საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 11 ნოემბერს 1 საქმეს განიხილავს:
18:00 საათზე - მურმან ჯინჭარაძე ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტების ვასილ დაბრუნდაშვილის, ნატა ქაჯაიას, ნატო გოგელიასა და გუგა მაისურაძის წინააღმდეგ
სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 09 ივნისს გავიდა
განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტებმა მისი გადამოწმება არ სცადეს.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
2021 წლის 6 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციის მიმდინარეობისას ტელეკომპანია „იმედის" აპარატურა დაზიანდა. მედიასაშუალების წარმომადგენლის ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს ხელი შეეშალა პროფესიულ საქმიანობაში. „იმედის" ჟურნალისტის თქმით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიას მანქანაზე მუქარის შემცველი წარწერები დატოვეს და მედიასაშუალების მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს „იმედის" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. მივმართავთ აქციის ორგანიზატორებს არ წაახალისონ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, რათა შეწყდეს მედიასაშუალებების მიმართ მუქარა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა.
ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება მედიის მიმართ აგრესიის ტენდენციურობასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად კრიტიკული მედიასაშუალებების მისამართით გამოიხატება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის, როგორც ჟურნალისტური გაერთიანებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული ჟურნალისტის უფლება, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე მოვლენების შესახებ.
2021 წლის 27 ოქტომბერს, გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით, მედიასაშუალების ჟურნალისტს, რატი წვერავას აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით კი, მათი ჟურნალისტის მიკროფონს აქციის მონაწილემ სიგარეტი ჩააწვა, ჟურნალისტების ნაწილს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს მმართველ პოლიტიკურ ძალას და მათ აქტივისტებს, მისცენ მედიას აქციაზე მუშაობის საშუალება. ასევე, შეახსენებს ყველა პირს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით აკრძალულია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.
აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა - მამუკა მდინარაძემ აქციის დაწყებამდე განაცხადა, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები მედიის წარმომადგენლების მხრიდან, რითაც წინასწარი ნეგატიური ფონი შეუქმნა აქციის მონაწილეებს და წინასწარ წაახალისა აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს 2021 წლის 27 სექტემბერს მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მუშაობაში.
მივმართავთ მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის. გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.