გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიცია გია ჯაჯანიძის და ხათუნა პაიჭაძის წინააღმდეგ
05.06.2015

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 8 პრინციპი; 10 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 44 06  აპრილი  2015 წელი საქმეზე - ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიცია გია ჯაჯანიძის და ხათუნა პაიჭაძის წინააღმდეგ საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, გიორგი მგელაძე, ირინა ყურუა, ჯაბა ანანიძე, ირაკლი აბსანძე განმცხადებელი: ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიცია არაწევრი ჟურნალისტები:   გია ჯაჯანიძე და ხათუნა პაიჭაძე აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა განმცხადებელმა, ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიციამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა გია ჯაჯანიძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე_7, მე_8 და მე_10 პრინციპი. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა  2014 წლის 25 დეკემბერს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა - "სხვა რაკურსით", კერძოდ გადაცემის იმ ნაწილით, რომელიც ეხებოდა ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდს, რომელსაც სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ქობულეთში გახსნილი აქვს პანსიონი. ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაცემაში, ერთი სიუჟეტი ეხებოდა ე.წ. "მედრესეს",  რომელიც თავის არსით წარმოადგენს პანსიონს, სადაც მიბარებულ ბავშვებს უქმნიან ოჯახთან შედარებით უკეთეს სოციალურ პირობებს და ამასთან ბავშვები იღებენ რელიგიურ განათლებას. ტელეკომპანია იმედისათვის განცხადების გადაგზავნის შემდეგ, მედრესის შესახებ სიუჟეტთან  დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღო ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ, რომელმაც განცხადა, რომ წარმოადგენს სიუჟეტის ავტორს და შესაბამისად სათანადო მოპასუხეს ამ ნაწილში. სხდომაზე გამოცხადნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, ანა არგანაშვილი და ჯაბა ნაჭყეპია, ასევე, მოპახუხე ხათუნა პაიჭაძე, ხოლო მოპასუხე გია ჯაჯანიძე სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მისი  მითხოვნა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევის შესახებ შეცვალა და განაცხადა, რომ პირველ პრინციპთან დაკავშირებით მოყვანილი არგუმენტებით ირღვეოდა არა პირველი, არამედ ქარტიის მე_3 პრინციპი, ხოლო ხათუნა პაიჭაძესთან მიმართებით სადავოდ ხდიდა ქარტიის მე_3,  მე_7 და მე_8 პრინციპს. სამოტივაციო ნაწილი: მოპასუხე ხათუნა პაიჭაძესთან მიმართებით: ქარტიის  მესამე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ე.წ. "მედრესის" შესახებ  სიუჟეტის მომზადებისას, ხათუნა პაიჭაძემ არ გააშუქა სახელმწიფოს დამოკიდებულება ბავშვთა პანსიონების მიმართ და ამით დაირღვა ქარტიის მე_3 პრინციპი. საბჭო აღნიშნავს, რომ ხათუნა პაიჭაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი ეხებოდა მედრესეში არსებულ მდგომარეობას, საზოგადოებისათვის იმ გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომელთა გამოც მშობლები შვილებს მედრესეში აგზავნიან. სიუჟეტი აღწერს მედრესეში ბავშვთა ყოფას და მათ მიერ განათლების მიღებას.  საბჭო მიიჩნევს, რომ კონკრეტულად ამ სიუჟეტში სახელმწიფოს პოზიციის არ ჩვენებით არ მიჩქმალულა მნიშვნელოვანი ფაქტი, რადგან სიუჟეტის მიზანი არ იყო შეეფასებინა და ეჩვენებინა ზოგადად ბავშვთა პანსიონების/მედრესეების არსებობის მიზანშეწონილობა, არამედ სიუჟეტი ზოგადად მოგვითხრობდა მედრესეში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ სიუჟეტი შეიცავს გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამების ხელმძღვანელის,  ქეთი მელიქიძის პოზიციას, რომელიც ნეგატიურად აფასებს ბავშვთა პანსიონების არსებობას ქვეყანაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ ხათუნა პაიჭაძის მიერ არ დარღვეულა ქარტიის მესამე პრინციპი. ქარტიის მე_7 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მედრესეებში არსებული მდგომარეობის აღწერით მოხდა დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით. მედრესეს, სადაც ისწავლება ისლამი, შესახებ სიუჟეტში დრამატული კადრების და ისტორიების ჩვენებით მაყურებელს უჩნდება შთაბეჭდილება, მხოლოდ მედრესეში მიყავთ სოციალური გაჭირვების გამო მშობლებს ბავშვები და ისინი იძულებულები არიან დაუშვან მათი შვილების მიერ ისლამის სწავლება სოციალური შეჭირვების გამო. საბჭო აღნიშნავს, რომ ხათუნა პაიჭაძის სიუჟეტი განიხილება განცალკავებულად და არა მთლიანად გადაცემის ჭრილში, ამასთან, მხარეებმა დაადასტურეს, რომ სიუჟეტში მითითებული ფაქტები და კადრები ნამდვილია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ხათუნა პაიჭაძის სიუჟეტით არ მომხდარა დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით, არამედ როგორც უკვე ზემოთ მიუთითა საბჭომ, ხათუნა პაიჭაძემ აღწერა მედრესეში არსებული სიტუცია და ის ოჯახები, რომელთაც შვილები მიბარებული ყავთ მედრესეში. განმცხადებელს ასევე ჰქონდა პრეტენზია სიუჟეტის ერთ-ერთ ეპიზოდთან, კერძოდ, კადრში ჩანს მედრესეს ერთ ერთი აღსაზრდელი როგორ ათვალიერებს აფხაზეთის ომში დაღუპული ბიძის სურათებს, რასაც თან ახლავს წამყვანის ტექსტი: "13 წლის ბიჭი სიამაყით გვიყვება, რომ მისი ბიძა გმირი იყო, გმირი, რომელსაც სჯეროდა, რომ სიცოცხლეს შთამომავლობის უკეთესი მომავლისათვის სწირავდა". განმცხადებელი თვლიდა, რომ ტექსტით ჟურნალისტი თითქოს ხაზს უსვამს, რომ ბიჭის ბიძის სურვილი არ იქნებოდა რომ მის შთამომავლობას ისლამი ესწავლა, რაც დისკრიმინაცია იყო რელიგიური ნიშნით. საბჭო ვერ დაეთანხმება განმცხადებლის შეფასებას და თვლის, რომ ჟურნალისტი თავისი ტექსტით აფასებდა ბავშვის სოციალურ მდგომარეობას და არა იმ ფაქტს, რომ იგი ისლამს სწავლობდა მედრესეში, შესაბამისად ლოგიკურია, რომ ბიძის სურვილი არ იქნებოდა, რომ  ბავშვი პანსიონში მიებარებინათ  სოციალური მდგომარეობის გამო. ქარტიის მე_8 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება". მე_8 პრინციპთან მიმართებით მსჯელობისას  ქარტიის საბჭომ არა  ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ჟურნალისტმა არ უნდა მოახდინოს ბავშვის იდენტიფიცირება, როცა მასთან დაკავშირებული ამბავი ეხება ნეგატიურ მოვლენას. კონკრეტულ შემთხვევაში სრულად იყო ნაჩვენები და იდენტიფიცირებული ის ბავშვები, რომლებიც სოციალური შეჭირვების გამო მიბარებულნი არიან პანსიონში, მძაფრად არის გადმოცემული მათი შეჭირვებული ყოფა და არასათანადო პირობები. ყოვლად მოსალოდნელია, რომ ზრდასრულ ასაკში პირს არ სურდეს რომ მისი ცხოვრების ეს ნაწილი საჯაროდ იყოს ცნობილი, შესაბამისად ჟურნალისტს თავი უნდა შეეკავებინა ბავშვების იდენტიფიცირებისგან, მიუხედავად იმისა ამის შესახებ თანხმობა ჰქონდა თუ არა მიღებული ბავშვის მშობლებისგან/მეურვისაგან. როგორც საბჭომ ერთხელ უკვე აღნიშნა, მე_8 პრინციპი ჟურნალისტს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რომ არ მოახდინოს არასრულწლოვანის იდენტიფიცირება, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა არსებობდეს  მშობლის/მეურვის ფორმალური თანხმობა. ჟურნალისტმა თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოყვეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის მე_8 პრინციპი. გია ჯაჯანიძის მიმართ: ქარტიის  მესამე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". მესამე პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, განმცხადებლის არგუმენტაცია იგივე იყო რაც ხათუნა პაიჭაძის შემთხვევაში, რომ სადავო გადაცემაში არ იყო აღნიშნული თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება ჰქონდეს პანსიონების არსებობას და  არ გაშუქდა სახელმწიფოს და შესაბამისი არასამთავრობო სექტორის ნეგატიური დამოკიდებულება ბავშვთა პანსიონების მიმართ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მიერ ბავშვთა პანსიონის დაარსება, მხოლოდ პოზიტიურად იყო წარმოჩენილი. საბჭო ვერ დაეთანხმება განმცხადებელს, რადგან როგორც უკვე აღინიშნა გადაცემა  შეიცავდა გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამების ხელმძღვანელის ინტერვიუს, რომელიც ნეგატიურ მოვლენად მიიჩნევდა ბავშთა პანსიონების არსებობას, ჟურნალისტებიც არა ერთხელ აღნიშნავდნენ არასამთავრობო სექტორის და სახელმწიფოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ.  ანუ ფორმალურად საწინააღმდეგო პოზიციაც გაჟღერებული იყო გადაცემაში და შესაბამისად მე_3 პრინციპის დარღვევა ვერ დადგინდება. თავის მხრივ საბჭო მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა რომ გადაცემაში  უფრო დეტალურად წარმოჩენილიყო ის არგუმენტები, თუ რატომ არ მიესალმება სახელმწიფო და ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები პანსიონების არსებობას, რათა მაყურებელს უფრო ნათელი და სრული ინფორმაცია მიეღო პანსიონების არსებობის ნეგატიური მხარის შესახებ. მაგრამ როგორც შთაბეჭდილება რჩება გადაცემის მიზანი იყო კონკრეტულად ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაარსებული პანსიონის პოპულარიზაცია და  მხოლოდ მისი დადებითი მხარეების წარმოჩენა, აღნიშნულ მოსაზრება კიდევ უფრო ამყარებს საბჭოს მსჯელობა ქარტიის მე_7 პრინციპთან დაკავშირებით. ქარტიის მე_7 პრინციპი თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". სადავო გადაცემა ეხება ორ სხვადასხვა პანსიონს, ერთი პანსიონი წარმოადგენს ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მიერ ქობულეთში დაარსებული ბავშვთა სახლს, ხოლო მეორე - ე.წ. "მედრესეს".  სიუჟეტს, რომელიც ეხება ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაარსებული ბავშთა სახლს, ფონად ადევს პოზიტიური და მხიარული მუსიკალური გაფორმება, ჭარბობს ფერადი კადრები, აჩვენებენ როგორ უხარიათ ბაშვებს ფეივერკების გაშვება და ზოგადად პანსიონში ყოფნა, რაც შეეხება მედრესის შესახებ სიუჟეტს, იგი გაფორმებულია დრამატული მუსიკით, კერძოდ ფილმ "შინდლერის სიაში" გამოყენებული მუსიკით, უმეტესი წილი კადრები შავ - თეთრი ფერისაა, ზოგადი ფონი ნეგატიურია, იკვეთება რომ ბავშვებს იძულებით უწევთ ისლამის შესწავლა, მათი სოციალური მდგომარეობის გამო. სიუჟეტში ხაზგასმულია, რომ მედრესის ძირითადი დანიშნულება მასში არსებული ბავშვებისათვის რელიგიური განათლების მიცემა და ისლამის შესწავლაა. გადაცემის ის ნაწილი, რომელიც ეხება ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მიერ ქობულეთში დაარსებული ბავშვთა სახლს განსხვავებით მედრესეების შესახებ სიუჟეტისა, არ შეიცავს  პანსიონების არსებობის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებებს, მაგალითად მედრესეების შესახებ სიუჟეტი, რომელიც ხაზს უსვამს მათ რელიგიურ დანიშნულებას, შეიცავს ჟურნალისტის ტექსტს, სადაც ჟურნალისტი აცხადებს, რომ მიუხედავად სახელმწიფოსა და არასამათვარობო სექტორის წინააღმდეგობისა რამდენიმე ათეული მედრესე მაინც არსებობს. საბოლოო ჯამში, ორივე სიუჟეტის შეფასების/შედარების შედეგად შთაბეჭდილება რჩება, რომ რელიგიური ნიშნით შექმნილი მედრესე ცალსახად ნეგატიური მოვლენაა ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მიერ ქობულეთში დაარსებული ბავშვთა სახლთან შედარებით. თითქოს დგება დილემა, რომ რომ არა ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი, შეჭირვებულ ოჯახებს ბავშვების მიყვანა მოუხდებათ მედრესეებში, სადაც მათ მოლებად და ხოჯებად გაზრდიან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი და იგივე დანიშნულების მქონე დაწესებულებების აბსოლუტურად სხვადასხვაგვარ კონსტენტში გაშუქება და ამასთან ნეგატიურად წარმოჩენილი დაწესებულებასთან დაკავშირებით რელიგიურ ასპექტებზე ხაზგასმა წარმოადგენს დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით. ქარტიის მე_8 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება". საბჭოს მიიჩნევს, რომ გია ჯაჯანიძის მიერ დაირღვა ქარტიის მე_8 პრინციპი. არგუმენტაცია პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით მოყვანილია ხათუნა პაიჭაძის მიერ მომზადებულ სიუჟეთან დაკავშირებით, რომელიც სადავო გადაცემის ერთ ერთ ნაწილს წარმოადგენდა. დამატებით საბჭო აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ ხათუნა პაიჭაძის მიერ მომზადებულ მასალაში, არამედ გადაცემის სხვა ნაწილებში ხდება სოციალურ შეჭირვებაში მყოფი ბავშების იდენტიფიცირება, მეტიც, რიგ ეპიზოდებში წამყვანი არასრულწოლვანს კითხვებს უსვამს მისთვის ტრაგიკულ მოვლენებზე, რითაც არაპირდაპირ აიძულებს არასრულწოვანს ისაუბროს ისეთ ფაქტებზე რომლებიც მას ემოციურ ტანჯვას აყენებენ, დედასთან დაშორების შესახებ,  გარემო პირობების იძულებით შეცვლაზე, მის განცდებზე მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. ზოგადად საჭიროა აღინიშნოს, რომ ბავშვთა უფლებები სადავო გადაცემაში ძალიან უხეშად არის დარღვეული, ფაქტიურად არ არის გათვალისწინებული მათი ინტერესები, მომავალში შესაძლო  ნეგატიური შედეგები,  მეტიც, არა თუ მომავალში, არსებობს დიდი ალბათობა რომ მსგავსი სახით გადაცემის მომზადებამ, ინტრვიუებმა და შემდგომ ეთერში გასვლამ უკვე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ბავშვთა ფსიქოლოგურ - ემოციურ მდგომარეობაზე. ქარტიის მე_10 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი". საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო გადაცემაში ქარტიის მე_10 პრინციპი რამდენჯერმე დაირღვა, კერძოდ გადაცემაში გაჟღერდა პირთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, რომლის მიმართაც არ არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შესახებ ინფორმაცია, ასევე ოჯახური ცხოვრების სხვა დეტალები, თუ რატომ დაშორდნენ მეუღლეები ერთამენთს და რა როლი ითამაშა მშობელმა შვილის ახალ ქორწინებაში, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ გავრცელება ხდებოდა იმ პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის, რომლებმაც შესაძლოა არც იცოდნენ რომ მათ შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდებოდა, აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაციები საერთოდ არ იყო კავშირში გადაცემის თემასთან, არ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი და არ აძლევდა მაყურებელს ისეთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლებელია აუცილებლად ჩათვლილიყო. სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ გადაწყვიტა:
  1. ხათუნა პაიჭაძის მიერ დაირღვა ქარტიის მე_8 პრინციპი.
  2. ხათუნა პაიჭაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე_3 და მე_7 პრინციპი.
  3. გია ჯაჯანიძემ დაარღვია ქარტიის მე_7, მე_8 და მე_10 პრინციპი.
  4. გია ჯაჯანიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე_3 პრინციპი.