გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ნატა ტაბიძის წინააღმდეგ
08.10.2017

განმცხადებელი : პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
მოპასუხე : ნატა ტაბიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 8 პრინციპი;
გადაწყვეტილება

02 სექტემბერი, 2017 წელი

საქმეზე N 147 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ნატა ტაბიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, თამარ უჩიძე, ჯაბა ანანიძე, გერონტი ყალიჩავა, თეა ზიბზიბაძე.

განმცხადებელი:
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

მოპასუხე: ნატა ტაბიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ქარტიის 1, მე-3 და მე-8 პრინციპი დაირღვა ნატა ტაბიძის ავტორობით მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც გადაიცა 2017 წლის 14 ივნისს ტელეკომპანია იმედის ეთერში, „იმედის დილაში“ და ეხებოდა არასრულწლოვნებს შორის ბულინგის პრობლემას. საკითხი გაშუქდა ერთი კონკრეტული ტრაგიკული შემთხვევის ფონზე, კერძოდ, სიუჟეტი შეეხებოდა არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ფაქტს, არსებობდა მოსაზრება/ვარაუდი, რომ არასრულწლოვანი მასზე განხორციელებულმა ბულინგმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

სხდომას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებლის წარმომადგენელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის მესამე პრინციპთან დაკავშირებით.

 სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სიუჟეტი შეიცავს ინტერვიუს მხოლოდ იმ რესპონდენტებთან, რომლებიც ფაქტის სახით ავრცელებენ შემდეგ ინფორმაციას:

  1. არასრულწლოვანი, რომელმაც თვითმკვლელობა ჩაიდინა, თანატოლებისაგან განიცდიდა ბულინგს.
  2. თვითმკვლელობისაკენ არასრულწლოვანს მასზე განხორციელებულმა ბულინგმა უბიძგა. სიუჟეტის ხაზიც მსგავსად არის აგებული და მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ორივე ზემოთ მითითებული გარემოება დადასტურებული ფაქტია. რეალურად კი არ არსებოს არავითარი მტკიცებულება, რომ თვითმკვლელობა სწორედ ბულინგმა გამოიწვია, მიზანშეწონილი იყო, რომ ჟურნალისტს პოზიციის დაფიქსირება ეთხოვა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს იძიებდნენ, ან თავად ჟურნალისტის ხაზგასმით აღენიშნა, რომ რესპონდენტთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მხოლოდ მათი პოზიცია იყო და არა დადასტურებული ფაქტი, რათა მაყურებელს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეღო თვითმკვლელობის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-8 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

  1. როგორც პირველი პრინციპის მიმართ მსჯელობისას აღინიშნა, სიუჟეტი მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ არასრულწლოვანს თვითმკვლელობის ფაქტისაკენ უბიძგა მასზე მოძალადე სხვა არასრულწლოვანმა, ამასთან, ეს გარემოება [ძალადობა/ბულინგი] არ იყო დადასტურებული ფაქტი. რესპონდენტების მიერ „ბრალდებული“ არასრულწლოვანი რომ „მოძალადედ“ იქნა აღქმული, ამას ადასტურებს სიუჟეტზე გამოხმაურებები სოციალურ ქსელებში, რომლებიც მტკიცებულების სახით იქნა წარმოდგენილი, ერთ - ერთი მაგალითი: „დედაბუდიანად ხართ დასახოცები ვინც ამ ანგელოზს ჩაგრავდა და ამცირებდა, ქართულად ვაჟკაცობა დღეს სუსტის დაჩაგვრაში გამოიხატება“.
  2. სიუჟეტში მითითებული გარემოებები „მოძალადე“ არასრულწლოვანზე, დიდი ალბათობით იძლევა მისი იდენტიფიცირების საშუალებას: დასახელდა სოფელი და სკოლა, „მოძალადე“ არასრულწლოვანის სქესი, ინფორმაცია რომ და-ძმანი არიან, რომ არ სწავლობდნენ ორი წელი სკოლაში და ახლა ბრუნდებიან.

ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად სახეზეა, რომ არასრულწლოვანი იდენტიფიცირებადია, იგი აღქმულია მოძალადედ, რომელსაც ბრალი მიუძღვის სხვა არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანაში, ეს რეალურად საფრთხეს უქმნის მას და თვალნათელია შესაძლო ნეგატიური შედეგები. მეტიც, როგორც სიუჟეტი, ისე სიუჟეტზე გამოხმაურებები შეიცავენ მუქარებს ამ არასრულწლოვანის მიმართ, შესაბამისად ცალსახაა, რომ სიუჟეტის მომზადებისას არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, რამაც გამოწვია ქარტიის მე-8 პრინციპის დარღვევა.

ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიუჟეტი შეიცავს არასრულწლოვანის თვითმკვლელობის დეტალებს, ქარტიის რეკომენდაციები „სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესები“ ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ „სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს“, „ეცადეთ, არ გამოაქვეყნოთ იმ პირის ფოტო, ვინც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა“.

ქარტიის სახელმძღვანელო წესები „ბავშვთა საკითხების გაშუქება“ ასევე შეიცავს რეკომანდაციებს არასრულწლოვნის სუიციდის ფაქტის გაშუქებასთან დაკავშიებით, სადაც აღნიშნულია, რომ: „არ დაასახელოთ სუიციდის ერთი კონკრეტული მიზეზი, რადგან სუიციდს კომპლექსური პრობლემები იწვევს“. რეკომენდაციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არასრულწლოვანის სუიციდის ფაქტის გაშუქებისას, მით უფრო როცა სუიციდი უაპელაციოდ დაკავშირებულია ბულიგთან, ეს კი შეიძლება ბიძგი გახდეს სხვა არასრულწლოვნებისათვის, რომლებიც ასევე განიცდიან ბულინგს, მსგავსს ფატალურ ხერხს მიმართონ პრობლემებისაგან გასაქცევად.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ნატა ტაბიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-8 პრინციპი.

საქმის მასალები: