გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - რაშან ზიადალიევი ქეთევან ბუდაღაშვილის წინააღმდეგ
17.05.2019

განმცხადებელი : რაშან ზიადალიევი;
მოპასუხე : ქეთუნა ბუდაღაშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება 24 აპრილი 2019 წელი

საქმე N 261
რაშან ზიადალიევი ქეთევან ბუდაღაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე, კამილა მამედოვა, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: რაშან ზიადალიევი

მოპასუხე: ქეთევან ბუდაღაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა რაშან ზიადალიევმა. განცხადება ეხებოდა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დღეში“ 2019 წლის 14 თებერვალს გასულ სიუჟეტს „საიმედო ტური“, რომელიც მიეძღვნა ბოლნისის რაიონს. სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - ქეთევან ბუდაღაშვილია. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტში არ იყო ასახული ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები, რამაც გამოწვია ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია და შესაბამისად ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევა.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტმა წერილობითი სახით წარმოადგინა შეპასუხება და სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს კითხვებს სატელეფონო კავშირის მეშვეობით უპასუხა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. სადავო სიუჟეტის პირველ ნაწილში მიმოხილული იყო გერმანელ მოსახლეთა მემკვიდრეობა ბოლნისის რაიონის, მეორე ნაწილი კი ეხებოდა ბოლნისის რაიონში არსებულ ისტორიულ ძეგლებს, მათ შორის მართლმადიდებლურ ტაძრებს. განმცხადებლის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ, სიუჟეტში მინიშნებაც კი არ იყო მათ შესახებ.

ქარტიის საბჭოს უნდა შეეფასებინა, ჟურნალისტმა ეთნიკური ან/და რელიგიური ნიშნით ხომ არ გამოარჩია ბოლნისში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები და მათი ყოფის ან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია ამ საფუძვლით არ ასახა ბოლნისზე მომზადებულ სიუჟეტში.

ქარტიის საბჭოსთვის გაგზავნილ შეპასუხებაში სადავო სიუჟეტის ავტორმა ჟურნალისტმა მიუთითა, რომ ვინაიდან რეგიონები მრავალფეროვანია ერთი გადაცემა საკმარისი არ არის მის სრულად აღსაწერად, ამიტომ პერიოდულად უბრუნდებიან და აშუქებენ სხვადასხვა აქცენტით. ამის მაგალითად მიყვანა ქალაქების, ქუთასისა და ბათუმის გაშუქება, როდესაც რამდენჯერმე ჩავიდნენ მის გასაშუქებლად. “ბოლნისი მრავალფეროვნებით ნამდვილად გამოირჩევა და გადავწყვიტეთ ჯერ ამ ქალაქის გერმანული ნაწილი გვეჩვენებინა მაყურებლისთვის”. “რაც შეეხება მეორე ნაწილს, აქ არჩევანი ბოლნისის სიონზე შევაჩერეთ, რომელიც მე-5 საუკუნის ტაძარია და საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, უძველეს ნაგებობას წარმოადგენს. სიუჟეტში ვერ მოხერხდა წუღრუღაშენის, ასევე უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლის შესახებ ცნობების მიწოდება მაყურებლისთვის, განსაზღვრული საეთერო დროის გამო”საინტერესოა აზერბაიჯანელების ისტორია, ჩვენ მათ დავპირდით, რომ აუცილებლად ჩავალთ და სხვა კუთხითაც გადავიღებთ ბოლნისს, მათთან ერთად დავგეგმავთ გადაღებას”

განსახილველ შემთხვევაში ქარტიის საბჭო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი თავისუფალია სარედაქციო არჩევანში, ის თავად წყვეტს კონკრეტულ რეგიონზე საუბრისას რომელ კულტურულ ძეგლზე გააკეთებს არჩევანს, რა კუთხით გააშუქებს ქალაქს. ჟურნალისტი არ არის ვალდებული ერთ კონკრეტულ გადაცემაში ასახოს ყველაფერი, რაც რეგიონში ხდება, ყველა ჯგუფი, რომელიც იქ ცხოვრობს თუკი მასალის ფოკუსი არ არის ამ ჯგუფების წარმოჩენა. საბჭოსათვის სრულად დამაკმაყოფილებელია ის ახსნა - განმარტება თუ რატომ შეარჩიეს კონკრეტულად ეს ორი თემა - , ბოლნისის გერმანული წარსული მნიშვნელოვანია არა მარტო ბოლნისის და არამედ მთლიანად საქართველოსათვის.ბოლნისის სიონსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრებაში. თუ ზოგადად ბოლნისზე იქნებოდა გადაცემა, მის თანამედროვე სოციალურ ცხოვრებასა და არსებულ პრობლემებზე და ამ შემთხვევაში ფოკუსს მიღმა დარჩებოდა ბოლნისის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა, სწორედ მაშინ შეიძლება გამოკვეთილიყო დისკრიმინაციის ნიშნები.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  • ქეთევან ბუდაღაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი
საქმის მასალები: