ქარტიის საბჭო მედიას ტერმინოლოგიის გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
21.12.2021

კატეგორია : განცხადებები;

ქარტიის საბჭო რამდენიმე დღეა თვალს ადევნებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი დასკვნის გაშუქებას. დოკუმენტის ტექსტში გვხვდება ტერმინი “ინვალიდიზაცია”, რომელსაც ამ დასკვნაზე საუბრისას მედიაც იყენებს. 

საბჭოს მიაჩნია, რომ ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა სწორად  უნდა შეარჩიონ ტერმინები დისკრიმინაციის/სტიგმატიზაციის თავიდან ასაცილებლად.  მედიასაშუალებებმა არ უნდა შეუწყონ ხელი დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სიძულვილის ენის წახალისებას. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ სიტყვა  “ინვალიდი” და  მასზე დაფუძნებული სხვა ტერმინები დისკრიმინაციულია.  სწორედ ამის გამო ისინი ამოღებულია საკანონმდებლო აქტებიდან. აქვე, გვესმის ისიც, რომ რომელიმე ტერმინი, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, არ გამოიყენებოდეს დისკრიმინაციული ან შეურაცხმყოფელი მიზნით, და რომ წლობით დამკვიდრებული ტერმინების ერთბაშად ამოღება როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან, ისე სასაუბრო ენიდან რთული პროცესია, თუმცა მედია უნდა აცნობიერებდეს, რომ მას ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს. ენა და ტერმინოლოგია, რომლითაც მედია საზოგადოებას მნიშვნელოვან ამბებს უყვება, ადამიანების ცნობიერებაში დიდხანს და მყარად რჩება. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს მედიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, სიფრთხილით მოეკიდონ ტერმინოლოგიის გამოყენებას, რათა არ წაახალისონ დისკრიმინაცია და არ შეუწყონ ხელი შეურაცხმყოფელი და მიუღებელი ტერმინების დამკვიდრებას. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.