29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც.
● „ტვ პირველის” ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ამ ტელეკომპანიის ოპერატორს ნიკა კოკაიას და ჟურნალისტს ანა მდივანს, რომელსაც შედეგად სპაზმური შეტევა დაემართა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პოლიციელები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტვ პირველის” ოპერატორს გიორგი შეწირულს. დამიზნებით შეასხეს წყლის ჭავლი „ტვ პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის რესპონდენტს. დაშავდა ასევე ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი, რომელიც ნანუკა ქაჯაიასთან ერთად მუშაობდა.
● მედია აპრილის ინფორმაციით დაშავდა ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძე.
● „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს გიორგი გოგუას.
● ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე.
● საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას.
● დაშავდა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც წლის ჭავლმა წააქცია.
● დაშავდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
● ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.
● რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.
● მედია აპრილის ინფორმაციით, აქციაზე გერმანელი ჟურნალისტი დაშავდა.
● აქციაზე “პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ მასზე სასტიკად იძალადა.
● რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, დათო ცაგარელს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.
● „პუბლიკას” ინფორმაციით, პროფესიულ საქმინობაში ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს.
● JAMnews-ის ინფორმაციით, მათ ფოტორეპორტიორს, უკრაინელ იულია კალაბანს პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა.
25 ნოემბერს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი ზონის ამოქმედებით მედიასა და ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში დაგემილ ღონისძიებებზე წვდომა შეეზღუდათ. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად პარლამენტმა მისი თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბერს მიღებული დადგენილება მიუთითა.
შედეგად, ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა მე-11 მოწვევის პარლამენტის, რომელიც პლენარულ სხდომაზე პირველად შეიკრიბა, საქმიანობის გაშუქება კვლავინდებურად ვერ შეძლეს. შენობაში შეუშვეს მხოლოდ აკრედიტებული წარმომადგენლების ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, თუმცა, დამატებითი აკრძალვებით - სხდომის გაშუქებისას ჟურნალისტებს მცირე ზომის შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო ოპერატორებს სხდომათა დარბაზში არ შეატანინეს პირდაპირი ჩართვის აპარატები, რაც, მაუწყებლების ცნობით, წარსულში პრობლემას არ წარმოადგენდა.
მოგვიანებით, 25 ნოემბერს, პარლამენტმა დააზუსტა, რომ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე 26 ნოემბრიდან “მის გაუქმებამდე”იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ ონლაინ მედია პარლამენტის შენობაში შესვლას განუსაზღვრელი დროით ვერ შეძლებს.
ონლაინ მედიის მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული კანონის განხილვის დროიდან დაამკვიდრა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ონლაინ მედიის ერთ ჯგუფთან ერთად, დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით სახალხო დამცველს ჯერ კიდევ აპრილში მიმართა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს პარლამენტის გადაწყვეტილების მიმართ და მოუწოდებს მას, პარლამენტის შენობაში მიმდინარე პროცესებზე წვდომა მისცეს მედიას და ჟურნალისტებს, პლატფორმის მიუხედავად, დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე.
25 ნოემბერს News.On.ge-ს მთავარ რედაქტორს ვანცენტ ხაბეიშვილს ქაშვეთის ეკლესიის წინ, სავარაუდოდ, თბილსერვის ჯგუფის სამსახურის თანამშრომელმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აგრესიული პირი ჟურნალისტს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ჟურნალისტმა ვიდეო გადაუღო სასულიერო პირს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდებდა და უმტკიცებდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ჟურნალისტის მოთხოვნის მიუხედავად, თავდამსხმელმა ვინაობა არ გაამხილა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს თავდასხმას News.On.ge-ს მთავარ რედაქტორზე და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ქარტიის საბჭომ 16 ნოემბრის სხდომაზე განიხილა პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანის” განცხადება ჟურნალსტების მეგი ნარსავიძისა და გივი კუჭავას წინააღმდეგ.
სადავო მასალა იმედის ეთერსა და მათ ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ის ეხება მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხს და მასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს.
განმცხადებლის მხრიდან მითითითებული პირველი, მეხუთე და მე-11 სადავო პრინციპებიდან, ქარტიის საბჭომ სამივე დარღვეულად მიიჩნია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
ქარტიის საბჭომ 16 ნოემბრის სხდომაზე განიხილა “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” განცხადება ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილის წინააღმდეგ.
სადავო მასალა “მთავარი არხის” ეთერში 2024 წლის 4 ოქტომბერს, 21:00 საათიან გამოშვებაში გავიდა.
განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპების დარღვევაზე, ჟურნალისტის მიერ მათი ორგანიზაციის ე.წ. GONGO-დ (იშიფრება როგორც “ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია ან დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ან სამოქალაქო ჯგუფების არსებობის ან ქცევის ილუზიის შექმნის მიზნით საკუთარი პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად ქვეყნის შიგნით ან საერთაშორისო ასპარეზზე”) გამოცხადების გამო.
მესამე პრინციპი საქმის განხილვისას მოხსნა განმცხადებლმა.
საბჭომ დაადგინა სადავო მასალაში პირველი და მეხუთე პრინციპების დარღვევა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
ქარტიის საბჭომ 16 ნოემბრის სხდომაზე განიხილა ნინო შველიძის განცხადება “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტისა და ქეთი მამრიკიშვილის წინააღმდეგ.
განმცხადებელი ერთი განცხადების ფარგლებში ორ მედიაპროდუქტს ხდიდა სადავოს. “იმედის” სადავო მასალა მათ საიტზე 2024 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნდა, ხოლო “POSTV”-ის შემთხვევაში სადავო მასალა მათ ეთერში 6 სექტემბერს 13:02 საათზე გავიდა.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტლებით, სადავო მედიაპროდუქტებში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
ქარტიის საბჭომ 16 ნოემბრის სხდომაზე განიხილა შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” ორი განცხადება “მაუწყებლის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო მასალები (სადავო მასალა1, სადავო მასალა2) “მაუწყებლის” ფეისბუკ გვერდზე 1 და 2 ივლისს გავრცელდა.
პირველი სადავო მასალის შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებდა
ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპების დარღვევაზე, რომელთაგან
საბჭომ სამივეს დარღვევა დაადგინა.
მეორე სადავო მასალაშიც, საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავოდ გამხდარი
პირველი, მე-10 და მე-11 პრინციპებიდან ყველა დარღვეულია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
დღეს, 19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა „მთავარი არხის“ ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე, და დააკავა ის. ოპერატორი მელიქიშვილის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - ის პოლიციელების მიერ აქციის მონაწილის დაკავებას იღებდა. სერგი ბარამიძეს რამდენიმე პოლიციელი განსაკუთრებული სისასტიკით დაუპირისპირდა. ოპერატორს მიღებული აქვს ფიზიკური დაზიანებები. დამტვრეულია კამერა. ამ დროისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება სერგი ბარამიძე.
გამოცემა „პუბლიკას“ ცნობით, პოლიციელებმა დაარტყეს „პუბლიკას“ ჟურნალისტს მინდია გაბაძესაც.
მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა ასევე OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს და „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტს გივი ავალიანს.
„ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ამ ტელეკომპანიის კორესპონდენტმა გიორგი კვიჟინაძემ თქვა, რომ პოლიციელები მას და მის ოპერატორსაც უშლიდნენ ხელს გადაღებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნელივ დაიწყოს სერგი ბარამიძის და სხვა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შაბათს, 16 ნოემბერს, შვიდი მედიაპროდუქტის ქარტიის პრინციპებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს.
11:00 საათზე - მამუკა ყუფარაძის თვითინიცირებული განცხადება.
მას სურს მისივე გადაცემის: “სადავო კანონი - საუბარი ზაალ ანჯაფარიძესთან - ტელედისკუსია - სტუდია რე” - ეთიკის ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება, რომელიც “სტუდია რე”-ს იუთუბ არხზე 14 ივნისს გამოქვეყნდა.
განმცხადებელი უთითებს ქარტიის მეოთხე (კეთილსინდისიერება); მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) პრინციპებზე.
12:00 საათზე - შპს “ევოლუშენ ჯორჯია” “მაუწყებლის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.
განცხადება ორ სადავო მასალას მოიცავს, რომლებიც “მაუწყებლის” ფეისბუკ გვერდზე 1 და 2 ივლისს გავრცელდა.
პირველი სადავო მასალის შემთხვევაში განმცხადებელი დავობს ქარტიის 1 (სიზუსტე), 5 (შესწორება) და 11 (ფაქტის გაზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, ხოლო მეორე სადავო მასალის შემთხვევაში 1 (სიზუსტე), 10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) და 11 (ფაქტის გაზრახ დამახინჯება) პრინციპებზე.
14:30 საათზე - ნინო შველიძე “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტისა და ქეთი მამრიკიშვილის წინააღმდეგ.
განმცხადებელი ერთი განცხადების ფარგლებში ორ მედიაპროდუქტს ხდის სადაოს. “იმედის” სადავო მასალა მათ საიტზე 2024 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნდა, ხოლო POSTV-ის შემთხვევაში სადავო მასალა მათ ეთერში 6 სექტემბერს 13:02 საათზე გავიდა.
ორივე შემთხვევაში განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის გაზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
16:00 საათზე - “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” ნატალი ჯახუტაშვილის წინააღმდეგ.
სადავო მასალა “მთავარი არხის” ეთერში 2024 წლის 4 ოქტომბერს, 21:00 საათიან გამოშვებაში გავიდა, სადაც “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” სამთავრობო ორგანიზაციად, ე.წ. GONGO-დ, არის მოხსენიებული.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპების დარღევაზე.
17:00 საათზე - პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” მეგი ნარსავიძისა და გივი კუჭავას წინააღმდეგ.
სადავო მასალა “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ის ეხება მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხს და მასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე. მისი პოზიციით, სიუჟეტი მანიპულაციურად არის დამონტაჟებული, რასაც შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი.
ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა გაიმართება ქარტიის ოფისში: ბაქოს ქ. #4 და ასევე, ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩართვა. ZOOM-ის მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com
13 ნოემბერს, თბილისში, ცესკოსთან, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ქალი პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული აქციის გაშუქებისას, მედია აპრილის ფოტო რეპორტიორს, ვახო ქარელს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა, ლაშა სალუქვაძემ, მუშაობაში ხელი შეუშალა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია აპრილი ავრცელებს. ფოტოგრაფმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჩივრით მიმართა. ვახო ქარელისთვის მუშაობაში ხელშეშლა ჩანს „ტვ პირველის“ კადრებშიც.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპოლიციო ძალებს, ჟურნალისტებს სათანადო პატივისცემით მოეპყრონ და პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა მისცენ, მათ შორის, საპროტესტო აქციების გაშუქებისას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ჟურნალისტური მასალების კონკურსს „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“. ქარტიის კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.
კონკურსის გამარჯვებულს პრიზი გადაეცემა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
გამარჯვებულს გამოავლენს დამოუკიდებელი, 5 წევრისგან შემდგარი ჟიური, რომელშიც შედის ქარტიის საბჭოს 2 წევრი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი და 2 ჟურნალისტი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ცალკეულ ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას. ნომინაციაში თითოეულ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა.
კონკურსში შესაძლებელია წარდგენილი იყოს როგორც ბეჭდური, ისე აუდიო, ვიდეო და მულტიმედიური მასალა.
კონკურსის თემატიკა:
პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:
ნამუშევრების შეფასება
ჟურნალისტური პროდუქტის შეფასებისას ამოსავალია ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რომელთაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეფუძნება.
ზოგადი კრიტერიუმები:
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ნოემბერი, 18:00 საათი.
მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი. დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com
განაცხადის შევსება სავალდებულოა და მის გარეშე მხოლოდ ელექტრონულ მისამართზე მიღებული განცხადებები არ განიხილება.
გამარჯვებული გამოვლინდება 2024 წლის დეკემბერში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პრიზს უკვე მე-11 წელია გასცემს, ხოლო ნომინაციაში „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“ წელს მეოთხედ დააჯილდოებს გამარჯვებულს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას პოლიტიკურმა მოძრაობამ "თავისუფლების მოედანი” “იმედის” წინააღმდეგ განცხადებით მომართა.
სადავო მასალა იმედის ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ის ეხება მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხს და მასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე. მისი პოზიციით, სიუჟეტი მანიპულაციურად არის დამონტაჟებული, რასაც შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი.
მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ: მეგი ნარსავიძე და გივი კუჭავა.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.