გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მარიამ მელქაძე მაგდა ანიკაშვილის და ვაკა გორგილაძის წინააღმდეგ
26.07.2021

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : მარიამ მელქაძე;
მოპასუხე : მაგდა ანიკაშვილი და ვაკა გორგილაძე;

24 აპრილი 2021 წელი

საქმე N – 471

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე, ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მარიამ მელქაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 09 მარტს, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. კერძოდ, განმცხადებლის აზრით, პრინციპი დაარღვიეს ჟურნალისტებმა მაგდა ანიკაშვილმა და ვაკა გორგილაძემ ბერა ივანიშვილთან ინტერვიუს დროს.

საქმის განხილვის თავისებურებები

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად, „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭომ განიხილა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: ”ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებლის ძირითადი არგუმენტაცია მე-7 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით ეყრდნობოდა რესპონდენტ ბერა ივანიშვილის ფრაზას „დიახ, მე როგორც ვიცი, ისინი ჩემს სიმღერებში ქათმების ხმებს ეძებდნენ, მაგრამ როდესაც ვერ იპოვეს ქათმების ხმა, შემდეგ თოლიების ხმებსაც დასჯერდნენ". საბჭომ სრულად გაიზიარა განმცხადებლის შემდეგი არგუმენტაცია:

  • „სიტყვა “ქათმები” ქართულ რეალობაში [პოსტსაბჭოთა სივრცეში], ე.წ „ქურდული სამყაროს” წევრების მიერ გამოიყენება. აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ, კანონიერი ქურდების დავალებით, პერმანენტულად ხორციელდება სექსუალური სახის ზეწოლა“.
  • „ამავე ჯგუფში ხვდებიან ლგბტქ+ წარმომადგენლები, ან ის პატიმრები, რომელთა ციხის გარეთ ან დაწესებულების შიგნით ჩადენილი ქმედებაც ე.წ. „ქათმობად“ ითვლება და კრიმინალური წესების მიხედვით იწვევს ე.წ. „გაქათმებას“. არსებული წესების თანახმად, სხვა პატიმრებს ეკრძალებათ ამ ჯგუფის წევრისთვის ხელის ჩამორთმევა, მასთან შეხება, მისი ჭიქიდან დალევა, ერთი ქვაბიდან ჭამა, მის საწოლზე ჩამოჯდომა და ა.შ. ყველაზე მეტად ასეთი ძალადობის მსხვერპლები არიან ე.წ. „ქათმები“. ამ პირების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება აშკარად გამოხატულია, ისინი ფაქტობრივად არ მიაჩნიათ სრულყოფილ ადამიანებად, რის გამოც იმყოფებიან მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ“.
  • „მოცემული გამონათქვამი ამძაფრებს საზოგადოების ქვეცნობიერში ფესვგადგმულ სტერეოტიპებს. მედიას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს საზოგადოებაში თანასწორობის იდეის გავრცელებასა და ლგბტქ+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ამ თემის მიმართ ნებისმიერი სახის ჩაგვრას სწორედ მედიის პრიზმიდან ხედავს“.
  • „აღნიშნული სიუჟეტის შემთხვევაში შეურაცხმყოფლად ჟღერდა სიტყვა „ქათმები“, რომლის კონოტაცია ზემოთაა განხილული. იმ კულტურულ კონტექსტში, სადაც LGBTQ+ თემის წარმომადგენლები ხშირად საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან, მედიას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უსამართლობის დაძლევაში და არა პირიქით, მთელი ძალისხმევა მიმართოს დისკრიმინაციის და სტიგმის გასაძლიერებლად. სექსუალური ორიენტაციის ნიშნით უთანასწორო მოპყრობა ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე რეალობაში. ყოველდღიურ ცხოვრებაში LGBTQ+ ადამიანები აწყდებიან უამრავ დაბრკოლებას, შევიწროებას, დამცირებას“.

საბჭო თავის მხრივ დასძენს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებულ რეკომენდაციის თანხმად: „სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით“. ზემოაღნიშნულიდან ცალსახაა, რომ რესპონდენტის ფრაზა ატარებდა დამამცირებელ ხასიათს LGBTQ+ ადამიანების მიმართ და აქეზებდა მათ მიმართ შეუწყნარებლობას. შესაბამისად, ბერა ივანიშვილმა სადავო სიუჟეტში გამოიყენა სიძულვილის ენა, ხოლო ქარტიის საბჭოს პრაქტიკის და განმარტების თანახმად, მე-7 პრინციპი ასევე მოიაზრებს ჟურნალისტის ვალდებულებას, ყველაფერი იღონოს, რათა ხელი არ შეუწყოს სიძულვილის ენის გავრცელებასა და გამოყენებას.

ცალკე უნდა შეფასდეს ამ დროს ჟურნალისტების ქცევა, საქმეში “ბექა გაბადაძე თეა ადეიშვილის წინააღმდეგ” (2017 წელი), საბჭომ აღნიშნა რომ: „მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო პროაქტიული ქმედებები განახორციელოს“, ანუ, ჟურნალისტმა არა თუ ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის გაღრმავებას, სტიგმატიზებას და სიძულვილის ენის გამოყენებას, არამედ პირიქით, ყველა ღონე უნდა იხმაროს მათი თავიდან აცილებისთვის.

განსახილველ შემთხვევაში, რესპონდენტმა გამოიყენა სიძულვილის ენა, რომელიც ჟურნალისტებმა სათანადო რეაგირების გარეშე დატოვეს, ისინი არ გაემიჯნენ ბერა ივანიშვილის მიერ ასეთი ტერმინების გამოყენებას და არ მიუთითეს სიძულვილის ენის გამოყენების დაუშვებლობაზე, რითაც ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი. 


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მაგდა ანიკაშვილმა და  ვაკა გორგილაძამ დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა