მედიასაშუალებების მიმართ შერჩევითობა და არათანაბარი მოპყრობა დაუშვებელია
08.04.2022

კატეგორია : განცხადებები;

2022 წლის 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა პრემიერ-მინისტრის ქვემო ქართლში ვიზიტის შესახებ TV პირველს, მთავარ არხსა და ფორმულას არ აცნობა. შედეგად, მედიასაშუალებების ნაწილს არ მიეცა საშუალება, გაეშუქებინა ღონისძიება მარნეულში. მათ შეეზღუდათ უფლება, მიეღოთ და გაევრცელებინათ საჭირო ინფორმაცია. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა თავისთავად დაუშვებელი, ხოლო, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება - დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალება თანაბარ პირობებში იყოს.

სამწუხაროდ, ეს შერჩევითი მიდგომის პირველი შემთხვევა არ არის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის როგორც წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ხშირად საჯარო უწყებებში არ უშვებენ და ბარიერებს უქმნიან. 

  • 2021 წლის 19 მარტს „TV პირველის“ ჟურნალისტი, ნატალია ქაჯაია, საქართველოს პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.
  • 2022 წლის 18 თებერვალს კასპის საკრებულოში მედიასაშუალების წარმომადგენლებს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სამუშაოდ არასათანადო პირობები შეუქმნეს
  • 2022 წლის 08 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ბრიფინგის გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს
  • 2021 წლის 17 დეკემბერს, კასპის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანიების, „მთავარი არხის”, „TV პირველისა” და „ფორმულას” გადამღები ჯგუფები.
  • 2021 წლის 17 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მედიის მხოლოდ ნაწილი მიიწვიეს.

ქარტიას მიაჩნია, რომ საჯარო უწყებების მსგავსი ქმედებები ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს და კიდევ უფრო საშიშს ხდის ჟურნალისტურ საქმიანობას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები. 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.