2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში - ტოქშოუები
30.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროექტის “საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა” ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი2, იმედი, ტვ პირველი, მთავარი არხი, ფორმულა, პალიტრა TV, აჭარის ტელევიზია,POSTV, კავკასია, ობიექტივი, მაესტრო. ასევე, მონიტორინგდება მთავარი საინფორმაციო გამოშვების ის ნაწილი, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს.

ძირითადი ტენდენციები:

  • საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა, რომ სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მაუწყებელთა ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, ნაწილი კი - ოპოზიციის. მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ზოგიერთ არხზე სტუმრობისგან.
  • სამონიტორინგო პერიოდში, გადაცემების ნაწილში, საარჩევნო თემატიკის ნაცვლად,ეთერი სხვა, იმ დროისთვის აქტუალურ პრობლემას ეთმობოდა;
  • სამონიტორინგო პერიოდში ტოქშოუებში არ იყო ხშირი დებატები პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, ამის ნაცვლად, მაუწყებელთა ნაწილი აუდიტორიას აცნობდა თითოეული პარტიის საარჩევნო პროგარამასა და ხედვებს;
  • ტოქშოუების წამყვანების კომენტარებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს აცხადებენ ტელეკომპანია „ ფორმულაში“, „TV პირველსა“ და „კავკასიაში“ ვიზიტზე, მაშინ, როდესაც “იმედსა” და “POSTV-ს” ხშირად სტუმრობდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ იყვნენ წარმოდგენილი არც „მთავარ არხზე“. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასევე უარს აცხადებდნენ მონაწილეობა მიეღოთ „ პალიტრა TV-ის“ ეთერში გამართულ დებატებში და ისინი, ძირითადად, წარმოდგენილი იყვნენ მარტო, ოპონენტების გარეშე, გადაცემის ბოლო ნაწილში;
  • ტელეკომპანია „ობიექტივი“ კვლავ რჩება „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმად, სადაც ისინი, პრაქტიკულად, ყველა გადაცემაში საუბრობენ და ეწევიან აგიტაციას პარტიის სასარგებლოდ. წამყვანებიც ღიად გამოხატავენ მათ მხარდაჭერას. არხზე ხდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება;
  • ტელეკომპანიების „ მთავარი არხის“, „POSTV-სა“ და „ ობიექტივის“ რიგ ტოქშოუებში წამყვანების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას;
  • საანგარიშო პერიოდში „მაესტროს“ ეთერში არ გასულა საზოგადოებრივ -პოლიტიკური გადაცემა და, ასევე, საინფორმაციო გამოშვებებშიც არ ჰყოლიათ სტუმარი მიწვეული.

იხილეთ სრული ანგარიში