12.01.2020


22 სექტემბერი 2019 წელი

საქმე N 308

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მაია მერკვილაძე, ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი.

განმცხადებელი: ჟურნალისტიკის რესურსცენტრი

მოპასუხე: რატი ხვისტანი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა, რომელიც მიიჩნევდა რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ 16 აგვისტოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, 21:21-ზე გადაცემულ რეპორტაჟში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი. რეპორტაჟი წარადგინა და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი - რატი ხვისტანი.

განცხადების განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი: 


ქარტიის პირველი პრინციპი “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სადავო რეპორტაჟი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოხმაურება ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმზე ,,რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ [შემდგომ „საგამოძიებო ფილმი“].

სადავო სიუჟეტი საგამოძიებო ფილმს აღწერს როგორც ,,მორიგი დეზინფორმაციის კამპანია პირველი არხის წინააღმდეგ“, წარმდგენი რატი ხვისტანი ასევე სრულად აჟღერებს საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადების ტექსტს, სადაც მითითებულია რომ საგამოძიებო ფილმით „სახეზე გვაქვს პირველი არხის, მისი საქმიანობის შესახებ ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯება და მათი ინტერპრეტაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მსგავსი შინაარსის პროდუქცია გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას. ფილმი აგებულია სრულიად დაუსაბუთებელ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ვარაუდებსა, ასევე გაყალბებულ ფაქტებზე და ფილმის ავტორები მათზე დაყრდნობით აკეთებენ სრულიად ალოგიკურ და მთლიანად ტყუილის შემცველ დასკვნებს“.


იმის პარალელურად რომ საგამოძიებო ფილმი მოხსენიებულია როგორც გაყალბებული, დაუსაბუთებული, ურთიერთგამომრიცხავი, სიუჟეტი არ შეიცავს ფილმის იმ ეპიზოდებს რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აზრით არის არასწორი და ყალბი, ასევე არ არის მეორე მხარის [საგამოძიებო ფილმის ავტორების] კომენტარი, რომ მათ პასუხი გაეცათ ბრალდებებზე. რა თქმა უნდა ერთის მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მხარე, რომელზეც მომზადდა საგამოძიებო ფილმი, მაგრამ მეორეს მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მედია, რომლის ვალდებულებაა პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რაც თავის თავში მინიმუმ გულისხმობს იმას, რომ წარმოდგენილი იქნას ყველა მხარის პოზიცია. სადავო სიუჟეტში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უგულებელყო ეს ეთიკურ ვალდებულება, მაყურებელს არ აცნობა ფილმის შინაარსი, არ უზრუნველყო ფილმის ავტორების პოზიციის ასახვა და მაყურებელს მიაწოდა მხოლოდ ცალმხრივი, საკუთარი პოზიციის ამსახველი ინფორმაცია. მაყურებლისათვის უცნობი რჩებოდა საერთოდ რომელ ფილმზე და რა ინფორმაციაზე იყო საუბარი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უწოდებდა როგორც „ყალბს“, „შეცდომაში შემყვანს“. მედია ზუსტად იმით განსხვავდება სხვა ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროებიდან ან მხარეებისაგან, რომ მიუხედავად იმისა რომ კონკრეტულ ამბავში შეიძლება თავად იყოს მხარე, მაინც ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს მისი ეთიკური ვალდებულებები, მედიის როგორც დაბალანსებული და გადამოწმებული ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს ფუნქცია, ამბის მიმართ გადალახოს სუბიექტური დამოკიდებულებები და ეთიკური სტანდარტების დაცვით მიაწოდოს მაყურებელს ინფორმაცია.


ქარტიის მეხუთე პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. სადავო სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ, 2019 წლის 19 აგვისტოს, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც სრულად უპასუხა ფილმთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2019 წლის 16 აგვისტოს გაჟღერებულ ბრალდებებს. დასტურდება რომ აღნიშნული შეპასუხება ცნობილი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, მაგრამ მათ არა თუ არა გაასწორეს 2019 წლის 16 აგვისტოს გასული სიუჟეტი, ამავე თემაზე 2019 წლის 29 აგვისტოს მომზადებულ სიუჟეტშიც კი არ მიაწოდეს მაყურებელს ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის კომენტარი/განცხადება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მედიამ არ შეასწორა არაზუსტი ინფორმაცია. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად საბჭო განმარტავს რომ არაზუსტ ინფორმაციად ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად ასევე ითვლება ის ინფორმაცია, რომელიც არ იყო სათანადო წესით გადამოწმებული, არ იყო ასახული მეორე მხარის პოზიცია.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქარტიის საბჭომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება. ააიპ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 4.7] თანახმად: „თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას [პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა] მხარი არ დაუჭირა მინიმუმ 5 წევრმა, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული და ქვეყნდება სხდომის ოქმი, სადაც მიეთითება როგორც დარღვევის დადგენის მომხრე, ისე მოწინაღმდეგე საბჭოს წევრთა არგუმენტები“. მე-11 პრინციპის ჭრილში, პრინციპის დარღვევას ან არ დარღვევას მხარი არ დაუჭირა 5 წევრმა და შესაბამისად საბჭომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება ფაქტის გაზრახ დამახინჯებასთან დაკავშირებით. საბჭოს წევრთა ნაწილმა მიიჩნია რომ განზრახვას ადგილი არ ჰქონდა და მეორე მხარის პოზიციის გარეშე ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ თავისი როლის და დანიშნულების არასწორად აღქმამ, რადგან ჩათვალეს რომ ამ ამბავში ისინი წარმოადგენდნენ მხოლოდ მხარეს და არ გაითვალისწინეს მათი, როგორც მედიის სტატუსი და დანიშნულება, ასევე ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ამ დროისთვის [16 აგვისტო] არ იყო გამოქვეყნებული ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის საპასუხო განცხადება. ხოლო საბჭოს სხვა წევრების აზრით, სწორედ ის გარემოება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სიუჟეტი მოამზადა როგორ დაინტერესებულმა/სუბიექტურმა მხარემ, ადასტურებდა განზრახვას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. რატი ხვისტანმა დაარღვია ქარტიის 1 და მე-5 პრინციპი.
  2. მე-11 პრინციპზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.
12.01.2020

22 სექტემბერი 2019 წელი

საქმე N 324

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მაია მერკვილაძე, ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი.

განმცხადებელი: ჟურნალისტიკის რესურსცენტრი

მოპასუხე: თამთა სანიკიძე, ქეთი ქაშაკაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა, რომელიც მიიჩნევდა რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ 2019 წლის 29 აგვისტოს მომზადებულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ წამყვანი თამთა სანიკიძე [ქარტიის პირველი პრინციპი] და სიუჟეტის ავტორი ქეთი ქაშაკაშვილი [პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი].

განცხადების განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება არ წარმოუდგენიათ.


სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპი “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სიუჟეტი ეხებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოხმაურებას ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმზე ,,რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ [შემდგომ „საგამოძიებო ფილმი“], კონკრეტულად კი ამ ფილმის განხილვას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ.

ქეთი ქაშაკაშვილის ნაწილში: სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ფილმი განიხილა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და დაადგინა რომ ფილმში მითითებული გარემოებები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ არასწორია და ადგილი ჰქონდა დოკუმენტების მცდარ ინტერპრეტაციას. მოყვანილია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ფრაზა, რომ საგამოძიებო ფილმი სიცრუეზეა აგებული, რომ ინფორმაციის მიზანმიმართულად გაყალბება ხდება, რომ „ყველაფერი არის ტყუილი“, სადავო სიუჟეტში მოცემულია საზოგადოებრივი მაუწყებლის დეტალური განმარტება, თუ რას და რატომ თვლის ფილმში არასწორ ინფორმაციად. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოყვანილია მხოლოდ კონკრეტული ეპიზოდები საგამოძიებო ფილმიდან, ისიც ტექსტური სახით, რაც აჩენს იმის ალბათობას, რომ კონტექსტი შეიძლება სხვა იყო ან ფილმის სხვა ნაწილები ამ ინფორმაციას ავსებდეს ან აზუსტებდეს. ყოველივე აღნიშნულის პარალელურად სადავო სიუჟეტი არ შეიცავს მეორე მხარის, საგამოძიებო ფილმის ავტორების კომენტარს. სიუჟეტის ავტორი ფილმში აღნიშნავს, რომ „კომენტარის გაკეთება ფილმის ავტორს ვთხოვეთ, მაგრამ მან უარი განაცხადა“, ამასთან დაკავშირებით განმცხადებელმა მიუთითა რომ „[ფრაზით] ფილმის ავტორმა უარი თქვა ინტერვიუზე, რითაც შეცდომაში შეყავს [ჟურნალისტს] მაყურებელი. ფილმის ავტორი არ იმყოფებოდა თბილისში, სადაც მას სთხოვეს ინტერვიუ, ამიტომ მან შესთავაზა ,,მოამბეს“ წარმომადგენელს, რომ დაკავშირებოდნენ ფილმის პროდიუსერს, რომელიც მზად იყო ინტერვიუსთვის და გაუგზავნა შესაბამისი სატელეფონო ნომერიც. თუმცა ,,მოამბემ“ არ ისურვა პროდიუსერთან დაკავშირება. განსხვავებით სხვა მედიასაშუალებებისგან, რომლებსაც არ გასჩენიათ პრობლემა დაკავშირებოდნენ JRC [ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი] წარმომადგენლებს და ჩაეწერათ ინტერვიუ, ,,მოამბემ“ ისარგებლა ავტორის ადგილზე არ ყოფნით და სიუჟეტში მაყურებელს დაუმალა როგორც რეალური გარემოებები, ისე JRC -ის ოფიციალური პასუხი გაჟღერებულ ბრალდებებზე“.

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, იმ დაშვების გათვალისწინებითაც, რომ ჟურნალისტმა სცადა მაგრამ მაინც ვერ მიიღო მეორე მხარის პოზიცია, მაინც სახეზეა მის მიერ ეთიკური ვალდებულების, ბალანსის დაცვის დარღევა. 2019 წლის 19 აგვისტოს, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც სრულად უპასუხა ფილმთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციებს, დადასტურებული ფაქტია რომ ამ განცხადების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ცნობილია, მაგრამ ეს განცხადება სიუჟეტში არ არის ასახული.

საზოგადოებრივი მაუწყებელმა უგულებელყო მისი, როგორც მედიის როლი და ეთიკური ვალდებულებები, სადავო სიუჟეტი მოამზადა მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან და მაყურებელს ასევე მხოლოდ თავისი არგუმენტები შესთავაზა. ამით არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რაც თავის თავში მინიმუმ გულისხმობს იმას, რომ წარმოდგენილი იქნას ყველა მხარის პოზიცია. არ უზრუნველყო ფილმის ავტორების პოზიციის ასახვა, მით უფრო ეს პოზიცია მისთვის ცნობილი იყო. სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ იმის აღნიშვნას რომ „კომენტარის გაკეთება ფილმის ავტორს ვთხოვეთ, მაგრამ მან უარი განაცხადა“ საბჭო მიიჩნევს ჟურნალისტის მცდელობად, რომ ფორმალურად დაეცვა ბალანსი და ამით თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა. თუ ჟურნალისტი აცნობიერებდა მის ეთიკურ ვალდებულებას, რომ ყველა ღონე ეხმარა რათა მეორე მხარის კომენტარი მოეპოვებინა, და მისი ეს „მცდელობა“ მხოლოდ ფორმალური არ იყო, მას შეეძლო ცალსახად მიეთითებინა რომ სიუჟეტი შეიცავდა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას, არ იყო გადამოწმებული და ამით მაყურებლისათვის ნათელი გაეხადა სიუჟეტის ნაკლი, სწორედ ეს არის ჟურნალისტის პატიოსანი ქმედება, რომ დადგეს სუბიექტურ ინტერესზე მაღლა ეთიკური ჟურნალისტიკის პატივისცემის მიზნებისათვის, რომ დაეძლია ის გარემოება, რომ თავად წარმოადგენდა იმ მედია საშუალებას, რომელიც საგამოძიებო ფილმში მხარე იყო და სიუჟეტი მოემზადებინა არა მხარის, არამედ ეთიკური მედიის სტანდარტების პოზიციიდან.

თამთა სანიკიძის ნაწილში: წამყვანმა თამთა სანიკიძემ სიუჟეტის წარდგენისას აღნიშნა რომ საგამოძიებო ფილმი არა ერთ უზუსტობას შეიცავს, რომ ფილმში მოყვანილი ფაქტები რეალობას არ შეესაბამება და „ამაში დარწმუნება მხოლოდ ტელევიზიის საეთერო ბადის გადახედვითაც კი შესაძლებელია“. როგორც ქეთი ქაშაკაშვილის ნაწილში აღინიშნა, სიუჟეტში მითითებული ინფორმაციები არ იყო გადამოწმებული, ის რომ „ფილმი უზუსტობას შეიცავს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დაინტერესებული მხარის პოზიციაა და არა ობიექტური გარემოება/ფაქტი. შესაბამისად თამთა სანიკიძის მიერაც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მეხუთე პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. როგორც დაადგინა ჟურნალისტის მიერ დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი, მიუხედავად იმისა რომ არსებობდა“ ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა გაავრცელა განცხადება, ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიერაც საზოგადოებრივ მაუწყებელს გაეგზავნა ინფორმაცია განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ და სიუჟეტი არ გასწორებულა, არ გავრცელებულა დამატებით ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის კომენტარები. აქედან გამომდინარე ცალსახაა, რომ მედიამ არ შეასწორა არაზუსტი ინფორმაცია. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად საბჭო განმარტავს რომ არაზუსტ ინფორმაციად ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად ასევე ითვლება ის ინფორმაცია, რომელიც არ იყო სათანადო წესით გადამოწმებული, არ იყო ასახული მეორე მხარის პოზიცია.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ქარტიის საბჭომ განიხილა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის სხვა განცხადებაც  [N 308] რომელიც ეხებოდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ 16 აგვისტოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, 21:21-ზე გადაცემულ რეპორტაჟს სადაც ასევე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმზე და იმის გათვალისწინებით რომ:

  1. ამავე თემაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2019 წლის 16 აგვისტოს მომზადებულ სიუჟეტშიც არ იყო პატივცემული საზოგადოების უფლება მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
  2. 2019 წლის 19 აგვისტოს, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც სრულად უპასუხა ფილმთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციებს და ეს შეპასუხება არ ასახულა 29 აგვისტოს სიუჟეტში, არ შესწორებულა 16 აგვისტოს სიუჟეტიც.
  3. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იცოდა განცხადების გამოქვეყნების შესახებ.
  4. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ერთი და იგივე თემაზე, ზედიზედ ორჯერ მომზადდა ჟურნალისტური პროდუქტი, რომელშიც დარღვეული იყო ეთიკური სტანდარტები, და ადგილი ჰქონდა ამბის გაშუქებას დაინტერესებული/სუბიექტური მხარის პოზიციიდან.

2019 წლის 29 აგვისტოს სიუჟეტში საბჭოს მოსაზრებით იკვეთება განზრახვა, რომ საზოგადოებას მიეღო ტენდენციური და დაუბალანსებელი ინფორმაცია.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. თამთა სანიკიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ქეთი ქაშაკაშვილმა დაარღვია ქარტიის 1, მე-5 და მე-11 პრინციპი.
11.01.2020


22 ოქტომბერი 2019 წელი

საქმე N 280 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე, გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა.

განმცხადებელი: ხათუნა მაცაბერიძე

მოპასუხე: მალხაზ მიქელაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ხათუნა მაცაბერიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ qartli.ge გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით „ავნევიდან დევნილი მოვაჭრე პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო ხაშურის ბაზრის დირექტორს ადანაშაულებს“ დაირღვა ქარტიის 1, მე-3, მე-5, მე-7 და მე- 11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სტატიის ავტორი მალხაზ მიქელაძე.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი და მისი წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტის სახელით კი სატელეფონო კავშირის მეშვეობით საბჭოს კითხვებს უპასუხა qartli.ge რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა.

სამოტივაციო ნაწილი: ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატიის თანახმად „ხაშურის ბაზარში მოვაჭრე, ავნევიდან დევნილი მარინე ქარქიშვილი აცხადებს, რომ დირექტორი პოლიტიკური შეხედულებების გამო ავიწროვებს“ „ბაზრის დირექტორის ხათუნა მაცაბერიძის მხრიდან წლებია შეურაცხყოფას და დამცირებას ისმენს“. „დირექტორი კი ყოველ დღე დაცვის თანამშრომლებს მიგზავნის და ვაჭრობას მიკრძალავს, მეუბნება წვენები მაღაზიის კედელზე ნუ გაქვს მიყუდებულიო“ „პოლიციაც გამოვიძახე რამდენჯერმე, მაგრამ სამართალდამცველებმა მითხრეს, რომ ბაზარი კერძო საკუთრებაა და ვერ ჩაერეოდნენ, დამეხმაროს ვინმე".

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ აღნიშნული პირი, მარინე ქარქიშვილი არ ვაჭრობს ბაზრის კუთვნილ ტერიტორიაზე და მასთან სამართლებრივი ურთიერთობა არა აქვთ. ბაზრის დირექტორმა ხათუნა მაცაბერიძემ განაცხადა რომ არ იცნობს პერსონალურად მარინე ქარქიშვილს, არასდროს შეხვედრია და შესაბამისად შეურაცხყოფა და დამცირება გამორიცხა. განმცხადებლის აზრით ასევე გაუგებარია რატომ ხდება პოლიტიკურ შეხედულებებზე აპელირება, მათთვის უცნობია მარინე ქარქიშვილის პოლიტიკური შეხედულებები და თავადაც არ გამოხატავენ მკვეთრ პოლიტიკურ პოზიციებს ამა თუ იმ პარტიის მიმართ.

სადავო სტატიაში ასევე მითითებულია რომ „ხაშურის ბაზრის დირექტორი ხათუნა მაცაბერიძე კომენტარს არ აკეთებს. მისი იურისტის თქმით, ამ საკითხზე მათ საუბრის სურვილი არ აქვთ“. განმცხადებელმა აღნიშნულზე მიუთითა რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ხაშურის ბაზრის ადმინისტრაციის იურისტმა მიაწოდა მალხაზ მიქელაძეს ინფორმაცია და განუცხადა, რომ მარინე ქარქიშვილი არ იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში შპს ნობათი-2007-თან [ხაშურის ბაზარი] და რომ არც მარინე ქარქიშვილს და არც არავის სხვას არ მიეცემა შპს ნობათი-2007-ს ფართის უკანონოდ გამოყენების უფლება.

საბჭოსათვის არც განმცხადებელს და არც მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რათა დადგენილიყო რეალურად რა შინაარსის საუბარი შედგა ჟურნალისტსა და ბაზრის ადმინისტრაციის იურისტს შორის. მაგრამ ამის მიუხედავად საბჭო თვლის, რომ სტატია ეთიკური ჟურნალისტიკის თვალსაზრით ნაკლოვანია და არ უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის სრულყოფილი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას. რომც დავუშვათ რომ ჟურნალისტს კომენტარი არ მიაწოდა ბაზრის ადმინისტრაციამ, მას შეეძლო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებთან გადაემოწმებინა, კერძოდ გამოეკითხა სხვა გარემოვაჭრეები, იხსენებდნენ თუ არა მარინე ქარქიშვილს და ბაზრის დირექტორს შორის უშუალო კონფლიქტის ფაქტს, ან მათ ხომ არ ჰქონდათ მსგავსი შემთხვევები ბაზრის ადმინისტრაციასთან. სტატიის თანახმად მარინე ქარქიშვილი აცხადებს რომ მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია კონფლიქტის დროს, ჟურნალისტს შეეძლო ინფორმაცია გამოეთხოვა საპატრულო პოლიციისაგან. ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება, სტატიის თანახმად მარინე ქარქიშვილი მის დევნას პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს, ამასთან სტატიაში არ არის დეტალები, თუ რომელი პოლიტიკური ძალის მომხრეა ეს თუ ის მხარე, რომელიც კონფლიქტს იწვევს, შესაბამისად არასრულყოფილია პოლიტიკურ საფუძველზე მითითება, ამ საფუძვლის იდენტიფიცირების გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ მალხაზ მიქელაძის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი - სადავო სტატიაში მითითებული გარემოებები არ იყო სათანადოდ გადამოწმებული, ჟურნალისტმა ყველა ღონე არ იხმარა გადასამოწმებლად.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. განმცხადებელი მე-3 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა შემდეგი საფუძვლით - როგორც განმცხადებლისათვის ცნობილია მარინე ქარქიშვილმა, სხვა ინფორმაციაც მიაწოდა ჟურნალისტს, რომელმაც ეს „სხვა ინფორმაცია“ არ ასახა სადავო სტატიაში. ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ მე-3 პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას როცა დადასტურდება რომ წყარო საერთოდ არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია რომ წყარო მარინე ქარქიშვილის სახით არსებობს და შესაბამისად მე-3 პრინციპი არ არის დარღვეული. რაც შეეხება წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის არ ასახვას, არასრულყოფილად ასახვას ან გადაუმოწმებლობას, ეს წარმოადგენს პირველი პრინციპის კუთხით მსჯელობის საგანს.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს მომართა 2019 წლის 01 მაისს და მალევე განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ, რომ სტატია შეიცავდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას, საბჭოს სამდივნოს მეშვეობით ცნობილი გახდა ჟურნალისტისათვის. მიუხედავად ამისა, განცხადების განხილვის მომენტისათვის, 2019 წლის 22 ოქტომბერი, სტატია არ იყო შესწორებული და როგორც საბჭომ დაადგინა მართლაც შეიცავდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც იწვევს ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებელი მიუთითებდა რომ სადავო სტატიით ხდებოდა 1. დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით 2. დისკრედიტაცია. პირველ გარემოებასთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს სადავო სტატიაში მითითებული არ იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალა, პარტია რომლის მხარდაჭერაც შეიძლება ყოფილიყო კონფლიქტის საფუძველი, შესაბამისად არ იკვეთება კონკრეტული პოლიტიკური ნიშანი, რომლითაც მოხდა დისკრიმინაცია. რაც შეეხება დისკრედიტაციას, საბჭომ თავის არა ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა რომ მხოლოდ დისკრედიტაცია, თუ ეს არ ხდება რომელიმე კონკრეტული ნიშნით, არ იწვევს მე-7 პრინციპის დარღვევას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო სტატიაში მე-7 პრინციპი არ დარღვეულა.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს რომ გაზრახვას ადგილი არ ჰქონია. პირველი პრინციპის დარღვევა დადგინდა ინფორმაციის სათანადო წესით გადაუმოწმებლობით. დამატებით საბჭომ განმცხადებელს ჰკითხა რომ დაესახელებინა მოტივი, რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს ჰქონოდა განზრახვა რომ არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინა, ხომ არ იყო მტკიცებულებები ფინანსური ან სხვა სახის დაინტერესების, პირადი სიმპათია/ანტიპათიის ამბის რომელიმე მხარის მიმართ. ასეთი მტკიცებულებები/გარემოებები ვერ იქნა წარმოდგენილი.


სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: 

  1. მალხაზ მიქელაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
  2. მალხაზ მიქელაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-7 და მე-11 პრინციპი.
17.08.2019
გადაწყვეტილება 28 ივლისი 2019 წელი

საქმე N 290 
გოგი გვახარია ნანა სულავას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: გოგი გვახარია

მოპასუხე: ნანა სულავა

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გოგი გვახარიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ ალიას ვებსაიტზე alia.ge, 2019 წლის 20 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „რა უამბეს «ალიას» გოგი გვახარიას ბაბუაზე?“, დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი. სადავო სტატიის ავტორი და შესაბამისად, მოპასუხე ჟურნალისტი - ნანა სულავა.

საქმის განხილვას არ ესწრებოდნენ განმცხადებელი და მოპასუხე ჟურნალისტი, ამასთან, მოპასუხე ჟურნალისტს არც სხვა რაიმე ფორმით წარმოუდგენია თავისი პოზიცია სადავო სტატიასთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სტატიაში მითითებულია ინფორმაცია „ვინმე გვახარიაზე“, რომელიც ამავე სტატიის თანახმად საბჭოთა პერიოდში გალის რაიონული გაზეთის რედაქტორი იყო. ჟურნალისტის თქმით, იგი კომუნისტური პარტიიდან გაზეთის კუთვნილი ფინანსების მითვისების გამო გარიცხეს, რომელი თანხითაც მან ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი „პობედა“ იყიდა. ჟურნალისტი სტატიაში აცხადებს, რომ ეს პირი ჟურნალისტ გოგი გვახარიას ბაბუა იყო. სტატიაში ასევე მითითებულია, რომ ჟურნალისტმა გოგი გვახარიამ „ფეხი ახალგაზრდა კომუნისტიდან აიდგა “.

განმცხადებელი მიუთითებდა რომ სტატიაში მოცემული ყველა ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ინფორმაცია იყო გადაუმოწმებელი, არ იყო ბალანსი დაცული და აუდიტორიას აწვდიდა მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას, სტატიაში არ ჩანდა, რომ ჟურნალისტმა სცადა მის ხელთ არსებული ინფორმაციის გადამოწმება, რომ დაუკავშირდა გოგი გვახარიას ან სხვა რელევანტურ წყაროს, რათა მკითხველისათვის გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდებინა. სტატია არ შეიცავს სხვა რამე მტკიცებულებას რომელიც ცალსახად მიუთითებდა ჟურნალისტ გოგი გვახარიას კავშირზე გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტთან” ან იმაზე, რომ ფულის მითვისებაში დადანაშაულებული ვინმე „გვახარია“ სწორედ გოგი გვახარიას ბაბუა იყო.

ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ზუსტი ინფორმაციის გასავრცელებლად ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება/კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობის და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას მიეღო გადამოწმებული ინფორმაცია და ამით დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მეხუთე პრინციპის მიხედვით „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა მტკიცებულება, რომლის მიხედვით მან სოციალურ ქსელში გააზიარა სადავო სტატია, მონიშნა „ალია“ და მიუთითა, რომ მის ბაბუას არავითარი საერთო არ ჰქონდა სტატიაში მითითებულ ფაქტებთან, ამასთან, ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიერ ალიას გაეგზავნა განცხადება, რომელშიც მითითებული იყო განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ. მიუხედავად ამისა, სტატია არ შესწორებულია/არ ასახულა მეორე მხარის კომენტარი და შესაბამისად დარღვეული იქნა ქარტიის მე-5 პრინციპი რომ მედია ვალდებულია შეასწოროს არაზუსტი ინფორმაცია.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. სტატიაში ჟურნალისტის მიერ ლგბტქ პირები მოხსენიებულნი არიან ისეთი ტერმინებით, რომლებიც თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ლგბტქ ადამიანების მიმართ. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ხელი არ შეუწყოს დისკრიმინაციას და არ გამოიყენოს სიძულვილის ენა, პირიქით, უნდა შეეცადოს საზოგადოებაში დამკვიდრებული ნეგატიური სტერეოტიპების შესუსტებას. ამ ეთიკური ვალდებულებების უგულებელყოფა კი იწვევს ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადგენად, რომ ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, შესაბამისად არ დგინდება მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ნანა სულავამ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე -7 პრინციპი.

2. ნანა სულავას არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.