7 თებერვალი, 2026 წელი
საქმე N 808
საბჭოს თავმჯდომარე: თინათინ ზაზაძე
საბჭოს წევრები: ნანა ბიგანიშვილი, ნინო გელაშვილი, ნინო კაპანაძე, თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე, თემო ინასარიძე, ნათია ამირანაშვილი, ლელა დუმბაძე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიგა გელხვიიძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანიის “რუსთავი 2” სოციალური ქსელის გვერდზე, 2025 წლის 26 სექტემბერს, გამოქვეყნებული ინფორმაცია (ქარდი) არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს. სამაუწყებლო კომპანიის მიერ გავრცელებული ცნობა ეხებოდა არასრულწლოვანი პირის დაკავებას, იარაღის უკანონო ტარების მიზეზით.
მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ტელეკომპანიის “რუსთავი 2” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, ვინაიდან ქარტიის საბჭოს სამდივნომ ვერ შეძლო ქარდის ავტორის ზუსტი ვინაობის დადგენა.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი გიგა გელხვიიძე.
მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და საბჭოსთვის არც წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.
ამ გადაწყვეტილებაში, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საბჭო არ უთითებს იმ მოზარდის ვინაობას, რომლის შესახებ მომზადებული ქარდი გახდა სადავო. ამ ქმედებით საბჭო ცდილობს, არასრულწლოვნის მიმართ გავრცელებული ინფორმაციის დამატებით ტირაჟირებას არ შეუწყოს ხელი.
ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს ტელეკომპანიის “რუსთავი 2” ჟურნალისტის მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი:
განმცხადებლის პოზიცია:
განმცხადებლის განმარტებით, ტელეკომპანიის “რუსთავი 2” ჟურნალისტმა დაარღვია
ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), ვინაიდან მტკიცებით ფორმაში, გადამოწმების გარეშე, გაავრცელა ინფორმაცია არასრულწლოვნის დაკავების, მის მიერ იარაღის უკანონო ტარების შესახებ და გაამჟღავნა მისი ვინაობა. არასრულწლოვანი საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნების შვილი იყო და ოჯახმა მალევე, საჯაროდ განაცხადა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რაც არ ასახულა მედიასაშუალების ქარდზე. “რუსთავი 2-ის” შემდეგ, ამავე საკითხზე, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც არ იყო თანხვედრაში ტელევიზიის ოფიციალურ გვერდზე გატანილ ამბავთან.
განმცხადებელი სადავოდ მიიჩნევდა ქარტიის მე-3 პრინციპს (დადასტურებული წყარო).
განმცხადებელი ასევე დავობდა მე-4 პრინციპზე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება).
განმცხადებელი დარღვეულად მიიჩნევდა ქარტიის მე-5 პრინციპსაც (შესწორების ვალდებულება), ვინაიდან, ტელეკომპანიის მიერ ინფორმაციის წაშლის მიუხედავად, მიაჩნდა, რომ შესწორების ეთიკური წესი არ იყო დაცული.
სადავო იყო მე-8 პრინციპი (ბავშვთა ინტერესი), რადგან განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ არასრულწლოვანის ვინაობის გამჟღავნებას და მასთან დაკავშირებული არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას შეეძლო ზიანი მიეყენებინა მოზარდისთვის და ის ბულინგის ობიექტად ექცია.
გიგა გელხვიიძე დავობდა მე-11 პრინციპზე (ფაქტის განზრახ დამახინჯება). მას მიაჩნდა, რომ ვინაიდან არასრულწლოვანის დედა საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა და აქტიურად არის ჩართული “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო პროცესში, მისი არასრულწლოვანი შვილის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2-მა” განზრახ დაამახინჯა, რათა მისთვის ზიანი მიეყენებინა.
ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება
პირველი პრინციპი
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის “რუსთავი 2” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ქარდით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.
2025 წლის 26 სექტემბერს, “რუსთავი 2-ის” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნების არასრულწლოვანი შვილი პოლიციამ იარაღის უკანონო ტარების გამო დააკავა. ინფორმაცია მოწოდებული იყო მტკიცებით ფორმაში და იდენტიფიცირებული იყო მოზარდი. განმცხადებელი ამბობდა, რომ იმ დროისთვის, როცა სამაუწყებლო კომპანიამ ეს ინფორმაცია გაავრცელა, ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გაკეთებული არ ჰქონდა. არასრულწლოვნის ოჯახმა მალევე უარყო “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებული ამბავი, მათ შორის ქარდის ქვეშ, კომენტარების ველში, და ინფორმაციის ჩასწორება მოითხოვა, რაც არ მომხდარა. მოგვიანებით, განსხვავებული შინაარსის ინფორმაცია გამოაქვეყნა შსს-მ.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ “რუსთავი 2-ის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ცნობა არ ეყრდნობოდა არანაირ ფაქტობრივ გარემოებას ან მტკიცებულებას, რაც ქარდზე დატანილ ამბავს დაამოწმებდა. განმცხადებელი გამოქვეყნებულ მოკლე ინფორმაციაში რამდენიმე უზუსტობაზე დავობდა: არასრულწლოვანი არ ყოფილა დაკავებული; ის არ ატარებდა იარაღს. საბჭოს სხდომაზე გიგა გელხვიიძემ თქვა, რომ როცა საქმე 16 წლის პირს ეხებოდა, “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა შსს-ში, პროკურატურაში, ოჯახთან, ადვოკატთან და მხოლოდ დადასტურების შემდეგ გამოექვეყნებინა. მოცემულ შემთხვევაში კი გადაუმოწმებელი ინფორმაცია არასრულწლოვნის იდენტიფიცირებით იყო გამოქვეყნებული და მითითება, რომ დამატებითი ინფორმაცია უმოკლეს პერიოდში გავრცელდებოდა, საკმარისი არ იყო.
ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის „რუსთავი 2” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა პატივი არ სცა აუდიტორიის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მან გამოქვეყნებამდე ამბავი სათანადოდ არ გადაამოწმა სამართალდამცავ სტრუქტურებში ან ოჯახთან. ამაზე მიუთითებს მოგვიანებით, შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც არ არის საუბარი არასრულწლოვნის იარაღის უკანონოდ ტარების გამო დაკავებაზე, რაც ადასტურებს, რომ “რუსთავის 2-ის” მიერ გავრცელებული ქარდი არაზუსტი იყო.
საბჭო ასევე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის შესახებ ამ შინაარსის ინფორმაციის გამოქვეყნება, არ წარმოადგენდა ისეთ გადაუდებელ აუცილებლობას, რომ ჟურნალისტს ის სათანადო გადამოწმების გარეშე გაევრცელებინა. არ არსებობდა რაიმე სახის მაღალი საჯარო ინტერესი, რომელიც ამ ამბის გადაუმოწმებლად გავრცელებას გაამართლებდა, იმ ფონზე როცა საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა.
ქარტიის მიერ წლების განმავლობაში დადგენილი სტანდარტით, მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როცა საქმე ეხება მოზარდის დანაშაულში, სავარაუდოდ კრიმინალში მონაწილეობას. ასეთი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებამ, შესაძლოა, არასრულწლოვანს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
თუმცა, ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ისე მიაწოდა ამბავი აუდიტორიას, რომ ან არ უცდია გადამოწმება, ან არ მიიჩნია საჭიროდ, ეჩვენებინა, რა ძალისხმევა დახარჯა ინფორმაციის გავრცელებამდე მის დასაზუსტებლად. დაპირებული “დამატებითი ინფორმაცია”, რაც ასევე ქარდზე იყო დატანილი, აჩენს მხოლოდ ახალი დეტალების და არა არსებული ინფორმაციის დაზუსტების მოლოდინს.
ამასთანავე, “რუსთავი 2-ის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა, არ მისცა პასუხის უფლება უარყოფით კონტექსტში, დამნაშავედ წარმოჩენილი არასრულწლოვნის ოჯახს, არ ასახა ქარდის, თუნდაც ტექსტურ ნაწილში მათი პოზიცია, რაც ასევე არ შეესაბამება პროფესიული ეთიკის სტანდარტს.
მესამე პრინციპი
“ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”.
მეოთხე პრინციპი
“ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს”.
განმცხადებელმა სხდომის მიმდინარეობისას მოხსნა მე-3 და მე-4 პრინციპები.
მეხუთე პრინციპი
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული, არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.
საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის “რუსთავი 2” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი, შესწორების ვალდებულება.
საბჭოს სხდომაზე, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მართალია, შსს-ს მიერ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ “რუსთავი 2-მა” ინფორმაცია წაშალა, ეს ვერ მიიჩნევა ჩასწორებად, ვინაიდან ქარდზე დატანილი ცნობა დარჩა იგივე, ხოლო აღწერაში გამოტანილი დამატებითი ინფორმაცია, შესაძლოა, აუდიტორიისთვის ნაკლებად თვალსაჩინო დარჩენილიყო, ვინაიდან არ იყო დაცული ჩასწორების ეთიკური სტანდარტი. ინფორმაციის თავზე არ იყო მინიშნებული, რომ ის განახლებულია და, ვიდრე მას წაშლიდნენ, ჩანდა მხოლოდ პირველადი ვერსია. დამატებული დეტალები აუდიტორიისთვის ცნობილი მხოლოდ ტექსტის ჩამოშლის შემდეგ ხდებოდა.
ამასთანავე, განმცხადებელი აქცენტს სვამდა ინფორმაციის ჩასწორების მყისიერებაზე. ის ამბობდა, რომ ვინაიდან საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა და ამ ამბავს მისთვის ზიანის მიყენება შეეძლო, ინფორმაცია უსწრაფესად უნდა ჩასწორებულიყო, თუნდაც ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების/კომენტარების საფუძველზე, რაც არ მოხდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მე-5 პრინციპი დარღვეულად შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიჩნია:
ქარტიის დადგენილი სტანდარტით, ჩასწორების მთავარი მახასიათებელი ჟურნალისტის ან მედიის ქცევაა, თუ რამდენად სწრაფად, ადეკვატურად და პატიოსნად ასწორებს ის დაშვებულ შეცდომას.
ქარტიის პრაქტიკით, ჩასწორებისას, აუდიტორიისთვის ცხადი უნდა იყოს, რა
ჩასწორდა და რატომ, რა იყო პირველად მასალაში არაზუსტი. ამ
ინფორმაციას მედია საკუთარ აუდიტორიას მარტივად და თავლსაჩინოდ უნდა
აწვდიდეს.
არაზუსტი ინფორმაციის წაშლა და ახლის მომზადება არ მიიჩნევა კარგ სტანდარტად და აუდიტორიის უფლებას ლახავს. თუმცა, ქარტიის საბჭოს პრაქტიკაში არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა თვითრეგულირების ორგანომ მასალის წაშლა სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნია, რადგან გავრცელებული ინფორმაცია ადამიანებს მყისიერ საფრთხეს უქმნიდა ანდა მისგან გამოწვეულ ზიანს განგრძობითი შედეგი ჰქონდა.
განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს აზრით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა ქარდის წაშლა, ვინაიდან მასზე ღიად, სახელისა და გვარის მითითებით, იყო არასრულწლოვანი იმ დანაშაულში მხილებული, რაც მალევე დადასტურდა, რომ არ ჩაუდენია. ეს ინფორმაცია კი, შესაძლოა, მისთვის დამაზიანებელი ყოფილიყო.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ქარდზე ინფორმაციის ჩასწორებისას ჩანს რედაქტირების ისტორია, სადაც მომხმარებელს შეუძლია ძველი ინფორმაციის ამოკითხვა. ეთიკური სტანდარტის მიხედვით, არასრულწლოვნის სახელი და გვარი საერთოდ აღარ უნდა იძებნებოდეს იმ დანაშაულთან კავშირში, რაც არ ჩაუდენია. “რუსთავი 2-ს” ყველა ღონე უნდა ეხმარა, რომ არასრულწლოვნის შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი აღარ ყოფილიყო.
საბჭოს აზრით, ამ შემთხვევაში არსებობდა ჩასწორების ალტერნატიული შესაძლებლობა. არსებულ ბმულზე ამბის სრულად წაშლა და იმავე ბმულზე აუდიტორიისთვის სწორი, გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება იქნებოდა ეთიკური გამოსავალი.
მედიასაშუალებას უნდა აღენიშნა, რომ პირველადი სახით გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არასრულწლოვნისთვის დამაზიანებელი იყო და მისი საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია წაიშალა. ჩასწორების ამ ფორმის გამოყენებისას, ძველი ცნობის ნახვა ბმულზე შეუძლებელი იქნებოდა.
რაც შეეხება ინფორმაციის მყისიერ ჩასწორებას, საბჭო მიიჩნევს, რომ
მაუწყებლის აუდიტორიის სიდიდიდან გამომდინარე,“რუსთავი 2-ს” სწრაფად
უნდა ემოქმედა, რათა მაქსიმალურად შეემცირებინა ზიანი, რაც
არასრულწლოვანს გავრცელებული ინფორმაციის შედეგად
მიადგებოდა.
მერვე პრინციპი
“ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის”.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანიის “რუსთავი 2” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი, ბავშვთა ინტერესი.
განმცხადებელი მე-8 პრინციპზე შემდეგი არგუმენტით დავობდა: “რუსთავი 2-მა” სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც არ დადასტურდა, ღიად, სახელისა და გვარის დასახელებით დაუკავშირა არასრულწლოვანი. გელხვიიძის აზრით, ამ ფაქტს მოზარდის დაზიანება განგრძობითად შეეძლო. საზოგადოების მხრიდან, ის შეიძლებოდა აგრესიული ქცევის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზიანის (ბულინგის) ობიექტი გამხდარიყო.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია. საბჭოს მიაჩნია, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, “რუსთავი 2-ს” არასრულწლოვნისთვის ზიანის მიყენება შეეძლო. მედიასაშუალების ჟურნალისტმა არ იხელმძღვანელა ბავშვის საუკეთესო ინტერესით და არ დაუთმო მეტი დრო და რესურსი ინფორმაციის გადამოწმებას. მაშინ, როცა სამართალდამცავი უწყება მხოლოდ ინიციალებს აქვეყნებს შესაძლო დანაშაულში მონაწილეების შესახებ, ტელეკომპანიამ ღიად თქვა მოზარდის სახელი და გვარი. ტელეკომპანიის არაიდენტიფიცირებული თანამშრომლის მიერ გამოქვეყნებულ ცნობას, შესაძლოა, მოზარდისთვის დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს წლების შემდეგაც, როგორც დანაშაულში მხილებულისთვის, რომელიც მერე არ დადასტურდა.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია. ამის მიუხედავად, არასაკმარისი არგუმენტაციის საფუძველზე, გადაწყვიტა, რომ მე-11 პრინციპი არ არის დარღვეული.
განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ვინაიდან არასრულწლოვნის დედა აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესებში და ამავე დროს, ის საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა, მისი შვილის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა მედიასაშუალებამ განზრახ დაამახინჯა. მიზანი დედისთვის ზიანის მიყენება და მისი დისკრედიტაცია იყო.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, არც განცხადებაში და არც გიგა გელხვიიძის მიერ განხილვის დროს გაკეთებულ განმარტებებში არ იყო სათანადო მტკიცებულებები, რაც საბჭოს დააჯერებდა, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია განზრახ გაავრცელა. საბჭო ვერ დარწმუნდა, რომ ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი და მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა; რომ ობიექტური გარემოებები მიუთითებდა ჟურნალისტის მიერ სწორი ინფორმაციის ფლობაზე და მცდარის გავრცელებაზე; რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება ატარებდა კამპანიურ ხასიათს. შესაბამისად, ვერ დადგინდა ჟურნალისტის მოტივი და განზრახვა, გაევრცელებინა მცდარი ინფორმაცია.
სარეზოლუციო
ნაწილი:
ტელეკომპანიის “რუსთავი 2” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, და მე-8 პრინციპები.