გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი მელაძე ირაკლი ჩიხლაძის და თამარ გოგესაშვილის წინააღმდეგ
09.03.2019

განმცხადებელი : გიორგი მელაძე;
მოპასუხე : ირაკლი ჩიხლაძე, თამარ გოგესაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 10 პრინციპი;
გადაწყვეტილება

27 იანვარი 2019 წელი

საქმე N 244
გიორგი მელაძე ირაკლი ჩიხლაძის და თამარ გოგესაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი მგელაძე, ირმა ზოიძე.

განმცხადებელი: გიორგი მელაძე

მოპასუხე: ირაკლი ჩიხლაძე და თამარ გოგესაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი მელაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ირაკლი ჩიხლაძის იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობის ფაქტს, დაირღვა ქარტიის პირველი და მე-10 პრინციპი, მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ წამყვანი/გადაცემის ავტორი ირაკლი ჩიხლაძე და უშუალოდ სიუჟეტის ავტორი თამარ გოგესაშვილი.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. როგორც აღინიშნა სადავო სიუჟეტი ეხებოდა ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობას, კერძოდ, ამერიკის ორი სრულწლოვანი მოქალაქის და მათი შვილის მკვლელობის ფაქტს. გადაცემის მომზადების დროს ერთადერთი ბრალდებული იყო მწყემსი მალხაზ კობაური, რომელმაც მისი საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულებს მიანდო. რა თქმა უნდა ასეთი რეზონანსული საქმე იმსახურებს საზოგადოების ობიექტურ ინტერესს, მაგრამ ამ კონკრეტულ სიუჟეტში საბჭო გამოყოფს ორ გარემოებას, 1. ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის მაყურებლისათვის მიწოდების ფორმას 2. იმას, რომ საქმეს განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები.

თავად სიუჟეტი სრულად მიყვება პროკურატურის დღის წესრიგს - როგორც იკვეთება, პროკურატურამ მიაწოდა ჟურნალისტს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მტკიცებულების სახით უნდა იქნას წარდგენილი სასამართლოში [დნმ ნიმუშები, ფოტო მასალა, მოწმეთა ჩვენებები, მკვლელობის სავარაუდო იარაღი, საგამოძიებო ექსპერიმენტების თუ სხვა სახის ექპერტიზის ნიმუშები], მეტიც, სიუჟეტში დიდი დრო ეთმობა პროკურატურის წარმომადგენლის ინტერვიუს, რომელიც მტკიცებით ფორმაში ყვება ფაქტების შესახებ. სიუჟეტი წარმოადგენს პროკურატურის მიერ სასამართლოში გამოსვლის ანალოგიას რომელსაც ჟურნალისტური პროდუქტის სახე მიეცა. სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, გადაემოწმებინა პროკურატურის ვერსია, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ნაცვლად ამისა, მათ, როგორც დადასტურებულ ფაქტებს, ისე აწვდის საზოგადოებას. სიუჟეტი შეიცავს ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატთან ინტერვიუს, რომელიც პროკურატურის ერთ - ერთ მტკიცებულებაზე აკეთებს კომენტარს და ეჭვქვეშ აყენებს მას, მაგრამ საერთო ჯამში დაცვის მხარის შეპასუხებები არათანაბარზომიერია.

სიუჟეტში არ ჩანს თავად ჟურნალისტს აქვს თუ არა კითხვები გამოძიებასთან და მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, ინტერვიუს დროს არ ეძიება პროკურატურის წარმომადგენელს დამაზუსტებელი და კრიტიკული კითხვებით. სიუჟეტი პროკურატურის პოზიციას უცვლელად და უაპელაციოდ ავრცელებს. სისხლის სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე „ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება“, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის დროს არ არის მხარეთა შეჯიბრებითობა, არამედ სახელმწიფო ბრალდებას მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობა აქვს, რომ დაამტკიცოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი. იგივე პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს ჟურნალისტმაც როდესაც აშუქებს დანაშაულს ასეთი სიღრმით და დეტალებით, თითქმის ყველა მტკიცებულებაზე მითითებით. ანუ ჟურნალისტის მოვალეობა ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ის არ არის, რომ ფორმალურად უზრუნველყოს ორივე მხარის პოზიციის მაყურებლისათვის მიწოდება, არამედ თუ ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოებას გამოძიების მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, პირველ რიგში თავად უნდა შეხედოს ასეთ მტკიცებულებებს კრიტიკულად, გადაამოწმოს შესაძლებლობის ფარგლებში და არ უნდა იქცეს პროკურატურისათვის მისაღები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, საზოგადოებისათვის თავზე მოხვევის საშუალებად.

ზოგიერთ შემთხვევაში სიუჟეტში ფორმალური ბალანსის დაცვაც ვერ ხერხდებოდა, მაგალითად, წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას დადასტურებული ფაქტის სახით აღნიშნა, რომ „გაეცანით საქმის მასალებს, რომლითაც ლორა სმიტზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობა დასტურდება“, ეს მაშინ, როცა ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ძალადობა, არის ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.

საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჟურნალისტი კრიტიკულად აფასებს და კითხვებს სვამს დაცვის მხარის პოზიციასთან მიმართებით „ადვოკატს არ აქვს პასუხი რატომ უნდა დაიჯეროს მათი ვერსიის საზოგადოებამ, იმის ახსნაც უჭირს თუკი სმიტების ოჯახი შვიდმა ადამიანმა ამოხოცა და არ დაინდო არც ოთხი წლის ბავშვი, რატომ დატოვეს ცოცხალი ასეთი დანაშაულის ერთადერთი მოწმე კობაური, რა იცოდნენ კობაურის ხეობაში ყოფნის შესახებ და რატომ აიყვანეს იმ ადგილას იძულებით სადაც დაცვის ვერსიით სმიტები ყავდათ გაჩერებული ეს მაშინ როცა კონფლიქტი კობაურის იქ ყოფნის შემდეგ დაიწყო, ყველაზე მთავარი, თუ ეს ადამიანები ხეობაში სმიტების ოჯახის მოსაკლავად იყვნენ ჩასულები რთული ასახსნელია რატომ დარჩნენ კობაურის სანადირო თოფის იმედად, რომელსაც თურმე საკმარისი ვაზნებიც კი არ აღმოაჩნდა ადგილზე“ ასე კრიტიკულად ჟურნალისტს არ შეუფასებია პროკურატურის ვერსია. მეტიც, ერთ - ერთ ეპიზოდში ჟურნალისტი გამოძიების იმიჯზეც ზრუნავს შემდეგი ტექსტით „და ბოლოს, დაცვის როგორი სტრატეგიაც არ უნდა იყოს საგამოძიებო სისტემის დისკრედიტაცია, წარმოუდგენელია გამომძიებელს ხეობაში მწყემსისთვის დაევალებინა გვამის მოძებნა და მისთვის ფოტოების გადაღება ინფორმაციის გადამოწმების მიზნით“. აღნიშნული ეპიზოდები ამყარებს საბჭოს პოზიციას, რომ ჟურნალისტმა სიუჟეტი მოამზადა არა კრიტიკული შემფასებლის პოზიციით, არამედ პროკურატურასთან უნისონში სცადა დაეჯერებინა საზოგადოება, რომ პროკურატურის პოზიცია მართებულია.

სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტის მთელი ტექსტი მიმართულია ამ საქმეზე არჩეული ნაფიცი მსაჯულებისაკენ „რთული სათქმელია გაუჩნდებათ თუ არა ნაფიც მსაჯულებს ეს კითხვები“, ასევე ხაზს უსვამს, რომ ნაფიცი მსაჯულები არა მარტო მტკიცებულებების, არამედ ადამიანური ემოციების საფუძველზეც იღებენ გადაწყვეტილებას. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჟურნალისტი ცდლობს, რომ საზოგადოება დააჯეროს პროკურატურის პოზიციის სიმართლეში. ნაფიცი მსაჯულებიც სწორედ ამ საზოგადოების წევრები არიან და შესაბამისად სიუჟეტი მიმართულია ნაფიცი მსაჯულებისკენაც, რათა მათ წინასწარ განწყობები შეექმნათ საქმესთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებს.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი” სადავო სიუჟეტში გასაჯაროებულია ლორა სმიტზე განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის დეტალები და პროკურორი დეტალებში აღწერს გვამის მდგომარეობას, იმ გარემოებებს [სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფორმებს და მტკიცებულებებს] რომელიც, მისი აზრით, ადასტურებს სექსუალური ძალადობის ფაქტს. ქარტიის საბჭო თავს შეიკავებს გადაწყვეტილებაში ამ დეტალების მითითებისაგან, რათა ხელი არ შეუწყოს მათ გავრცელებას. საბჭო მიიჩნევს, რომ დეტალების მიმართ არ არსებობდა საზოგადოების ობიექტური ინტერესი და ჟურნალისტი ვალდებული იყო არ გაესაჯაროვებინა ისინი. შესაბამისად აღნიშნული საფუძვლით დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ირაკლი ჩიხლაძემ და თამარ გოგესაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-10 პრინციპი.

საქმის მასალები: