გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ყიფიანი რუსუდან გიორგაძის წინააღმდეგ
13.03.2019

განმცხადებელი : გიორგი ყიფიანი;
მოპასუხე : რუსუდან გიორგაძე;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება

03 მარტი 2019 წელი

საქმე N 262
გიორგი ყიფიანი რუსუდან გიორგაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: თამარ უჩიძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი მგელაძე.

განმცხადებელი: გიორგი ყიფიანი

მოპასუხე: რუსუდან გიორგაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ყიფიანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 2019 წლის 17 თებერვალს გადაცემა „კურიერი P.S.-ში“ გასულ სიუჟეტში, სექსუალური განათლების შესახებ, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - რუსუდან გიორგაძე.

საქმის შინაარსიდან და გარემოებებიდან გამომდინარე საბჭოს გადაწყვეტილებით, განცხადება განხილული იქნა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან საბჭოს შეფასებით არ იდგა დამატებითი გარემოებების გამოკვლევის აუცილებლობა და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და სადავო სიუჟეტის შეფასება საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. განმცხადებელი პირველ პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა შემდეგი არგუმენტაციით: სიუჟეტში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ "სწორედ ამ თემაზე [იგულისხმება სექსუალური განათლება] შეიქმნა მხატვრული სერიალი „სექსუალური განათლებაც“, რომელზეც კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა უნდა ნახოს“. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან სერიალი შეფასებულია, როგორც მოზარდებისთვის შეუფერებელი, მხოლოდ 17 წლის ასაკისთვის არის დასაშვები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვა ქვეყნებში კი 16 წელს ზევით ასაკობრივ კატეგორიაშია, რადგან მას მინიჭებული აქვს ასაკობრივი კატეგორია "TV-MA".

ქარტიის საბჭო არ იზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ არსებობს მოსაზრება [„ფიქრობენ“] რომ სერიალი „სექსუალური განათლება“ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა უნდა ნახოს. ჟურნალისტი თავად არ ამტკიცებს რომ ეს სერიალი ყველამ უნდა ნახოს, პირიქით, ჟურნალისტის ფრაზა: „რომელზეც კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა უნდა ნახოს“ მაყურებელს სწორედ იმ ინფორმაციას აწვდის, რომ სერიალის მიმართ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. რუსუდან გიორგაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.

საქმის მასალები: