გადაწყვეტილებების ძიება

უსფ ბრიტანია ქონსთრაქშენ მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ
24.07.2020

განმცხადებელი : უსფ ბრიტანია ქონსთრაქშენ;
მოპასუხე : მაკა ჩიხლაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;

29 ივნისი 2020 წელი

საქმე N - 371


საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე, მაია მერკვილაძე

განმცხადებელი: უსფ ბრიტანია ქონსთრაქშენ

მოპასუხე: მაკა ჩიხლაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა უსფ “ბრიტანია ქონსთრაქშენმა”. განმცხადებლის აზრით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” 2020 წლის 27 მარტის გადაცემაში „მთავარი 9 საათზე“ გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე თბილისში, გულუას ქ. N 8-ში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოებს, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპები.

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი მაკა ჩიხლაძე, რომელმაც საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა.

საქმის განხილვის თავისებურებები საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.



სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.” სადავო სიუჟეტი შეეხებოდა ქ. თბილისში, გულუას ქ. N 8-ში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარემონტო სამუშაოებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროსაც მიმდინარეობდა. სიუჟეტის თანახმად:

  1. სარემონტო სამუშაოები ხორციელდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ შენობაში, სადაც განთავსებულია მინისტრის კაბინეტი, შესაბამისად რემონტდებოდა მინისტრის კაბინეტიც. სიუჟეტში ეს საკითხი აქცენტირებულია: „მეხუთე სართულზე, იქ, სადაც მინისტრი გომელაური ზის, 10 მმ სისქის გერმანული ან მისი ანალოგი ლამინირებული პარკეტი უნდა დააგონ“.
  2. რესპონდენტი ქეთი ენუქიძე [ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“] ამბობს, რომ ის ტენდერში კორუფციის რისკებს ხედავს, კერძოდ, კომპანია [უსფ ბრიტანია ქონსთრაქშენ], რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, ერთი წლის წინ დააფუძნეს და მას არ გააჩნია სათანადო გამოცდილება. ის აღნიშნავს, რომ, სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე კომპანიას შესრულებული უნდა ჰქონოდა მინიმუმ 5 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო, თუმცა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, უსფ ბრიტანია ქონსთრაქშენ ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა.

საბჭომ მოიკვლია შემდეგი ინფორმაცია:

  1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, უნდა გარემონტებულიყო ქ. თბილისში, გულუას N 8-ში მდებარე შენობა. სიუჟეტში ჟურნალისტმა აჩვენა გულუას N 10-ში მდებარე შენობა, სადაც განთავსებულია მინისტრის კაბინეტი. შესაბამისად, ჟურნალისტმა არასწორად მიაწოდა მაყურებელს ინფორმაცია, თუ რომელი შენობა რემონტდებოდა და სარემონტო სამუშაოები მოიცავდა თუ არა მინისტრის კაბინეტს.
  2. როგორც ჟურნალისტმა, ასევე რესპონდენტმა ხაზი გაუსვეს უსფ ბრიტანია ქონსთრაქშენის დაფუძნების თარიღს [2019 წელი] და, შესაბამისად, ამ კომპანიის „გამოუცდელობას“ და „არაკვალიფიციურობას“. თავის მხრივ, უსფ ბრიტანია ქონსთრაქშენის ამონაწერში ცალსახად არის მითითებული, რომ უსფ ბრიტანია ქონსთრაქშენი არ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, არამედ წარმოადგენს დიდ ბრიტანეთში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Geo Sky Construction Limited-ის ფილიალს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გამოცდილებად ითვლება არა მხოლოდ ფილიალის, არამედ სათავო დაწესებულების გამოცდილებაც. ჟურნალისტმა აღნიშნული ფაქტი მიჩქმალა და მაყურებელს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ თითქოს მართლაც რამდენიმე თვით ადრე დაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო ტენდერში მონაწილეობა.

აღსანიშნავია მოპასუხე ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის პოზიცია, რომ კომპანიის გამოცდილებაზე და არაკომპეტენტურობაზე საუბრობდნენ მისი რესპონდენტები და მას, როგორც ჟურნალისტს, რესპონდენტთა პოზიციებზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა სწორედ ის არის, რომ ერთი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პოზიცია გადაამოწმოს და ამით სცეს პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და დაბალანსებული ინფორმაცია.

ქარტიის მე-5 პრინციპი “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.” დადასტურებული ფაქტია, რომ ჟურნალისტისა და ტელეკომპანიისათვის ცნობილი იყო განმცხადებლის პრეტენზიები არასწორი ფაქტების გავრცელებასთან დაკავშირებით და, როგორც საბჭომ დაადგინა, ეს პრეტენზიები საფუძვლიანი იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, მასალა არ შესწორებულა, რითაც დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპი “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება” როგორც თავად ჟურნალისტმა დაადასტურა, იგი იცნობდა კომპანიის დოკუმენტებს [ამონაწერი სიუჟეტშივე ჩანს] და სატენდერო დოკუმენტაციას, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ რემონტდებოდა გულუას N 10 ში მდებარე შენობა და არა იმავე ქუჩის N 8-ში არსებული ფართი. მისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ კომპანიამ წარადგინა გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტმა მაინც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რაც საბჭოს აძლევს იმის საფუძველს, დაადგინოს, რომ ადგილი ჰქონდა ფაქტების განზრახ დამახინჯებას.


სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: 

  1. მაკა ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.