გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - კრისწი ლაბაძე და დავით ნოზაძე მარიამ სანოგოს წინააღმდეგ
07.07.2022

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : კრისწი ლაბაძე, დავით ნოზაძე;
მოპასუხე : მარიამ სანოგო;

22 ივნისი,  2022 წელი

საქმე N – 564, 565

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს კრისწი ლაბაძემ და დავით ნოზაძემ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2022 წლის 28 მაისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „პრაიმ ჰაუსი”, ჟურნალისტმა მარიამ სანოგომ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებელი კრისწი ლაბაძე და მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენლები. 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო გადაცემა რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსში" მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.   განმცხადებელი კრისწი ლაბაძე სადავოდ ხდიდა გადაცემის შემდეგ მონაკვეთს:

-        სალომე კაპანაძე [„პრაიმ ჰაუსის მონაწილე]: „გიორგისგან [„პრაიმ ჰაუსის” მონაწილე] დაირღვა ორი წესი... მეორე წესია, არ ვახსენებთ სხვისი ოჯახის წევრს არცერთ კონტექსტში”.

-        მარიამ სანოგო [წამყვანი]: “მე მინდა, რომ ჩვენს მაყურებელს კარგად განვუმარტო, აქ არის საუბარი სალომეს შეყვარებულზე, კახიზე, იგივე წუპაკაზე, რომელიც გიორგიმ ახსენა ზემოხსენებულ ვიდეოში”.

-        სალომე კაპანაძე: „გიორგისგან გაჟღერდა ასევე ის, რომ შეყვარებული თურმე არ არის ოჯახის წევრი. მეგობრებო, მე ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს მინდა შეყვარებულს დავუძახებ, მინდა ქმარს დავუძახებ, მინდა მეუღლეს დავუძახებ, ეგ შენ კი არ უნდა გადამიწყვიტო, მაგას მე გეუბნები…”

-        მარიამ სანოგო: “მაგრამ, სალომე, იურიდიულად შეყვარებული არ არის ოჯახის წევრი და თან აქვე შეგახსენებ, რომ, წესის მიხედვით, თქვენ არ გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მიაყენოთ ერთმანეთის ოჯახის წევრებს - ამის უფლება არ გაქვთ. რაც ამ ვიდეოში მე პირადად ვერ დავინახე, ეს არ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ იყო ბილწსიტყვაობა…”

-        სალომე კაპანაძე: “ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ხელმოწერილი ფურცლებით მტკიცებას ვერავის ვერ დავუწყებ, მე როგორი ბედნიერი ვარ თუ უბედური ვარ”.

-        მარიამ სანოგო: “რეალურად წესები არ დარღვეულა ამ შემთხვევაში”.

-        სალომე კაპანაძე: “ვისი გადმოსახედიდან როგორ”.

განმცხადებელი კრისწი ლაბაძე მიუთითებდა, რომ სადავო მონაკვეთში ქალის მიმართ დისკრიმინაციული ენა იყო გამოყენებული. მისი თქმით, დისკრიმინაციულია, როდესაც ქალს უწევს იმის მტკიცება და ახსნა-განმარტება, რომ მისი შეყვარებული ოჯახის წევრია, რადგან მასთან თანაცხოვრობს. განმცხადებელი აპელირებდა, რომ წამყვანმა ქალ რესპონდენტს [სალომე კაპანაძე] შეაწყვეტინა საუბარი და დაიჭირა კაცი რესპონდენტის [გიორგი ნაზღაიძე] მხარე, როდესაც მას დაუპირისპირა არგუმენტაცია, რომ „იურიდიულად შეყვარებული არ არის ოჯახის წევრი”. განმცხადებლის აზრით, წამყვანმა არასწორად გაავრცელა ეს ინფორმაცია და ამის დასადასტურებლად საბჭოს სხდომაზე მოიყვანა საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებაში წერია, რომ ამავე კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრია „დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას".

განმცხადებელი დავით ნოზაძე წერილობით აღნიშნავდა, რომ „წამყვანმა მხარი დაუჭირა ბულინგს, განაცხადა, რომ თანამცხოვრები შეყვარებული არ არის ოჯახის წევრი და სალომე კაპანაძის მიმართ დამამცირებლად ისაუბრა. საქართველოს კანონმდებლობით, ოჯახის წევრად ითვლება თანამცხოვრები პირიც”.

თავის მხრივ, მოპასუხე მედიასაშუალების წარმომადგენელი ამბობდა, რომ გადაცემის აღნიშნულ ნაწილში მან ვერ დაინახა დისკრიმინაცია. ასევე, მისი თქმით, სწორია დებულება, რომ „შეყვარებული არ ითვლება ოჯახის წევრად”.

საბჭო მსჯელობს, მოხდა თუ არა გენდერული კუთხით რესპონდენტის დისკრიმინაცია წამყვანის მხრიდან. ამ შემთხვევაში რესპონდენტი [სალომე კაპანაძე] ამბობს,  რომ იგი თავის შეყვარებულს მიიჩნევს ოჯახის წევრად. გადაცემის წამყვანი კი მიუთითებს, რომ სამართლებრივად შეყვარებული არ არის ოჯახის წევრი. საბჭო მიიჩნევს, თუ ქალს აქვს თვითაღქმა, რომ მისი შეყვარებული ოჯახის წევრია, მაგრამ ამას უგულებელყოფს  არა მხოლოდ შოუს მონაწილე, არამედ წამყვანიც, ამან შეიძლება წაახალისოს დისკრიმინაცია.

წამყვანი, შესაძლოა, ორიენტირებული იყო იმაზე, რომ არსებული  ვითარება მიესადაგებინა შოუს წესებისთვის, რომლის თანახმადაც,  „პრაიმ ჰაუსის" მონაწილეებს არ აქვთ უფლება, შეურაცხმყოფელ კონტექსტში ისაუბრონ ერთმანეთის ოჯახის წევრებზე. მისმა რეაქციამ, ძალაუნებურად, შეუწყო ხელი საზოგადოებაში ქალების შესახებ არსებული სტერეოტიპების გამყარებას. კერძოდ იმას, რომ თითქოს  ქალს არ შეუძლია თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი ოჯახის წევრი და აუცილებლად სამართლებრივი დამადასტურებელი საბუთი სჭირდება იმისთვის, რომ მასთან თანამცხოვრები შეყვარებული მიიჩნიოს ოჯახის წევრად.

Საბჭო მიუთითებს, რომ კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" ოჯახის წევრთა წრეს აფართოებს და იგი მოიცავს პირებს, „რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას". კანონმდებლებმა ოჯახის წევრის დეფინიცია სწორედ იმის გამო გააფართოვეს, რომ არსებული საკანონდებლო ნორმა ქმნიდა დისკრიმინაციის რისკებს და აძლიერებდა საფრთხეს, ოჯახში ძალადობის ფაქტი შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს იმგვარი აღქმაც, რომ თუ ქალს კაცთან ხელი არ აქვს მოწერილი, ძალადობის შემთხვევაში ის დაუსჯელი დარჩება. Საბჭო ასევე მიიჩნევს, რომ ქალის თავისუფალი არჩევანი და მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს, თუ ვისთან იცხოვრებს იგი და ვის დაარქმევს ოჯახის წევრს. ადამიანებმა, შეიძლება, იცხოვრონ ერთად, შექმნან ერთი მეურნეობა და მიიჩნიონ თავი ოჯახის წევრებად.

ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუწყოს საზოგადოებაში ოჯახის შექმნასთან და მის იურიდიულ გაფორმებასთან დაკავშირებული სტერეოტიპების გამყარებას - საზოგადოებაში არსებული სტეროტიპით ამ გადაწყვეტილების მიღებისას ქალი ნაკლებად თანაბრადუფლებამოსილი პირია.

მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დაიცვას ქალთა უფლებები და ხელი არ შეუწყოს სტერეოტიპების გამყარებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      მარიამ სანოგომ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.