ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგების შუალედური ანგარიში 2016
23.07.2016
ჩამოტვირთეთ ანგარიშის სრული ვერსია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ახორციელებს პროექტს "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება", რომლის ერთ ერთი კომპონენტია  ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგი.

მედიამონიტორინგის მიზანი ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა  უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და სიღრმისეულად გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია. მონიტორინგი 2016 წლის 1 აპრილიდან 30 ნოემბრამდე ჩატარდება.

წინამდებარე შუალედურ ანგარიშში მოცემულია 2016 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შეჯამება. შეფასებულია სხვადასხვა ტიპის მედიის თავისებურებები, ასევე წარმოდგენილია ძირითადი ტენდენციები და შესწავლილი მასალების  დეტალური ანალიზი, გამოკვეთილი ხარვეზები და რეკომენდაციები.

ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა ბავშვთა საკითხების გაშუქების შეფასებას, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს .

ძირითადი ტენდენციები

  • 2015 წელთან შედარებით შემცირდა ბავშვთა საკითხების გაშუქება
  • ბავშვების თემა ყველაზე ხშირად განათლებასა და ქველმოქმედებასთან დაკავშირებით შუქდება
  • ბავშვების შესახებ მომზადებული მასალების მხოლოდ 1% პროცენტს შეადგენს ისეთი ჟურნალისტური პროდუქტი სადაც საკითხი სიღრმისეულადაა განხილული. ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული მასალების უმრავლესობა ზედაპირული და ფრაგმენტულია.
  • 2015 წლის მარტი - ივნისის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით 13-დან 34 პროცენტამდე გაიზარდა იმ მასალების რიცხვი, სადაც ბავშვები თავად საუბრობენ.
  • ბავშვების ხმა ყველაზე მეტად სპორტისა და კულტურის თემებთან დაკავშირებულ მასალებში ისმოდა
  • ბავშვებთან დაკავშირებული კანონპროექტები ძირითადად პოლიტიკოსების დაპირისპირების ჭრილში განიხილება. აუდიტორიისთვის უცნობი რჩება რა გავლენას იქონიებს ცვლილები ბავშვის ცხოვრებაზე.
  • პრობლემად რჩება ბავშვების გამოყენება რეკლამისა და ქველმოქმედების ობიექტებად. ხშირად ასეთ შემთხვევაში ერთი და იგივე ტექსტი სხვადასხვა ონლაინ მედიასაშუალებებში ქვეყნდება თუმცა მითითებული არ არის, რომ ტექსტი დაფინანსებულია და არ მომზადებულა სარედაქციო პასუხისმგებლობის ქვეშ.
  • პოლიტიკოსები/სახელმწიფო უწყებები ბავშვების მძიმე სოციალურ მდგომარეობას აქტიურად იყენებენ საკუთარი პოპულარიზაციისთვის. რაშიც ხელს უწყობს მედია.
  • სოციალურ პრობლემებზე მომზადებულ მასალებში ბავშვები ემოციის გასამძაფრებლად გამოიყენება
  • ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვების საკითხი უმთავრესად ქველმოქმედების ჭრილში შუქდება, მედია ცდილობს თავად მოიძიოს სახსრები მათ დასახმარებლად და აქცენტს არ აკეთებს სისტემურ პრობლემაზე, რის გამოც ბავშვებს რიგითი მოქალაქეების დახმარება სჭირდებათ.
  • ბავშვებთან დაკავშირებით მომზადებულ მასალებში ეთიკური სტანდარტების დარღვევა რამდენიმე შემთხვევაში გამოიხატა ძალადობის მსხვერპლი ანდა სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირებაში.
  • კვლავაც არაერთი მასალა გამოქვეყნდა, რითიც ბავშვების სხვდასხვა ნიშნით სტიგმატიზება მოხდა.
რაოდენობრივი მონაცემები 2016 წელს გასულ წელთან შედარებით ბავშვთა საკითხების გაშუქება შემცირდა. თუ 2015 წლის 1 მარტი - 1 ივნისის პერიოდში 4777 მასალა გამოქვეყნდა, რომელიც ბავშვებს პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა, 2016 წლის 1 აპრილი-1 ივლისის პერიოდში ამ მაჩვენებელმა 4264 შეადგინა
მედიის მიერ ბავშვებთან დაკავშირებით გაშუქებული თემებიდან სჭარბობს განათლება (25%) და ქველმოქმედება (13%), მას მოსდევს ჯანდაცვა (10%), შემდეგ მოდის კულტურა (8%) ერთნაირი მაჩვენებელი (7%) აქვს კრიმინალსა და სოციალურ თემატიკას.  ბავშვებთან დაკავშირებით მასალების აბსოლუტური უმეტესობა იყო მოკლე ახალი ამბების ტიპის. ვრცელი მოცულობის მასალებიც კი (სტატია, სიუჟეტი), საკითხს ზედაპირულად მიმოიხილავდა. საანგარიშო პერიოდში ბავშვთა საკითხებზე მომზადებული მასალების მხოლოდ 1% განიხილავდა თემას სიღრმისეულად.  2015 წლის მარტი - ივნისის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით 13-დან 34 პროცენტამდე გაიზარდა იმ მასალების რიცხვი, სადაც ბავშვები თავად საუბრობენ.  თუმცა კვლავაც რჩება  ბავშვთა რეპრეზენტაციის პრობლემა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნების როგორც ინფორმაციის წყაროებად თუ რესპონდენტებად მიზერულ წარმოჩენაში.