გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - პლატფორმა „არა ფობიას“ POSTV არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
13.03.2019

განმცხადებელი : არა ფობიას;
მოპასუხე : POSTV;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება

03 მარტი 2019 წელი

საქმე N 259

პლატფორმა „არა ფობიას“ POSTV არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: თამარ უჩიძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი მგელაძე. განმცხადებელი: პლატფორმა „არა ფობიას“

მოპასუხე: POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პლატფორმამ „არა ფობიას“, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაირღვა 2018 წლის 9 თებერვალს, ინტერნეტ ტელევიზია POSTTV ის მიერ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, “ახალ ამბებში“ გამოქვეყნებულ სიუჟეტში სათაურით ლიეჟში სააკაშვილის მომხრეების შეხვედრა და ლგბტ პირების წვეულება ერთდროულად დაიწყება“, რომელიც ეხებოდა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მხარდამჭერ ემიგრანტთა შესაკრებად.

სადავო სიუჟეტზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი, საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინა პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოსათვის არ იქნა აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებული და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებადი ავტორი“.

საქმის შინაარსიდან და გარემოებებიდან გამომდინარე საბჭოს გადაწყვეტილებით, განცხადება განხილული იქნა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან საბჭოს შეფასებით არ იდგა დამატებითი გარემოებების გამოკვლევის აუცილებლობა და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და სადავო სიუჟეტის შეფასება საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“ სიუჟეტის მიხედვით, კონგრესის სასახლეში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავის მხარდამჭერებს ხვდებოდა, პარალელურად იმართებოდა ლგბტ თემის წვეულება, სადაც სტუმრები უფასო კოქტეილებს და შიდსის ვირუსზე უფასო შემოწმებას მიიღებდნენ.

საქართველოში ჰომოფობიური განწყობები მაღალია, მაგალითად ერთ - ერთი კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები პირებისათვის ლგბტ პირი არასასურველი მეზობელია თითქმის ისევე, როგორც კრიმინალი მეზობელი. ჰომოფობიური მოტივებით კრიტიკის ობიექტი გამხდარა არაერთი საჯარო პირი, მაგალითად ფეხბურთელი გურამ კაშია. შესაბამისად, საქართველოში ამა თუ იმ პირის მიერ ლგბტ თემის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა ან მათთან რაიმე ფორმით დაკავშირება შეიძლება ამ პირის დისკრედიტაციის საფუძველი გახდეს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სწორედ ეს მოტივი ედო ჟურნალისტის მიერ სიუჟეტის მომზადებას, ჟურნალისტმა სცადა, რომ ლგბტ თემთან კავშირით მოეხდინა „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაცია. ეს მცდელობა ჟურნალისტის კითხვებშიც ჩანს, როცა ის შეხვედრის ერთ - ერთ მონაწილეს, გიორგი სიგუას ეკითხება „ლგბტ-ის ღონისძიება და თქვენი ღონისძიება ერთ სივრცეში რომ არის, ეს დაგეგმეთ თუ უბრალოდ დამთხვევაა?“ მსგავსი შინაარსის კითხვით ჟურნალისტი მიმართავს შეხვედრის კიდევ 2 მონაწილეს, ჟურნალისტის მიერ შეხვედრის მონაწილეებთან ამ საკითხზე აქცენტირება ატარებს ქვეტექსტს - მაინც გამართავდნენ თუ არა შეხვედრას, რომ სცოდნოდათ პარალელურად გამართული ლგბტ პირების წვეულების შესახებ. ლგბტ პირების წვეულების პარალელურად შეხვედრის ჩატარება გამოყენებულია დისკრედიტაციის საფუძვლად და წარმოჩენილია არასასურველ ქმედებად. თავად სიუჟეტის კომენტარებიდან ჩანს რომ ამ სიუჟეტის მომზადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაცია მოხდა სწორედ ლგბტ თემთან აფილირებით, სიუჟეტს შემდეგი სახის კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელში: „ემიგრანტებს სახალხო კრებიდან სოდომ გომორულ შეკრებაზეც გადაიპატიჟებენ ეტყობა“, „18+ იქნება ?

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, განსახილველ შემთხვევაში კი ჟურნალისტმა პირიქით, მთელი ძალისხმევა მიმართა ლგბტ თემის დისკრიმინაციის და სტიგმატიზაციის გასაძლიერებლად, გამოიყენა რა ლგბტ თემთან რაიმე ფორმით ასოცირება/დაკავშირება როგორც მადისკრედიტირებელი, საზოგადოებისათვის მიუღებელი ქმედება, ხელი შეუწყო ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას და გავრცელებას. შესაბამისად, დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. POSTV არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის მასალები: