2025 წელი მედიისთვის მძიმედ დაიწყო და მძიმედ გაგრძელდა. მედიის სამუშაო გარემო იყო მტრული, ძალადობრივი და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო.
12 იანვარს დაუსაბუთებელი ბრალდებით, ჯერ ადმინისტრაციული, ხოლო შემდგომ სისხლის სამართლის წესით დააკავეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. 6 აგვისტოს ბათუმის სასამართლომ მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მზია ამაღლობელი გახდა პირველი ქალი ჟურნალისტი საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რომელიც პოლიტიკურად მიტივირებული დევნის შედეგად ციხეში მოხვდა. მზია ამაღლობელის მიმართ გამოჩენილი არაადამიანური მოპყრობა დაკავებისას, მისი უკანონო პატიმრობა, ციხის პირობებში გაუარესებული ჯანმრთელობა და უსამართლობით გაჯერებული სასამართლო პროცესი იყო ის ფონი, რამაც ჟურნალისტური თემისთვის მთელი 2025 წელის ტონალობა განსაზღვრა. მზია ამაღლობელის კოლეგებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ის 38 დღე, რა დროსაც მან პროტესტის ნიშნად იშიმშილა.
პოლიციამ განაგრძო თავდასხმები აქციების მონაწილეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებაზე. პოლიციელები სასტიკად ექცეოდნენ ჟურნალისტებსაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიციელების ძალადობრივი ქცევის დოკუმენტირებას ცდილობდნენ.
„ქართული ოცნების“ წამყვანი ფიგურების შეურაცხმყოფელმა რიტორიკამ ჟურნალისტების მიმართ, მწვანე შუქი აუნთო მათი მხარდამჭერების და აქტივისტების უკონტროლო აგრესიას, რაც არაერთ შემთხვევაში ფიზიკური ზიანით დასრულდა.
„ქართული ოცნების“ პროკურატურამ არ გამოიძია ჟურნალისტების წინააღმდეგ 2025 წელს და წინა წლებში ჩადენილი დანაშაულები, ერთეული გამონაკლისების გარდა.
საპირისპიროდ, ძალაუფლების მქონე ჯგუფებმა 2025 წელს გაზარდეს და გაამრავალფეროვნეს ინსტრუმენტები მედიის დასათრგუნად და გასანადგურებლად.
2025 წლის გაზაფხულზე უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მიღებით და ცვლილებების შეტანით კანონში გრანტების შესახებ და კანონში მაუწყებლობის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ მედიას დააკარგვინა წვდომა დასავლურ, დონორთა ფინანსებზე. ამ გარემოებამ დაასუსტა მედია და შეამცირა მათი შესაძლებლობები.
2025 წელს უპრეცედენტოდ გაიზარდა სინდისის პატიმრების რიცხვი, რომელთა სასამართლო პროცესების მიმართ საჯარო ინტერესი მაღალი იყო. პროცესებიდან მედიის მიერ გამოტანილი ინფორმაცია საზოგადოებაში ემპათიას აჩენდა და დანაშაულებრივ სიყალბეს ააშკარავებდა. საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ შეზღუდა მედიის უფლებები სასამართლოში, აკრძალა ფოტო და ვიდეოგადაღება არათუ სასამართლოს შენობაში, არამედ მის ეზოშიც.
მაუწყებლობის კანონში შესული ცვლილებებით „ქართულმა ოცნებამ“ დარტყმა მიაყენა სექტორის თვითრეგულირების იდეას და არსებულ თვითრეგულირების ინსტიტუტებს, გაავრცელა რა საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება მედიაპროდუქტების შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
სხვა მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. USAID-ის მედია პროგრამის დახურვის შედეგად მან დაკარგა დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული ახალი კანონმდებლობის გამო, სხვა დონორების რესურსებზე წვდომაც. ამის შემდგომ ქარტიამ მუშაობა განაგრძო დიდწილად მოხალისეობრივად.
ახალ, რეპრესიულ გარემოში, მწირი რესურსებით, ქარტია თავის ძირითად ფუნქციაზე ფოკუსირდა - განაგრძო განცხადებების განხილვა ჟურნალისტური ნამუშევრების ქარტიის პრინციპებთან შესაბამისობის დასადგენად. მუშაობა არ შეუწყვეტია „მედიაჩეკერს“ და ქარტიის ამ მედიაპლატფორმამ წლის განმავლობაში ჟურნალისტური თემისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი გააშუქა. ქარტია კოლეგების მხარდამხარ იბრძოდა მზია ამაღლობელის გასათავისუფლებლად და ეწინააღმდეგებოდა მედიის შემზღუდველ ზომებს.
ახლად დაწესებული შეზღუდვების გამო ქარტიამ ვეღარ შეძლო კვლევითი და საგანამანათლებლო საქმიანობის განხორციელება, რაც წლების განმავლობაში მისი პორტფოლიოს ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა.
სირთულეების მიუხედავად, ქარტია არ დანებდა, ისევე როგორც ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალება და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია. გადარჩენის რეჟიმში მომუშავე ორგანიზაციამ მაინც შეძლო სამსახური გაეწია მედიის მომხმარებლებისა და ჟურნალისტური თემისთვის და არსებული ვითარება „მედიაჩეკერის“ ელექტრონულ გვერდებზე დეტალურად აღეწერა.
ანგარიში სრულად იხილეთ აქ
2024 წელი მედიისთვის გამოწვევებით იყო აღსავსე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწრაფი ტემპით იძენდა ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს და მისი პოლიტიკა მედიის მიმართ ხდებოდა უფრო და უფრო რეპრესიული. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირებითა და მისი მიღებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. სახალხო პროტესტის ჩახშობა ძალოვნებმა სასტიკი, ძალადობრივი მეთოდებით სცადეს. აქციების გაშუქებისას არაერთი ჟურნალისტი ფიზიკურად დაშავდა და ბევრ მათგანს მუშაობაში შეეშალა ხელი. პარალელურად, „ქართული ოცნება“ აწარმოებდა ჟურნალისტების დისკრედიტაციისა და მარგინალიზაციის კამპანიას. ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოძალადე პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალოვანთა მფარველობით სარგებლობდნენ. ჟურნალისტებს და მათი ოჯახის წევრებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ, მათ დაუტოვეს შეურაცხმყოფელი მინაწერები მანქანებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებზე.
ამავე პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ ონლაინ მედიას დისკრიმინაციულად შეუზღუდა წვდომა საპარლამენტო პროცესებზე.
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ქარტიამ შეაგროვა ინფორმაცია 70-ზე მეტი შემთხვევის შესახებ, როცა საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტს მუშაობაში შეუშალეს ხელი, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით.
28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაპაუზების თაობაზე მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტებს, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ, პოლიციური ძალები და, სავარაუდოდ, მათი ხელშეწყობით მოქმედი ძალადობრივი ჯგუფები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს. აქციების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის და დაუდგენელი შემადგენლობის სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენით და მიღებული ფიზიკური დაზიანებების, მათ შორის თავის არეში, გამო ბევრი ჟურნალისტის ჯანმრთელობა გრძელვადიანად გაუარესდა. წლის ბოლომდე ქარტიამ 90-მდე ასეთი შემთხვევა აღრიცხა.
ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დამნაშავეები არ გამოუვლენია და არავინ დასჯილა.
მთელი წლის განმავლობაში მედიისთვის გარემო იყო უკიდურესად ძალადობრივი, შემზღუდავი და დამთრგუნველი. ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა ჟურნალისტების უნარზე, ემუშავათ პროფესიული სტანდარტების დაცვით.
შეცვლილმა გარემო პირობებმა შეცვალა ქარტიის პრიორიტეტებიც. ქარტიას მოუწია, ჩვეულებრივზე მეტად ეზრუნა ჟურნალისტთა ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და მათი უფლებების დაცვა მოეთხოვა. შედეგად, ქარტიას ნაკლები რესურსი დარჩა პროფესიული განვითარების პროგრამებზე სამუშაოდ.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივების ირგვლივ სიცხადის ნაკლებობამ შეზღუდა ქარტიის შესაძლებლობები, მოეძიებინა ფინანსები და დაესახა თუნდაც მოკლევადიანი გეგმები. ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების ნაცვლად, ქარტია გადარჩენისთვის ბრძოლაზე გადაერთო.
სირთულეების მიუხედავად, ქარტიამ შეძლო, სწორი გადაწყვეტილებები მიეღო მედიის სწრაფად ცვალებადი საჭიროებების საპასუხოდ და ის ეფექტურად გაუმკლავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.
წინა წლების მსგავსად, 2023 წელსაც მედია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგა. ამ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღების მცდელობა იყო, რომელიც მედიის უდიდეს ნაწილს შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ 7-8 მარტის აქციების შემდეგ, ეს კანონი ხელისუფლებამ არ მიიღო, თუმცა წინა წლების მსგავსად, კვლავ გვესმოდა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ინიციატივები მმართველი პარტიის მხრიდან.
2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ, მედიის უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში უფრო მწვავე ფორმით დადგა. სამწუხაროდ, 2023 წელსაც არ შეცვლილა მოცემულობა და ჟურნალისტებისთვის ყოველდღიურობად კვლავ რჩება საქმიანობაში ხელის შეშლა, შეურაცხმყოფელი რეპლიკები და ძალადობა.
მედიის მიმართ აგრესიას ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა და არასათანადო რეაგირება ახალისებს.
გამოწვევად რჩება სამაუწყებლო მედიის მკვეთრი პოლარიზება. ეს პოლარიზება კი ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება. ამას ხელს უწყობს მმართველი პარტიის პოლიტიკა - რიგ შემთხვევებში უარი თქვან მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებთან კომენტარის გაკეთებასა და უმრავლეს შემთხვევაში ტოქშოუებში მონაწილეობაზე.
წინა წლების მსგავსად, მედიასაშუალებებს არაერთი პრობლემა შეექმნათ როგორც ფინანსების, ისე ადმინისტრირების კუთხით.
ცხადია, მედიის უსაფრთხოება, ისევე, როგორც თვითრეგულირების
მნიშვნელობა, კვლავ საფრთხეშია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია
გაერთიანებული ძალებით მუშაობა ამ პრობლემებთან გასამკლავებლად.
მხოლოდ ასე თუ შევძლებთ უსაფრთხო მედია გარემოს მიღებასა და
პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
ანგარიში სრულად იხილეთ აქ.
წინა წლების მსგავსად 2022 წელსაც მედია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგა. კვლავ პრობლემას წარმოადგენს უსაფრთხოების საკითხი. ჟურნალისტებისთვის ყოველდღიურობაა საქმიანობაში ხელის შეშლა, შეურაცხმყოფელი რეპლიკების მოსმენა და მათზე ძალადობა.
მედიის მიმართ აგრესიას წინა წლის მსგავსად ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა და არასათანადო რეაგირება ახალისებს. აღსანიშნავია, რომ დღემდე არ არიან პასუხისმგებაში მიცემული 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები.
2022 წელს მნიშვნელოვან პრობლემად უნდა მივიჩნიოთ ,,მთავარი არხის“ დირექტორის - ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც არაერთი ორგანიზაციის მიერ შეფასდა როგორც დაუსაბუთებელი.
კიდევ ერთი გამოწვევა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა. პარლამენტში დაიწყო განხილვები მაუწყებელთა მიერ შექმნილი მასალის შინაარსში კომისიის მხრიდან ჩარევისა და თვითრეგულირებას მიკუთვნებული ეთიკური საკითხების რეგულირებაში გადატანასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მაუწყებლების თანხმობა შემუშავდეს კორეგულირების მექანიზმი შინაარსობრივ საკითხების განხილვაზე და მეორეს მხრივ, არსებობს ევროპის საბჭოს ექსპერტების დასკვნა, რომ ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის რეგულირება არ არის მიზანშეწონილი, პარლამენტმა არ გაითვალისწინა რეკომენდაციები და აგრძელებს განხილვებს.
სამაუწყებლო მედია წელსაც მკვეთრად პოლარიზებულია, რასაც ხელს უწყობს მმართველი პარტიის პოლიტიკა - რიგ შემთხვევებში უარი თქვან მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებთან კომენტარის გაკეთებასა და უმრავლეს შემთხვევაში ტოქშოუებში მონაწილეობაზე.
და ბოლოს, გვინდა გამოვეხმაუროთ 2022 წლის მთავარ მოვლენას - რუსეთის უკრაინაში შეჭრას. ქარტია სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მედიის წარმომადგენლებს და კოლეგებს უკრაინის პრესის საბჭოში.
ანგარიში სრულად იხილეთ აქ.