გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - თინათინ ნოზაძე ვასილ დაბრუნდაშვილის, ეკო მაღრაძის და გუგა მაისურაძის წინააღმდეგ
31.03.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 8 პრინციპი;
განმცხადებელი : თინათინ ნოზაძე;
მოპასუხე : ვასილ დაბრუნდაშვილი, ეკო მაღრაძე, გუგა მაისურაძე;

04 მარტი,  2022 წელი

საქმე N – 541

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი, ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური.


აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თინათინ ნოზაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 24 იანვარს, TV პირველი ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-8 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრნენ წამყვანები ვასილ დაბრუნდაშვილი და ეკო მაღრაძე, ასევე, ჟურნალისტი გუგა მაისურაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებელი და TV პირველის წარმომადგენელი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სიუჟეტის წარდგენისას წამყვანი, ვასილ დაბრუნდაშვილი აღნიშნავს, რომ 12 წლის ბავშვის საქმე, რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო, “თავდაყირა დგება”; რომ ბაბუა, რომელსაც შვილიშვილის გაუპატიურებას “აბრალებდნენ” - უდანაშაულოა; რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია და ექსპერტიზის დასკვნამ ბრალდებები გააბათილა.  საუბარს აგრძელებს მეორე წამყვანი, ეკო მაღრაძე და ამატებს, რომ პროკურატურას საქმე “თავზე ჩამოენგრა”. წამყვანები კვლავ ხაზს უსვამენ, რომ ექსპერტიზის დასკვნამ ფაქტი საერთოდ გამორიცხა და შესაძლოა, განსასჯელის სკამზე არასრულწლოვანის დედა აღმოჩნდეს, რომლის ჩვენება საქმეში დევს და რომელიც ასევე ადანაშაულებდა ბაბუას შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში. სიუჟეტის თანახმად, ბრალდებული უდანაშაულოა და ციხეში რძლის შურისძიების გამო მოხვდა, უფრო კონკრეტულად, რძალმა აიძულა ბავშვი, რომ ბაბუისთვის უმძიმესი დანაშაული დაებრალებინა.  იგივე ხაზს აგრძელებს და ინფორმაციას იმეორებს ჟურნალისტი გუგა მაისურაძე. დამატებით ის ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კაცს ბავშვზე სექსუალურად არასდროს უძალადია.

ყველა ზემოაღნიშნული დასკვნა ჟურნალისტებმა გააკეთეს ექსპერტიზის შედეგზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, არ შეინიშნებოდა ფიზიკური დაზიანებების ის ნიშნები, რომელიც, როგორც წესი, თან ახლავს გაუპატიურებას.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად, საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი. კერძოდ, ის რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გარეგნული დაზიანებები არ ჩანს, არ აძლევდა საკმარის საფუძველს ჟურნალისტებს, მტკიცებით ფორმაში, დადასტურებული ფაქტის სახით ეთქვათ, რომ: ბრალდებული პირი უდანაშაულოა, რომ სექსუალური ხასიათის დანაშაულს არასრულწლოვანის მიმართ ადგილი არ ჰქონია, რომ როგორც ბავშვი, ისე მისი დედა ტყუოდა, რომ დედა შეიძლება თავად იქცეს ბრალდებულად ცრუ ჩვენების გამო. დანაშაულის დადგენა ან არ დადგენა კომპლექსური პროცესია, რომელიც შედგება პროფესიონალების მუშაობისგან, მოწმეთა ჩვენებებისაგან, არაერთი მტკიცებულების და მათი ანალიზისაგან. შესაბამისად, ჟურნალისტის მიერ მხოლოდ ერთი მტკიცებულების საფუძველზე, არსებული ბრალდებულის გამართლება, ახალი ბრალდებულის განსაზღვრა და ზოგადად, დანაშაულის არარსებობის ფაქტის დადგენა, თან ეს ყველაფერი, როგორც აღინიშნა, მტკიცებით ფორმაში, შეუსაბამოა ქარტიის პირველ პრინციპთან.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. საბჭო აღნიშნავს, რომ მე-5 პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობაა იმ ფაქტის დადასტურება, რომ მედია საშუალებამ ან კონკრეტულად რელევანტურმა ჟურნალისტმა მიიღო ინფორმაცია სიუჟეტთან დაკავშირებული პრეტენზიების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ განმცხადებელის პრეტენზია მოპასუხისთვის ცნობილი იყო, შესაბამისად,  ვერ დადგინდება მე-5 პრინციპის დარღვევა.

მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

არასრულწლოვნის ინტერესის დარღვევად საბჭო მიიჩნევს ისეთ შემთხვევებს, როცა გავრცელებულმა ინფორმაციამ იმ მომენტში ან მომავალში, შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მასზე. უნდა შეფასდეს, რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამ ჟურნალისტური პროდუქტის მიმართ არასრულწლოვანს ზრდასრულ ასაკში. მეტიც, ხომ არ არსებობს ალბათობა, რომ ეს სიუჟეტი არა შორეულ, არამედ ახლო მომავალშიც შეუქმნის მას პრობლემებსა და დისკომფორტს, ხომ არ გამოიწვევს არასრულწლოვნის ბულინგს, დისკრიმინაციას ან სტიგმატიზებას. არასრულწლოვნები, მათი ასაკიდან გამომდინარე, საზოგადოების მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და მათ შესახებ ან მათთვის მისაწოდებელი ინფორმაცია განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩევას მოითხოვს, რათა ჟურნალისტურმა პროდუქტმა არ გამოიწვიოს მათი ინტერესების შელახვა ან მათი მომავლისთვის საფრთხის შექმნა. საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სიუჟეტში არასრულწლოვანზე გავრცელებული ინფორმაცია  არ შეესაბამებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ვასილ დაბრუნდაშვილმა, ეკო მაღრაძემ და გუგა მაისურაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-8 პრინციპი.
  2. ვასილ დაბრუნდაშვილს, ეკო მაღრაძეს და გუგა მაისურაძეს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-5 პრინციპი.