2016 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში
09.09.2016

ახალი ამბები - ანგარიში

ტოქშოუები - ანგარიში

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მაუწყებლების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ქარტია აკვირდებოდა როგორც ახალ ამბებს, ისე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ტოქშოუებს.

 

ონლაინ მედიისა და პრესის მონიტორინგს "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" ახორციელებს, რადიოებს კი "ინტერნიუსი - საქართველო" აკვირდება

 

პროექტი "2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა" ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.

ახალი ამბები - ძირითადი ტენდენციები

  • სამონიტორინგო არხების უმრავლესობა, საკუთარი ეთერის ყველაზე მეტ ნაწილს საქართველოს მთავრობის საქმიანობის გაშუქებას უთმობს.
  • 11 არხის მონაცემების მიხედვით, მთავრობის მიმართ პოზიტიური გაშუქებით "კავკასია" ლიდერობს. მის ეთერში მთავრობისთვის დათმობილი დროის 18% პოზიტიურად გაშუქებას დაეთმო.  ყველაზე მეტი უარყოფითი გაშუქება მთავრობას "რუსთავი 2-ზე" აქვს - დათმობილი დროის 72%. ყველაზე მეტი ნეიტრალური გაშუქება კი ტელეკომპანია "GDS-ზე" - 83%.
  • პრეზიდენტი პოზიტიურ ტონში ყველაზე ხშირად "კავკასიის" ეთერში დაფიქსირდა - დათმობილი დროის 14%;  უარყოფითად - "ობიექტივზე"  (37%), ნეიტრალურად ყველაზე ხშირად  პრეზიდენტი  "ტაბულაზე"  გაშუქდა - მისთვის დათმობილი დროის 95%.
  • პარტია "ქართული ოცნება" ყველაზე დადებითად "იმედის" ეთერში ჩანდა, მისთვის დათმობილი დროის 54% პოზიტიური იყო, ნეგატიურად "ქართული ოცნება" ყველაზე დიდი დოზით "რუსთავი-2-ზე" გაშუქდა (52%), ნეიტრალურად კი - "მაესტროზე" (86-%).
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დადებითი ტონით ყველაზე მეტად "კავკასიაზე" წარმოჩინდა, მისთვის დათმობილი დროის 11-% პოზიტიური გაშუქება იყო.  "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე უარყოფითად GDS-მა გააშუქა (51%), ნეიტრალურად  კი "ტვ 25-მა"  87%-ით.
  • ბიძინა ივანიშვილი ყველაზე პოზიტიურად ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში წარმოჩინდა, მისთვის დათმობილი დროის 42%. უარყოფითად კი, "ობიექტივსა" და "ტაბულაზე" 100-100%-ით. ყველაზე მეტი ნეიტრალური გაშუქება ივანიშვილს "ტვ 25-ზე" ჰქონდა - დათმობილი დროის 53%.
  • დროის განაწილების და თვისებრივი დაკვირვების შედეგების ანალიზისას რჩება შთაბეჭდილება კონკრეტული არხების, კონკრეტული სუბიექტების მიმართ არსებული სიმპატიების შესახებ. მაგალითად, "ობიექტივი" აშკარად გამორჩეულად სწყალობს საარჩევნო ბლოკს - "პატრიოტთა ალიანსი", "რუსთავი 2-ზე" შესამჩნევია "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ სიმპატიები, "იმედი" უპირატეს მდგომარეობაში აყენებს "ქართულ ოცნებას".
  • შინაარსობრივი ანალიზისას გამოვლინდა, რომ არხები მეტწილად ეთიკური სტანდარტების შესაბამისად აშუქებენ სუბიექტებს, თუმცა დაფიქსირდა სტანდარტს შეუსაბამო მედიაპროდუქტები.
  • არხები ახალ ამბებს ხშირ შემთხვევაში, ე.წ. კადრსინქრონებით აშუქებენ. ასეთ მასალებში, ზოგიერთ შემთხვევაში, ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობითაა გადმოცემული. ამის შესახებ წინა ანგარიშშიც აღვნიშნეთ, თუმცა სურათი არ შეცვლილა. შთაბეჭდილება რჩება, რომ მედიასაშუალებები კადრსინქრონს არ აღიქვამენ სრულფასოვან მედიაპროდუქტად, არ ამზადებენ იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც სიუჟეტს ან რეპორტაჟს და სისტემატიურად არღვევენ ბალანსს. არადა, ის ჩვეულებრივი მედიაპროდუქტია, სტანდარტიც შესაბამისად ვრცელდება და მაყურებლისთვის, საზოგადოებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, დაუბალანსებელ ინფორმაციას კადრსინქრონის სახით მიიღებს თუ სიუჟეტის.
  • რამდენიმე არხზე ეთერში გავიდა ვრცელი სიუჟეტები პირობითი სახელწოდებით "საარჩევნო სუბიექტების აქტივობები". ამ სიუჟეტებში რამდენიმე სახის პრობლემა დაფიქსირდა: 1. სიუჟეტები თანამედროვე სტანდარტით ძალიან გრძელი (5-9 წთ) და აქედან გამომდინარე მოსაწყენია. 2. ასეთ სიუჟეტებში სუბიექტების აქტივობები მექანიკურად, ყოველგვარი საერთო ხაზის გარეშეა გაერთიანებული და ხშირად ქაოტურ სახეს იძენს, რაც მაყურებლისთვის უინტერესოს ხდის საარჩევნო აქტივობების თვალის დევნებას, ამომრჩეველი ვერ იღებს საჭირო ინფორმაციას, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. 3. სიუჟეტებში სუბიექტების ბრიფინგებიც ხვდება, სადაც, ზოგ შემთხვევაში, ბრალდებები ჟღერდება კონკურენტის მიმართ, რამდენიმე სიუჟეტი შეგვხვდა სადაც ბრალდებებზე პასუხი არ იყო მოცემული. 4. ასეთ სიუჟეტებში სუბიექტებს, თითქმის მათემატიკური სიზუსტით თანაბარი დრო აქვთ დათმობილი, რაც ფორმალური ბალანსის შთაბეჭდილებას ტოვებს და არ შეესაბამება ჟურნალისტიკის სტანდარტებს.
  • საანგარიშო პერიოდში საინფორმაციო გამოშვებებში სიძულვილის ენა ან შეუსაბამო ტერმინოლოგია არ გამოუყენებიათ.
ტოქშოუები - ძირთადი ტენდენციები
  • ტოქშოუებში სადისკუსიოდ ხშირად მიმდინარე ამბებს არჩევენ, რაც ახალი ამბების ფორმატში უკვე ფართოდ განხილულია. ასეთ დროს გადაცემა უმეტესად ვერ ახერხებს მაყურებლისთვის ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის შეთავაზებას.
  • მაუწყებელთა ნაწილი საკითხის განსახილველად პოლიტიკოსთა დებატების ნაცვლად ხშირად პირისპირ ინტერვიუს სთავაზობს აუდიტორიას.
  • სადისკუსიო თემა ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრია და ერთ გადაცემაში, ერთ საარჩევნო სუბიექტთან მრავალ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად, დისკუსია ზედაპირულია.
  • წამყვანები უმეტესად შემოიფარგლებიან ზოგადი კითხვებით (თქვენ როგორ შეაფასებთ? რას ფიქრობთ ამ საკითხზე? როგორია საარჩევნო გარემო?), რესპონდენტებს სხვათა განცხადებებს აფასებინებენ, შესაბამისად მათი პასუხებიც ზოგადია. არ სვამენ დასაზუსტებელ კითხვებს, სტუმრებს არ სთხოვენ კონკრეტულ პასუხებს. საბოლოო ჯამში აუდიტორია თითქმის ვერ იღებს ღირებულ ინფორმაციას.
  • წამყვანები ხშირ შემთხვევაში მოუმზადებლები არიან, ამის გამო სტუმრებს ვერ უწევენ ოპონირებას, როდესაც ისინი მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც განსაკუთრებით ჩანს პრორუსული ორიენტაციის მქონე რესპონდენტებთან საუბრისას. ასეთი ტიპის სტუმრები ნატოსა და ზოგადად დასავლეთის შესახებ მითებს, არასწორ ინფორმაციას ისე ავრცელებენ, წამყვანი ვერ ახერხებს აუდიტორიისთვის იმის ჩვენებას, რომ მათი განცხადებები უსაფუძვლოა.
  • არაერთხელ დაისვა ისეთი ტიპის კითხვები როგორიცაა: როგორ შეაფასებთ საკუთარ მუშაობას? ხალხი რა განწყობით გხვდებათ? ამ დროს რესპონდენტს ეძლევა საშუალება დადებითად ისაუბროს საკუთარ საქმიანობაზე სასურველი მიმართულებით.
  • რამდენიმე შემთხვევაში წამყვანები სტუმრებს სთხოვდნენ სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემების წარმოდგენას ნაცვლად იმისა, რომ ეთერში გასვლამდე თავად ჰქონოდათ მოძიებული და შედეგებზე პასუხის მიღება მოეთხოვათ.
  • ხშირია შემთხვევა, როდესაც გადაცემის დიდი ნაწილი ეთმობა ამა თუ იმ პოლიტიკოსის განცხადების შეფასებას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად ძირითადად სხვათა გამონათქვამებსა და საარჩევნო გარემოს აფასებინებენ.
  • საარჩევნო პროგრამებსა და ხედვებზე საუბარი რამდენიმე გადაცემაში აგვისტოს ბოლოდან გააქტიურდა.
  • დაპირისპირებულ მხარეებთან გადაცემა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს და ზოგიერთ წამყვანს უჭირდა დისკუსიის წარმართვა.
  • ხშირად სადისკუსიო თემისთვის შერჩეული სტუმრები არარელევანტურია და არ აქვთ შესაბამისი ცოდნა განსახილველ საკითხზე. ეს გადაცემის შემოქმედებითი გუნდის გადაწყვეტილების გარდა შესაძლებელია უფრო მეტად გამოწვეული იყოს იმით, რომ თავად საარჩევნო სუბიექტებს არ ჰყავთ შესაბამისი სპიკერები და მაუწყებლებს უჭირთ რესპონდენტების სტუდიაში მოყვანა.
  • რჩება შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია "ობიექტივის" ტოქშოუ "ღამის სტუდია" ერთი პოლიტიკური ძალის, "პატრიოტთა ალიანსის" პლატფორმაა, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ ისაუბრონ ყველაფერზე.
  • ობიექტივის ტოქშოუ "ღამის სტუდია" ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა "სპექტრთან" ერთად ის გამონაკლისი შემთხვევაა, სადაც რესპონდენტებთან ერთად თავად წამყვანებიც იყენებენ არაკორექტულ გამონათქვამებს, შეუსაბამო ტერმინოლოგიას, სიძულვილის ენას. სხვა რამდენიმე გადაცემაში (მაგ. "რვიანი", "ბარიერი") სიძულვილის ენა სტუმრებმა გამოიყენეს, რასაც არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება წამყვანის მხრიდან.
  • შეიძლება ითქვას, რომ სამონიტორინგო პერიოდში საზოგადოებას საარჩევნო სუბიექტების შესახებ ტოქშოუებმა ვერ მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც მათ გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.