქარტიისთვის მომართვისა და მათ სტატიებთან დაკავშირებით არსებული კონკრეტული პრეტენზიების შესახებ.

 

ამასთან, ქარტიის საბჭოს სამდივნომ “ასავალ-დასავალს” გაუგზავნა ინფორმაცია მათ წინააღმდეგ შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით. ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ამ დროიდან მოპასუხისათვის სათანადო წესით არის არსებული პრეტენზია ცნობილი და ის ვალდებულია, შესწორების სტანდარტი გამოიყენოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ორივე სადავო მასალაზე მიიღო შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა ისინი დღემდე პირვანდელი სახით არის მკითხველისთვის ხელმისაწვდომი. მათ არანაირი მინიშნება არ აქვთ სტატიებში არსებული უზუსტობებისა და მათი შესწორების შესახებ.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სტატიებში დარღვეულია ქარტიის მე-5 პრინციპი.

 

 

მეშვიდე პრინციპი.

 

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ლაშა ნადარეიშვილმა და ჯაბა ხუბუამ დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

ორივე სადავო მასალაში მოპასუხე მხარე აქტიურად ამახვილებს ყურადღებას განმცხადებლის ასაკზე, თანაც ნეგატიურ კონტექსტში. სტატიებში ვკითხულობთ: “ბატონო იაკობ, თქვენს ასაკში თუ იმდენი შეგიძლიათ, რომ მსახიობთა მთელი ჯგუფი იხმაროთ და, თანაც, როგორც წერთ, თავისუფლად იხმაროთ, ბარაქალა თქვენს მამაკაცურ პოტენციას…”;

 

“იაკობ ლეჟავას მიერ გაღმა წასაღები წერილი”;

 

“მაინც წაიღებთ წერილს…”;

 

“წერილი წაიღოთ…”;

 

“ისღა დარჩენია, წერილი წაიღოს პირდაპირ ოკეანის გადაღმა…”

 

ამ გამონათქვამებში საბჭო ცალსახად ხედავს დისკრიმინაციას ასაკობრივი ნიშნით.

 

ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაცია, იგივე “ეიჯიზმი” გულისხმობს უარყოფით ან დამამცირებელ დამოკიდებულებას სხვა ადამიანის მიმართ მისი ასაკის გამო. ასეთი ტიპის დისკრიმინაცია მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს, თუმცა ხშირად ის ხანშიშესულ ადამიანებთან მიმართებაში გვხვდება. როდესაც ადამიანს მისი ასაკის გამო განსხვავებულად (ცუდად ან კარგად) ეპყრობიან.

 

დისკრიმინაციის ეს ფორმა სტერეოტიპული შეხედულებების ცალსახა გამოხატულებაა და ხელს უწყობს დაბერების, ასაკის მატების გამო ადამიანების სტიგმატიზაციას.

 

ამ ფონს განსაკუთრებით ამძიმებს მეორე სადავო მასალაში გამოყენებული ვიზუალური ხერხები. შავ ფონზე დატანილი სათაურით იაკობ ლეჟავას ფოტოზე ტუჩები აქვს დაფარული. ამ მასალაში მრავალჯერ სხვადასხვა ბრუნვაში გამოყენებული სიტყვები “წერილი წაიღოთ” გამუქებული შრიფტით არის ძირითადი ტექსტისგან გამოყოფილი. ამას ემატება ტექსტის სათაური: “იაკობ ლეჟავას მიერ გაღმა წასაღები წერილი”. ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი, ვინაიდან სათაური მკითხველს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის. მოცემულ შემთხვევაში, სათაურიც ცალსახად დისკრიმინაციულია, ხაზს უსვამს განმცხადებლის ასაკს და აკნინებს მას. მოპასუხეები ცდილობენ ასაკზე ხაზგასმით და სიტყვების “გაღმა წასაღები”; “ წერილის წაღება” დიდი დოზით და ასაკობრივ კონტექსტში გამოყენებით დაამცირონ და დააკნინონ იაკობ ლეჟავა.

 

ისინი სრულიად უგულებელყოფენ ჟურნალისტის ვალდებულებას, გაემიჯნოს დისკრიმინაციას და ხელი არ შეუწყოს დისკრიმინაციისა და სტიგმის გაძლიერებასა და გავრცელებას, რამდენადაც არ ერიდებიან დისკრიმინაციულ გამონათქვამებს იაკობ ლეჟავას ასაკთან დაკავშირებით.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭო ქარტიის მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს.

 

 

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

გაზეთის “ასავალ-დასავალი” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ნადარეიშვილმა და ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები. 

 

 

02.06.2025

1 მაისი, 2025 წელი

 

 

საქმე N-778

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

 

საბჭოს წევრები: ნინო გელაშვილი; თიკო ზაზაძე; ვლადიმერ ჩხიტუნიძე; თიკო დავაძე; ნინო რამიშვილი; ირაკლი მსხილაძე; ნინო კაპანაძე.

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ისაკაძემ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი გიორგი ისაკაძე. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.

განმცხადებლი თავდაპირველად დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, თუმცა განხილვის დროს მოხსნა ქარტიის მესამე და მეშვიდე პრინციპები. საბოლოოდ, სადავო პრინციპებად დაზუსტდა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “ქრონიკაში”, 2024 წლის 26 დეკემბერს გავიდა, სათაურით: “ისაკაძე - ბიზნესბულინგის ორგანიზატორი”. მასში ბანკი “ქართუს” გაკოტრების მცდელობის საქმეს იხსენებენ და გიორგი ისაკაძეს ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

 

ჟურნალისტ გიორგი აბაზაძის სადავო ფრაზები:

 

“დღეს ბიზნესის ფაშისტური ბულინგის ორგანიზატორი, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ბიზნესის ტერორის სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ისაკაძეა”;

 

“ახლა თავისუფალი ბიზნესის დამცველის მორგებული სტატუსით ისაკაძემ  წლების წინ “ქართუ ბანკის” მიზანმიმართულად გაკოტრებისთვის არარსებული დავალიანების არსებობა დაადასტურა”;

 

“ქართუს” გაკოტრებაში მხილებული ისაკაძე ბიზნესზე ზეწოლას დღეს სოციალური პლატფორმებიდან განაგრძობს. ბიზნეს სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს. ამასთანავე შექმნა ვებ-გვერდი: “თავისუფალი ბიზნესი”.

 

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში გადაუმოწმებელი, მცდარი და დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელებით დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი აგებულია მხოლოდ კონკრეტული პირების კომენტარებზე  და გაჟღერებულ ბრალდებებზე რაიმე მტკიცებულება ან სარწმუნო  ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი. მოპასუხე მედიას მისგან, როგორც სიუჟეტის “მთავარი გმირისგან”, კომენტარის მიღება არც უცდია.

 

სადავო სიუჟეტი განმცხადებლის მიმართ მძიმე ბრალდებებს შეიცავს, როგორებიცაა:  ბიზნესის ტერორი, ბიზნესზე ზეწოლა, “ფაშისტური ბიზნესბულინგის” ორგანიზება;

 

სიუჟეტში მონაწილე რესპონდენტებმა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებმაც, გიორგი ისაკაძის მიმართ გააჟღერეს ტერმინები: “რეკეტი”, “თაღლითობა”, “ტერორი”.

 

ქარტიის საბჭოს შეფასებით, აღნიშნული სიუჟეტი დაუბალანსებელია, ეფუძნება მხოლოდ ერთი მხარის - ხელისუფლების წარმომადგენლების, პოზიციებს. ჟურნალისტის ტექსტები არის დაუზუსტებელი და მიკერძოებული განმცხადებლის მისამართით, რაც ცალსახად ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაა.

 

 

ქარტიის სტანდარტით, საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა ეყრდნობოდეს, სულ მცირე, ორ ურთიერთდაუკავშირებელ წყაროს, რაც, ამ შემთხვევაში, დარღვეულია.

 

სიუჟეტი ეყრდნობა მხოლოდ ხელისუფლების წევრების და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, დაფუძნებული “ქართუ ბანკის” წარმომადგენლის კომენტარებს და შეიცავს მძიმე ბრალდებებს განმცხადებლის მისამართით.

 

ქარტიის სტანდარტით, როცა ჟურნალისტი კონკრეტულ პირს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, მტკიცების სტანდარტი გაცილებით მაღალი უნდა იყოს. არ შეიძლება მძიმე, სისხლის სამართლის, დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულო პირი მხოლოდ რესპონდენტების კომენტარებზე დაყრდნობით. სადავო სიუჟეტში გიორგი ისაკაძის მიმართ გამოყენებულია ტერმინები: “რეკეტი”, “თაღლითობა”, რაც სისხლის სამართლის დანაშაულებია და მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი.

 

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშაულში ბრალდების დროს ჟურნალისტმა დადანაშაულებულ პირს სრულფასოვანი პასუხის, განმარტების, საშუალება მისცეს, რაც, ამ შემთხვევაში, არ მომხდარა. განმცხადებელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მის შესახებ სიუჟეტი ისე მომზადდა, რომ ტელეკომპანია “იმედიდან” არავინ დაკავშირებია.
ქარტიის სტანდარტით, მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა საპასუხო კომენტარის მოსაპოვებლად, რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ ჩანს.

 

სიუჟეტის კიდევ ერთ სადავო ეპიზოდში ჟურნალისტი ამბობს, რომ გიორგი ისაკაძემ  “შექმნა ვებ-გვერდი: “თავისუფალი ბიზნესი”. “ საუბარია ვებ-გვერდზე, რომელზეც განთავსებულია “თავისუფალი ბიზნესის განცხადების” ხელმომწერი და არახელმომწერი ბიზნესის ჩამონათვალი.

 

განმცხადებელი უარყოფს მის მიერ ამ პლატფორმის დაარსებას. სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი რამე მტკიცებულება, რომ ეს პლატფორმა მართლაც გიორგი ისაკაძის დაფუძნებულია.

 

ტელეკომპანია “იმედს” რამდენიმე მასალა აქვს მომზადებული, სადაც ამ ვებ-გვერდის შემქმნელად დასახელებული ჰყავს სხვა პირი - გიორგი ჩუგოშვილი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გიორგი აბაზაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტი ემსახურებოდა მის დისკრედიტაციას.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა, როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო სიუჟეტში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპიც ცალსახად დარღვეულია და თანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ფაქტები განზრახ არის დამახინჯებულად წარმოდგენილი.

 

ამ პრინციპის ჭრილში საბჭომ დარღვევად მიიჩნია ეპიზოდი პლატფორმა freebusiness.ge  -ს შესახებ. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა იცოდა, ანდა უნდა სცოდნოდა, რომ ამ პლატფორმის დამფუძნებელი სხვა პირია. ტელეკომპანია “იმედის”

სოციალური ქსელის გვერდზე ამ დრომდე იძებნება ქარდიც, რომელზეც წერია, რომ სხვა პირი - გიორგი ჩუგოშვილი, არის ამ პლატფორმის შემქმნელი და მის შესახებ წერია: “შექმნა პლატფორმა freebusiness.ge, პირადად აბულინგებდა ბიზნესმენებს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ პეტიციას შეერთებოდა.”

 

საბჭოს სხდომაზე გიორგი ისაკაძემ უარყო შემხებლობა ამ პლატფორმის დაფუძნებასთან, ჟურნალისტს არ წარმოაუდგენია ამის დამადასტურებელი რამე მტკიცებულება. უფრო მეტიც, ტელეკომპანია “იმედის” მიხედვით, ამ პლატფორმას სხვა შემქმნელი ჰყავს. გამომდინარე აქედან, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა იცოდა, ვინ იყო პლატფორმა freebusiness.ge-ის დამფუძნებელი, თუმცა მაყურებელს განზრახ მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ეს გიორგი ისაკაძე იყო.

 

საბჭო, მე-11 პრინციპის დადგენისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს. ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მიმართ ბოლო პერიოდში ქარტიის საბჭომ არაერთხელ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა და ყველა ჯერზე მიუთითა “იმედის” მიკერძოებაზე მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ. ქარტიის საბჭოსთვის ცნობილია ტელეკომპანია “იმედისა” და მისი მფლობელის პოზიციები და შეხედულებები, მათი სიმპათია “ქართული ოცნების” მიმართ.

 

როგორც მრავალგზის აღნიშნულა ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებებში, ტელეკომპანია “იმედი” სახელისუფლებო პროპაგანდის ძირითადი იარაღია და ხელისუფლებას ოპონენტების დისკრედიტაციაში უწყობს  ხელს. ამას ადასტურებს ისიც, რომ სიუჟეტში  “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული პირების კომენტარებია ასახული და არ არის ამ კომენტარების შინაარსის გადამოწმების მცდელობაც კი, რაც ცალსახად მიანიშნებს ჟურნალისტის განზრახულობაზე.

 

შალვა პაპუაშვილი: “ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და კათედრიდან, მაღალი კათედრიდან გვესაუბრება მედიიდან, ადამიანი, რომელიც საკუთარი აღიარებითვე ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული. თაღლითურად, ამ ყალბი ჩვენებით ვითომდა რაღაც ვალები დაიდო სახელმწიფოსთან და იმ სქემით, რომელიც მაშინ სააკაშვილს და ადეიშვილს, გილაურს ქონდათ შექმნილი, აიმ ნიკა გილაურის სქემით ცდილობდნენ ბანკი “ქართუს” გაკოტრებას. ბიზნესის რეკეტში ჩართული ადამიანი დღეს სტუდიაში კრებს ბიზნესს, ქმნის ვებ-გვერდს, რომელსაც თავისუფალ ბიზნესს ეძახის. ეს ერთი, რო რა არი ეს თუ არა ცინიზმი, როდესაც ცენზორები მედიის დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან, ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებაზე გვესაუბრებიან. ის ვებ-გვერდი, სხვათა შორის, რომელიც შექმნეს, ჩვეულებრივი დასახვრეტთა სია, ბოლშევიკები, რომლის ქვეტექსტი არის მუქარა, რომ ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში აი, სიას დახედეთ და ამ სიის მიხედვით დავივლით თითეულ ბიზნესს და თითეულ ბიზნესს მოგიწყობთ იმ ტერორს, რომელიც მოვაწყეთ ნაციონალური მოძრაობის დროსო. ამას ეუბნება ნიკა გილაური, ამას ეუბნება მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ისაკაძე. მოტივები არის დაშინება, ანუ ბოლშევიზმის იდეა რაში არის, ეს არის ტერორი და ზუსტად ეს იდეაა ამაში ჩადებული, რო დააშინონ ბიზნესი.”

 

დავით მათიკაშვილი: “მაშინ მე ბანკ “ქართუში” გახლდით, იქ ვმუშაობდი სწორედ და კარგად მახსოვს ის პერიოდი, როგორ ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა რეპრესიული მექანიზმებით “ქართუს” გაკოტრებას, როგორ ნაჩქარევად მიიღეს კანონში ცვლილებები, რომლითაც ბიზნესთან ერთად ნაწილობრივად შეეცადნენ რო ყველა ის სესხი “ქართუს” რო ქონდა გაცემული, ფაქტიურად არ დაბრუნებულიყო “ქართუში.”

 

სადავო მასალის მომზადებას განმცხადებელი უკავშირებს მის მიერ მომზადებულ გადაცემას, სადაც ბიზნესმენები “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებდნენ თბილისში ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების მონაწილეების ძალადობრივად დარბევის გამო. ეს გადაცემა BMG-ს ეთერში დეკემბერში გავიდა.

 

განმცხადებელმა საბჭოს წარმოუდგინა მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიმართ ამ კრიტიკული გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ დაიწყო “იმედმა” მის წინააღმდეგ ინფორმაციის კამპანიური გავრცელება.

 

მაგალითად, 26 დეკემბერს გიორგი ისაკაძეს, სადავო სიუჟეტის გარდა, რამდენიმე მასალა მიეძღვნა.

მის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 27 და 29 დეკემბერსაც. ასევე, 2025 წლის 25 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” ვებ-გვერდზე” ვხვდებით შალვა პაპუაშვილის კომენტარს გიორგი ისაკაძესთან დაკავშირებით, სადაც პაპუაშვილი მას ბიზნესზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

ეს მასალები ადასტურებს განმცხადებლის მიმართ “იმედის” წინასწარგანზრახულ ინტერესს.

 

საბჭომ  არაერთ გადაწყვეტილებაში აღწერა, რომ ტელეკომპანია “იმედი” განზრახ და მიზანმიმართულად არღვევს ჟურნალისტურ პრინციპებს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად  განწყობილი პირების საზიანოდ და ხელისუფლების სასარგებლოდ, რასაც, ხშირ შემთხვევაში, კამპანიური ხასიათი აქვს.

საბჭო ამ შემთხვევაშიც მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ ტელეკომპანია “იმედმა” გიორგი ისაკაძის შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა კამპანიურად და განზრახ, რაც საბჭომ მიიჩნია ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევად.

 

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მე-11 პრინციპიც დარღვეულად მიიჩნია.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

გიორგი აბაზაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.

 

განცხადება

სადავო მასალა

 

02.05.2025

15 თებერვალი, 2025 წელი

 

 

საქმე N- 775

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი.

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თეა ცაგურიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წამყვანისა და ჟურნალისტის, ირინა ყურუას, წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარემ წარმოადგინა თავისი შეპასუხება.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში. სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი თეა ცაგურია და მოპასუხე ჟურნალისტი ირინა ყურუა.

 

განმცხადებელი თეა ცაგურია თავდაპირველად მიუთითებდა, რომ წამყვანმა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დაპატიმრებული დეკანისა და ოთხი სტუდენტის შესახებ გადაცემის დასაწყისში წარმოთქმულ ტექსტში დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (კეთილსინდისიერება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის უფლებები), მეცხრე (მასალების გამიჯვნა), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა, სხდომაზე მან გადაწყვიტა, აღარ ედავა ქარტიის მესამე, მეოთხე და მეცხრე პრინციპებზე.

 

საბოლოოდ, სადავო პრინციპებად დაზუსტდა: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის უფლებები), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

 

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო გადაცემა “სათქმელი” საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში 2024 წლის 12 დეკემბერს გავიდა.

 

განმცხადებლის მხრიდან სადავოდაა გამხდარი გადაცემის ის ნაწილი, სადაც წამყვანი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დაპატიმრებული დეკანისა და ოთხი სტუდენტის შესახებ საუბრობს.

 

განმცხადებელი თეა ცაგურია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ირაკლი დევაძის მეუღლეა.

 

 

განმცხადებლის მიერ მითითებული ირინა ყურუას სადავო ფრაზები:

 

,,ბათუმში აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები დააკავეს.”

 

განმცხადებლის პოზიცია: ის აღნიშნავს, რომ ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირები არ შეიძლება, მოხსენიებულ იქნან აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლად. ასევე, სტუდენტები აკადემიურ საზოგადოებად არ იწოდებიან.

 

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ის განმარტავს, რომ ის ხელმძღვანელობს უდანაშაულობის პრეზუმფციით. ვინაიდან დაკავებულების ბრალეულობა სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დამტკიცებული, ის დაკავებულებს „მოძალადეებს“ ვერ უწოდებდა.

 

,,წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ოთხი სტუდენტი, ასევე სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე.“

 

განმცხადებლის პოზიცია: ის აღნიშნავს, რომ ჯორბენაძე არის აღნიშნული ძალადობის ორგანიზატორი, რომელმაც ეს ქმედება დააორგანიზა და ჩაიდინა სასწავლებლის კედლებში არასასწავლო და არასამუშაო დროს.

 

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ის განმარტავს, რომ განმცხადებლის ანალიზი სუბიექტურ შეფასებას ეყრდნობა, ის კი, როგორც ჟურნალისტი, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მამუკა ჯორბენაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას იცავს.

 

,,პროკურატურა დავით გვიანიძეს, ანრი კაკაბაძეს, გურამ მიქელაძეს, გიორგი დავითაძეს  დეკანთან ერთად ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.”

 

განმცხადებლის პოზიცია: ის აღნიშნავს, რომ ძალადობის ფაქტი, რაზედაც ჟურნალისტი უთითებს, დადასტურებულია როგორც დაზარალებულების მიერ, ისე სასწავლებლის შენობის შიგნით მოთავსებული ვიდეო-კამერით.

 

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: მისი განმარტებით, მონოლოგში აღწერილია რეალობა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი, რომელსაც ის მაყურებელს აცნობს, საჯაროდ არის ცნობილი.

 

,,დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გუშინ შეუფარდა. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი და სტუდენტები აქციებში მონაწილეობით აპროტესტებდნენ ხელისუფლების ანტიდასავლურ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, სწორედ საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრას ცდილობდნენ ახალგაზრდები რექტორის კაბინეტის კარებზე, როდესაც ლექტორს თეა ცაგურიასა და მათ შორის დაპირისპირება დაიწყო.’’ 

 

განმცხადებლის პოზიცია: ის განმარტავს, რომ წამყვანი არ ახსენებს მის აკადემიურ სტატუსს, რითაც, ჯორბენაძესთან შედარებით, მის დაკნინებას ცდილობს. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას სტუდენტებისთვის რაიმე სახით შენიშვნა არ მიუცია და არც მათთან კონტაქტი ჰქონია. ის, რაზეც ჟურნალისტი საუბრობს, ეხება სხვა დროს და სხვა სტუდენტებთან მის საუბარს.

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ის განმარტავს, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი სტუდენტი, გურამ მიქელაძე, ინციდენტის დროს სხვა სტუდენტებთან ერთად რექტორის კაბინეტის შესასვლელთან იმყოფებოდა. რაც შეეხება მის დაპირისპირებას სტუდენტებთან, ამის შესახებ სტუდენტები უკვე ესაუბრნენ გამოძიებას, მხარეთა ადვოკატებს და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. განმცხადებლის სტატუსთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ თეა ცაგურიას დაკნინება მისი მიზანი არ ყოფილა და ვერ იფიქრებდა, რომ სიტყვა „ლექტორი“ დამაკნინებელ კონტექსტში იქნებოდა აღქმული.

,,დეკანი სიტუაციის განმუხტვას შეეცადა.”

განმცხადებლის პოზიცია: განმცხადებელი აღნიშნავს, რომ დეკანი მის მიმართ აგრესიული იყო და მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რასაც წამყვანი უგულებელყოფს. ის ცდილობს, ეს სამსახურებრივი დაპირისპირება პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს.

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ის აღნიშნავს, რომ მის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ვიდეოშიც (ერთვის გადაწყვეტილებას) ჩანს და ეს ვიდეო დაკავებულების დაცვის მხარესაც აქვს. ის მაყურებელს სწორედ ამ ინციდენტის შესახებ უყვება. „სხვა სტუდენტების თანდასწრებით, სხვა გარემოებაში“ მომხდარ ფაქტზე მითითებით კი განმცხადებელი ცდილობს შექმნას განწყობა, რომ წამყვანი ფაქტს ამახინჯებს.

,,გვიან ღამით კი პროფესორთან უნივერსიტეტის შენობაში ინციდენტში მონაწილე ლექტორის ქმარი, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ირაკლი დევაძე, მივიდა თანმხლებ პირთან ერთად.“

 

განმცხადებლის პოზიცია: მისი მეუღლის უნივერსიტეტში მისვლა დეკანის ინიცირებულია. მისი მეუღლე უნივერსიტეტში მერიის თანამშრომლის სტატუსით არ მისულა. მისი სამსახურის ხსენება მიზანმიმართულად მოხდა, რათა მაყურებელში გამძაფრებულიყო განცდა, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან. ამასთან, წამყვანმა განზრახ არ ახსენა, რომ დაპატიმრებულთაგან ორის მშობელი ასევე მერიის თანამშრომელია.

 

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: დადასტურებული ფაქტია, რომ უნივერსიტეტის შენობაში სწორედ გვიან ღამით შედის ორი პირი, ლექტორის მეუღლე და მისი მეგობარი. დეკანისა და განმცხადებლის მეუღლის მიმოწერაში ნათლად იკითხება, როგორ ეუბნება ირაკლი დევაძე დეკანს, რომ დანარჩენ სათქმელს პირადად ეტყვის. წამყვანს არ უთქვამს, რის საფუძველზე მივიდნენ ისინი უნივერსიტეტში. სიტყვა “პოლიტპატიმართან” დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ პროფესიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ეთერში მსგავს შეფასებებს ყოველთვის ერიდება. რაც შეეხება განმცხადებლის მეუღლის სტატუსს, საქმის მასალებში არსად მოიპოვება ირაკლი დევაძის შვებულებაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია. ამაზე არც პროკურორს უთქვამს რამე. ამდენად, ის დღის ნებისმიერ მონაკვეთში ამ სტატუსით სარგებლობს. მუშაობენ თუ არა დაკავებული სტუდენტების მშობლები მერიაში, ეს ინფორმაცია საქმესთან არანაირ კავშირში არ არის.

 

,,რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.“

 

განმცხადებლის პოზიცია: ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ შესვლისთანავე პირები თავს დაესხნენ განმცხადებლის მეუღლეს და თანმხლებ პირს.

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ნათქვამი ფრაზა არის მხოლოდ ფაქტობრივი მოცემულობა, რაც დასტურდება ვიდეოთი.

,,გამოძიების ვერსიით, ამ პირებს მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები თავს დაესხნენ, დაზარალებულის სტატუსიც სწორედ ირაკლი დევაძეს და ირაკლი ნაკაშიძეს აქვთ“.

განმცხადებლის პოზიცია: უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ესხმიან თავს მის  მეუღლესა და მის მეგობარს დეკანი და ოთხი სტუდენტი, რაც არის ფაქტი.

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: სწორედ პროკურატურის ვერსიაა ის, რომ „ამ პირებს მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები  დაესხნენ თავს“. სასამართლო რა ვიდეო-მტკიცებულებებს მიიჩნევს სარწმუნოდ ან ვის მიანიჭებს დამნაშავის სტატუსს, ეს ჯერ უცნობია.

,,დამნაშავეს, ცხადია, სასამართლო გამოავლენს, თუმცა ფაქტია, რომ უსამართლოა თაობის გამორჩეული წარმომადგენლების დაკავება. წარმოუდგენელია, ჯგუფური ძალადობა დააბრალო პროფესორს, რომელიც საკუთარი ქვეყნის პატრიოტია, სტუდენტების გულმხურვალე მხარდამჭერია და მისი გამორჩეული ინტელექტი ამ უმაღლესი სასწავლებლის საყრდენია, არა მხოლოდ, აკრედიტაცია-ავტორიზაციის, არამედ სრულად სასწავლო საგანმანათლებლო პროცესში. უსამართლოა, ასე მოექცე სტუდენტებს, რომლებიც განსხვავებული აზრისადმი პატივისცემით, მოყვასის სიყვარულით და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულებით გამოირჩევიან.

განმცხადებლის პოზიცია: მოცემულ ეპიზოდში ჟურნალისტი უდანაშაულოდ ცნობს დაკავებულებს, ასევე ეჭვქვეშ აყენებს დაზარალებულების სტატუსს და მიზანმიმართულად ცდილობს, დამნაშავეების მიმართ სიბრალული გამოიწვიოს. დეკანის მისეული შეფასება მთლიანად პირად შეხედულებებზე არის დაფუძნებული.

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: სადავოდ გამხდარი ფრაზები არის მისი შეფასება, რომელიც ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელსაც ის ფლობს.

,,ამ ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების 48-საათიანი გასაჩივრების ვადა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, დაკავებულების ახლობლები, სტუდენტები, უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები პროცესის ხელოვნური დაზიანებისგან დაზღვევის მოტივით საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ“.

განმცხადებლის პოზიცია: წამყვანი მაყურებელს უქმნის წარმოდგენას,  რომ უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი, ლექტორი და კურსდამთავრებული დაკავებულებს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ის მიზანმიმართულად არ იყენებს სიტყვა ,,ნაწილს“. ასევე, ის მიანიშნებს იმაზე, რომ თითქოსდა განცხადებების გაკეთებისგან ბრალდებულთა ახლობლები თავს დაზარალებულების მოთხოვნით იკავებენ.

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ის მაყურებელს იმას აცნობს, რომ დაკავებულების ახლობლები, სტუდენტები, უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები (აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებამდე) პროცესის ხელოვნური დაზიანებისგან დაზღვევის მოტივით, საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ. არსად ამბობს, რომ „განცხადებების გაკეთებისგან ბრალდებულთა ახლობლები თავს დაზარალებულების მოთხოვნით იკავებენ“.

,,დაკავებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლების მოთხოვნით მოსამართლეს მიმართეს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. იმავე მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწერა 2628 ადამიანმა, ერთ-ერთი სტუდენტის, ანრი კაკაბაძის, გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, ყველა დაკავებულის მხარდასაჭერი აქციები კი მიმდინარეობს ბათუმში. დარწმუნებული ვარ, პროფესორი და სტუდენტები მალე ისევ თავისუფლები იქნებიან, თუმცა მათ წინააღმდეგ დაწყებული ეს პროვოკაციული საქმე ბათუმელებს და არა მხოლოდ მათ, დიდხანს ემახსოვრებათ.

განმცხადებლის პოზიცია: წამყვანი განმცხადებელს, მის მეუღლეს და მის მეგობარს უწოდებს პროვოკატორს და ამბობს, რომ მათი საქციელი ქალაქს დიდხანს ემახსოვრება.

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: „პროვოკაციული“ ეს არის ჟურნალისტის, როგორც ანალიტიკური გადაცემის წამყვანის შეფასება სტუდენტების დაკავების საქმისადმი.

,,ისტორიის  და საზოგადოების მეხსიერებას, ასევე შემორჩება წარმოუდგენელი სისასტიკე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ და მედიის წინააღმდეგ, რომელიც აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 28 ნოემბრიდან დღემდე აქციებზე დაშავდა მედიის 50- ზე მეტი წარმომადგენელი....”

განმცხადებლის პოზიცია: წამყვანი ამ მონაკვეთში პირდაპირ გადადის აქციებზე დაკავებულების შესახებ საუბარზე, რითაც მაყურებელს განზრახ უქმნის წარმოდგენას, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან. მათი დაკავების მიზეზი არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. 

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ის აღნიშნავს, რომ მაყურებელს აცნობს ამ ინფორმაციას, როგორც აქტუალურ თემას და ამბის გაშუქება მხოლოდ აუდიტორიის ინფორმირებას ემსახურება.

 

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის  საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

საბჭომ იმსჯელა გადაცემაში წამყვანის ცალკეულ ფრაზებსა და მათ საერთო შინაარსზე და დაასკვნა, რომ გადაცემის ეს ნაწილი არის მიკერძოებული, დაუზუსტებელი და აუდიტორიის  შეცდომაში შემყვანი.

 

საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადაცემის წამყვანის შემდეგ ციტატებზე:

 

,,დამნაშავეს, ცხადია, სასამართლო გამოავლენს, თუმცა ფაქტია, რომ უსამართლოა თაობის გამორჩეული წარმომადგენლების დაკავება. წარმოუდგენელია, ჯგუფური ძალადობა დააბრალო პროფესორს, რომელიც საკუთარი ქვეყნის პატრიოტია, სტუდენტების გულმხურვალე მხარდამჭერია და მისი გამორჩეული ინტელექტი ამ უმაღლესი სასწავლებლის საყრდენია, არა მხოლოდ, აკრედიტაცია-ავტორიზაციის, არამედ სრულად სასწავლო საგანმანათლებლო პროცესში. უსამართლოა, ასე მოექცე სტუდენტებს, რომლებიც განსხვავებული აზრისადმი პატივისცემით, მოყვასის სიყვარულით და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულებით გამოირჩევიან.

,,დარწმუნებული ვარ, პროფესორი და სტუდენტები მალე ისევ თავისუფლები იქნებიან, თუმცა მათ წინააღმდეგ დაწყებული ეს პროვოკაციული საქმე ბათუმელებს და არა მხოლოდ მათ, დიდხანს ემახსოვრებათ.”

ამ ფრაზებით წამყვანმა აუდიტორიას როგორც ფაქტი, ისე მიაწოდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის პროფესორს ჯგუფურ ძალადობას აბრალებენ, რაც, მისი შეფასებით, წარმოუდგენელია, რომ მას ჩაედინა.

 

ასევე, წამყვანმა “პროვოკაციული საქმე” უწოდა დეკანის და სტუდენტების დაკავებას.  მან მაყურებელს მტკიცებით ფორმაში უთხრა, რომ დეკანს დანაშაულს აბრალებენ და რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.


გადაცემის წამყვანმა ამ ორი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ეთერში გავრცელებისას არ სცა აუდიტორიას პატივი, არ სცადა ამბის სათანადოდ გადამოწმება და აუდიტორიისთვის სხვადასხვა მხარის პოზიციების მიწოდება.

წამყვანის მთელი ტექსტი იყო უნივერისტეტის დეკანის და სტუდენტების მიერ ჩადენილი ქმედების შემსუბუქების, მათ მიერ ჩადენილი ფაქტის ნაწილობრივ მიჩქმალვის მცდელობა, რაც ცალსახად ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაა.


პირველი პრინციპის ჭრილში, სიზუსტის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი იყო წამყვანს აუდიტორიისთვის მიეწოდებინა ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი მხარის პოზიციაც,  უშუალოდ დაზარალებულის, ანდა მისი მეუღლის, რომლის  ინციდენტი  დეკანთან  ფიზიკური დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი გახდა
.

 

სადავო გადაცემა ეთერში გავიდა 12 დეკემბერს. იმ დროისთვის, საკუთარი პოზიცია უკვე საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირს, ირაკლი დევაძეს (9 დეკემბერს), და მის მეუღლეს, განმცხადებელ თეა ცაგურიას.

დაზარალებულის მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოზიცია ასახულია “ბათუმელების” 11 დეკემბრის სტატიაში, რომელიც ერთი დღით ადრეა გამოქვეყნებული, ვიდრე ირინა ყურუა სადავო გადაცემას მოამზადებდა, რაც ასევე ადასტურებს, რომ მოპასუხე ჟურნალისტს ამ საქმის მეორე მხარის პოზიციის მოძიება და გადაცემაში ასახვა მარტივად შეეძლო.

გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე (ამ თემას მხოლოდ წამყვანის შესავალი ტექსტი დაეთმო), შეიძლებოდა წამყვანს ეთერში დაზარალებული მხარის სრული განცხადება არ წაეკითხა, თუმცა საბჭო მიიჩნევს, რომ მათი პოზიცია გადაცემა “სათქმელში” აუცილებლად უნდა ასახულიყო რაიმე ფორმით, აუდიტორიისთვის უფრო დაზუსტებული ინფორმაციის მისაწოდებლად.

 

საბჭოს სხდომაზე, წევრების შეკითხვების პასუხად, ირინა ყურუამ განმარტა, რომ გადაცემის ეთერში გასვლამდე არ ჰქონია კომუნიკაცია დაზარალებულ მხარესთან, არ უცდია ინფორმაციის მათთან დაზუსტება და მისთვის ასევე უცნობი იყო დაზარალებული მხარის გავრცელებული პოზიცია სოციალურ ქსელში.


საბჭო მიიჩნევს, რომ კონკრეტული ფაქტების არ ცოდნა  ჟურნალისტს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მისი ვალია, გასწიოს მაქსიმალური ძალისხმევა საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაციის მისაწოდებლად, რაც, განსახილველ შემთხვევაში, ჟურნალისტმა ვერ უზრუნველყო.

 

კიდევ ერთი სადავო ფრაგმენტი, რომელსაც საბჭო პრობლემურად მიიჩნევს, არის წამყვანის შემდეგი ფრაზა: “მათ წინააღმდეგ დაწყებული ეს პროვოკაციული საქმე ბათუმელებს და არა მხოლოდ მათ, დიდხანს ემახსოვრებათ.”

 

წამყვანის ეს ფრაზა განმცხადებელმა აღიქვა, როგორც მისი და მისი მეუღლის მისამართით წარმოთქმული.

 

ირინა ყურუამ საბჭოს წევრების შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ პროვოკატორებად არ უგულისხმია დაზარალებული მხარე.

 

საბჭო, ზოგადად, თითოეულ საკითხს იხილავს აუდიტორიის პოზიციიდან გამომდინარე, თუ როგორ შეიძლება გაეგო მაყურებელს წამყვანის ესა თუ ის ფრაზა. ამ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ ერთმნიშვნელოვნად ცხადი არ არის, თუ ვის გულისხმობდა წამყვანი ამ საქმის პროვოცირების ავტორებად, თუმცა, დიდია ალბათობა, რომ, წამყვანის ფრაზებიდან გამომდინარე, მაყურებელს პროვოკაციაში მონაწილეებად აღექვა დაზარალებული მხარე.

ვინაიდან წამყვანის ტექსტი ამ ნაწილშიც არ იყო მკაფიო და ცალსახა, საბჭო აქაც მიიჩნევს დარღვეულად პირველ პრინციპს, აუდიტორიის უპატივცემულობის ნაწილში.

გადაცემის კიდევ ერთი ეპიზოდი, სადაც საბჭომ პრობლემა დაინახა, გადაცემაში გაშვებულ ინციდენტის ამსახველ ვიდეო ფრაგმენტს უკავშირდება.

ინციდენტი, რომლის გამოც უნივერსიტეტის დეკანი მამუკა  ჯორბენაძე და ოთხი სტუდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, სრულად არის გადაღებული უნივერსიტეტის დერეფანში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერებით.

 

როდესაც მოპასუხე ჟურნალისტი ირინა ყურუა წამყვანის ტექსტს ეთერში კითხულობდა, პარალელურად აჭარის ტელევიზიის მაყურებელი, ტელეეკრანზე, ცალკე ფანჯარაში, ინციდენტის ამსახველ ამ კადრებს ადევნებდა თვალს.

თუმცა “სათქმელში” გავრცელებული კადრები არ არის სრული, დაჭრილია და სრულად არ ასახავს დეკანის და სტუდენტების ქმედებებს. ამ კადრების ყურებით აუდიტორია ვერ მიიღებს ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას. 

“სათქმელის” ეთერში გაშვებული ვიდეო ფრაგმენტი მაყურებელს მეტ კითხვას გაუჩენდა, ვიდრე პასუხებს მიაწვდიდა. ამ ვიდეოს ასე ფრაგმენტულად, შესაბამისი მინიშნებების, მინაწერების და განმარტებების გარეშე გაშვება არღვევს სიზუსტის და აუდიტორიის პატივისცემის პრინციპს.

ეს კადრები საჯაროდ გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ, სადავო გადაცემის ეთერში გასვლამდე ერთი დღით ადრე, როგორც  დეკანის და სტუდენტების მხრიდან ჩადენილი ჯგუფური ძალადობის მტკიცებულება, სადაც ხელჩართული ჩხუბი დაახლოებით 40 წამს გრძელდება და ნათლად ჩანს ინციდენტში მონაწილე პირების ქმედებები და მათი ვინაობის მიმანიშნებელი ინიციალები.

“სათქმელში” ჩანაწერის სრული ვიდეო არ გაუშვიათ. ნაცვლად ამისა, რამდენჯერმე გაიმეორეს კადრები, სადაც ინციდენტის დასაწყისია ნაჩვენები, ჯამში 40 წამი. ეს დრო სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მაყურებელს ინციდენტი უფრო ვრცლად და დეტალურად ენახა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ ამ გადაცემამდე ერთი დღით ადრე გავრცელებული ვიდეოს პირველ 45 წამში სრულად ჩანს ფიზიკური დაპირისპირების დასაწყისი და დასასრული, თითოეულ მონაწილეს მითითებული აქვს  სახელ-გვარების ინიციალები და დაინტერესებულ პირს მარტივად შეუძლია გაიგოს.

საბჭოს წევრების შეკითხვების პასუხად, მოპასუხე ჟურნალისტმა განმარტა, რომ მას ხელი არ მიუწვდება მის საავტორო გადაცემაში ე.წ. გადაფარვის კადრების გაშვებასთან. “ამას წყვეტს გადაცემის რეჟისორი და პროდიუსერი,” - უთხრა მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საავტორო გადაცემის ავტორი აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებელია  მის გადაცემაში გავრცელებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე. თუ რაიმე მისგან დამოუკიდებლად ხდება და ეს ეთიკურ პრინციპებს ეწინააღდმეგება, ამის შესახებ წამყვანმა პირდაპირი ეთერის დროსვე უნდა გააკეთოს შესაბამისი განმარტება. თუ ირინა ყურუა მიიჩნევდა, რომ კადრების ამგვარად ეთერში გაშვება აუდიტორიის ინტერესს არღვევდა, მას  ამის გამოსწორებაზე იქვე, ეთერშივე, უნდა ეზრუნა.

გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემის ამ ეპიზოდშიც დაირღვა ქარტიის პირველი, სიზუსტის, პრინციპი. აუდიტორიამ, რომელმაც ვიდეო კადრები არასრულად, შესაბამისი განმარტებების გარეშე ნახა, ზუსტი ინფორმაცია ვერ მიიღო.

წამყვანის კიდევ ერთი სადავო  ფრაზაა: ,,დეკანი სიტუაციის განმუხტვას შეეცადა.” ირინა ყურუამ აუდიტორიას უთხრა, რომ ინციდენტი დაიწყო უნივერსიტეტის დერეფანში განმცხადებელ თეა ცაგუარიას და სტუდენტებს შორის დაპირისპირებით, სადაც დეკანი მამუკა ჯორბენაძე სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. ესეც გადამოწმებადი ფაქტია, რომელიც ჟურნალისტმა ეთერში ისე გაავრცელა, რომ სათანადოდ არ დაუზუსტებია.

ქარტიას განმცხადებელმა წარმოუდგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია ინციდენტი, თუმცა  ვიდეო უხმოა და ინციდენტის სრული შინაარსის გაგება შეუძლებელია. თუმცა ვიდეოში ჩანს, რომ დეკანი ინციდენტის აქტიური მონაწილე იყო. საბჭო მიიჩნევს, რომ ინციდენტის ამსახველი ამ ვიდეოდან არ დასტურდება, რომ ფრაზა, “დეკანი სიტუაციის განმუხტვას შეეცადა”   ზუსტია და  რეალობას ასახავს.


საბჭო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ჟურნალისტმა ამ ეპიზოდშიც არ გამოიჩინა სათანადო სიფრთხილე და აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც არ იყო შესაბამისად დაზუსტებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ირინა ყურუამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი და 12 დეკემბრის გადაცემა “სათქმელში” აუდიტორიას არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდა.

 

მეხუთე პრინციპი.

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

განმცხადებლის განმარტებით, წამყვანმა უგულებელყო თეა ცაგურიას და მისი მეუღლის ინტერესი, მათი პოზიცია ყოფილიყო ხელმისაწვდომი “სათქმელის” მაყურებლისთვის.

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს მე-5 პრინციპის დარღვევა დაუდგინდეს, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

 

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

 

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო გადაცემაში დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი.

 

ქარტიის სამდივნომ, თეა ცაგურიას განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა მოპასუხე ჟურნალისტს. მოპასუხე ჟურნალისტმა წარმოადგინა შესაბამისი შეპასუხება, რითიც დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ ამ სხდომამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე.

 

ამასთან, განმცხადებელმა საბჭოს დამატებით წარმოუდგინა განცხადება, რომლითაც მან საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოს მიმართა და რომლითაც ის მისი მეუღლის ინციდენტის ობიექტურ გაშუქებას და ეთერის დათმობას ითხოვდა.

 

მოპასუხე ჟურნალისტმა სხდომაზე დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ამ განცხადების შინაარსი და განმცხადებლის მიერ მასში გამოთქმული უკმაყოფილება.


აღნიშნული ადასტურებს, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ.

სადავო გადაცემიდან ერთი თვეზე მეტის გასვლის მიუხედავად, მოპასუხე ჟურნალისტს არც შესწორება გამოუქვეყნებია,  არც ახალი გადაცემა მოუმზადებია ამ თემის შესახებ, სადაც ყველა მხარის პოზიცია იქნებოდა ასახული და რომელიც იმ ხარვეზებს გამოასწორებდა რაც პირველ, სადავო გადაცემას ჰქონდა.

 

სადავო მასალა დღემდე პირვანდელი სახით არის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მითითება, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ქარტიის მე-5 პრინციპი დაარღვია.

 

 

მეშვიდე პრინციპი.

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ გადაცემის შემდეგ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო პირადი შეტყობინებების სახით, ასევე დაიწერა ღირსების შემლახველი კომენტარები. წამყვანმა წაახალისა აგრესია მის მიმართ.

 

მოპასუხე ჟურნალისტი განმარტავს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილი პროტესტს გამოხატავდა და ადრესატებისადმი არაკეთილგანწყობილ კომენტარებს მომხდარის გასაჯაროებისთანავე, 9 დეკემბრიდან, წერდა, მისი გადაცემა კი ეთერში  12 დეკემბერს გავიდა.

 

სხდომაზე განმცხადებელი მიუთითებდა, რომ გადაცემაში წამყვანმა წაახალისა აგრესია მის მიმართ და ხელი შეუწყო მისი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.

 

გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია დისკრიმინაციის ისეთი სახეა, როდესაც განსხვავებული მოპყრობის საფუძველი გენდერია და სწორედ ამ ნიშნით ხდება ადამიანების გამორჩევა თუ ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა თუ შესაძლებლობის შეზღუდვა.

 

გადაცემაში წამყვანის მხრიდან თეა ცაგურიას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. მისი მხრიდან არ მომხდარა განმცხადებლის რაიმე ნიშნით, მათ შორის გენდერულით, გამორჩევა და მისთვის რაიმე უფლების ან/და თავისუფლების შეზღუდვა, მით უმეტეს, მისი დისკრიმინაციის წახალისება.

 

ის, რომ თეა ცაგურიას პირადი შეტყობინებების სახით მუქარის შემცველი შეტყობინებები მისდიოდა და ღირსების შემლახველი კომენტარები დაიწერა,  ჟურნალისტ ირინა ყურუას ქმედებებს არ უკავშირდება და, სავარაუდოდ, იმ ინციდენტიდან გამომდინარეობს, რომელიც მას და მის ქმარს გადახდა.

 

არაფრით დასტურდება, რომ განმცხადებლის მიმართ აგრესიის მიზეზი სადავო გადაცემაში გამოთქმული ჟურნალისტის ფრაზები გახდა. საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო გადაცემაში ჟურნალისტის მხრიდან არ მომხდარა თეა ცაგურიას მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ანდა ამის წახალისება.

 

განმცხადებლისთვის გაგზავნილი პირადი შეტყობინებების და კომენტარების შეფასება კი ქარტიის საბჭოს მანდატს სცდება.

 

ამის გათვალისწინებით, საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში ქარტიის მეშვიდე პრინციპი არ დარღვეულა.

 

 

 

მერვე პრინციპი.

 

“ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.”

განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში გასულმა ინფორმაციამ მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა მის არასრულწლოვან შვილს.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში არ დარღვეულა ქარტიის მერვე პრინციპი.

ქარტიის ეს პრინციპი ისე უნდა განიმარტოს, რომ განხილვის სფეროში მოექცეს მხოლოდ ის მასალა, რომელიც უშუალოდ არასრულწლოვნებს ეხება. ამ პრინციპის მიზანი არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვაა, ვინაიდან ისინი ხშირად, სხვადასხვა გარემოების საფუძველზე, საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ქვეშ ექცევიან და არის შემთხვევები, როცა არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცია ისე საჯაროვდება მედიასაშუალების მიერ, რომ ამის ობიექტური ინტერესი და საჭიროება არ არსებობს. ასეთ დროს არსებობს რისკი, რომ არასრულწლოვნების შესახებ გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ლახავდეს და მომავალშიც შელახოს მათი ინტერესი.

ამ პრინციპის ფარგლებში, ქარტიის პრაქტიკა ისეთ შემთხვევებს მოიაზრებს, როდესაც სადავო მასალა პირდაპირ თუ ირიბად უშუალოდ არასრულწლოვანს ეხება.

განმცხადებლის მითითება, რომ გადაცემაში გასულმა ინფორმაციამ, მშობლების იდენტიფიცირებამ, მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა განმცხადებლის არასრულწლოვან შვილს, სამწუხარო ფაქტია, თუმცა, არ არის ამ პრინციპის განსჯის საგანი, ვინაიდან, ეს მის მეტად ფართო განმარტებას გამოიწვევდა და მერვე პრინციპის ქვეშ მოექცეოდა ყველა ის შემთხვევა, როდესაც განმცხადებლებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, რომელთა მშობლებზეც მცდარი, გადაუმოწმებელი თუ განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო მასალა არ ეხებოდა უშუალოდ განმცხადებლის არასრულწლოვან შვილს, გადაცემის წამყვანს ის არ უხსენებია და არ გაუკეთებია  რაიმე მინიშნება არასრულწლოვნების მიმართ, გადაცემაში ქარტიის მერვე პრინციპი არ დარღვეულა.

 

მეათე პრინციპი.

“ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”

განცხადების თანახმად, წამყვანმა განმცხადებლის, მისი მეუღლისა და მეგობრის  პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი) გაასაჯაროვა.

მოპასუხე ჟურნალისტის პოზიციის შესაბამისად, არც დეკანის, არც სრულწლოვანი სტუდენტების და მით უფრო - საჯარო მოხელის, მერიის თანამშრომლის, სახელებისა და გვარების გასაჯაროება არ წარმოადგენს შესაბამისი კანონით დაცულ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სტუდენტები და დეკანი 9 დეკემბერს დააკავეს, შესაბამისად, საქმეში მხარეების ვინაობა გასაჯაროებული იყო სადავო გადაცემის გასვლამდეც, სხვადასხვა საშუალებით.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში არ დარღვეულა ქარტიის მე-10 პრინციპი.

ქარტიის მე-10 პრინციპის ფარგლებში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ინტერესი: ერთი მხრივ, საზოგადოების წევრების უფლება, დაცული იყოს მისი პირადი ცხოვრება, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების უფლება, მიიღოს ინფორმაცია.

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, შესაძლებელია, პირის შესახებ ინფორმაცია გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების ინტერესს. თუმცა, საზოგადოებრივ ინტერესად არ შეიძლება ჩაითვალოს ცნობისმოყვარეობა და საზოგადოების სუბიექტური სურვილი, იცოდეს ამა თუ იმ ამბის შესახებ.

ქარტიის საბჭომ იმსჯელა, თუ რამდენად შეიძლებოდა მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდება პირადი ინფორმაციის გავრცელების გარეშე.

განმცხადებლის მხრიდან სადავოდაა გამხდარი წამყვანის მხრიდან მისი, მისი მეუღლისა და მისი მეგობრის სახელებისა და გვარების გასაჯაროება და მისი მეუღლის სამუშაო ადგილის აღნიშვნა.

საბჭომ დაადგინა, რომ გადაცემაში სახელებისა და გვარების გაჟღერება ემსახურება საჯარო ინტერესს, საზოგადოების ინფორმირებას. მაშინ, როდესაც ცნობილია ერთი მხარის ვინაობა, მაყურებელს უფლება აქვს იცოდეს, ვინ დგას ამბის მეორე მხარეს.

რაც შეეხება სამსახურეობრივი პოზიციის გაჟღერებას, მაყურებლისათვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ დაზარალებული მხარე საჯარო მოხელეა, რათა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისას ობიექტურ მაყურებელს ფაქტების განსასჯელად საკმარისი ინფორმაცია ჰქონდეს.

ამასთანავე, სადავო გადაცემა ეთერში გავიდა 12 დეკემბერს. აღნიშნული ინციდენტი იმ დრომდე სულ მცირე სამი დღის განმავლობაში შუქდებოდა და მასალების უმრავლესობაში ინციდენტში მონაწილე პირები უკვე იდენტიფიცირებულები იყვნენ და ირინა ყურუას მხრიდან დაზარალებულის ვინაობის დამალვა არ შეიძლება, რაიმე ლეგიტიმურ მიზანს მომსახურებოდა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო გადაცემაში ქარტიის მე-10 პრინციპი არ დარღვეულა.

 

მეთერთმეტე პრინციპი.

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

განმცხადებელი თეა ცაგურია მე-11 პრინციპის დარღვევას საკუთარ განცხადებაში შემდეგნაირად ასაბუთებდა:  “ირინა ყურუა გახლავთ ხელოვნების უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგი, იგი ლექციებს კითხულობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ბრალდებული ჯორბენაძე კი არის ამავე ფაკულტეტის პროგრამის ხელმძღვანელი და თანამშრომლისთვის აკადემიური სტატუსის მინიჭება და კარიერული წინსვლა ხდება მისი ინიციატივით და დიდწილად მასზეა დამოკიდებული. ყურუა და ჯორბენაძე ურთიერთდაქვემდებარებაში არიან, ამ ფაქტების გათვალისწინებით იკვეთება ყურუას პირადი დაინტერესება მისი ხელმძღვანელი ისე წარმოაჩინოს, რომ მიიღოს ამით შემდგომში სარგებელი, რისთვისაც პირადი გამორჩენის მიზნით გამოიყენა ტელევიზია და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.”

 

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ქარტიის მე-11 პრინციპი დაირღვა.

 

ქარტიის პრაქტიკით, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის აუცილებელი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა.

 

 

საბჭომ მიიჩნია, რომ წამყვანის მიკერძოებული ტექსტებით, ვიდეო ფრაგმენტის არასრული ჩვენებით, ინფორმაციის დაზუსტებისთვის მეორე მხარესთან არ დაკავშირებით, ირინა ყურუამ ქარტიის პირველი პრინციპი არაერთგზის დაარღვია.

 

პირველი პრინციპისგან განსხვავებით  მე-11 პრინციპის დადგენისთვის საბჭო ყოველთვის იკვლევს მოტივს.

 

პირველი პრინციპი, შესაძლოა, ჟურნალისტმა დაარღვიოს შემთხვევით, უყურადღებობით, პროფესიონალიზმის ნაკლებობით, ანდა რაიმე სხვა ტიპის დაუდევრობით. ხოლო თუ საბჭო დარწმუნდება, რომ პირველი პრინციპის დარღვევა მრავალჯერადია, ამას აქვს გარკვეული მოტივი, ეს განპირობებულია რაიმე ტიპის მიკერძოებით, მაშინ საბჭო მე-11 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს.

 

განსახილველ მასალაში ირინა ყურუამ გადაუმოწმებულ ფაქტებზე დაყრდნობით უთხრა აუდიტორიას, რომ დეკანს ჯგუფურ ძალადობას აბრალებდნენ, პროვოკაცია მოუწყვეს,  დეკანი ინციდენტის განმუხტვას ცდილობდა. ყველა ეს განცხადება ჟურნალისტის მხრიდან გადამოწმებას ექვემდებარებოდა და შინაარსობრივად ფაქტებს წარმოადგენდა.

 

ამ სადავო ფრაზების ერთობლიობით მაყურებელს ჩამოუყალიბდა მცდარი, დაუზუსტებელი წარმოდგენა მოვლენაზე, რომელიც ჟურნალისტმა ისე გააშუქა, რომ პატივი არ სცა აუდიტორიას და ინფორმაციის სათანადოდ გადამოწმება არ სცადა.

 

აუდიტორიისადმი უპატივცემულობით, მოპასუხე ჟურნალისტმა გაავრცელა ფაქტები, რომლებიც ქარტიის დადგენილ გადამოწმების ელემენტარულ ორი წყაროს პრინციპს არ დაუქვემდებარა, ინფორმაციის დაზუსტება მეორე მხარესთანაც კი არ სცადა.

ჰქონდა თუ არა  მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტის ამ ქმედებას მოტივი? საბჭო საკითხის განხილვისას, მოპასუხე ჟურნალისტისთვის დამაზუსტებელი შეკითხვების დასმით, მივიდა დასკვნამდე, რომ ყურუას ამ გადაცემის ამ ფორმით მომზადებისას ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი და მოტივი - მრავალწლიანი მეგობრული და სამსახურებრივი ურთიერთობა ბრალდებულ დეკანთან, მამუკა ჯორბენაძესთან, და განზრახ მიკერძოებული ტექსტების ეთერში გავრცელება ამ ურთიერთობით იყო განპირობებული.

 

საბჭოს წევრებთან ირინა ყურუამ განმარტა, რომ ბრალდებული დეკანი წლებია, არის მისი მეგობარი და რომ მასთან აკავშირებს ასევე პროფესიული საქმიანობა (მამუკა ჯორბენაძე არის იმ პროგრამის ხელმძღვანელი, რომელშიც ირინა ყურუა მუშაობს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, როგორც პროგრამის თანახელმძღვანელი).

 

აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ირინა ყურუას მიერ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია, ნაცვლად გადამოწმებული ფაქტებისა, ეფუძნებოდა მის სუბიექტურ, მიკერძოებულ პირად დამოკიდებულებას ბრალდებულ მამუკა ჯორბენაძისადმი, რის შესახებაც მას მაყურებლისათვის არაფერი უთქვამს.


საბჭო მიიჩნევს, რომ მიუკერძოებელ, ეთიკური პრინციპების პატივისმცემელ ჟურნალისტს მსგავსი ინტერესთა კონფლიქტის დროს ან უარი უნდა ეთქვა მეგობრის შესახებ გადაცემის მომზადებაზე, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, მაყურებლისთვის გადაცემის დაწყებისთანავე უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ბრალდებული დეკანი მისი მეგობარი,  მისი პროგრამის ხელმძღვანელი იყო და რომ ის, შესაძლოა, მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას ბოლომდე ობიექტური ვერ ყოფილიყო
.

 

ეთიკური ჟურნალისტიკა მეტწილად ჟურნალისტის კეთილსინდისიერებას ეფუძნება. არ არსებობს წინასწარ, მათემატიკური სიზუსტით გაწერილი წესები, რა სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი. მისი ქმედების მთავარი ამოსავალი უნდა იყოს გულწრფელობა და პასუხისმგებლობა საკუთარი აუდიტორიის მიმართ.

საბჭოს სხდომაზე მოპასუხე ჟურნალისტმაც გაიზიარა მოსაზრება, რომ მისი აუდიტორია იმსახურებდა წინასწარ სცოდნოდა ბრალდებულ დეკანთან მისი ახლობლობის შესახებ. ეს ინფორმაცია მაყურებელს მის მიერ აღწერილ მოვლენებს სხვაგვარად დაანახებდა.


ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია მე-11 პრინციპი, ფაქტების განზრახ დამახინჯების ნაწილში.

 

 

 

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ირინა ყურუამ ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპები დაარღვია. არ დაურღვევია მეშვიდე, მერვე და მეათე პრინციპები.

 

 

 

 

სადავო მასალა

 

ძირითადი განცხადება

 

განცხადება (გაგრძელება)

 

შეპასუხება ძირითად განცხადებაზე

 

შეპასუხება განცხადების დამატებით ნაწილზე

 

განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოდგენილი მასალები

29.04.2025

6 მარტი, 2025 წელი

 

 

საქმე N-776

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, თიკო დავაძე.

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მარიამ სამხარაძემ 24news.ge-ს ხელმძღვანელის, აზერ მამედოვის, წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარემ წარმოადგინა თავისი შეპასუხება.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში. სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი მარიამ სამხარაძე.

 

მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.

 

განცხადების განხილვას დაესწრო საბჭოს წევრი ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თუმცა მან გამოიყენა თვითაცილების მექანიზმი ინტერესთა კონფლიქტის მოტივით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო ვიდეო 24news.ge-ს ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 4 იანვარს გამოქვეყნდა.

 

მოპასუხე მედიამ აზერბაიჯანული ტელევიზიის Baku TV-ის ერთ-ერთი გადაცემიდან ამოჭრა და გაავრცელა მოკლე ვიდეო.

 

ამ ვიდეოში მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ვიდეოში მოხსენიებული “USAID-ის მარნეულის ოფისად”) დადანაშაულებულია, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას, არჩევნებში ჩართულობისა და პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით აფინანსებს.

 

აღნიშნული ვიდეო 24news.ge-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულია შემდეგი აღწერით: “Baku TV-ის ჟურნალისტმა ისმაილ იაშაროღლუმ აზერბაიჯანლებზე საქართველოში პროტესტის გამომწვევი სადავო განცხადებები გააკეთა.”

 

განმცხადებელი, რომელიც მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორია, მიიჩნევდა, რომ მასალაში გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია, რომ “თითქოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისი რაიმე ფორმით ჩართულია მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასა და ამ მიზნით მათ ფინანსურ წახალისებაში”.

 

მოპასუხე მხარის პოზიციით, მათ ქარტიის პრინციპები არ დაურღვევიათ, ვინაიდან სადავო ვიდეო მომზადებულია აზერბაიჯანის ტელევიზიის (BAKU TV)-ს მიერ. მათ სიუჟეტის ის ნაწილი ამოჭრეს და გაავრცელეს, რომელშიც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები იყვნენ მოხსენიებულნი.


მათი განმარტებით, ტექსტზე გაკეთებულია აღნიშვნა "აზერბაიჯანის ტელევიზიამ BAKU TV-მ მოამზადა სიუჟეტი, რომელიც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების მხრიდან პროტესტს გამოიწვევს",  რაც მიუთითებს, რომ მასალა მათი მომზადებული არ არის და, გამომდინარე აქედან, არ მიიჩნევენ, რომ ეთიკური პრინციპები დაარღვიეს.

 

 

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო ვიდეოში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

გავრცელებული ინფორმაციის ეთიკურ პრინციპებთან შესაბამისობაზე საკუთარი აუდიტორიის წინაშე პასუხს აგებს 24news.ge, მაშინაც კი, თუკი მის მიერ გავრცელებული ვიდეო ან სტატია მომზადებულია სხვა მედიის მიერ.

 

2025 წლის 4 იანვარს 24news.ge-ს მიერ გავრცელებული ვიდეო ფრაგმენტი ეხება საქართველოში ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მასში ნათქვამია, რომ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისი მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით აფინანსებს.

 

საქართველოში არსებული ვითარებისა და ფონის გათვალისწინებით, ვიდეოზე მხოლოდ მცირე აღწერის გაკეთება, რომ სიუჟეტი “აზერბაიჯანელების მხრიდან პროტესტს გამოიწვევს”, არ არის საკმარისი.

 

ვიდეო ფრაგმენტი და მასზე 24news.ge-ს მიერ გავრცელებისას გაკეთებული მინაწერი, ვერ აწვდის აუდიტორიას ზუსტ და გადამოწმებულ ინფორმაციას და, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს ნეიტრალური მაყურებელი, რომელსაც ამ საკითხზე ინფორმაცია, შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც 24news.ge-მ შეიტყო, რომ აზერბაიჯანულმა ტელევიზიამ მოამზადა მასალა, რომელიც მათი აუდიტორიისთვის საინტერესო იყო, მას ეს მასალა ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტების გათვალისწინებით უნდა გაევრცელებინა.


24news.ge-ს უნდა მიემართა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლისთვის, დაესვა შეკითხვები და მისი პასუხები მომზადებულ მასალაში უნდა აესახა.

 

24news.ge-ს ყველა შესაძლო გზით უნდა ეცადა ინფორმაციის გადამოწმება, უნდა გაერკვია, მართლაც ჰქონდათ თუ არა მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანლებს ფინანსური მხარდაჭერა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან და, თუ ჰქონდათ, რა მიზნით.


24news.ge-ს შეეძლო ინფორმაცია გადაემოწმებინა თავად აზერბაიჯანული ტელევიზიის ჟურნალისტთან, ეკითხა მისთვის, თუ რას ეყრდნობოდა მასალაში გაჟღერებული ბრალდება.


გამოქვეყნებულ მასალაში არ ჩანს 24news.ge-ს მინიმალური მცდელობა, გადაემოწმებინა ინფორმაცია და მაყურებლამდე ის დაზუსტებული სახით მიეტანა , რითაც მან პატივი არ სცა აუდიტორიას.

 

საბჭოს მიაჩნია, რომ მსგავსი, გადაუმოწმებელი, სახით მასალების ტირაჟირებას თან ახლავს უარყოფითი შედეგები. მნიშვნელოვანია, მედიამ წინდახედულობა გამოიჩინოს, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

 

 

 

მეხუთე პრინციპი.

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

 

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

 

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი.

 

ქარტიის სამდივნომ მარიამ სამხარაძის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა მოპასუხე მხარეს.

 

ამასთან, განმცხადებელმა საბჭოს დამატებით წარმოუდგინა მიმოწერის ამსახველი “სქრინები”, რომლიდანაც ირკვევა, რომ მასალების გამოქვეყნებიდან მალევე, კერძოდ 8 იანვარს, მან გამოხატა პრეტენზია გავრცელებული ინფორმაციის უზუსტობასთან დაკავშირებით და მოპასუხე მედიისგან რეაგირება ითხოვა.

 

აღნიშნული ადასტურებს, რომ 24news.ge-სთვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც იძლეოდა საფუძველს არაზუსტი ინფორმაცია შესწორებისთვის, ეს კი არ მომხდარა.

 

სადავო მასალა დღემდე პირვანდელი სახით არის ხელმისაწვდომი 24news.ge-ს ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მითითება, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აზერ მამედოვმა ქარტიის მე-5 პრინციპი დაარღვია.

 

 

 

 

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, აზერ მამედოვმა ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები დაარღვია.

 

 

 

სადავო მასალა

 

სადავო მასალის თარგმანი

 

განცხადება

 

შეპასუხება

 

 

29.04.2025

25 იანვარი, 2025 წელი

 

 

საქმე N-774

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე.

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს თინა ცომაიამ და ნინო ივანიშვილმა ტელეკომპანია “პირველი არხის” წამყვანის, მაკა ცინცაძის, წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ჰიბრიდულ ფორმატში. სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი თინა ცომაია.

 

სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო გადაცემა - “მოამბის საგანგებო ეთერი”, “პირველ არხზე” 2024 წლის 15 დეკემბერს გავიდა.

 

განმცხადებლების მხრიდან სადავოდ იყო გამხდარი რესპონდენტ ირაკლი ფიფიასთან დისკუსიაში წამყვანის გამონათქვამები და შეფასებები.

 

გადაცემაში მარინე ჩიტაშვილთან ერთად მიწვეული იყო ირაკლი ფიფია, როგორც დაზარალებული, რომელსაც პოლიცია, აქციაზე დაკავების შემდეგ, ფიზიკურად გაუსწორდა. გადაცემაში მას სწორედ ამ ამბავზე უნდა ესაუბრა.

 

 

მაკა ცინცაძის სადავო ფრაზები:

 

ირაკლი ფიფია ჰყვებოდა მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ და ხსნიდა, თუ რატომ იყო აქციაზე. ის ამბობს: “სწორედ ევროპული საზოგადოებები და სწორედ შეერთებული შტატების USAID-ის პროექტები იყო, რომელმაც ჯვრის მონასტერი გადაარჩინა, რომელმაც ჯრუჭის ოთხთავი გადაარჩინა…”

 

წამყვანი პასუხობს: ”ირაკლი, ფასეულობებზე აუცილებლად ვრცლად უნდა ვისაუბროთ...”

 

ირაკლი ფიფიას პასუხმა, რომ ამაზე უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო საუბარი, გამოიწვია წამყვანის გაღიზიანება, რასაც შემდგომ, დიალოგში, მოჰყვა წამყვანის შემდეგი ფრაზები:

 

ნუ ვაკადრებთ ტყუილებს ჩვენს მაყურებელს”;

 

“ყველა ვემიჯნებით ძალადობას, ეს იქნება თქვენი მისამართით, თუ ეს იქნება, მათ შორის, პოლიციელების მისამართით, რაც თქვენ არ მოგეწონებათ;

 

“არასერიოზულია, ძალიან არასერიოზულია”;

 

ეს არ არის სიმართლე. ეს არის აბსოლუტური ტყუილი”;

 

“თუ თქვენ არ გაქვთ ნანახი ამ დრომდე, ეს ჩემი პრობლემა არ არის”;

 

“როგორც ჩანს, არ უყურებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. მონიტორინგს აწარმოებთ?”;

 

“ისევე როგორც ჩვენ გაფინანსებთ ჩვენი ჯიბეებიდან, როდესაც მუშაობთ სხვადასხვა უწყებებში“;

 

არა! არ დაასრულებთ! მე გკითხავთ და პარალელურ რეჟიმში გააგრძელებთ!”;

 

„იმყოფებით ჩემთან სტუდიაში!“;

 

“ესეც უნდა იცოდეს ჩემმა მაყურებელმა, აუცილებლად, მათ შორის, დღეს თქვენმა მაყურებელმაც”;

 

“შავი სიები ჰქონდათ, მოგვეცით სიები, შავი სიები, მაინტერესებს თქვენი სიებიც, რა”;

 

“პარალელურ რეჟიმში მეუბნებით, რომ ევროპისკენ მიდიხართ?!”;

 

“გასაგებია, ბატონო, ვგმობთ ამ ძალადობას”;

 

“ეს ფორმატიც არ მომწონს”;

 

“ირაკლი კობახიძეს აქვს არაერთი განცხადება გაკეთებული, რომ მზად იყო, ნებისმიერ ჯგუფს… შინაარსში რომ არ შედიოდით, თქვენ არ იყავით?!”;

 

“პრობლემა არ არის ის, რომ მლანძღოთ”;

 

“არ მომწონს, ის რასაც ჰყვებით, ასევე არ მომწონს მამა შალვასთან რომ მივიდა გარკვეული ჯგუფი”.



პირველი პრინციპი

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ გადაცემაში მაკა ცინცაძის მხრიდან მრავალგზის იყო წახალისებული ძალადობა, როდესაც ის თავისუფალი მოქალაქეების წამებას ტოლობის ნიშანს უსვამდა პოლიციელების მიმართ დაუდასტურებელი ძალადობის შემთხვევებს (აღსანიშნავია, რომ ამ გადაცემაში მას არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია, სადაც ჩანდა პოლიციელების მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა). მაკა ცინცაძემ წარმოაჩინა თავისი თავი პირველი არხის” დამცველად, როდესაც ის ხოტბას ასხამდა არხს და მის ადმინისტრაციას, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, და განსაკუთრებით ჟურნალისტები, პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი უნდა იყვნენ.”

 

განსახილველი გადაცემა ეთერში გავიდა იმ დროს, როცა  საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილისთვის ეთერის გახსნა იყო, რომელიც ,,ქართული ოცნების”  ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდა.
ამ კონტექსტით შეირჩნენ ამ გადაცემის სტუმრები, მათ შორის ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია. სპეციალური ეთერის სტუმრებს მაუწყებელს იმ დროს საინიციატივო ჯგუფი სთავაზობდა.

 

ჯგუფის გაცხადებული მიზანი იყო, რომ აუდიტორიას ხალხის კუთვნილი და დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან  საპროტექსტო აქციის შესახებ ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.


ქარტიის საბჭოს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ჟურნალისტმა მაკა ცინცაძემ სტუმრის ვინაობა ეთერამდე რამდენიმე საათით ადრე იცოდა.

 

ირაკლი ფიფია ამ ეთერამდე თითქმის ორი კვირით ადრე, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე საპროტექსტო აქციებში მონაწილეობის დროს დააკავეს და, როგორც თვითონ ჰყვებოდა, სამართალდამცავებმა გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

მაკა ცინცაძის ეთერამდე ფიფიას მისი ცემის შესახებ სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის ჰქონდა მონათხრობი და ინტერნეტში იძებნებოდა ფოტოები, სადაც მის სხეულზე მძიმე დაზიანებების კვალიც ჩანს.


ამ გარემოებების გაცნობით, საბჭო დარწმუნდა, რომ მაკა ცინცაძეს, დაინტერესების შემთხვევაში, შეეძლო გადაცემის ეთერში გასვლამდე მოეძიებინა ინფორმაცია ირაკლი ფიფიას დაკავების შესახებ, რათა საკუთარი აუდიტორიისთვის მაქსიმალურად მრავალმხრივი, გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდებინა.

ნაცვლად ამისა, მაკა ცინცაძემ პატივი არ სცა საკუთარ აუდიტორიას, მაყურებელს ფიფიას შესახებ არანაირი დამატებითი ინფორმაცია (ფოტოები, კადრები) არ შესთავაზა და კონფლიქტში, დაპირისპირებაში შევიდა სტუმართან.

მისი კითხვები იყო ცინიკური, არარელევანტური და შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი კი არა, ხელისუფლების წარმომადგენელი ოპონირებდა განსხვავებული აზრის მქონე სტუმართან.

 

წამყვანმა არ სცადა, დაეკმაყოფილებინა მაყურებლის ინტერესი სტუმრის საქმესთან დაკაშირებით, არ დასვა ელემენტარული შეკითხვები - დაიწყო თუ არა გამოძიება მის მიმართ სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებაზე, მიანიჭეს თუ არა მას დაზარალებულის სტატუსი, ჩაუტარდა თუ არა მას სამედიცინო ექსპერტიზა და რა ხარისხის დაზიანებები დაუდასტურდა, დაუბრუნეს თუ არა მას წართმეული ნივთები, შეეძლო თუ არა მას მოძალადე პოლიციელების ამოცნობა და ა.შ.

 

გადაცემის წამყვანმა გადაცემის განმავლობაში, რომელიც საათი და 13 წუთი გრძელდებოდა, არ აჩვენა ფიფიას ანდა  აქციებზე დაშავებული სხვა მოქალაქეების ფოტო და ვიდეო მასალა. არადა, იმ დროისთვის დაახლოებით 100-მდე პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა დააკავეს.

 

გადაცემის წამყვანმა აუდიტორიას არ მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების ქმედებების შესახებ. წამყვანს გადაცემის დაწყებამდეც შეეძლო მოეგროვებინა ინფორმაცია სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ, დაეზუსტებინა, შეუჩერდა თუ არა სამსახურებრივი უფლებამოსილება რომელიმე სამართალდამცავს იმ ფონზე, როცა ათეულობით მოქალაქე ჰყვებოდა, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცავები მათ მანქანებში უსწორდებოდნენ.

 

ამ და სხვა გარემოებების დაზუსტების ნაცვლად, გადაცემის წამყვანი ,,თავს დაესხა” სტუმარს და გადაცემის დიდი ნაწილი “საქმის გარჩევის” ფორმატში წაიყვანა. წამყვანი სტუმარს უმტკიცებდა, რომ “პირველი არხი” ინფორმაციას პროტესტის, ევროპული და ამერიკული დახმარებების შესახებ პირუთვნელად აშუქებდა, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე წყარო, მტკიცებულება, გარდა საკუთარი შეფასებებისა, აუდიტორიისთვის არ მიუწოდებია.

 
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ სტუმრის მხრიდან გამოხატულმა კრიტიკამ წამყვანის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მისი აგრესიული ტონი და მიმართვა დაერთო.

წამყვანმა ფიფია ტყუილში დაადანაშაულა ისე, რომ საკუთარი მაყურებლისთვის არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სტუმარი ცრუობდა.

 

ამ ყველაფრის ფონზე, იმის ნაცვლად, რომ ირაკლი ფიფიას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ესაუბრა, გადაცემა მეტწილად “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საქმიანობის შესახებ კამათს მიეძღვნა.

 

ნეიტრალური მაყურებლისთვის გადაცემა არ ქმნის ცხად და ამომწურავ სურათს ირაკლი ფიფიას მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. წამყვანმა მისი პრობლემა არ წარმოაჩინა სრულად და სათანადოდ არ მიიტანა ფიფიას ამბავი მაყურებლამდე. ამის ნაცვლად, ის აგრესიულ ფორმატში უწევდა ოპონირებას რესპონდენტს და აწყვეტინებდა საუბარს შემდეგი სიტყვებით: არა! არ დაასრულებთ! მე გკითხავთ და პარალელურ რეჟიმში გააგრძელებთ!” „იმყოფებით ჩემთან სტუდიაში!“.

 

გადაცემაში ცალსახად იკვეთება, რომ წამყვანი მიკერძოებულია, ის არ არის ობიექტური და რესპონდენტთან დიალოგისას კონკრეტულ მხარეს წარმოადგენს. მაკა ცინცაძე აქტიურად აჟღერებდა “ქართული ოცნების” ნარატივებს და მესიჯებს, რომლებიც მიმდინარე აქციებისა და პროტესტის დემონიზებას ემსახურება და იყენებდა მათ ტერმინოლოგიას. კერძოდ, ის ამბობს: “პარალელურ რეჟიმში მეუბნებით, რომ ევროპისკენ მიდიხართ?!”;

 

“ირაკლი კობახიძეს აქვს არა ერთი განცხადება გაკეთებული, რომ მზად იყო, ნებისმიერ ჯგუფს… შინაარსში რომ არ შედიოდით თქვენ არ იყავით?!”;

 

ამ განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს მისი შემდეგი სიტყვები: “ყველა ვემიჯნებით ძალადობას, ეს იქნება თქვენი მისამართით, თუ ეს იქნება, მათ შორის, პოლიციელების მისამართით, რაც თქვენ არ მოგეწონებათ”;

 

“ესეც უნდა იცოდეს ჩემმა მაყურებელმა აუცილებლად, მათ შორის, დღეს თქვენმა მაყურებელმაც.”

 

წამყვანის ამ ფრაზებიდან ნათლად ჩანს, რომ ის ნეიტრალურობის ვალდებულებას  არღვევს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მიკერძოებული და აგრესიული პოზიციით, არასრული და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებით, მაკა ცინცაძემ აუდიტორიას არ სცა პატივი და ქარტიის პირველი, სიზუსტის, პრინციპი დაარღვია.

 

მეშვიდე პრინციპი.

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

 

განცხადებაში გამოხატული პოზიციის თანახმად, როცა წამყვანი რესპონდენტს განუწყვეტლივ აწყვეტინებდა და მატყუარას” უწოდებდა, ირიბად სხვა დაზარალებულებსაც უგზავნიდა გზავნილს, რომ ისინიც მატყუარები არიან.

 
მაკა ცინცაძემ გადალახა პიროვნების პატივისცემის საზღვრები, როდესაც ეპაექრებოდა ამ ეთერის სტუმარს, დაზარალებულ ირაკლი ფიფიას, და არ აძლევდა საშუალებას, თავისუფლად გამოეხატა აზრი. მან ვერ მოახერხა რესპონდენტისთვის თავისუფალი სასაუბრო გარემოს შექმნა, რესპონდენტის გამოცდილების დადებით ასპექტებზე ფოკუსირება. პირიქით, მტრული გარემო შექმნა რესპონდენტისათვის იმით, რომ ხმას აუწია, “მატყუარა” უწოდა რესპონდენტს, არ დააცადა აზრის გამოხატვა და ჩაითრია შეურაცხმყოფელ დისკუსიაში. სავარაუდოდ, ამ დროს ის არ ფიქრობდა რესპონდენტის რეტრავმატიზაციის რისკზე.”

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მსგავსი სახით საკითხის გაშუქება იწვევს ძალადობის მსხვერპლთა დისკრიმინაციას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზაციას.

 

პირდაპირი დისკრიმინაციის ერთ-ერთი გამოხატულებაა ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

 

ფრაზებით: “ყველა ვემიჯნებით ძალადობას, ეს იქნება თქვენი მისამართით, თუ ეს იქნება, მათ შორის, პოლიციელების მისამართით, რაც თქვენ არ მოგეწონებათ” და “გასაგებია ბატონო, ვგმობთ ამ ძალადობას” - წამყვანი ცდილობს, წამების მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეები გააიგივოს პოლიციელებთან, რომლებიც შესაბამისი სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი ფიზიკური მომზადებით გამოდიან აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და შემდეგ სცემენ მოქალაქეებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უკვე დაკავებულები, შებოჭილები არიან და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.

 

გადაცემის წამყვანი ამ რეალობაში ერთ სიბრტყეზე აყენებს აქციის მონაწილეთა და სამართალდამცავების ქმედებებს და ორივე მხრიდან ძალადობის დაგმობაზე საუბრობს, რაც სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი მძიმე დანაშაულების გაუბრალოებას ემსახურება.


წამყვანი ცდილობს, გაათანაბროს დაშავებული ათეულობით მოქალაქის და პოლიციელის ქმედებების სიმძიმე. ეს იმ ფონზე, როდესაც არცერთი მოძალადე სამართალდამცავი დასჯილი არ არის.


წამყვანი მისი ეთერში ქცევით, ფრაზებით, ტონით საფრთხის შემცველ გზავნილს უგზავნის იმ ადამიანებს, რომლებიც, ირაკლი ფიფიას მსგავსად, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ და მათი შემთხვევის ობიექტურ გამოძიებას უშედეგოდ ითხოვენ.

 

საერთაშორისო ორგანიზაციები პროევროპული აქციების დროს პოლიციელების ძალადობას მოქალაქეებზე წამებად აფასებენ და აღიარებენ.

 

ძალადობისა და წამების მსხვერპლი ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებისაგან სტიგმატიზებული, რაც მასში სულიერ ტანჯვას იწვევს და აღვიძებს განცდილ ემოციებს. დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში გავრცელებული მიკერძოებული დამოკიდებულებები, რომლებიც მსხვერპლთა რეაბილიტაციას ეწინააღმდეგება, ხშირად დაზარალებულთა იზოლაციას და მათ გარიყვას იწვევს. ადამიანები ხშირად მსხვერპლს დამნაშავედ აღიქვამენ, მას ბრალს სდებენ იმაში, რომ თავის დაცვა ვერ შეძლო ან სისუსტე გამოიჩინა და ძალადობის მიზეზს მასში ეძებენ.

 

ამ ფონზე მედიას კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, საზოგადოებას ისე მიაწოდოს ინფორმაცია, რომ არ გამოიწვიოს ძალადობისა და წამების მსხვერპლის სტიგმატიზაცია, არ შეუწყოს ხელი მის დისკრიმინაციას და ის სიძულვილის სამიზნედ არ  აქციოს. ჟურნალისტი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული და იცოდეს, როგორ წარმართოს ინტერვიუ წამების მსხვერპლთან ისე, რომ არ გამოიწვიოს მისი რეტრავმირება. სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელმძღვანელო წესები მედიისთვის ერთ-ერთ ამოსავალ პრინციპად ადგენს, რომ “მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას.”

 

გადაცემაში ნათლად ჩანს, რომ მაკა ცინცაძე გაღიზიანებულია რესპონდენტის მხრიდან მაუწყებლის კრიტიკით, რის გამოც ის აგრესიას გამოხატავს ირაკლი ფიფიას მიმართ და მას თავდაცვის რეჟიმში ყოფნას აიძულებს. ამ ქცევით ის მტრულ გარემოს ქმნის ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც, ფიფიას მსგავსად, სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ და შესაძლოა არ მოწონდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა..


მათ, შესაძლოა, აღარ გაუჩნდეთ  სურვილი, მივიდნენ გადაცემებში და ჟურნალისტებს და მაყურებელს საკუთარი ამბავი გაუზიარონ.

 

საბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მედია, შესაძლოა, მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე არ იფიქრებს. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური განწყობებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მაკა ცინცაძემ მის მიერ რესპონდენტის მიმართ გამოხატული პოზიციითა და დამოკიდებულებით ხელი შეუწყო სამართალდამცავთა მიერ აქციებზე დაზარალებული მოქალაქეების დისკრიმინაციას და მათ სტიგმატიზაციას.

რითიც მან დაარღვია ქარტიის  მეშვიდე პრინციპი.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი.

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

განმცხადებლები უთითებენ, რომ “იმ დროს, როდესაც მისი რესპონდენტი, ირაკლი ფიფია, საუბრობდა სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ გამოხატულ მძიმე დანაშაულსა და სისასტიკეზე, ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტს რესპონდენტისთვის მოესმინა და სხვა მტკიცებულებებით გაემყარებინა საუბარი, ის, მიკერძოებულად, რესპონდენტს ტყუილში ადანაშაულებდა.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა, რაც მოხდა კიდეც მოცემულ შემთხვევაში. საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპიც დარღვეულია.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ მაკა ცინცაძის ქმედებები არ არის მხოლოდ უნებლიე ჟურნალისტური შეცდომა და მასში განზრახულ მოქმედებას ხედავს.

 

საბჭომ ზემოთ უკვე დაადგინა, რომ წამყვანი არ იყო ობიექტური და ის მაუწყებლის წინააღმდეგ გამოხატული კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობდა. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამძაფრებს მისი ქმედებები, როდესაც ის ირაკლი ფიფიას სათქმელს აგრესიულად აწყვეტინებს.

 

მისი მიზანია, არ მივიდეს მაყურებლამდე რესპონდენტის ამბავი, ვინაიდან, როგორც თავადაც ამბობს, მას ეს ფორმატი არ მოსწონს:

“ეს ფორმატიც არ მომწონს”  - არ მოსწონს შერჩეული სტუმრები და ამ ფორმით გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას. ეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა იმ ფონზე, როდესაც დღეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში აღარ ისმის პროტესტის ხმა და საგანგებო ეთერი შეწყვეტილია.

 

მაკა ცინცაძე აქტიურად შედის დებატებში რესპონდენტთან და უპირისპირდება მას, როგორც ოპონენტს. ის, ნაცვლად იმისა, რომ რესპონდენტის ამბავს მოუსმინოს, აგრესიულ ფორმატში აგრძელებს ეთერს. წამყვანი კონკრეტული ფრაზებით მიზანმიმართულად ცდილობს, ირაკლი ფიფიას არგუმენტები გაანეიტრალოს და საკუთარი მესიჯები გაავრცელოს:

“ისევე როგორც ჩვენ გაფინანსებთ ჩვენი ჯიბეებიდან, როდესაც მუშაობთ სხვადასხვა უწყებებში“;

“არ მომწონს ის, რასაც ჰყვებით, ასევე არ მომწონს მამა შალვასთან რომ მივიდა გარკვეული ჯგუფი”;

“ირაკლი კობახიძეს აქვს არაერთი განცხადება გაკეთებული, რომ მზად იყო, ნებისმიერ ჯგუფს… შინაარსში რომ არ შედიოდით, თქვენ არ იყავით?!”

გადაცემის წამყვანი აუდიტორიას უმალავს, არ აწვდის სრულ ინფორმაციას აქციებზე მოქალაქეების დაშავების და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების შესახებ.


მაკა ცინცაძე არ სვამს კრიტიკულ შეკითხვებს ხელისუფლების, სამართალდამცავი სისტემის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის შესახებ.

 

წამყვანი აუდიტორიას არ უჩვენებს აქციაზე დაშავებული ირაკლი ფიფიას და სხვა მოქალაქეების მძიმე დაზიანების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას.

 

მაკა ცინცაძე, როგორც ზემოთაც არერთხელ აღინიშნა, განსახილველ გადაცემაში იქცევა როგორც მხარე, ის არ არის ნეიტრალური და მიზანმიმართულად ცდილობს “ქართული ოცნების” მესიჯებისა და ნარატივების გავრცელებას.

 

გადაცემის წამყვანის გზავნილების შინაარსი თანხვედრაშია “ქართული ოცნების” ხელისუფლების იმდროინდელ გზავნილებთან და საბჭოსთვის აშკარაა, რომ ის ამას აკეთებს განზრახ და მიზანმიმართულად.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მაკა ცინცაძემ ქარტიის მე-11 პრინციპიც დაარღვია.

 

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

მაკა ცინცაძემ ქარტიის პირველი, მეშვიდე და მე-11 პრინციპები დაარღვია.

 

 

 

განცხადება

 

სადავო მასალა

 

დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია წამების შესახებ

 

 

10.04.2025

25 იანვარი, 2025 წელი

 

 

საქმე N- 770

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა კახა კუკავამ “სფერო ტვ”-ის ჟურნალისტის თათია არაბიძის წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია. ქარტიის სამდივნომ განხილვასთან დაკავშირებული ყველა მასალა გააგზავნა “სფერო ტვ”-ის წარმომადგენლის მიერ დადასტურებულ, მოქმედ ელექტრონულ მისამართზე.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში. სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი კახა კუკავა.

 

სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო მასალა 2024 წლის 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა სათაურით: “გაერთიანება ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა - დღეს, იურისტებმა მევახშესთან ალიანსში მყოფი, პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს”.

 

განმცხადებლის პოზიციით, ადგილი აქვს ჟურნალისტის მხრიდან არაზუსტი, განზრახ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას.

 

თათია არაბიძის სადავო ფრაზები:

 

“იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანების იურისტებმა … მევახშესთან ერთად ალიანსში მყოფი პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს.”

 

“იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს კახა კუკავას ალიანსს მევახშესთან.”

 

 

 

პირველი პრინციპი.

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

სადავო სიუჟეტი ეხება მევახშეობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მასში საუბარია, რომ “იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანების” იურისტებმა “მევახშის” წარმომადგენელი კახა კუკავა ამხილეს. ამის მტკიცებულებად სიუჟეტში ერთ-ერთი იურისტისა და კახა კუკავას სატელეფონო საუბარია ნაჩვენები.

 

როგორც განმცხადებელმა საბჭოს განუმარტა, სიუჟეტში დაფარული “მევახშედ” მოხსენიებული პირი სხვა საქმესთან დაკავშირებით მისი კლიენტი, მარწმუნებელია.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მას არანაირი ინტერესი არ გააჩნია სამევახშეო საქმიანობის მიმართ და, მრავალი წელია, იბრძვის მევახშეების მიერ ადამიანების სახლებიდან გამოსახლების წინააღმდეგ. ის არ წარმოადგენს და არ იცავს არცერთი მევახშის უფლებებს.

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტი ამბობს, რომ  იურისტებმა მევახშესთან ალიანსში მყოფი პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს, ხოლო ამის დასადასტურებლად იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინა.

 

სადავო მასალაში ჟურნალისტი ასევე ამბობს: “იურისტები მევახშეებთან ერთად მათი წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების მხილებას აქტიურად განაგრძობენ, რომელთა რიგებში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი უფლებადამცველები და პოლიტიკოსები ერთიანდებიან.”

“გაერთიანების მთავარი მესიჯი მკაფიოა, მევახშეებსა და მათ წარმომადგენლებს ეძლევათ ერთთვიანი ვადა იმისთვის, რომ დაზარალებულებს თაღლითური გზით წართმეული უძრავი ქონებები დაუბრუნდეთ.”

 

სიუჟეტი გრძელდება ბრიფინგის ჩანაწერით, რომელშიც იურისტი ამბობს, რომ მხილებული მევახშეების წარმომადგენელთა რიგებში პოლიტიკოსი კახა კუკავაც აღმოჩნდა.

 

სიუჟეტის საერთო შინაარსით კახა კუკავა თაღლითობაში და მევახშეობის მხარდაჭერაშია დადანაშაულებული, თუმცა სიუჟეტში ამის დამადასტურებლად არაფერია წარმოდგენილი.

 

სიუჟეტიდან ისიც არ ირკვევა, თუ ვინ არის დაზარალებული მოცემულ შემთხვევაში ან რომელი მევახშის ინტერესებს იცავს კახა კუკავა და რაში გამოიხატება მისი ალიანსი მევახშეებთან.

 

სიუჟეტი არ ეყრდნობა არანაირი მტკიცებულებას, რომელიც საქმის დეტალებს ნათელს მოჰფენდა და მაყურებელს ცხად წარმოდგენას შეუქმნიდა საქმესთან კუკავას დანაშაულებრივ კავშირზე.

 

ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში, ფაქტად წარმოაჩენს იმას, რომ კახა კუკავა “მევახშესთან” ალიანსშია, ისე, რომ სიუჟეტში არ არსებობს არანაირი მითითება ჟურნალისტის მცდელობაზე, გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია და მაყურებლამდე დაზუსტებული ფორმით მიეტანა.

 

სიუჟეტში არ არის ასახული ჟურნალისტის მცდელობა, დაუკავშირდეს კახა კუკავას. გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერში კუკავა ესაუბრება კონკრეტული ორგანიზაციის იურისტს და ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება სიუჟეტში მისი პოზიციის ასახვად.

 

მაშინ, როცა მედია თუნდაც ირიბად ახდენს პირის დადანაშაულებას თაღლითობაში, მევახშესთან ალიანსში (რაც საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს), აუცილებელია, “ბრალდებულს” მიეცეს პასუხის გაცემის საშუალება.

განსახილველ შემთხვევაში არ ჩანს, რომ მოპასუხე ჟურნალისტი დაუკავშირდა კახა კუკავას და მისცა საშუალება, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებზე ეპასუხა.

 

 

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მაყურებლისათვის დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაზე. ქარტიის პრაქტიკით, იმისათვის, რომ ეს სტანდარტი დაცული იყოს, ჟურნალისტი სულ მცირე ორ ურთიერთდამოუკიდებელ წყაროსთან  უნდა ამოწმებდეს ინფორმაციას.

 

სიუჟეტში ასევე არ ჩანს ჟურნალისტის მხრიდან კუკავასთან დაკავშირების და მისი პოზიციის ასახვის მცდელობა. ეს შემთხვევა ვერ აკმაყოფილებს ბალანსის დაცვის მინიმალურ, ფორმალურ სტანდარტსაც კი.

 

შესაბამისად, სადავო სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის ძალისხმევა, მაყურებლისთვის დაბალანსებული და გადამოწმებული ინფორმაციის მისაწოდებლად.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ თათია არაბიძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

 

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

საბჭოს სხდომაზე განმცხადებელმა კახა კუკავამ აღნიშნა, რომ მისგან მოითხოვდნენ, მოეხდინა ზეგავლენა მის ერთ-ერთ კლიენტზე, კერძო მესაკუთრეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ გავიდოდა მისი მაკომპრომატირებელი სიუჟეტი “სფერო ტვ”-ს ეთერში.

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მე-11 პრინციპის ფარგლებში საბჭო მსჯელობს მედიის განზრახულ მოქმედებასა და მის მოტივზე.

 

განზრახულ მოქმედებაზე შემდეგი ფაქტები მიუთითებს:

 

  1. სიუჟეტში მონაწილე იურისტისა და კახა კუკავას მიმოწერიდან იკვეთება (მიმოწერა საბჭოს განმცხადებელმა წარმოუდგინა), რომ კახა კუკავას, როგორც ადვოკატის, ერთ- ერთი კლიენტის ფართთან დაკავშირებით დაინტერესებული პირი გიგა წულეისკირია, რომელსაც ადრე შეხება ჰქონდა ამ ფართთან, ქონებასთან, რომელსაც ახლა კახა კუკავას კლიენტი ფლობს. კუკავას განმარტებით, წულეისკირის ინტერესის გამო მოამზადეს მის წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტი.

 

  1. საჯარო რეესტრის შესაბამისი ამონაწერით დასტურდება, რომ შპს “სფერო ტვ”-ის 100 %-იანი წილის მფლობელი არის სააქციო საზოგადოება “სფერო ინვესტი”. სს “სფერო ინვესტის” დამფუძნებელი/აქციონერი კი თავის მხრივ არის შპს “სფერო ჰოლდინგი”, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორიც არის გივი იგივე გიგა წულეისკირი, რომელიც კუკავას კლიენტის ფართით დაინტერესებული პირია.

 

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიმოწერა გაერთიანების იურისტთან და ზემოაღნიშნული ინფორმაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს სიუჟეტი კონკრეტული პირის ინტერესებს ემსახურებოდა და ეს კონკრეტული პირი არის მოპასუხე მედიის მფლობელი და ხელმძღვანელი. საბჭოს შეფასებით, კუკავას წინააღმდეგ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების განზრახვა იყო ტელევიზიის მფლობელის სასარგებლოდ მიკერძოებული, რაც ფაქტის განზრახ დამახინჯების კვალიფიკაციაა და მე-11 პრინციპის დარღვევას წარმოადგენს.

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებებით დამკვიდრებული პრაქტიკით, მე-11 პრინციპის დარღვევად მიიჩნევა არაზუსტი ინფორმაციის ხშირად, კამპანიურად გავრცელებაც. ამ შემთხვევაშიც “სფერო ტვ”-ს მიერ ხდება ამ თემაზე მომზადებული არაზუსტი მასალის არაერთგზის გავრცელება.

 

“სფერო ტვ”-ის ეთერში აღნიშნული სიუჟეტი უცვლელი ფორმით დღემდე ხელმისაწვდომია და გარკვეული პერიოდულობით, განმეორებით გადის მათ ღამის ეთერში.

 

გამომდინარე აქედან, საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში ქარტიის მე-11 პრინციპი დაირღვა.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

თათია არაბიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.

 

 

 

განცხადება

 

სადავო მასალა

 

დამატებითი მასალები

 

 

 

 

 

10.04.2025

25 იანვარი, 2025 წელი

 

 

საქმე N-773

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ქრისტინე ზამთარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის თამარ ჩიკვატიას წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში. სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი.

 

სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო მასალა “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 16 ნოემბერს განთავსდა და ეხებოდა ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართულ პროტესტს.

 

ის დასათაურებულია შემდეგნაირად: “რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი პოლიციელს აფურთხებს”.

 

განმცხადებლის განმარტებით, სადავო ვიდეოს დასათაურება არაზუსტია, მას პოლიციელისთვის არ შეუფურთხებია. მისი თქმით, ვიდეოში ჩანს, რომ ის გაბრაზებული მიმართავს პოლიციელს, რაც “იმედმა” წარმოაჩინა როგორც შეფურთხება.

 

პირველი პრინციპი.

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში შეცდომაში შემყვანი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

ქარტიის საბჭო პირველი პრინციპის ფარგლებში აფასებს ჟურნალისტის მხრიდან ინფორმაციის გადამოწმების მცდელობას. ჟურნალისტმა უნდა იხმაროს ყველა ღონე, რათა მაყურებლამდე ზუსტი და დაბალანსებული მედიაპროდუქტი მიიტანოს.

 

სადავო ვიდეოში, რომელიც “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდა და 9 წამს გრძელდება, ჩანს განმცხადებელი, რომელიც შებრუნებულია პოლიციელების მხარეს და შემდეგ მათი მიმართულებით ამოძრავებს თავს.

ვიდეოში კადრი რამდენჯერმე მეორდება, მათ შორის შენელებულად, წითელ წრეში მოქცეულია განმცხადებლის თავი და ვიდეოს აქვს წარწერა დასათაურებულია, რომ “რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი პოლიციელს აფურთხებს.”

 

ვიდეოში არ არის ინფორმაციის სხვა წყარო, რომელიც მაყურებელს დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდა. ვიდეოში არ არის ერთი პოლიციელის კომენტარიც კი, რომელიც დაადასტურებდა, რომ განმცხადებელმა პოლიციელს მართლაც შეაფურთხა. ვიდეოში არ ჩანს ჟურნალისტის მხრიდან ინფორმაციის რამენაირად გადამოწმების მცდელობა.

 

საბჭოს შეფასებით, გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, მაყურებელი  ცალსახად ვერ დარწმუნდება, შეაფურთხა თუ არა ზამთარაძემ პოლიციელს - ვიდეოს რაკურსი, ხარისხი ამის დაზუსტების საშუალებას არ იძლევა.

 

“იმედი” მტკიცებით ფორმაში წარმოაჩენს, რომ ქრისტინე ზამთარაძემ პოლიციელს “შეაფურთხა”. თავად ზამთარაძემ საბჭოს სხდომაზე შეფურთხების ფაქტი კატეგორიულად უარყო.
გამომდინარე აქედან, საბჭო ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მიიჩნევს, რომ “იმედის” ჟურნალისტს მასალაში არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ცალსახად დაადასტურებდა, რომ ზამთარაძემ პოლიციელს შეაფურთხა
.

 

“იმედის” ჟურნალისტს დარღვეული აქვს ეთიკური ჟურნალისტიკის მინიმალური ორი წყაროს სტანდარტი. ქარტიის პრაქტიკით, ინფორმაციას გადამოწმებულად მივიჩნევთ, თუ ის, სულ მცირე, ორ ურთიერთდამოუკიდებელ წყაროსთანაა გადამოწმებული.

 

გავრცელებული მასალა, რომელსაც სოციალურ ქსელში განმცხადებლის მისამართით ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს - ვიდეოს, რომლის რაკურსი და ხარისხი ინფორმაციის დაზუსტების  საშუალებას არ იძლევა.


ამ შემთხვევაში ჟურნალისტი უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოჰკიდებოდა ამბავს და ის მეტ წყაროსთან უნდა გადაემოწმებინა. მას შეეძლო ფაქტის შესახებ დამაზუსტებელი შეკითხვები დაესვა თავად ზამთარაძისთვის, პოლიციელებისთვის, ანდა სხვა თვითმხილველებისთვის, თუმცა მასალაში ეს არ ჩანს.

 

როგორც საბჭო თავის გადაწყვეტილებებში აღნიშნავს, შესაძლოა, მედიამ ყველა ჯერზე ვერ შეძლოს ინფორმაციის დაზუსტება, თუმცა ამის მცდელობა აუდიტორიას მუდმივად უნდა აჩვენოს, რათა დაიმსახუროს და შეინარჩუნოს აუდიტორიის ნდობა.

 

ქარტიის საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს სადავო ვიდეოს გამოქვეყნებისას მხარეთა წარმოჩენის ვალდებულების დარღვევაზე. ჟურნალისტმა აუდიტორიას ისე მიაწოდა სენსიტიური ამბავი, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ინციდენტში მონაწილე არც ერთ მხარეს არ მისცა.

 

მოცემულ შემთხვევაში, როცა ადამიანს მედია ისეთ მძიმე ბრალდებას უყენებს, რომელიც მას საზოგადოების მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის ობიექტად აქცევს, აუცილებელია, მედიამ კითხვები დაუსვას მას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მოხდა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

 

 

 

მეხუთე პრინციპი

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

 

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

 

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ვიდეოში დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი.

 

ქარტიის სამდივნომ, ქრისტინე ზამთარაძის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა ტელეკომპანია “იმედს”.

 

ამასთან, განმცხადებელმა საბჭოს დამატებით წარმოუდგინა ვიდეო (თან ერთვის გადაწყვეტილებას), რომელზეც ასახულია მოპასუხე “იმედის” ჟურნალისტთან განმცხადებლის დიალოგი, სადაც ქრისტინე ზამთარაძე მას ეუბნება, რომ ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია და რეაგირებას თხოვს.

 

აღნიშნული ადასტურებს, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა განმცხადებლის  პრეტენზიის შესახებ, რაც იძლეოდა საფუძველს ინფორმაციის შესწორებისთვის, თუმცა ეს არ მომხდარა. ქრისტინე ზამთარაძის პოზიცია, რომ მას პოლიციელისთვის არ შეუფურთხებია, “იმედმა” თავის აუდიტორიას არ გააცნო.

 

სადავო მასალა დღემდე პირვანდელი სახით არის ხელმისაწვდომი “იმედის” ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მითითება, რომ გავრცელებული ინფორმაცია დაუზუსტებელია.

 

შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.

 

 

 

მეშვიდე პრინციპი.

 

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

 

 

განმცხადებელს მიაჩნია, რომ სადავო ვიდეოს სათაური: “რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი პოლიციელს აფურთხებს”, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების, აქტივისტების, მიმართ საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას. ის ასევე იწვევს აგრესიას სოციალურ ქსელში.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ვიდეოში არ დარღვეულა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, საბჭომ არაერთხელ გამიჯნა ერთმანეთისაგან დისკრიმინაცია და დისკრედიტაცია, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, განმცხადებლები მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდნენ იმ საფუძვლით, რომ ჟურნალისტი მათ შეურაცხყოფს და მათ დისკრედიტაციას ეწევა.

 

როგორც საბჭო თავის გადაწყვეტილებებში აღნიშნავს, მე-7 პრინციპის ჭრილში შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ის შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი მასალა, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, იწვევს დისკრიმინაციას ან სტიგმის გაძლიერებას რაიმე კონკრეტული ნიშნით.

 

თავად სათაური „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი პოლიციელს აფურთხებს”, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საზოგადოდ “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერის” დისკრიმინაციად.


ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ფაქტის აღწერა, რომ ადამიანი, რომელმაც პოლიციელს შეაფურთხა, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერია.
ეს სათაური საბჭომ მიიჩნია პირველი პრინციპის, სიზუსტის დარღვევად  და არ აფასებს, როგორც დისკრიმინაციას ოპოზიციის მხარდაჭერის ნიშნით.

 

სადავო მასალაში პროპაგანდისტული მედიის მიზანი, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად  განწყობილი მოქალაქეები ოპოზიციის რადიკალ აქტივისტებად წარმოაჩინოს და მათი დისკრედიტაცია მოახდინოს, არის მე-11 პრინციპის ფარგლებში განხილვის საგანი და არ ჯდება მეშვიდე პრინციპის დეფინიციაში.

 

ამდენად, საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო ვიდეოში მეშვიდე პრინციპი არ დარღვეულა.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო ვიდეოში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.

 

მე-11 პრინციპის ფარგლებში საბჭო მსჯელობს მედიის განზრახულ მოქმედებასა და მის მოტივზე.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალის გადაუმოწმებლად გამოქვეყნება, მასში მონაწილე მოქალაქის პოზიციის იგნორირება, მიმართვის შემდეგ მასალის არ ჩასწორება ნათელს ხდის, რომ ჟურნალისტის მიერ ქარტიის პრინციპების დარღვევა განზრახი ქმედება იყო და არა უნებლიე შეცდომა.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ  მოპასუხე მედია ცდილობს, ამ ვიდეოს გავრცელებით მოახდინოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების/მოქალაქეების დისკრედიტაცია და დემონიზაცია.

 

ქარტიის საბჭომ “იმედისა” და POSTV-ის ჟურნალისტების მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებაში აღწერა, რომ აღნიშნული მედია საშუალებები “ქართული ოცნების” ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოებაში დაუზუსტებელ ინფორმაციას ავრცელებენ და ხელისუფლების პროპაგანდის ინსტრუმენტები არიან.

 

განსახილველ შემთხვევაშიც საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ჟურნალისტის მხრიდან ასეთი სენსიტიური ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება განზრახი ქმედებაა და მისი მოტივი არის ხელისუფლების დაკვეთის შესრულება და კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების დისკრედიტაცია.

 

“იმედის” ჟურნალისტი ასეთი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებით ცდილობს, ბოლო თვეების განმავლობაში ქუჩაში გამოსული საპროტესტო აქციების მონაწილეების  მიმართ საზოგადოების  ნდობის შემცირებას, რაც ცალსახად განზრახი ქმედებაა და თანხვედრაშია ხელისუფლების მიზნებთან.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედების მოტივი არსებული ხელისუფლების მიმართ “იმედის” მიკერძოებული საინფორმაციო პოლიტიკაა და სადავო მასალაში ქარტიის მე-11 პრინციპი დარღვეულია.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თამარ ჩიკვატიამ დაარღვია ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპები. არ დაურღვევია ქარტიის მეშვიდე პრინციპი.

 

 

 

 

განცხადება

 

სადავო მასალა

 

დამატებით წარმოდგენილი მასალები