გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - დაჩი ცაგურია ბექა ყორშიას წინააღმდეგ
31.03.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : დაჩი ცაგურია;
მოპასუხე : ბექა ყორშია;

18 მარტი,  2022 წელი

საქმე N – 534

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი,  გულო კოხოძე, ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური.


აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა დაჩი ცაგურიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 20 ნოემბერს, TV მთავარის ეთერში გასულ სიუჟეტში, დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-7 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ბექა ყორშია.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებელი,  ხოლო „მთავარმა არხმა” პოზიცია წერილობითი სახით წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. 

პირველ პრინციპთან დაკავშირებით სადავოდ  გამოიკვეთა შემდეგი ეპიზოდები:

  1. სიუჟეტის მიხედვით, ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე [იგულისხმება 2012 წელი], დაჩი ცაგურია “საქართველოს რკინიგზაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, კერძოდ მგზავრთა გადაყვანის ფილიალის დირექტორად.

 

დაჩი ცაგურია აღნიშნავდა, რომ მართალია, იგი 2012 წლიდან მუშაობს რკინიგზაში, მაგრამ  მგზავრთა გადაყვანის ფილიალის დირექტორად დაინიშნა არა 2012, არამედ 2018 წელს.

 

მოპასუხე ტელევიზიამ აღნიშნა, რომ: „სადავო სიუჟეტში დაჩი ცაგურიას თანამდებობრივ სტატუსს საქართველოს რკინიგზაში იმ მიზეზით გაესვა ხაზი, რომ იგი საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებს უკანასკნელი 9 წელი, მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნების’’ გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში. აქცენტი აქ არა კონკრეტულ თანამდებობაზეა გაკეთებული, არამედ იმ გარემოებაზე, რომ მისი დაწინაურება და კარიერული წინსვლა სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიასთან არის აფილირებული და მთლიანად უკავშირდება საქართველოს რკინიგზას. დღევანდელი მისი სტატუსი, მგზავრთა გადაყვანის ფილიალის დირექტორად მისი დანიშვნა სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა, რაც დასტურდება კიდეც მის ავტობიოგრაფიაში მითითებული ცნობებით. შესაბამისად, იმაზე აპელირება, თუ კონკრეტულად რომელი წლიდან იკავებდა იგი რაიმე სპეციფიკურ პოზიციას რკინიგზაში, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ განმცხადებლის კარიერა დაკავშირებულია მმართველი რეჟიმის ცვლილებასთან და საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობასთან.“

 

ქარტიის საბჭომ ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია. მაყურებლისათვის მნიშვნელოვანია, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. შესაძლოა, ჟურნალისტმა ფაქტებს თავისი შეფასებები გაუკეთოს, მაგრამ მას სწორად უნდა მიეწოდებინა აუდიტორიისათვის ინფორმაცია, რომ დაჩი ცაგურია თავიდანვე ფილიალის დირექტორად არ დაუნიშნავთ და იგი ამ თანამდებობაზეა  2018 წლიდან, ხოლო მანამდე საქართველოს რკინიგზაში სხვა პოზიცია ეკავა.

 

  1. სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ დაჩი ცაგურიას ყოველთვიური ხელფასი 12 000 ლარია და წლიურად, პრემია-დანამატებით, მისი შემოსავალი 200 000 ლარამდეა.

 

დაჩი ცაგურიამ აღნიშნა, რომ მისი ხელფასის ოდენობის შესახებ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

 

მოპასუხის თქმით, ხელფასის ოდენობაზე ინფორმაცია კონფიდენციალური წყაროზე  დაყრდნობით გაავრცელეს.

 

საბჭო აღნიშნავს, რომ ეთიკური ჟურნალისტიკის ერთ−ერთი მთავარი პრინციპია პატივი სცეს აუდიტორიის უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჟურნალისტს შეიძლება არ ჰქონდეს ოფიციალური ინფორმაცია და დაეყრდნოს კონფიდენციალურ წყაროს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, რომ ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის ღია წყაროებთან გადასამოწმებლად, ან გადამოწმების მიზნით დაუკავშირდეს მეორე მხარეს [ამ შემთხვევაში დაჩი ცაგურიას]. ხოლო თუ ვერ მოახერხა ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებ უნდა აცნობოს აუდიტორიას და გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ მიაწოდოს დადასტურებული ფაქტის სახით. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ჟურნალისტმა არ დაიცვა ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულება.

  1. სიუჟეტში ასევე აღინიშნა, რომ „თიბისი კაპიტალის ბოლო კვლევით, დაჩი ცაგურიებისნაირი ჩინოვნიკების დამსახურებით, რკინიგზის დეპარატმენტმა 2020 წელს 164 000 000 ლარით იზარალა“.

 

ტელეკომპანიამ შეპასუხებაში მიუთითა, რომ: “სიუჟეტში რაიმე კონკრეტულ ქმედებაზე არ იყო მითითება გაკეთებული,  საუბარი იყო იმაზე, რომ სავარაუდოდ პარტიული აფილირების მიზეზით დანიშნული პირები ამ სამსახურების გამართულ ფუნქციონირებას აფერხებენ, ზრდიან კორუფციის რისკებს და  თანხების არამიზნობრივად, არაეფექტიანად ხარჯვის ალბათობას“.

 

ჟურნალისტს შეიძლება გაუჩნდეს მოსაზრება, რომ არაპროფესიონალი კადრების გამო სახელმწიფო საწარმო არ და ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია ფაქტის და მოსაზრების გამიჯვნა. რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ საქართველოს რკინიგზას არ აქვს სახარბიელო ფინანსური მაჩვენებლები, მაგრამ ამავდროულად, არ არის ფაქტი, რომ ამ მდგომარეობის გამომწვევი არის არაპროფესიონალი კადრები და კონკრეტულად დაჩი ცაგურია. სადავო გადაცემა არ შეიცავდა კონკრეტული ფაქტების ერთობლიობას, რომელიც აჩვენებდა რკინიგზის ზარალის პირდაპირ კავშირს არაპროფესიონალ კადრებთან და კერძოდ კი დაჩი ცაგურიასთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ბექა ყორშიამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. 

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. საბჭომ პირველ პრინციპზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ ჟურნალისტმა 1) ინფორმაცია გაავრცელა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ისე, რომ ის არ გადაამოწმა; 2) სწორად არ დაასახელა დრო, როცა დაჩი ცაგურიამ ფილიალის ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა; 3) შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე წარმოაჩინა, რომ დაჩი ცაგურიას საქმიანობას უკავშირდება საქართველოს რკინიგზის წამგებიანი ფინანსური მაჩვენებლები. საბჭომ სწორედ ამ საფუძვლების გამო დაადგინა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო მე-3 პრინციპი არ მიიჩნია დარღვეულად.

მე-7 პრინციპი:  „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მოხდა მისი დისკრედიტაცია, რასაც მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურებები. საბჭო აღნიშნავს, რომ მე-7 პრინციპი არ ფარავს დისკრედიტაციას და განცხადებაში არ იყო წარმოდგენილი ის ნიშანი, რომელიც გამოარჩევდა დაჩი ცაგურიას, რომლის საფუძველზეც მოხდა მისი დისკრიმინაცია.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ბექა ყორშიამ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. ბექა ყორშიას არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-7 პრინციპი.

 

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა