გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მალხაზი ზავრაშვილი ნინო ჯღარკავას წინააღმდეგ
10.11.2022

განმცხადებელი : მალხაზი ზავრაშვილი;
მოპასუხე : ნინო ჯღარკავა;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

22 სექტემბერი,  2022 წელი

საქმე N – 584

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: მაია წიკლაური, გულო კოხოძე, მანანა ქველიაშვილი, ნინა ხელაძე, ხატია ღოღობერიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მალხაზი ზავრაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ მედიასაშუალება „იქს ნიუსის” მიერ 2022 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-4, მე-5 მე-7 და მე-11 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მოპასუხედ განისაზღვრა მედიასაშუალების რედაქტორი, ნინო ჯღარკავა, რადგან სადავო მასალაზე მან აიღო პასუხისმგებლობა.

საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის მე-4 პრინციპთან დაკავშირებით.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე და მედიასაშუალების წარმომადგენელი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალაში განმცხადებლის ორი Facebook სტატუსი იყო გაერთიანებული, მის ბოლოს კი მოცემული იყო ბმული, სადაც მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებლის, მალხაზ გულაშვილის რუსეთში ვიზიტზეა საუბარი.

მასალაში წერია:

„“ჯორჯიან თაიმსის” ჟურნალისტი მახო ზავრაშვილი საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას სოციალურ ქსელში მკაფიოდ აფიქსირებს და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მოუწოდებს დატოვონ მისი პირადი გვერდი, რადგან მისი აზრით “ქართული ოცნება” რუსეთის მხარეს მდგომია. ( შეგახსენებთ – აღნიშნული ჟურნალისტი იმ მედიასაშუალების თანამშრომელია რომლის დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს პირადად გადასცა საჩუქრად წიგნი – იხილეთ ბმული სტატიის ბოლოში)”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ინფორმაცია არასწორი და მანიპულაციური იყო. მისი თქმით, ზემოთ მოყვანილ ფრაზას მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა და წარმოაჩენდა ისე, თითქოს მას [„ჯორჯიან ტაიმსის” ჟურნალისტს] და მალხაზ გულაშვილს ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ.

განმცხადებლის თქმით, ფრაზა - „მახო ზავრაშვილი საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას სოციალურ ქსელში მკაფიოდ აფიქსირებს და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მოუწოდებს დატოვონ მისი პირადი გვერდი, რადგან მისი აზრით “ქართული ოცნება” რუსეთის მხარეს მდგომია”, არასწორია, რადგან მან დაწერა „იქნებ გაბრძანდეთ რუსეთის მხარეს მდგომი ქოცები (და არა უბრალოდ ქოცები) ჩემი თაიმლაინიდან?". მისი თქმით, ფრაზა ეხებოდა „ქართული ოცნების” იმ მხარდამჭერებს, რომლებიც რუსეთის მხარეს დგანან და არა ამ პარტიის ყველა მხარდამჭერს.

თავის მხრივ, მოპასუხემ განმარტა, რომ მედიასაშუალებას არ დაურღვევია ეთიკური პრინციპები, მას არ გაუვრცელებია ცრუ ინფორმაცია და მედიაპროდუქტში Facebook სტატუსები ზუსტად გადმოიტანა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა.

საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტურ პროდუქტში კონტექსტიდან ამოჭრილად იყო გაშუქებული ფაქტები და ისინი მანიპულაციურად იყო ერთმანეთთან დაკავშირებული.

საბჭომ ვერ დაინახა ჟურნალისტის მცდელობა, რომ მოეძიებინა დამატებით ინფორმაცია წყაროსგან, აეღო მისგან კომენტარი და აუდიტორიისთვის მიეწოდებინა ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. საბჭო მიიჩნევს, რომ მალხაზ ზავრაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსებსა და მალხაზ გულაშვილის რუსეთში ვიზიტის ერთმანეთთან დაკავშირებასა და ერთ კონტექსტში განხილვას მკითხველი შესაძლოა შეცდომაში შეეყვანა.

ქარტიის პრაქტიკის მიხედვით: თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედიის ფუნქცია კი მხოლოდ ინფორმაციის კოპირება და გავრცელება არ არის, რაც ნებისმიერ პირს შეუძლია, არამედ მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, ასრულებს სხვა ეთიკურ ვალდებულებებს. სწორედ მედიასაშუალებას ევალება დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიასაშუალების მიერ სტატუსების კოპირება არ ათავისუფლებს მედიის წარმომადგენელს პასუხისმგებლობისგან, რომ აუდიტორიას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, ასევე, არ მიაწოდოს ფაქტები მანიპულაციურად.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მან მედიასაშუალების მიერ გაზიარებულ პოსტზე დატოვა კომენტარი თავისი პრეტენზიების შესახებ, თუმცა მედიასაშუალებამ კომენტარები წაშალა. მოპასუხემ განაცხადა, რომ სარედაქციო გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო მედიაპროდუქტის ბმული Facebook გვერდზე წაიშალა სხვა, საქმესთან არარელევანტური მიზეზების გამო, კონკრეტულად განმცხადებლის კომენტარები კი არ წაუშლიათ.

შესაბამისად, არ დადასტურდა, რომ განმცხადებელმა ჟურნალისტს/მედიასაშუალებას მიმართა გასწორების მოთხოვნით და მედიამ მისი კომენტარი წაიკითხა, შესაბამისად, არ არის წინაპირობა, რომ საბჭომ იმსჯელოს მე-5 პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მედიაპროდუქტმა წაახალისა დისკრიმინაცია მის მიმართ.

ქარტიის პრაქტიკის მიხედვით, მე-7 პრინციპის ჭრილში შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ის მადისკრედიტებელი მასალა, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, იწვევს დისკრიმინაციას ან სტიგმის გაძლიერებას.

საბჭო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში განსხვავებული შეხედულება [რომელიმე პოლიტიკურ მხარედ წარმოჩენა] არ წარმოადგენდა იმ ნიშანს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მალხაზი ზავრაშვილის მიმართ დისკრიმინაციის წახალისება. შესაბამისად, საბჭომ მე-7 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მასალაში არასწორი ინფორმაცია განზრახ გავრცელდა.

ქარტიის მე-11 პრინციპის ჭრილში მსჯელობისას, საბჭო მიიჩნევს, რომ მედიაპროდუქტის გამოქვეყნებაში იკვეთება განზრახვა. ამის საფუძველს საბჭოს აძლევს შემდეგი გარემოება: როგორც მოპასუხემ სხდომის დროს აღნიშნა, განმცხადებლის მიერ დაწერილი სტატუსები მან ირიბად მიიღო საკუთარ თავზე, როგორც „ქართული ოცნების" ყველაზე დიდ გულშემატკივარზე.  მისი თქმით, ძალიან გააღიზიანა სტატუსმა და ამიტომაც დაიდო ის მის სააგენტოზე — „ჩემს თავზე მივიღე ის სტატუსი, “ქოცებო” რუსეთუმე, რაღაც საშინელება, რომელსაც მე ვაპროტესტებ და აი, ამიტომაც დაიდო ეს ჩემს სააგენტოზე”. სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მას ჰქონდა მანიპულაციური ინფორმაციის გამოქვეყნების მოტივი, რადგან, მისივე თქმით, სურდა საზოგადოებისთვის შეეხსენებინა წარსული ფაქტები. შესაბამისად, მედიასაშუალება გამოიკვეთა, როგორც დაინტერესებული მხარე.

სწორედ ამიტომ, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნინო ჯღარკავამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
  2. ნინო ჯღარკავას არ დაურღვევია ქარტიის მე-5 და მე-7 პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება