გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - PHR-ი resonancedaily-ის და kvira + -ის წინააღმდეგ
19.09.2019

მოპასუხე : resonancedaily, kvira+;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი; 10 პრინციპი;
გადაწყვეტილება

29 მაისი 2019 წელი

საქმე N 287 -

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის resonancedaily-ის და kvira + -ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ


საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი.

განმცხადებელი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

მოპასუხე: resonancedaily-ის და kvira.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისათვის. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა 2019 წლის 23 მაისს, resonancedaily.com ზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „მეზიზღებიან ისინი, ვინც საკუთარი ხელით კლავენ შვილებს“ – რას წერდა შვილის გაგუდვაში ბრალდებული გოგო“ და 2019 წლის 22 მაისს, plus.kvira.ge ზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „მეზიზღებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელით კლავენ შვილებს“ – რას წერდა შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგო სოცქსელში”. განმცხადებელი უთითებდა, რომ აღნიშნულ სტატიებში დარღვეული იყო ქარტიის მე-8 და მე-10 პრინციპი. სტატიები ეხებოდა შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას, რომელიც თავადაც არასრულწლოვანი იყო.

სტატიებზე არ იყო მითითებული მათი ავტორების ვინაობა. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად მედიასაშუალებებს არ მოუწოდებიათ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ მასალებზე. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.4 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

განცხადების განხილვის თავისებურება: ქარტის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭოს მიერ განხილული იქნა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან საბჭომ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

ორივე სადავო მასალაში სრულად არის იდენტიფიცირებული ბრალდებული არასრულწლოვანი [სახელი, გვარი]. არასრულწლოვნის შესახებ ფაქტების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. მედიამ უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანზე მასალების ისე მომზადება, რომ არ ქმნიდეს არასრულწლოვნის ნეგატიური ემოციური მდგომარეობის გაძლიერების ალბათობას. ასევე, ქარტიის საბჭოს ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად „ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არა სრულწლოვნის იდენტიფიცირება, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი, დაუშვებელია, იმის მიუხედავად ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის“, ხოლო კრიმინალის გაშუქება – სახელმძღვანელო წესების თანახმად „დაუშვებელია კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე, დაზარალებული, ბრალდებული და მსჯავრდებული ან/და თვითმხილველი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება.“

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

სადავო სტატიებით ვრცელდებოდა იდენტიფიცირებული ბრალდებული არასრულწლოვანის ფეისბუქ პოსტები, სადაც ის საუბრობს მის ემოციურ დამოკიდებულებაზე შვილის მიმართ. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სტატუსებს არავითარი ინფორმაციული დატვირთვა არ ჰქონდა, არ აწვდიდა აუდიტორიას რაიმე დამატებით და მნიშვნელოვან ინფორმაციას მომხდარი დანაშაულის შესახებ და შესაბამისად მის მიმართ არ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი. არასრულწლოვანის პირადი ემოციური შეფასებების/განწყობების გასაჯაროება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სოციალურ ქსელში, ღია წყაროზე იყო განთავსებული, ემსახურებოდა მხოლოდ საზოგადოების სუბიექტური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას, და ამძფრებდა ნეგატიურ განწყობებს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის მიმართ. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. resonancedaily-ის და kvira + -ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტის მე-8 და მე-10 პრინციპი.