გადაწყვეტილებების ძიება

ლევან ცალუღელაშვილი მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ
09.10.2020

განმცხადებელი : ლევან ცალუღელაშვილი;
მოპასუხე : მირიან ბოქოლიშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;

02 ივლისი 2020 წელი

საქმე N - 398 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, მაია მერკვილაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლევან ცალუღელაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 25 ივნისს, ვებ საიტზე primetime.ge გამოქვეყნებულ სტატიაში დაირღვა ქარტიის 1, მე-3, მე-4, მე-5 და მე-10 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა primetime.ge -ს რედაქტორი, მირიან ბოქოლიშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებელმა, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და წარმოადგინა შეპასუხება წერილობითი სახით. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის 1, მე-3 და მე-5 პრინციპებთან დაკავშირებით და სადავოდ დატოვა ქარტიის მე-4 და მე-10 პრინციპი.


სამოტივაციო ნაწილი


ფაქტობრივი გარემოებები:

  1. განმცხადებელმა ლევან ცალუღელაშვილმა სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში, მის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი. განმცხადებლის განმარტებით სტატუსი განკუთვნილი იყო მხოლოდ მისი FACEBOOK მეგობრებისათვის.
  2. პოსტი ეხებოდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას და მასში გამოთქმული იყო ლევან ცალუღელაშვილის პერსონალური მოსაზრება/შეფასება ფაქტთან დაკავშირებით. პოსტში ასევე აღნიშნული იყო, რომ დაპირისპირება, რომელიც წინ უძღოდა შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს განვითარებულ მოვლენებს, მოჰყვა კითხვას “რა უბნელი ხარ?”.
  3. პოსტის შინაარსი გამოაქვეყნა მედია საშუალება primetime-მა და მიუთითა, რომ „მისი [ლევან ცალუღელაშვილის] ინფორმაციით, სწორედ ამ ნიადაგზე [კითხვა „რა უბნელი ხარ“] დაიწყო დაპირისპირება “.
  4. მე-3 პუნქტში მითითებული გარემოების საფუძველზე, მკითხველს primetime-ის მეშვეობით მიეწოდა ინფორმაცია, რომ სწორედ ლევან ცალუღელაშვილი იყო იმ ინფორმაციის წყარო, თუ რატომ დაიწყო დაპირისპირება. 
  5. ლევან ცალუღელაშვილმა განცხადებაში მიუთითა, რომ კონფლიქტის დაწყების მიზეზის შესახებ თავად ამოიკითხა გაზეთ “კვირის პალიტრაში” და არასწორია, რომ თითქოს ინფორმაციის წყარო თავად იყო. 
  6. ჟურნალისტმა თავის შეპასუხებაში აღნიშნა, რომ ლევან ცალუღელაშვილის პოსტის პირველად ვერსიაში არავითარი სახით არ იყო აღნიშნული, რომ ინფორმაციის წყარო არა თავად, არამედ სხვა მედიასაშუალება/პირი იყო.
  7. ლევან ცალუღელაშვილმა დაადასტურა, რომ პოსტის თავდაპირველი ვერსია შემდეგ დაარედაქტირა და მიუთითა, რომ ინფორმაცია კონფლიქტის მიზეზის შესახებ მას არ ეკუთვნოდა. 
  8. ლევან ცალუღელაშვილის მიერ საბჭოსათვის მომართვის შემდეგ ჟურნალისტმა შეცვალა სტატია და მიუთითა: „შენიშვნა: ცალუღელაშვილმა ეს ინფორმაცია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა, ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე, შესაბამისად მისი სტატუსი ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაცია სწორედ მას მიაწოდეს. მოგვიანებით, ცალუღელაშვილმა დააზუსტა, რომ ეს არა მისი, არამედ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციაა, რომელიც მან „კვირის პალიტრაში“ გააჟღერა. შესაბამისად, საკუთარ ფეისბუქ-სტატუსში ცალუღელაშვილი კობაიძეს ციტირებს”. 
  9. მე-8 მუხლში მითითებული შესწორების შემდეგ, განმცხადებელმა მოხსნა მისი მოთხოვნა 1-ლ, მე-3 და მე-5 პრინციპებთან დაკავშირებით.

ქარტიის მეოთხე პრინციპი: “ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს” ხოლო მე-10 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.“

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ვინაიდან მისი Facebook-სტატუსი იყო მხოლოდ მეგობრებისათვის განკუთვნილი, სტატუსის გამოყენება მის დაუკითხავად იყო როგორც ინფორმაციის არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მოპოვება, ისე მის პირად ცხოვრებაში შეჭრა. საბჭო აღნიშნავს, რომ ინფორმაციის „საჯაროდ გავრცელებაში“ არ იგულისხმება მხოლოდ მისი ტრადიციული მედიასაშულებებით გავრცელება. სოციალური მედია სულ უფრო დიდ როლს ასრულებს ინფორმაციის მიღება-გავრცელებაში. ის გარემოება, რომ სტატუსი მხოლოდ განმცხადებლის მეგობრებს შეეძლოთ ენახათ, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სტატუსის შინაარსი პერსონალური ინფორმაციაა.

აღსანიშნავია, რომ FACEBOOK პოსტის ავტორი მოკლებულია შესაძლებლობას გააკონტროლოს მისი მეგობრების მიერ ინფორმაციის გამოყენების გზები და საშუალებები. იგივე მიდგომას იზიარებს საქართველოს უზენასი სასამართლო, რომელმაც თავის გადაწყვეტილებაში №ას-1559-1462-2012 9 იანვარი, 2014 წელი, აღნიშნა რომ: „ფეისბუქზე“ კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული პირებისათვის ან ყველა მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის შესაბამისად. ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტ-გამოცემებში. სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს“.

განსახილველ შემთხვევაში ასევე ყურადსაღებია რომ თავად განმცხადებლის FACEBOOK სტატუსის შინაარსი ეხებოდა ისეთ ამბავს, რომლის მიმართაც არსებობდა განსაკუთრებული და ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი, რაც კიდევ უფრო ამყარებს FACEBOOK სტატუსის „საჯარო ინფორმაციად“ კვალიფიკაციის არგუმენტებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია, მათ შორის ფოტოები, წარმოადგენს მათ საჯაროდ გავრცელებას და, შესაბამისად, ჟურნალისტს არაკეთილსინდისიერად არ მოუპოვებია ინფორმაცია და არც სხვის პირად ცხოვრებაში შეჭრილა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მირიან ბოქოლიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 და მე-10 პრინციპი.