გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ. TV პირველის მფლობელის განცხადებით, შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.
ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს მედიის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და აქტივისტებს გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით.
ტრენინგს 2022 წლის 6-7 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულას" ციფრული დეპარტამენტის მთავარი რედაქტორი, ტოქშოუს წამყვანი სალომე უგულავა, ხოლო 2022 წლის 14-15 ივლისს ონლაინმედია „ნეტგაზეთის" რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი ჩაატარებს.
რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას - ამ საკითხებს მოიცავს 2 დღიანი ტრენინგ-კურსი.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/3QW1lGY
პირველ ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 4 ივლისი 18:00 საათი, ხოლო მეორე ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 12 ივლისი 18:00 საათი.
ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 30 ივნისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - ფონდი ფემინა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ
სადავო მედიაპროდუქტი 2022 წლის 31 მაისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო გადაცემაში ჩატარებული გამოკითხვა დისკრიმინაციულია და ხელს უწყობს გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნორმალიზაციას.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
19:00 საათზე - ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართვველო” რუსთავი 2-ის წინააღმდეგ
სადავო გადაცემა 2022 წლის 31 მაისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, მასალა ქალთა მიმართ ძალადობის გამართლებასა და ძალადობის „ახსნის” მცდელობას ისახავს მიზნად. ასევე, განმცხადებელს მიაჩნია, რომ გადაცემაში კონკრეტული ქალების იდენტიფიცირება და ფოტოების გავრცელება, ფემიციდისა და ძალადობის სისტემურ პრობლემაზე საუბარს, არ სძენდა დამატებით შინაარსს.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი.
სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მათზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
2022 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე „თბილისი პრაიდის“
ორგანიზებით „პრაიდის კვირეული“ იგეგმება, 2021 წლის მძიმე გამოცდილების
ფონზე, უმცირესობებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“
გამართვაზე.
გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან
შედგება. ესენია:
ყველასთვის ცნობილია, რომ პრაიდის დემონსტრაციები ლგბტქ თემის პოლიტიკური ადვოკატირების იარაღი, გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, როცა თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს. თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.
ვფიქრობთ, ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები - ისევ საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ.
უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა. 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები, მიიღოს ეფექტიანი ზომები, რათა:
- უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება
- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან
- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო.
გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმი” 2022 წლის 31 მაისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის, ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართვველო”, პოზიციით, სადავო მასალაში ფემიციდის შემთხვევა არასწორად და არაეთიკურად გაშუქდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემამ ქალის ობიექტივიზაციას და სტერეოტიპების გამყარებას შეუწყო ხელი.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ TV 12-ის ჟურნალისტის, ჯემალ მეგრელიძის წინააღმდეგ, განცხადება დასაშვებად ცნო.
სადავო გადაცემა 2022 წლის 14 ივნისს გავიდა ეთერში.
განმცხადებელი მზია სალვარიძის პოზიციით, მასალაში ინფორმაცია არასწორად და ცალმხრივად გაშუქდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 ივნისს 3 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - კრისწი ლაბაძე და დავით ნოზაძე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ
სადავო გადაცემა „პრაიმ ჰაუსი”, 2022 წლის 28 მაისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლების პოზიციით, სადავო გადაცემაში ქალის მიმართ დისკრიმინაციული ენა იყო გამოყენებული.
განმცხადებლები თვლიან, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
19:00 საათზე - სოლიდარობის თემი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ნათია თავდგირიძის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2022 წლის 14 მაისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, რეპორტაჟში გასული ინფორმაცია არაზუსტია და ფაქტები მაყურებლისთვის მანიპულაციურად არის მიწოდებული. მასალის შინაარსი ქსენოფობიური ხასიათისაა და ქართველი მუსლიმების მიმართ სიძულვილსა და არატოლერანტობას რელიგიური ნიშნით აღვივებს.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მათზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 19 ივნისს, ბათუმში, სამუშაო პროცესის დროს „TV პირველის” ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როდესაც „TV პირველის" ოპერატორი ღამის ეთერში რესპონდენტის ჩასართავად ემზადებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ოპერატორს თავდაპირველად ჰკითხეს, წარმოადგენდა თუ არა ის „TV პირველს”, შემდეგ შეაგინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოწმეების თქმით, მედიის წარმომადგენელი ხუთამდე ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით გახდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობას და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.
2022 წლის 19 ივნისს ქალაქ ბათუმში, "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - ნაცემია ოპერატორი თემურ ზოიძე, რომელიც თვითმხილველების თქმით, ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა. მოძალადეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონდათ "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკა. ამდენად, თავდასხმა ცალსახად უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობას.
ჩვენთვის ცნობილია, რომ საქმე უკვე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რადგან გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას, კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.
კოალიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა. დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას. მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. მათ შორის, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს 2022 წლის 18 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაში “TV პირველის” გადამღები ჯგუფის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.