გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ლელა ლობჟანიძე საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ
03.11.2019

მოპასუხე : საბა წიწიკაშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება

22 ოქტომბერი 2019 წელი

საქმე N 299 
ლელა ლობჟანიძე საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე, გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა.

განმცხადებელი: ლელა ლობჟანიძე

მოპასუხე: საბა წიწიკაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლელა ლობჟანიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ qartli.ge გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით „მინისტრის მოადგილის კრიტიკის გამო შესაძლოა საკრებულოს დეპუტატი „თრიალეთში“ აღარ მიიწვიონ“ დაირღვა ქარტიის 1, მე-5 და მე- 11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა qartli.ge რედაქტორი საბა წიწიკაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურება: ქარტის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭოს მიერ განხილული იქნა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან საბჭომ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატიის თანახმად „შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის [ბადრი ნანეტაშვილის] კრიტიკის გამო, საკრებულოს წევრს [ირმა ამბარდნიშვილი] ადგილობრივ ტელევიზიაში [ტელეკომპანია „თრიალეთი“] სავარაუდოდ აღარ მიიწვევენ.

ამის შესახებ ირმა ამბარდნიშვილს „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ლელა ლობჟანიძემ საჯაროდ, სოციალურ ქსელში მას შემდეგ ამცნო, რაც დეპუტატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ბადრი ნანეტაშვილის ალიანსს ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა“.

განმცხადებელი პირველ პრინციპს დარღვეულად თვლიდა შემდეგი არგუმენტაციით:

1. „[ჟურნალისტმა] არასწორი ინფორმაცია გაავრცელა იმის მიუხედავად რომ კომენტარში ავუხსენი დეტალები“.
2. „ჩემი განმარტების მიუხედავად სათაურშიც და სტატიის დასაწყისშიც მცდარი ინფორმაცია გამოიტანა“.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას. როგორც აღინიშნა სადავო სტატიის სათაური ჩამოყალიბებული იყო შემდეგი სახით „მინისტრის მოადგილის კრიტიკის გამო შესაძლოა საკრებულოს დეპუტატი „თრიალეთში“ აღარ მიიწვიონ“. სათაური გვაძლევს შემდეგ ინფორმაციას:

1. პირმა [ირმა ამბარდნიშვილი] გააკრიტიკა მინისტრის მოადგილე [ბადრი ნანეტაშვილი].
2. კრიტიკის გამო შესაძლოა იგი [ირმა ამბარდნიშვილი] ტელევიზიაში არ მიიწვიონ. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს რომ ტელევიზიაში არ მიწვევა მოცემულია არა დადასტურებული ფაქტის სახით, არამედ როგორც ალბათობა.

მოპასუხე ჟურნალისტმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელთა თანახმად 2019 წლის 21 ივნისს, ირმა ამბარდნიშვილმა ფეისბუქ სტატუსში მართლაც გააკრიტიკა ბადრი ნანეტაშვილი. აღნიშნულ პოსტს მოჰყვა დისკუსია კომენტარების სახით ირმა ამბარდანიშვილს და ლელა ლობჟანიძეს შორის, რომელიც თავის მხრივ არის ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ლელა ლობჟანიძე ერთ - ერთ კომენტარში ირმა ამბარდნიშვილს მიმართავს: „დიახ ამის შემდეგ საერთოდ არ გამიჩნდბა სურვილი თრიალეთის ეკრანს გაეკარო მაშინ როცა კვირაში სამჯერ გიწვევდით თავად გმართებს მეტი თავშეკავება და სხვისი წარმატებით დაბოღმილი ისეთ რამეს ნუ დაწერ რომ მერე თავადვე დაზარალდე“. აღნიშნული კომენტარი სრულ უფლებას აძლევდა ჟურნალისტს ევერაუდა რომ შესაძლებელი იყო ირმა ამბარდნიშვილი აღარ მიეწვიათ ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში. აქვე აღსანიშნავია, ჟურნალისტი დაუკავშირდა თავად ლელა ლობჟანიძეს და სთხოვა მისი პოზიციის დაფიქსირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და სტატია შეიცავს ლელა ლობჟანიძის დამატებით კომენტარს, სადაც ის აღნიშნავს „ის, რომ სურვილი მიჩნდება აღარ იყოს ,,თრიალეთის“ ეთერში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე მოხდება. ჩემი გაღიზიანება გამოიწვია ჩვენი ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკისადმი მისმა დამოკიდებულებამ. მანამდე არაერთი პოსტი შემხვდა, სადაც ქ-ნ ირმა აკრიტიკებს საინფორმაციო პოლიტიკას. თუ კვლავაც ასე გააგრძელა, ჩვენც ბუნებრივია შესაბამისი რეაქცია გვექნება“.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ - ჟურნალისტმა ლელა ლობჟანიძის მიერ ფეისბუქზე დაფიქსირებული პოზიცია გააცნო მკითხველს, ასევე გააცნო ლელა ლობჟანიძის დამატებითი კომენტარი/შეფასება და ამით უზრუნველყოს სრული და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ხოლო ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ როგორც დადგინდა ადგილი არ ჰქონდა არაზუსტი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, შესაბამისად არ არსებობდა შესწორების ვალდებულება ან განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საბა წიწიკაშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.