გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კასპში, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს პირდაპირ ეთერში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულება და უზრუნველყონ მედიასაშუალებებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები გამოწვეულია მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიული დამოკიდებულებით ჟურნალისტების მიმართ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფორმულას ერთ-ერთ
დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად
გაუსწორდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 28 ივნისს 3 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათი: მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების ხატია ქვათაძის და გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2023 წლის 22 მაისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად, კონტექსტიდან ამოჭრილად და მანიპულაციურად გააშუქეს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
19:00 საათი: ვალერიან ვაჩეიშვილი „გურიის მოამბის" წინააღმდეგ
სადავო მასალები მედიასაშუალებამ 2023 წლის 9 და 24 მაისს გამოაქვეყნა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა მისი დისკრედიტაციის მიზნით.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვთა უფლებები), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ონლაინ მედია-პლატფორმა, „მაუწყებელის” ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია შპს ევოლუშენ ჯორჯია.
სადავო მასალა 2023 წლის 2 ივნისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, მასალაში დასახელებულ ბრალდებებზე კი მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონია.
განმცხადებელი დავობს ქარტიის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის ლანა კოკაიას წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებლები არიან ალექსანდრე კობაიძე და ნათია კეპაშვილი.
სადავო სტატია 2023 წლის 16 მაისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არ გადაამოწმა და არასწორად გააშუქა.
განმცხადებლები დავობენ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
2023 წლის 21 ივნისს, „TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს ჟურნალისტური საქმიანობის დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კლინიკა „გორმედში“ მოხდა.
„TV მონიტორინგის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი და ოპერატორი ადგილზე მოქალაქეების შეტყობინების შემდეგ მივიდნენ, რომლის მიხედვით, რეგისტრატურასთან საათობით რიგში დგომა უწევთ, რაც აფერხებს სამედიცინო მომსახურებას.
„TV მონიტორინგის “გადამღები ჯგუფი ვითარების გასარკვევად კლინიკაში მივიდა, რასაც კლინიკა „გორმედის“ დაცვის თანამშრომლის მხრიდან აგრესია მოჰყვა. თანამშრომლის მხრიდან იყო ტექნიკის დაზიანების მცდელობაც.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაინტერესდეს „TV მონიტორინგის“ წარმომადგენლების საქმით და ეფექტიანი გამოძიების პირობებში, საფუძვლიანად გამოიკვლიოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამისს უწყებებს, გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულება და უზრუნველყონ მედიასაშუალებებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტების მიმართ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია უკიდურესად კრიტიკულად აფასებს საკასაციო სასამართლოს განაჩენს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც „მთავარი არხის” დირექტორი პატიმრობაში რჩება. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება და სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და განაჩენი უსამართლო და დაუსაბუთებელია.
19 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა, დაუშვებლად ცნო რა ნიკა გვარამიას ადვოკატის, ასევე კახაბერ დამენიას და პროკურატურის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრები.
მედიის ადვოკატირების კოალიცია, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან ერთად, გამოძიების დაწყების დღიდან ვაცხადებდით, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებული საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლოს განაჩენი კი მხოლოდ ამ უსამართლობის დროში გახანგრძლივებას ემსახურება.
არსებულ ვითარებაში მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადადგას ნაბიჯი „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გასათავისუფლებლად. იმ დროს, როდესაც უდანაშაულო ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო ისჯება, პრეზიდენტმა პროცესს გვერდიდან არ უნდა უყუროს. დროა, საქართველო პრეზიდენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ მედიაგამოცემა „სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტის თაკო ფეიქრიშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გურამ კახაძე.
სადავო სტატია 2023 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა, რაც დისკრიმინაციას ახალისებს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.