საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სასტიკად გმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების განგრძობით ძალადობას ჟურნალისტებზე
02.10.2025

კატეგორია : განცხადებები;

კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას, პროცესის გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტები 1 ოქტომბერსაც მანდატურების აგრესიის სამიზნედ იქცნენ. 

სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი ამჯერად თავს მინდია გაბაძეს დაესხა.  ჟურნალისტის თქმით, მატიაშვილმა სამჯერ სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, „წიხლის ამორტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით“, ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში. მანამდე დავით მატიაშვილი მინდია გაბაძეს პოლიციის გამოძახებითა და „ოთახში შეყვანით“ დაემუქრა, რომელიც ჟურნალისტმა აღიქვა, როგორც ფიზიკური ანგარიშსწორების განზრახვა. სხვა მანდატურმა მინდია გაბაძეს ორჯერ კისერში ჩაავლო ხელი. 

მანამდე, 22 ივლისს, დავით მატიაშვილი დაემუქრა “პუბლიკის” რედაქტორს ზურა ვარდიაშვილს, რომელიც სასამართლოს შენობაში, ერთ-ერთ ოთახში რამდენიმე წუთით გამოკეტა.   

გელა ხასაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რა დროსაც, ნატალია ჯახუტაშვილის თქმით,  მანდატურმა მას ტელეფონი წაართვა. „ფორმულას“ ჟურნალისტს ტელეფონი 15 წუთის მერე, გატეხილი დაუბრუნეს. 

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მედიას უკიდურესად შეეზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქების შესაძლებლობა. სასამართლოებში მათ არ აქვს მინიმალური სამუშაო პირობებიც კი, ხოლო გარემო იქ, განსაკუთრებით კი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მათ მიმართ უკიდურესად მტრული და საფრთხის შემცველია. ყოველ ჯერზე, როცა ჟურნალისტები სასამართლოში პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, სერიოზული საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სასამართლოში მუშაობისას ჟურნალისტები რისკავენ თავისუფლებასაც, მაშინაც კი, როცა ისინი ძალადობისგან საკუთარი თავის ან კოლეგის დაცვას ცდილობენ. 

ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მიზანმიმართული დევნის ყველა ნიშანს ატარებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს დავით მატიაშვილის ქცევით და კანონის ძალით აგებინოს მას პასუხი ჟურნალისტებზე ძალადობისთვის. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც უკიდურესად რთულ პირობებში აშუქებს სასამართლოში მიმდინარე პროცესებს. 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.