გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მეგი გოცირიძე reportiori.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
16.09.2018

განმცხადებელი : მეგი გოცირიძე;
მოპასუხე : reportiori.ge;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

31 აგვისტო 2018 წელი

საქმეზე N 225 -

მეგი გოცირიძე reportiori.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, თამარ უჩიძე, გელა მთივლიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი.

განმცხადებელი: მეგი გოცირიძე

მოპასუხე: reportiori.ge - ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მეგი გოცირიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ონლაინ პორტალის reportiori.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაში „მეგი გოცირიძე პარიზში ქურდობისთვის დააკავეს“ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

სადავო მასალაზე არ იყო მითითება კონკრეტული ავტორი ჟურნალისტის ვინაობის შესახებ. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად reportiori.ge-ს არ მოუწოდებია ინფორმაცია თუ კონკრეტულად ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნული სახით მასალის გავრცელებაზე. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.5 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვის თავისებურება:

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენების საშუალებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ, ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო ჟურნალისტური მასალის თანახმად: „2004 წელს პარიზში, ოფიციალური ვიზიტის დროს მეგი გოცირიძე სამართალდამცავებმა დააკავეს. ის მაშინ დეპუტატი იყო და საფრანგეთის დედაქალაქში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად პარიზში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასავალ-დასავალი" დახურულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წერილის ავტორის ჯაბა ხუბუას განმარტებით, ერთ-ერთი მაღაზიიდან გოცირიძემ ტანსაცმელი მოიპარა, თუმცა, ის სამართალდამცავებმა დააკავეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქართულმა მხარემ საქმეში დიპლომატია ჩართო. დეპუტატმა ციხეს თავი ჯარიმის გადახდით დააღწია, ფაქტი „ნაციონალურ მოძრაობას" არ გაუხმაურებია. ჯაბა ხუბუა ინფორმატორზე დაყრდნობით მეგი გოცირიძის მამის შესახებაც წერს. „ანზორ ასლამაზოვი (გოცირიძის ნამდვილი გვარი ასლამაზოვია, წერილის ავტორის თქმით) „კანონიერი ქურდი" იყო, რომელსაც „შავ სამყაროში" „დათოს" სახელით იცნობდნენ. ბიძამისი გივი ასლამაზოვი კი, ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტი" გახლდათ მეტსახელად „ჩობანა", - წერს სტატიის ავტორი გაზეთ „ასავალ-დასავალში".

მიუხედავად იმისა, რომ მასალაში მეგი გოცირიძეს ბრალი ედებოდა ქურდობაში, გამოცემას ინფორმაცია არ გადაუმოწმებია და არც მეგი გოცირიძის საპასუხო პოზიცია/განმარტება შეუთავაზებია მკითხველისათვის. არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა რომ ბრალდება გადაემოწმებინა, მოეპოვებინა სხვა დამატებითი მტკიცებულებები ან არგუმენტები.

ჟურნალისტური მასალა ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, რომ წყარო თავად მედიასაშუალება [ასავალ - დასავალი] იყო. როცა თავად წყაროს მიერ ინფორმაცია არ არის გადამოწმებული, არ შეიცავს ორივე მხარის პოზიციას და ა.შ. ანუ არ შეესაბამება ეთიკურ სტანდარტებს, არ შეიძლება მასზე დაყრდნობის გამო გამავრცელებელი მედიასაშუალება გათავისუფლდეს ეთიკური ჟურნალისტიკის პასუხისმგებლობისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. reportiori.ge - ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.