გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – გურჯაანის მუნიციპალიტეტი გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ
03.10.2016

დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
განმცხადებელი : გურჯაანის მუნიციპალიტეტი;
მოპასუხე : გელა მთივლიშვილი;
გადაწყვეტილება N 83

 

03 სექტემბერი 2016

გადაწყვეტილება N 83

03 სექტემბერი 2016 წელი

საქმეზე - გურჯაანის მუნიციპალიტეტი გელა მთივლიშვილის  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი

მოპასუხე: გელა მთივლიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გურჯაანის მუნიციპალიტეტმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებ გვერდზე, 2016 წლის 11 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში: "გურჯაანის გამგებელი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის კანონს არღვევს",  დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. სტატიაში მითითებული იყო იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელთა ერთობლიობით, სტატიის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარე გივი გერგიძე, არღვევდა კანონის მოთხოვნებს.

საქმის განხილვის დროს  სხდომას დაესწრო და  საბჭოს კითხვებს უპასუხა მოპასუხის წარმომადგენელმა გელა შაშიაშვილმა, ასევე წარმოდგენილი იყო შეპასუხება.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად მიჩნეული იქნა, რომ სტატიის მომზადების დროს, გურჯანიის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე გივი გერგაძე ფლობდა:

  1. შპს G.G [ს/ნ 427717250] ის 100 % წილს, ხოლო მისი მეუღლე ამავე კომპანიის დირექტორი იყო.
  2. შპს "ფარმაცია XXI"-ის [ს/ნ 227716353] 59.83 % წილს.
  1. სადავო სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება/სამართლებრივი შეფასება:

ციტატა სტატიიდან:

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1.2 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელზე ვრცელდება ამ კანონის 66- მუხლის მოქმედება, რომლის მე-3 პუნქტით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებში"

განმცხადებლის არგუმენტაცია:

"საჯარო მოსამსახურის სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვისა და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 და 63-ე მუხლები. მე-60 მუხლი ადგენს, რომ "მოსამსახურე არ უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი". 63-ე მუხლის თანახმად კი მოხელეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს აქციებსა და წილებს."

აღნიშნული ჩანაწერიდან იკვეთება თანამდებობის პირის უფლება ფლობდეს საწარმოს აქციებსა და წილს. სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით კი გივი გერგიძე მხოლოდ ფლობს სამეწარმეო იურიდიულ პირის წილს და არ წარმოადგენს დირექტორს/ხელმძღვანელს, ან/და საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრს". შესაბამისად, ადგილი არ აქვს მისი მხრიდან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებას. რაც შეეხება სტატიაში "საჯარო სამსახურის კანონიდან" მითითებულ 66-ე მუხლს, იგი განსაზღვრავს მხოლოდ გარიგებათა დადების შეზღუდვების შემთხვევებს, შესაბამისად ის ვერ გამოდგება გამოთქმული ბრალდების საფუძვლად."

საბჭოს შეფასება:

საბჭო ეთანხმება განმცხადებელს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მოსამსახურეს ნამდვილად ჰქონდა უფლება რომ მფლობელობაში ჰქონოდა სამეწარმეო პირის წილი/აქციები. მაგრამ, ამავე კანონის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად "ოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებში". საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ ვინაიდან მუხლის სათაურია "გარიგებათა დადების შეზღუდვა", ეს ზეგავლენას ახდენს მუხლის შინაარსზე, რომელშიც პირდაპირ მითითებულია, რომ მომსამსახურეს [ამ შემთხვევაში გივი გერგიძეს] მისი წილი სამართავად უნდა გადაეცა მესამე პირისათვის.  ვინაიდან წილი გადაცემული არ იყო სამმართავად, ჟურნალისტს უფლება ჰქონდა მიეჩნია, რომ გივი გერგიძე კანონს არღვევდა.

  1. სადავო სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება/სამართლებრივი შეფასება:

ციტატა სტატიიდან:

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, "ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში" არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან.

ამავე კანონის მე-13 მუხლი ითვალისწინებს შემდეგ ამკრძალავ ნორმებს: თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა; თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება; თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო აქტივობების ცენტრის" საჯარო მმართველობის მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელის გელა შაშიაშვილის განმარტებით, "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი" ფართო მნიშვნელობით განიმარტება და გულისხმობს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა კანონმდებლობით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენა ან შესაბამისი სანქციის დადება. "მაკონტროლებელი ორგანოს" ცნებაში კი მოიაზრება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს აღნიშნული სახის კონტროლი".

განმცხადებლის არგუმენტაცია:

რაც შეეხება "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეუთავსებელ საქმიანობას და სტატიაში ამ კანონიდან მითითებულ მე-13 მუხლს, არ მოიცავს აკრძალვას თანამდებობის პირის მიერ აქციებისა და წილის ფლობის შესახებ. სტატიაში დასახელებულია ისეთი შეუთავსებელი საქმიანობების ჩამონათვალი, რასაც ადგილი არ აქვს გივი გერგიძის მხრიდან. არ ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, არ უკავია რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, არც თვითონ და არც მისი ოჯახის წევრს არ უკავია რაიმე თანამდებობა არ ასრულებს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც მისი ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. არ უკავია რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში. აგრეთვე, არც თვითონ და არც მისი რომელიმე ოჯახის წევრი არ ფლობს წილს ისეთ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც მისი ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება სტატიაში მითითებულია, რომ თითქოს გამგებელი წილს ფლობს ისეთ საწარმოში, რომლის კონტროლსაც ახორციელებს გამგეობა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და სტატიის ავტორი ცდილობს კანონის არასწორი ინტერპრეტაციით დაასაბუთოს ეს ბრალდება. თუ რას ნიშნავს "საწარმოს კონტროლი" "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისათვის განმარტებულია იმავე კანონის მე-6 მუხლში, თუმცა სტატიაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მითითებულია არა ზემოაღნიშნული ნორმა, არამედ "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონიდან სხვადასხვა ნორმები, თუმცა არც ამ ნორმებით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმი გამოიყენება გამგებლის ან/და გამგეობის მიერ იმ საწარმოს მიმართ, რომელშიც წილს ფლობს გამგებელი. სტატიის ავტორს "საწარმოს კონტროლის" განმარტების მიზნით გამოყენებული აქვს "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ბ" პუნქტი, თუმცა ეს ნორმაც არასწორად არის განმარტებული და სტატიაში მოყვანილია მისი მხოლოდ ნაწყვეტი და უგულებელყოფილია იმავე პუნქტის დანარჩენი ნაწილი, კერძოდ ის ნაწილი, სადაც განმარტებულია, რომ ამ კანონის მიზნებისათვის კონტროლი არ არის გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და სხვა გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების შემოწმების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, ნავთობისა და გაზის რესურსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობა, აგრეთვე იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, აღნიშნული განმარტება მხოლოდ აბათილებს და არ ადასტურებს სტატიაში გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს საწარმო, რომელშიც წილს ფლობს გამგებელი, წარმოადგენს გამგეობის კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოს და გამგებელი ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას.

საბჭოს შეფასება:

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე_13 მუხლის მე_3 ნაწილის თანახმად: "თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება". ამავე კანონის თანახმად, მუხლი 6, პუნქტი 1, კონტროლი განმარტებულია როგორც: "პირის (ორგანოს) უფლებამოსილება კონკრეტული საწარმოს (მეწარმის) მიმართ, რომ მან პირადად ან თავისი სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მეშვეობით შეამოწმოს საწარმოს (მეწარმის) საქმიანობა, ან დაუწესოს სამეწარმეო საქმიანობაში რაიმე შეზღუდვა ან შეღავათი, ანდა გასცეს ლიცენზია, სერტიფიკატი ან სხვაგვარი ნებართვა მის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით". როგორც  ასევე დადგინდა, გივი გერგიძის მეუღლე [ოჯახის წევრი], ციცინო მიმინოშვილი იყო იმ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მოქმედი საწარმოს დირექტორი, რომელი მუნიციპალიტეტის გამგებელსაც თავის მხრივ წარმოადგენდა გივი გერგიძე.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", მუხლი 16,  ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ანიჭებს რიგ უფლებამოსილებებს, რომელიც შეესაბამება "კონტროლის" მახასიათებლებს [ნებართვა, შემოწმება და ა.შ.],  მაგალითად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში მუნიცპალიტეტს უფლება აქვს:

  • ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება.
  • გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება.
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.
  • გარე რეკლამის განთავსების რეგულირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები აძლევდა ჟურნალისტს დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გივი გერგიძის მიერ ირღვეოდა "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი, ვინადან მისი მეუღლე წარმოადგენდა იმ საწარმოს დირექტორს, რომლის კონტროლის უფლებაც ჰქონდა გივი გერგიძის დაქვემდებრებაში მყოფ გურჯაანის მუნიციპალიტეტს.

 სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. გელა მთივლიშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.
საქმის მასალები: