19 თებერვლის სხდომის ანონსი

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 19 თებერვალს 4 საქმეს განიხილავს:

1. 12:00 საათზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ირაკლი კიკნაველიძის წინააღმდეგ

სადავო მასალა "საია: ივანიშვილს კანონი არ დაურღვევია, საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა" 2016 წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნდა. საია მიიჩნევს, რომ  სტატიაში

დარღვეულია პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და მესამე პრინციპი – ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

 

2.   14:00 საათზე - გიორგი ტატიშვილი ირაკლი მანაგაძის წინააღმდეგ

გიორგი ტატიშვილი განცხადების თანახმად, ვებგვერდზე 1news.ge 2016 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალაში "ტრანს ჯგუფი: არაეთიკურად მიგვაჩნია ტატიშვილის მხრიდან თემის წევრების ვინაობების გამხელა" დარღვეულია ქარტიის  1,3,5,11 პრინციპები. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ტექსტი იყო დაუბალანსებელი, ვინაიდან წარმოჩენილი არ ყოფილა მისი პოზიცია მიუხედავად იმისა, რომ მასალა მას ეხებოდა. განმცხადებელმა მოპასუხედ მიუთითა 1news.ge-ს რედაქტორი ირაკლი მანაგაძე

3.  15:30 საათზე - გიორგი გაბრიაძე ჟურნალ "ჰოროსკოპის" წინააღმდეგ

გიორგი გაბრიაძე პირველი არასრულწლოვანია, რომელმაც ჟურნალისტის მხრიდან სავარაუდო ეთიკური დარღვევისთვის ქარტიას მიმართა. ის მიიჩნევს, რომ ამ ჟურნალში 2016 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული მასალით "ზანგი ქართველები" ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაირღვა, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია დისკრიმინაცია

4.  16:00 საათზე - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ

განცხადება ეხება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 31 ოქტომბერს გასულ გადაცემა "დღის შოუს" , სადაც ჩვილ ბავშვს პირდაპირ ეთერში ყური გაუხვრიტეს. PHR-ი მიიჩნევს, რომ  აღნიშნულმა გადაცემამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც იცავს ბავშვის ინტერესებს.

5. 16:30 საათზე - ბექა გაბადაძე თეა ადეიშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა, "ვარძიის ხანძარი და გაჭვარტლული უნიკალური ფრესკები" რუსთავი 2-ის ეთერში 6 ნოემბერს გავიდა. სიუჟეტი ეხებოდა ვარძიაში დაზიანებულ ფრესკებს. განმცხადებელს პრეტენზია აქვს მასალის იმ ნაწილთან, სადაც ჟურნალისტი და რესპონდენტი თამარ მეფის შესახებ საუბრობენ. რესპონდენტი ამბობს "შერთეს იმ კაცს, რომელსაც ყველა უღირსი თვისება ჰქონდა". ჟურნალისტი კი ჩამოთვლის, "ლოთი, მამათმავალი, ზოოფილი, გიორგი რუსი…" ბექა გაბადაძე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია)

სხდომა საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება.