გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი [WISG] კომედი არხის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ 
04.10.2021

განმცხადებელი : ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი [WISG];
მოპასუხე : კომედი არხის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

24 ივნისი 2021 წელი

საქმე N – 440

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა [WISG], რომელიც მიიჩნევდა, რომ სადავო მასალაში [იუმორისტული დადგმა], რომელიც კომედი არხის ეთერში 2020 წლის 12 ნოემბერს გავიდა,  დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული  იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც განმცხადებელი, ისე ტელევიზიის წარმომადგენელი.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მეშვიდე პრინციპი: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

იუმორისტული დადგმის [ე.წ.„სკეჩი"] სიუჟეტი ასახავდა გაუპატიურების მსხვერპლის მიერ მოძალადის ამოცნობის შემთხვევას. განმცხადებელი აღნიშნავდა:  „მასალაში ჩანს, რომ ე. წ. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ პოლიციელის როლში მყოფი პირი ითხოვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან მარტო დარჩენას და ამ საქციელით ახდენს გაუპატიურების ერთგვარად ნორმალიზაციას“. 

საბჭო მიიჩნევს, რომ გაუპატიურების ფაქტზე საუბარი იუმორისტული კონტექსტით   ამძაფრებს საზოგადოების ქვეცნობიერში ფესვგადგმულ სტერეოტიპებს გაუპატიურების მსხვერპლი ქალების შესახებ. აუბრალოვებს, ტრივიალურს ხდის გაუპატიურების თემას და ახდენს გაუპატიურების მსხვერპლი ქალების რეტრავმირებას და  რევიქტიმიზაციას. დამატებით საბჭო აღნიშნავს, რომ სექსუალური ძალადობის აქტს არ შეიძლება რაიმე სახის პოზიტიური, იუმორისტული ასპექტი ჰქონდეს და მისი ასეთი სახით წარმოდგენა შესაძლებელია შეფასდეს როგორც დისკრიმინაციული დამოკიდებულება და მე-7 პრინციპის დარღვევა.

მოპასუხე ტელეკომპანიის წარმომადგენელი დაეთანხმა როგორც განმცხადებლის, ისე საბჭოს მსჯელობას და აღნიშნა, რომ ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა, როცა სათანადოდ არ შეფასდა ე.წ. „სკეჩის“ შინაარსი. მისი თქმით, არხის პოლიტიკაა, რომ ყველა მხრივ თავიდან აიცილოს სტიგმის გავრცელება და დისკრიმინაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. კომედი არხის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.