გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ახალგაზრდა ადვოკატები გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ
05.09.2014

განმცხადებელი : ახალგაზრდა ადვოკატები;
მოპასუხე : გიორგი გაბუნია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილებაN __
26 ივლისი, 2014 წელი

საქმეზე - ახალგაზრდა ადვოკატები გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ

საბჭოს
თავმჯდომარე:ნათია კუპრაშვილი

საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, დავით მჭედლიძე, ირინა ყურუა, ნათია როყუა, გიორგი მგელაძე, ნინო ზურიაშვილი.

განმცხადებელი: ააიპ "ახალგაზრდა ადვოკატები"

არაწევრი ჟურნალისტი: გიორგი გაბუნია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ "ახალგაზრდა ადვოკატებმა". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა 2014 წლის 8 აპრილს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა "არჩევანში". კერძოდ, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გიორგი გაბუნიას მიერ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მიუხედავად შემდგომი მიმართვისა, არ მოხდა არაზუსტი ინფორმაციის გასწორება. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა ქარტიის 1-ლ, მე-3 და მე_5 პრინციპებს. საქმის განხილვაზე გამოცხადნენ განმცხადებლის წარმომადგენლები. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". ხოლო მე-3 პრინციპის პირველი ნაწილის მიხედვით: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია". სადავო გადაცემაში, წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, სტუმრად მოწვეულ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას დაუსვა შემდეგი შინაარსის კითხვა: "ორივე ზემოთ ჩემს მიერ დასახელებული არასამთავრობო ორგანიზაცია [იგულისხმებოდა "უფლებადამცველთა გაერთიანება" და "ახალგაზრდა ადვოკატები"] ბევრის მიერ კავშირდება მოქმედ ხელისუფლებასთან და საკმაოდ სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ მოქმედებენ, ამ ფონზე უცნაურად გამოიყურება ამ ორგანიზაციების თავდასხმები თქვენს პერსონაზე, რამაც ტენდენციის სახე მიიღო ბოლო პერიოდში. ამას დაერთო ის ფარული გადაღებებიც რომლებიც გავრცელდა youtube_ით, თქვენ იცით და შემდეგ მოგვიანებით წაიშალა. უცნაურად გააქტიურდა თქვენს წინააღმდეგ ყვითელი პრესა და სხვათა შორის, გავუსვამ ხაზს, რომ თქვენი საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, სტატია დაიბეჭდა იმავე ნომერში "პრაიმ თაიმში," რომელშიც იყო ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ. თქვენ ეს უბრალოდ დამთხვევად მიგაჩნიათ, თუ თქვენს წინააღმდეგ ეს დაპირისპირება, შეიძლება იმართებოდეს საერთო ცენტრიდან და ეს ცენტრი შეიძლება იყოს ხელისუფლებაში. აქვე დავამატებ, რომ მაგალითად ეს ერთ –ერთი ეს ორგანიზაცია – ადვოკატთა ასოციაცია – ეს არის ის ორგანიზაცია, რომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციაც ეკა ბესელიამ გამოიყენა როდესაც გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ და სხვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან დაკავშირებულ კორუფციაზე იყო საუბარი - ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია".

განმცხადებელი სადავოდ ხდიდა წამყვანის მიერ "ახალგაზრდა ადვოკატების" დაკავშირების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. თავდაპირველად საბჭო აზუსტებს, რომ მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს იმ ფაქტის სისწორის შემოწმება, რომ თითქოს "ახალგაზრდა ადვოკატები" მოქმედებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ. აღნიშნული გარემოება წამყვანს   დადასტურებულ ფაქტად არ გაუვრცელებია, არამედ აღნიშნა, რომ ასეთი კავშირის შესახებ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი. თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკითხი თუ რა გარემოებები წარმოშობდა ასეთი ეჭვის ლეგიტიმურ საფუძვლებს.

გადაცემის გასვლამდე სოციალურ ქსელ FACEBOOK ში რამდენიმე მომხმარებლის მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ ააიპ "ახალგაზრდა ადვოკატები" ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულნი, ასეთ მოსაზრებას სავარაუდოდ ამყარებდა ის ფაქტები, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფინანსებელს საბიუჯეტო ორგანიზაცია წარმოადგენს და ასევე, ორგანიზაციის დამფუძნებლის მეუღლე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა. აქვე აღსანიშნავია, რომ "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით აღნიშნული დამფუძნებელი არ არის ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში და მისი დამფუძნებლის სტატუსი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საბჭოს მიერ ვერ იქნა მიკვლეული ვერც ერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომ ამა თუ იმ პირმა, შესაბამისი არგუმენტაციით ააიპ "ახლაგაზრდა ადვოკატები" დაუკავშირა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მსგავსი მტკიცებულება, ვერც მოპასუხე მხარემ წარმოადგინა. შესაბამისად საბჭო მიიჩნევს, რომ ფაქტი, თითქოს და არსებობდა ეჭვები ააიპ "ახალგაზრდა ადვოკატების" კავშირისა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ასეთ ეჭვებზე მითითება მხოლოდ წამყვანის არასწორი ინტერპრეტაცია იყო.

მესამე პრინციპთან დაკავშირებით საბჭო მიიჩნევს, რომ წამყვანისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირების წყარო სწორედ სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრება იყო, ორგანიზაციის და ხელისუფლების შესაძლო კავშირის შესახებ, რომელ მოსაზრებასაც წამყვანმა მისცა არასწორი ინტერპრეტაცია და გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თითქოს არსებობდა ეჭვები  ააიპ "ახალგაზრდა ადვოკატების" არაოფიციალური თანამშრომლობისა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

ქარტიის მე_5 პრინციპის თანახმად "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება". ქარტიის საბჭოს წარედგინა 2014 წლის 10 აპრილით დათარიღებული წერილი, რომლითაც ააიპ "ახალგაზრდა ადვოკატებმა" მიმართეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ს და განმარტავდნენ გიორგი გაბუნიას მიერ გაჟღერებული ფაქტის სიმართლესთან შეუსაბამობას. ასევე, 2014 წლის 16 აპრილს ააიპ "ახალგაზრდა ადვოკატებმა" გამართეს პრესკონფერენცია სადავო გადაცემასთან დაკავშირებით, რომელ პრესკონფერენციასაც წარმოდგენილი ფოტომასალის თანახმად ესწრებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2_ის გადამღები ჯგუფი, მიუხედავად აღნიშნული ფაქტებისა ტელეკომპანიამ არ გააშუქა ააიპ "ახალგაზრდა ადვოკატების" პოზიცია 2014 წლის 08 აპრილს გასულ გადაცემა "არჩევანთან" დაკავშირებით და ამით დაარღვია ქარტიის მე_5 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
  1. ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი.
  2. ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია ქარტიის მესამე პრინციპი.