გადაწყვეტილებების ძიება

ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი - თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალი საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ
18.08.2019
ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი

სხდომის ოქმი

2019 წლის 28 ივლისი

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები:
გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.

აღნიშნულ სხდომაზე განხილული იქნა საქმე სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ [საქმე N 276]. ამასთან, მხარეების მოსმენა საბჭოს მიერ გაიმართა 10 ივლისს, აღნიშნულ დღეს გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და საბჭომ განმეორებით იმსჯელა საქმეზე 28 ივლისის სხდომაზე. 10 ივლისის მოსმენას ესწრებოდა როგორც მოპასუხე ჟურნალისტი, ისე განმცხადებლის წარმომადგენლები.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ qartli.ge რედაქტორის, საბა წიწიკაშვილის მიერ დარღვეული იყო ქარტიის პირველი, მესამე, მე-4, მე-5 და მე-11 პრინციპი.

ფაქტობრივი გარემოებები:

ვებსაიტზე qartli.ge 2019 წლის 04 აპრილს გამოქვეყნდა სტატია [ვერსია 1], რომლის თანახმად:

  1. სათაური - „გორის ჰოსპიტალში მოთავსებულ სამხედროს „ლირიკა“ ესაჭიროება“.
  2. ტექსტი - „გორის ჰოსპიტალში ერთი ცალი პრეპარატი „ლირიკა“ ესაჭიროებათ“.
  3. ტექსტი - „ჰოსპიტლის დირექტორმა თავდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებას მიმართა [ლირიკას შესაძენად]“

სტატია შემდეგ შესწორდა და შესწორებულ ვერსიაში [ვერსია 2] მითითებული იყო:

  1. სათაური - „გორის ჰოსპიტალის ცნობით სამხედრო მოსამსახურეს „ლირიკა“ ესაჭიროება“.
  2. ტექსტი - „გორის ჰოსპიტალში ერთი ცალი პრეპარატი „ლირიკა“ ესაჭიროებათ“.
  3. რომ ჰოსპიტლის დირექტორმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა და არა თავდაცვის სამინისტროს.
  4. სტატიას თან დაერთო განმარტება: „სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას ჰოსპიტალიდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ პრეპარატი ამბულატორიული პაციენტისთვის ესაჭიროებათ“.

საბჭოს მიერ დადგენილი იქნა, რომ:
  1. ლირიკა ესაჭიროებოდა არა სტაციონარულ, არამედ ამბულატორიულ პაციენტს, შესაბამისად სტატიის სათაურის პირველადი ვერსია არასწორი იყო.
  2. გორის ჰოსპიტალი ითხოვდა არა ერთ ცალ, არამედ ერთ კოლოფ პრეპარატ „ლირიკას“. შესაბამისად, როგორც პირველ, ასევე მეორე ვერსიაში არაზუსტი ინფორმაცია იყო, რომ თითქოს ერთი ცალი პრეპარატის შეძენა იგეგმებოდა.
  3. ჰოსპიტალმა მიმართა არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ შესყიდვების სააგენტოს, შესაბამისად სტატიის პირველ ვერსიაში არასწორად იყო მითითებული, რომ „ჰოსპიტლის დირექტორმა თავდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებას მიმართა“. 
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. პირველი პრინციპის ჭრილში საბჭოს წევრთა მოსაზრებები ორად გაიყო.

საბჭოს წევრთა ერთმა ნაწილმა მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ქარტიის პირველი პრინციპის დარღევა,
მათ ხაზი გაუსვეს, რომ ჰოსპიტლის მიერ სხვადასხვა მედიკამენტების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერების შესახებ საჯარო ინტერესი არსებობს და სადავო მასალაც არ არის გამონაკლისი. მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტის მიერ გავრცელებული არაზუსტი დეტალები არაარსებითი იყო და ვერ ცვლიდა მთლიანი სტატიის არსს. კერძოდ, მათი შეფასებით უმნიშვნელო იყო, რომ ჰოსპიტალი არა ერთი ცალის, არამედ ერთი კოლოფის შეძენას აპირებდა, ასევე არაარსებითი იყო  პირველ ვერსიაში მითითებული არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჰოსპიტალმა თავდაცვის სამინისტროს მიმართა.  მათ არაარსებით შეცდომად მიიჩნიეს ისიც, რომ ჰოსპიტალს არა სტაციონარული, არამედ ამბულატორიული პაციენტისათვის ესაჭიროებოდათ ლირიკა.

საბჭოს მეორე ნაწილმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მათ გაიზიარეს, რომ დაშვებული უზუსტობები არ იყო არსებითი ხასიათის, მაგრამ აღნიშნეს, რომ სულ 90 სიტყვიან ჟურნალისტურ პროდუქტში 3 არასწორი ფაქტის მითითება შეუსაბამოა ეთიკური ჟურნალისტიკისთვის. მით უფრო, რომ ჟურნალისტი სტატიის მომზადებისას ხელმძღვანელობდა ოფიციალური შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტებით, სადაც ყველა ინფორმაცია ზუსტად იყო მითითებული. ეს ფაქტი ხაზს უსვამს ჟურნალისტის ზერელე დამოკიდებულებას მისი ეთიკური ვალდებულებისადმი,  პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ჟურნალისტმა ის ფაქტი, რომ სამხედრო მოსამსახურეს „ლირიკა“ ესაჭიროებოდა სკანდალური ელფერით წარმოაჩინა და დაუდევრად მოეკიდა სხვა თანმდევი ინფორმაციის ზუსტად გადმოცემას, რომელიც იმავე წყაროში იყო მოცემული, რომლის საფუძველზეც დაწერა, რომ ჰოსპიტალს „ლირიკა“ ესაჭიროებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შესწორების სტანდარტი არ იყო დაცული სტატიის მეორე ვერსიაში, კერძოდ, არ იყო მითითებული, რომ პირველ ვერსიაში ორი შეცდომა იყო დაშვებული [არასწორი მიმართვის ადრესატი და რომ პაციენტი ამბულატორიული იყო]. სტატიის შესწორებულ ვერსიაზე გამოქვეყნების დროდ იგივე [17:44] იყო მითითებული, რომელი დროითაც პირველი ვერსია გამოქვეყნდა მაშინ, როცა თავად მოპასუხე ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ სტატია მეორე დღეს შეასწორა. ამასთან, როგორც მოპასუხემ განაცხადა, შესწორებული ვერსია არ განუთავსებია მისი გამოცემის ფეისბუქ გვერდზე, სადაც როგორც წესი, მის ყველა ჟურნალისტური პროდუქტს ათავსებს [ანუ ხელი არ შეუწყო გასწორებული ვერსიის გავრცელებას], ეს ყველაფერი კი საბჭოს წევრების აზრით, ზუსტი ინფორმაციის მიმართ „პატივისცემის“ უგულვებელყოფაა, რაც ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის დაუშვებელია.

ააიპ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 4.7] თანახმად: „თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას [პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა] მხარი არ დაუჭირა მინიმუმ 5 წევრმა, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული და ქვეყნდება სხდომის ოქმი, სადაც მიეთითება როგორც დარღვევის დადგენის მომხრე, ისე მოწინაღმდეგე საბჭოს წევრთა არგუმენტები“. განსახილველ შემთხვევაში პრინციპის დარღვევას ან არ დარღვევას მხარს არ უჭერს 5 წევრი და შესაბამისად, საბჭოს მოსაზრებები წარმოდგენილია ოქმის სახით.

ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“, ხოლო მე-11 პრინციპი აღნიშნავს რომ „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები ფაქტის განზრახ დამახინჯება“ აღნიშნულ პრინციპებზე მსჯელობის წინაპირობას წარმოადგენს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევის დადგენა. ვინაიდან პირველ პრინციპზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, საბჭოს მე-3 და მე-11 პრინციპებზე აღარ უმსჯელია.

რაც შეეხება სადავო მე-3 და მე-4 პრინციპს.

მესამე პრინციპის ჭრილში განმცხადებელი აპელირებდა „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. კერძოდ აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტის მიერ წყაროში [შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის] მითითებული ფაქტებით არასწორად გავრცელებით ირღვეოდა აღნიშნული პრინციპი, რომ „წყაროს არასწორად განმარტება ნიშნავს რომ წყარო დაუდასტურებულია“. საბჭომ ერთხმად არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და აღნიშნა რომ „წყაროს დაუდასტურებლობა“ არ ნიშნავს წყაროს არასწორ ინტერპრეტაციას, ეს პრინციპი მიუთითებს იმას, რომ წყარო ბუნებაში საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ორივე მხარემ დაადასტურა, რომ სტატია მომზადდა სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შესაბამისად წყარო დადასტურებულია.

მეოთხე პრინციპი „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“ ქარტიის საბჭო არც ამ პრინციპს მიიჩნევს დარღვეულად ვინაიდან, ინფორმაცია მოპოვებული იყო საჯარო წყაროდან - სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან.

დასკვნის სახით:

1. პირველ პრინციპზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

2. მეხუთე და მე-11 პრინციპი არ იქნა განხილული.

3. საბა წიწიკაშვილის მიერ არ დარღვეულა მე-3 და მე-4 პრინციპი.