გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ლაშა ბორძიკული ხათუნა კორთხონჯიას წინააღმდეგ
02.02.2018

განმცხადებელი : იღუმენი დიონისე;
მოპასუხე : ხათუნა კორთხონჯია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

22 დეკემბერი 2017 წელი

საქმეზე N 166

ლაშა ბორძიკული ხათუნა კორთხონჯიას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: თამარ უჩიძე, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი.

განმცხადებელი: ლაშა ბორძიკული [იღუმენი დიონისე]

მოპასუხე: ხათუნა კორთხონჯია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა იღუმენმა დიონისემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალ „თბილისელების“ 25 სექტემბერი - 2 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში "რა ურთიერთობა ჰქონდა მოდელ კობა ფარტენაძს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და როგორ ავიწროვებდა მას მამა ანდრია თურმანიძე" დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-10 და მე-11 პრინციპები. სტატიის ავტორი - ხათუნა კორთხონჯია.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი - იღუმენი დიონისე, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. ჟურნალ „თბილისელების“ 25 სექტემბერი - 2 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია "რა ურთიერთობა ჰქონდა მოდელ კობა ფარტენაძეს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და როგორ ავიწროვებდა მას მამა ანდრია თურმანიძე".
  2. სტატიის ძირითადი ნაწილი იყო ინტერვიუ კობა ფარტენაძესთან, რომელიც ფიგურირებდა ერთ - ერთ იმ ფოტოზე, რომელსაც ე.წ. „ციანიდის საქმეში“ ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით, პროკურატურა იყენებდა მის დასაშანტაჟებლად.
  3. ინტერვიუს შესახებ ინფორმაცია გამოტანილი იყო ჟურნალის ყდაზე და თან ახლდა კობა ფარტენაძეს და იღუმენი დიონისეს ერთობლივი ფოტო.
  4. სტატიაში საერთოდ არ იყო ნახსენები იღუმენი დიონისე და არც რაიმე სახის ირიბი მინიშნება არ კეთდებოდა მასზე.

სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. ფაქტობრივი გარემოებებიდან ცალსახაა, რომ იღუმენი დიონისეს არავითარი კავშირი არ ჰქონია იმ სტატიასთან, რომლის შესახებ ინფორმაცია იღუმენი დიონისეს ფოტოსთან ერთად გამოტანილი იყო ჟურნალის ყდაზე. საბჭომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში გარეკანზე გატანილი ფრაგმენტი, სათაური შესაძლებელია განხილული იქნას როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი, ვინაიდან სწორედ ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას მკითხველზე და არის დაშვება, რომ თავად ჟურნალისტურ პროდუქტს სრულად არ გაეცნოს მკითხველი, რაც თავის მხრივ ტოვებს იმის ალბათობას, რომ მკითხველს ჩამოუყალიბდეს არასწორი წარმოდგენა ფაქტზე. განსახილველი შემთხვევის მაგალითი რომ გავაანალიზოთ, აღწერილობითი ნაწილში მითითებული პირველი და მეორე ფაქტობრივი გარემოება წარმოშობდა აღქმას, რომ იღუმენი დიონისე დაკავშირებული იყო გიორგი მამალაძესთან ან მამა ანდრია თურმანიძეს მიერ კობა ფარტენაძის სავარაუდო შევიწროების ფაქტთან. გარემოებებს უფრო სენსიტიურს ხდიდა ისიც, რომ გიორგი მამალაძე ბრალდებულია ე.წ. „ციანის საქმეში“, სადაც ასევე გაიჟღერა კობა ფარტენაძის სახელმაც. საბოლოო დასკვნის სახით საბჭო აღნიშნავს, რომ იღუმენი დიონისეს ფოტოს გამოყენება არ იყო კავშირში ჟურნალისტურ პროდუქტთან, იწვევდა მხოლოდ არასწორ აღქმებს და წარმოდგენებს, შესაბამისად დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. ქარტიის საბჭო დაუკავშირდა კობა ფარტენაძეს, რათა დაედგინა თუ რა გზით იყო მოპოვებული ფოტო. როგორც კობა ფარტენაძემ საბჭოს აცნობა ჟურნალის მიერ გამოყენებული ფოტო აქვს განთავსებული ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ და თავად მისცა ჟურნალისტს ნებისმიერი ფოტოს გამოყენების უფლება მისი ფეისბუქ გვერდიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების დარღვევა არ მომხდარა.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ ქარტიის საბჭოს მიერ ვერ დადგინდა მოტივი ან სხვა გარემოებები, რომელიც დაასაბუთებდა ჟურნალისტის განზრახვას, რომ გამიზნულად გამოექვეყნა ისეთი ფოტო, რომელზეც ასახულ იღუმენ დიონისეს არავითარი შეხება არ ჰქონდა ჟურნალისტურ პროდუქტთან. განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა მხოლოდ პირველი და არა მე-11 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. ხათუნა კორთხონჯიამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ხათუნა კორთხონჯიას არ დაურღვევია ქარტიის მე-10 და მე-11 პრინციპი.